Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-650(კ-22) 5 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ.მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; მესამე პირები - შპს „ ბ...“, კერძო აღმასრულებელი ნ.კ-ე, მ.ე-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ.მ-ემ 2017 წლის 14 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 30 მაისის №15107347-014/001 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით N3/1845-17 ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნენ შპს „ბ...“ და კერძო აღმასრულებელი ნ.კ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინებით N3/1845-17 ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ.ე-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით თ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ.მ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით თ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.

პალატის მითითებით, განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 30 მაისის №15107347-014/001 განკარგულების კანონიერება. მოსარჩელე დავისადმი ინტერესს ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი სააღსრულებო წარმოების თაობაზე, კანონით დადგენილი წესით, არ იყო ინფორმირებული და დარღვეულ იქნა სააღსრულებო წარმოების წესები.

საქმის მასალების მიხედვით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ...ს“ წარმომადგენლის 2015 წლის 16 დეკემბრის განცხადებისა და ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 09 დეკემბერს გაცემული №151336567 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კერძო აღმასრულებელ ნ.კ-ის მიერ დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

სააღსრულებო წარმოების ფარგლებში კერძო აღმასრულებელმა ნ.კ-ემ, 2015 წლის 21 დეკემბერს, მოვალის- თ.მ-ის მიმართ გამოსცა №15107347-004/002 წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. მოვალეს განესაზღვრა 7 დღის ვადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხისა და კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი საფასურის გადასახდელად. მასვე განემარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - იპოთეკის საგნის აღწერა, დაყადაღება, შეფასება და ქონებაზე ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში პირველი იძულებითი აუქციონის ჩატარება. ამავე წინადადებით მოვალეს ეცნობა სააღსრულებო წარმოების მხარეთა უფლებები და სააღსრულებო წარმოების განხორციელების პროცედურები. წინადადება ასევე, შეიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოვალეს იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდა.

დადგენილია აგრეთვე, რომ კერძო აღმასრულებელს ჰქონდა ინფორმაცია თ.მ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შესახებ. ამდენად, 2015 წლის 21 დეკემბრის A15107347-004/002 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალისათვის თ.მ-ისათვის ჩაბარების მიზნით გაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (წერილი NA15107347-004/004, 22.12.2015წ.).

პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი, 2015 წლის 28 დეკემბრით დათარიღებული ხელწერილით დასტურდება, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, პატიმარ თ.მ-ეს, 2015 წლის 28 დეკემბერს გადასცა 2015 წლის 21 დეკემბრის NA15107347004/002 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოვალის მხრიდან არ განხორციელდა ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულება, კერძო აღმასრულებელმა ნ.კ-ემ კი სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სარეალიზაციო უძრავი ნივთის დაზუსტების მიზნით, მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გამოსცა უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით მიმართა კომპეტენტურ პირს - შპს „ ა...ს“, ხოლო 2016 წლის 22 მარტს სააუქციონო მომსახურების გაწევის თაობაზე განაცხადით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ დააკმაყოფილა კერძო აღმასრულებელ ნ.კ-ის განაცხადი სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ. 2016 წლის 20 აპრილს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალე თ.მ-ის მიმართ გამოიცა NA15107347-011/001 გაფრთხილება აუქციონის დანიშვნის თაობაზე.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა თ.რ-მ 2016 წლის 20 აპრილის NA15107347-011/002 წერილით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რათა მოვალე თ.მ-ეს ჩაბარებოდა აუქციონის დანიშვნის შესახებ წერილობითი გაფრთხილება.

საქმეში დაცული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 2016 წლის 21 აპრილის N MOC 9 16 00325333 წერილით დასტურდება, რომ N... პენიტენციური დაწესებულების დირექტორს - ნ.ქ-ეს, ბრალდებულ თ.მ-ისათვის გადასაცემად გაეგზავნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 20 აპრილის NA15107347-011/002 წერილი და გაფრთხილება აუციონის დანიშვნის შესახებ და ისინი ადრესატს პირადად ჩაბარდა 2016 წლის 21 აპრილს, რაც დასტურდება ამავე წერილზე დართული ჩაბარების ხელწერილით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობით აღმასრულებელს არ ეკისრება შეფასებისა და აუქციონის შესახებ მოვალის დამატებითი ინფორმირების ვალდებულება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, აღსრულების დაწყების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხდება სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება (მე-6 პუნქტი), აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება თავისი უფლებების, სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგების, იძულებითი აღსრულებისათვის შესაძლო გასატარებელი ღონისძიებების, აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესისა და საშუალებების შესახებ ხორციელდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, როდესაც მოვალეს ეგზავნება 7 დღის ვადაში ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება (მე-7 პუნქტი). მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება (მე-8 პუნქტი).

პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს პირადად ჩაბარდა ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება, რომლითაც მას განემარტა აგრეთვე იძულებითი აღსრულების მოსალოდნელი ღონისძიებები. მოვალეს ასევე გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა აუქციონის შესახებ შეტყობინება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ თ.მ-ემ ვერ შეძლო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა და ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ მისი სარჩელის საფუძვლიანობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ.მ-ის მიერ.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება აგებულია იმ გარემოებაზე, რომ თითქოს მოსარჩელემ პირადად ჩაიბარა გასაჩივრებული განკარგულება და მისთვის ცნობილი იყო, რომ საქმეზე მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება. კასატორის მითითებით, ის 2015 წლის 29 სექტემბერში დაკავებულ იქნა ანტიკორუფციული საგამოძიებო სამსახურის მიერ და შესახლებული იყო ...ის N... პენიტენციურ დაწესებულებაში, საიდანაც გათავისუფლდა 2018 წლის ბოლოს. ამდენად, მასთან ნებისმიერი სახის შეტყობინება და დოკუმენტაცია შედიოდა N... პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მეშვეობით. პენიტენციური დაწესებულების მიერ გაცემულია ცნობა იმის შესახებ რომ თ.მ-ეს, გარდა განაჩენისა და სასამართლო სხდომის ოქმებისა, არანაირი სხვა დოკუმენტი, მათ შორის არც განკარგულება და სხვა რაიმე აღმასრულებლის მიერ გაცემული დოკუმენტი არ ჩაბარებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნეს მიღებული თ.მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ...ს“ წარმომადგენლის 2015 წლის 16 დეკემბრის განცხადებისა და ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 09 დეკემბერს გაცემული №151336567 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კერძო აღმასრულებელ ნ.კ-ის მიერ დაიწყო სააღსრულებო წარმოება. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში კერძო აღმასრულებელმა ნ.კ-ემ, 2015 წლის 21 დეკემბერს, თ.მ-ის მიმართ გამოსცა №15107347-004/002 წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. მოვალეს განესაზღვრა 7 დღის ვადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხისა და კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი საფასურის გადასახდელად. მასვე განემარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - იპოთეკის საგნის აღწერა, დაყადაღება, შეფასება და ქონებაზე ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში პირველი იძულებითი აუქციონის ჩატარება. ამავე წინადადებით მოვალეს ეცნობა სააღსრულებო წარმოების მხარეთა უფლებები და სააღსრულებო წარმოების განხორციელების პროცედურები. წინადადება ასევე, შეიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოვალეს იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდა.

2015 წლის 21 დეკემბრის A15107347-004/002 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალე თ.მ-ისათვის ჩაბარების მიზნით გაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (წერილი NA15107347-004/004, 2015 წლის 22 დეკემბერი.). საქმეში დაცული 2015 წლის 28 დეკემბრით დათარიღებული ხელწერილით დასტურდება, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, პატიმარ თ.მ-ეს, 2015 წლის 28 დეკემბერს გადასცა 2015 წლის 21 დეკემბრის NA15107347-004/002 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

2016 წლის 20 აპრილს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალე თ.მ-ის მიმართ გამოიცა NA15107347-011/001 გაფრთხილება აუქციონის დანიშვნის თაობაზე. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა თ.რ-მ 2016 წლის 20 აპრილის NA15107347-011/002 წერილით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს NA15107347-011/001 გაფრთხილების თ.მ-ისთვის ჩაბარების მიზნით. საქმეში დაცული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 2016 წლის 21 აპრილის N MOC 9 16 00325333 წერილით დასტურდება, რომ N... პენიტენციური დაწესებულების დირექტორს - ნ.ქ-ეს, ბრალდებულ თ.მ-ისათვის გადასაცემად გაეგზავნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 20 აპრილის NA15107347-011/002 წერილი და გაფრთხილება აუციონის დანიშვნის შესახებ და ისინი ადრესატს პირადად ჩაბარდა 2016 წლის 21 აპრილს, რაც დასტურდება ამავე წერილზე დართული ჩაბარების ხელწერილით.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ აღმასრულებელს არ ეკისრებოდა ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადებისა და აუქციონის შესახებ მოვალის დამატებითი ინფორმირების ვალდებულება.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, აღსრულების დაწყების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხდება სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება (მე-6 პუნქტი), აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება თავისი უფლებების, სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგების, იძულებითი აღსრულებისათვის შესაძლო გასატარებელი ღონისძიებების, აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესისა და საშუალებების შესახებ ხორციელდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, როდესაც მოვალეს ეგზავნება 7 დღის ვადაში ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება (მე-7 პუნქტი). მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება (მე-8 პუნქტი). განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ.მ-ისთვის ჩაბარების მიზნით, ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება გაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და თ.მ-ეს ჩაბარდა პირადად 2015 წლის 28 დეკემბერს (ტ.1, ს.ფ.101-108). წინადადებით მას განემარტა აგრეთვე იძულებითი აღსრულების მოსალოდნელი ღონისძიებები, აუქციონის შესახებ ინფორმაციის ვებ-გვერდის მეშვეობით მიღების შესაძლებლობა. ამასთან, თ.მ-ისათვის ჩაბარების მიზნით, გაფრთხილება აუქციონის დანიშვნის თაობაზე გაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და 2016 წლის 21 აპრილს ჩაბარდა მოსარჩელეს პირადად (ტ.1,ს.ფ.143-148).

ამდენად, თ.მ-ეს ჰქონდა სრული ინფორმაცია მიმდინარე სააღსრულებო წარმოებისა და მოსალოდნელი ღონისძიებების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე