Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-246(კ-23) 17 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური სერვის ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ნ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ნ-ემ სარჩელით მიმართა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს და 2022 წლის 19 მაისს სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2022 წლის 1 მარტის N04-07/153 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გარდაცვლილი ლ. ნ-ის მემკვიდრის - თ. ნ-ის სასარგებლოდ მამკვიდრებლის მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურების დავალება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისთვის.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2022 წლის 01 მარტის N04-07/153 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა გარდაცვლილი ლ. ნ-ის მემკვიდრის - თ. ნ-ის სასარგებლოდ მამკვიდრებლის მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.

პალატამ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობის, საყოველთაობისა და პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრულია აგრეთვე პენსიის შეწყვეტის წესი და პირობები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება: პირადი განცხადებით; საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება-პენსიის შეჩერების დღიდან; უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; პენსიონერის გარდაცვალებისას; პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს. პენსია შეწყდება ზემოაღნიშნული ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე პალატამ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფომ შექმნა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პენსიის წარმოშობის ნორმატიულად დადგენილი პირობების დადგომისას (განსაზღვრული ასაკის მიღწევა), კანონით გათვალისწინებულ პირებს ექმნებათ მისი მიღების ლეგიტიმური მოლოდინი. ამასთან, დასახელებული კანონი ითვალისწინებს გარდაცვლილი პენსიონერის სახელმწიფო პენსიის მისი მემკვიდრეების მიერ მიღებას, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.

საქმის მასალების მიხედვით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ნ-ე (პ/ნ ...) ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად და მის მხარდამჭერად დაინიშნა თ. ნ-ე (პ/ნ...) შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის (მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება/გაყვანა, გადაყვანა, მედიკამენტების შეძენის, ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენის, სამედიცინო მომსახურეობის მიღების, ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამით სარგებლობის/მიღების სფეროში), საპენსიო საქმის წარმოებისა და პენსიის/მაღალმთიან რეგიონში მაცხოვრებელი პირის მიმართ საპენსიო დანამატის, სოციალური შემწეობის მიღების, საბანკო ოპერაციის შესრულების, საპენსიო პლასტიკური ბარათის დამზადების, ანგარიშზე რიცხული ფულადი თანხების მართვა/განკარგვის სამკვიდრო ქონების მემკვიდრეობითი მიღების უფლების განხორციელების, საჯარო რეესტრში ქონების რეგისტრაციის, ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოში მიმართვის უფლებით სარგებლობის ფარგლებში, შეუქცევადი ზიანის თავიდან აცილების მიზნით.

2021 წლის 27 სექტემბრის N43217001436 გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ ლ. ნ-ე (დაბ. ... წელს, პ/ნ. ...) გარდაიცვალა 2020 წლის 10 ნოემბერს.

2021 წლის 25 აგვისტოს N43217001176 გარდაცვალების მოწმობით კი დადგენილია, რომ ლ. ნ-ის და მ. ნ-ე (დაბ. ... წელს, პ/ნ. ...) გარდაიცვალა 2021 წლის 25 აგვისტოს. მ. ნ-ის შვილია მოსარჩელე თ. ნ-ე.

სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე 2021 წლის 25 ოქტომბრის N211187259 აქტით ირკვევა, რომ 2021 წლის 25 ოქტომბერს ნოტარიუსი - გ. მ-ი სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის 84-ე მუხლის საფუძველზე გაეცნო წინამდებარე მოწმობას, რომლითაც დაადასტურა, რომ ორი ათას ოცდაერთი წლის თვრამეტ ოქტომბერს მას, მის სანოტარო ბიუროში მიმართა თ. ნ-ემ, რომელმაც წარმოადგინა განცხადება 2021 წლის 09 აგვისტოს გარდაცვლილი მ. ნ-ის სამკვიდროს მიღების შესახებ, რომელსაც ფაქტობრივი დაუფლებით მიღებული ჰქონდა ლ. ნ-ის სამკვიდრო ქონება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერი მემკვიდრის მიერ სანოტარო ბიუროში სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენა ნიშნავს მის მიერ 2021 წლის 09 აგვისტოს გარდაცვლილი მამკვიდრებლის - მ. ნ-ის სამკვიდროს მიღებას. თ. ნ-ეს უფლება აქვს მართოს სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივები (ქონებრივი უფლებები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ნივთები, ფულადი თანხები, დაგროვებული პენსიები, მამკვიდრებლის სახელზე არსებული ანაბრები, მოთხოვნები და სხვა უფლებები) და პასივები, ისარგებლოს იმ უფლებებით და შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც გარდაცვალების მომენტში ჰქონდა მამკვიდრებელს, შესაბამისად, სამკვიდროს მართვის ფარგლებში, თ. ნ-ე უფლებამოსილია წარმოადგინოს სამკვიდრო მასა ყველა იმ სამართლებრივ ურთიერთობებში, რომლის მონაწილეც იყო მამკვიდრებელი - მ. ნ-ე (ს.ფ. 28-30).

დადგენილია, რომ თ. ნ-ემ 2021 წლის 29 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ცენტრს და მოითხოვა ლ. ნ-ის (პ/ნ. ...) გარდაცვალებამდე მისი კუთვნილი და მიუღებელი თანხების (პენსიის) გაცემა (ს.ფ. 33).

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2021 წლის 29 ოქტომბრის N04-07/604 შეტყობინებით სს „... ბანკს“ ეთხოვა გარდაცვლილი ლ. ნ-ის (პ/ნ ...) საპენსიო საქმის (N 35-11-01587) გარდაცვალებამდე მიუღებელი, კუთვნილი სახელმწიფო პენსიის და მაღალ მთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრების დანამატის 2020 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით მის კანონისმიერ მემკვიდრეზე - თ. ნ-ეზე (პ/ნ ...) გაცემა (ს.ფ.35).

სს „... ბანკს“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2021 წლის 29 ოქტომბრის N04-07/604 შეტყობინებით განსაზღვრული დავალება არ შეუსრულებია.

2022 წლის 18 თებერვლის N220164827 სამკვიდრო მოწმობით ნოტარიუსმა გ. მ-მა 2022 წლის 18 თებერვალს დაადასტურა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის საფუძველზე, მამკვიდრებლის - მ. ნ-ის (პ/ნ. ...) სამკვიდრო ქონებაზე პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრედ ცნობილია შვილი - თ. ნ-ე (პ/ნ. ...). წინამდებარე სამკვიდრო მოწმობა გაცემულია მამკვიდრებლის - მ. ნ-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, რომელიც წარმოადგენს უძრავ-მოძრავ ქონებას მთლიანად, თავისი აქტივითა და პასივით (მათ შორის საბანკო ანგარიშებზე რიცხული თანხები) რომელშიც ასევე შესულია 2020 წლის 10 ნოემბერს გარდაცვლილი დის - ლ. ნ-ის (პ/ნ. ...) სამკვიდრო ქონება, რომელიც წარმოადგენს უძრავ-მოძრავ ქონებას მთლიანად, თავისი აქტივითა და პასივით (მათ შორის საბანკო ანგარიშებზე რიცხული თანხები). სამკვიდრო ქონება მემკვიდრემ - თ. ნ-ემ მიიღო სრულად. მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონება მემკვიდრის განცხადებით შეფასებულია 15 000 (თხუთმეტი ათას) ლარად (ს.ფ. 25-27).

2022 წლის 23 თებერვალს თ. ნ-ემ N166 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და მემკვიდრეზე მამკვიდრებელი ლ. ნ-ის (პ/ნ....) კუთვნილი თანხის გაცემა მოითხოვა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2022 წლის 1 მარტის N04-07/153 წერილით (გადაწყვეტილებით) თ. ნ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) საპენსიო თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლის ვადაში. განსახილველი განცხადებით წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით დგინდებოდა, რომ მამკვიდრებელი გარდაცვლილია 2020 წლის 10 ნოემბერს და მისი კუთვნილი ფულადი თანხის გაცემის თაობაზე მოთხოვნა სააგენტოში წარმოდგენილია ერთწლიანი ვადის დარღვევით, რის გამოც სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება თ. ნ-ის N166 მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 24).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-2 მუხლის თანახმად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, გაცემას, შეჩერებას, განახლებას, გადაანგარიშებასა და შეწყვეტას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ თ. ნ-ემ დაარღვია მოთხოვნის წარდგენისათვის განსაზღვრული ერთწლიანი ვადა. ლ. ნ-ის გარდაცვალებიდან (2020 წლის 10 ნოემბერი) ერთი წლის ვადაში, კერძოდ, 2021 წლის 29 ოქტომბერს თ. ნ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და მოითხოვა ლ. ნ-ის გარდაცვალებამდე მიუღებელი კუთვნილი პენსია, რაზედაც 2021 წლის 29 ოქტომბერს მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გასცა თანხმობის წერილი თ. ნ-ეზე თანხის გაცემის თაობაზე, რაც შესასრულებლად გადაიგზავნა სს „... ბანკში“. სს „... ბანკმა“ არ შეასრულა მითითება და არ გასცა თანხა. ამასთან 2022 წლის 18 თებერვალს სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდგომ, 2022 წლის 23 თებერვალს თ. ნ-ემ კვლავ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს თანხის მისაღებად. მართალია, ამ დროისთვის ლ. ნ-ის გარდაცვალებიდან გასული იყო ერთი წელზე მეტი, თუმცა აღნიშნული ვადის დარღვევად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან თ. ნ-ემ ნოტარიუსს მიმართა 2021 წლის 25 ოქტომბერს და მოითხოვა გარდაცვლილი მ. ნ-ის (დედის) სამკვიდროს მიღება, რომელშიც შედიოდა მ. ნ-ის მიერ ფაქტობრივი დაუფლებით მიღებული ლ. ნ-ის სამკვიდრო ქონება - აქტივებით და პასივებით.

ამდენად „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთწლიანი ვადა თ. ნ-ეს არ გაუშვია, შესაბამისად მისი მოთხოვნა ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია გარემოებები, რაზედაც მხარეები ამყარებდნენ თავიანთ მოთხოვნებსა და შესაგებელს, ასევე სამართლებრივად სწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მართებულად დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისთვის გარდაცვლილ ლ. ნ-ის მიერ მიუღებელი საპენსიო თანხის მისი მემკვიდრის, თ. ნ-ისთვის გაცემის დავალდებულების საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ. ნ-ის გარდაცვლილი დეიდის - ლ. ნ-ის სახელზე რიცხული საპენსიო თანხების მიღებაზე თ. ნ-ეს უარი ეთქვა, რადგან დადგენილ ვადებში ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტი - „სამკვიდრო მოწმობა“, ნაცვლად აღნიშნულისა, მან სააგენტოს წარმოუდგინა „მოწმობა სამკვიდროს მიღების შესახებ“.

საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით კასატორმა აღნიშნა, რომ პირველი რიგის კანონით მემკვიდრეზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) საპენსიო თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში კი, ბენეფიციარის გარდაცვალებიდან დადგენილ ვადაში არ მოხერხდა სამკვიდრო მოწმობის წარმოდგენა სოციალური მომსახურების სააგენტოში, რაც, კასატორის მოსაზრებით, თ. ნ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნეს მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი.

გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

2021 წლის 27 სექტემბრის N43217001436 გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ ლ. ნ-ე (მოსარჩელის დეიდა) გარდაიცვალა 2020 წლის 10 ნოემბერს. 2021 წლის 25 აგვისტოს N43217001176 გარდაცვალების მოწმობით კი დადგენილია, რომ ლ. ნ-ის და მ. ნ-ე (მოსარჩელის დედა) გარდაიცვალა 2021 წლის 25 აგვისტოს.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ნ-ე ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად და მის მხარდამჭერად დაინიშნა თ. ნ-ე, მათ შორის, საპენსიო საქმის წარმოებისა და პენსიის/მაღალმთიან რეგიონში მაცხოვრებელი პირის მიმართ საპენსიო დანამატის, სოციალური შემწეობის მიღების, საბანკო ოპერაციის შესრულების, საპენსიო პლასტიკური ბარათის დამზადების, ანგარიშზე რიცხული ფულადი თანხების მართვა/განკარგვის სამკვიდრო ქონების მემკვიდრეობითი მიღების უფლების განხორციელების, საჯარო რეესტრში ქონების რეგისტრაციის, ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოში მიმართვის უფლებით სარგებლობის ფარგლებში, შეუქცევადი ზიანის თავიდან აცილების მიზნით.

სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე 2021 წლის 25 ოქტომბრის N211187259 აქტით ირკვევა, რომ 2021 წლის 25 ოქტომბერს ნოტარიუსი - გ. მ-ი, სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის 84-ე მუხლის საფუძველზე, გაეცნო წინამდებარე მოწმობას, რომლითაც დაადასტურა, რომ ორი ათას ოცდაერთი წლის თვრამეტ ოქტომბერს მას, მის სანოტარო ბიუროში მიმართა თ. ნ-ემ, რომელმაც წარმოადგინა განცხადება 2021 წლის 09 აგვისტოს გარდაცვლილი მ. ნ-ის სამკვიდროს მიღების შესახებ, რომელსაც ფაქტობრივი დაუფლებით მიღებული ჰქონდა ლ. ნ-ის სამკვიდრო ქონება. ამავე მოწმობაში მიეთითა, რომ თ. ნ-ეს უფლება აქვს მართოს სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივები (ქონებრივი უფლებები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ნივთები, ფულადი თანხები, დაგროვებული პენსიები, მამკვიდრებლის სახელზე არსებული ანაბრები, მოთხოვნები და სხვა უფლებები) და პასივები, ისარგებლოს იმ უფლებებით და შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც გარდაცვალების მომენტში ჰქონდა მამკვიდრებელს, შესაბამისად, სამკვიდროს მართვის ფარგლებში, თ. ნ-ე უფლებამოსილია წარმოადგინოს სამკვიდრო მასა ყველა იმ სამართლებრივ ურთიერთობებში, რომლის მონაწილეც იყო მამკვიდრებელი - მ. ნ-ე (ს.ფ. 28-30).

თ. ნ-ემ 2021 წლის 29 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ცენტრს და მოითხოვა ლ. ნ-ის (პ/ნ. ...) გარდაცვალებამდე მისი კუთვნილი და მიუღებელი თანხების (პენსიის) გაცემა (ს.ფ. 33).

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2021 წლის 29 ოქტომბრის N04-07/604 შეტყობინებით სს „... ბანკს“ ეთხოვა გარდაცვლილი ლ. ნ-ის გარდაცვალებამდე მიუღებელი, კუთვნილი სახელმწიფო პენსიის და მაღალ მთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრების დანამატის 2020 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით მის კანონისმიერ მემკვიდრეზე - თ. ნ-ეზე გაცემა (ს.ფ.35). საქმის მასალებით არ დასტურდება სს „... ბანკის“ მიერ ზემოაღნიშნული დავალების შესრულება.

2022 წლის 18 თებერვლის N220164827 სამკვიდრო მოწმობით ნოტარიუსმა გ. მ-მა დაადასტურა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის საფუძველზე, მამკვიდრებლის - მ. ნ-ის სამკვიდრო ქონებაზე პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრედ ცნობილია შვილი - თ. ნ-ე. წინამდებარე სამკვიდრო მოწმობა გაცემულია მამკვიდრებლის - მ. ნ-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, რომელიც წარმოადგენს უძრავ-მოძრავ ქონებას მთლიანად, თავისი აქტივითა და პასივით (მათ შორის საბანკო ანგარიშებზე რიცხული თანხები) რომელშიც ასევე შესულია 2020 წლის 10 ნოემბერს გარდაცვლილი დის - ლ. ნ-ის სამკვიდრო ქონება, რომელიც წარმოადგენს უძრავ-მოძრავ ქონებას მთლიანად, თავისი აქტივითა და პასივით (მათ შორის საბანკო ანგარიშებზე რიცხული თანხები). სამკვიდრო ქონება მემკვიდრემ - თ. ნ-ემ მიიღო სრულად. მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონება მემკვიდრის განცხადებით შეფასებულია 15 000 (თხუთმეტი ათას) ლარად (ს.ფ. 25-27).

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2022 წლის 1 მარტის N04-07/153 წერილით (სადავო აქტი) დგინდება, რომ თ. ა-ემ 2022 წლის 23 თებერვლის N166 განცხადებით კიდევ ერთხელ (და არა თავდაპირველად) მიმართა მოპასუხეს ლ. ნ-ის კუთვნილი ფულადი თანხის გაცემის თაობაზე.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2022 წლის 1 მარტის N04-07/153 წერილით (სადავო აქტი) თ. ნ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) საპენსიო თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლის ვადაში. მათივე განმარტებით, განსახილველი განცხადებით წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით დგინდებოდა, რომ მამკვიდრებელი გარდაცვლილია 2020 წლის 10 ნოემბერს და მისი კუთვნილი ფულადი თანხის გაცემის თაობაზე მოთხოვნა სააგენტოში წარმოდგენილია ერთწლიანი ვადის დარღვევით, რის გამოც სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება თ. ნ-ის 2022 წლის 23 თებერვლის N166 მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 24).

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში და რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან (მე-5 მუხ. პირვ.პუნქტ.). პენსია შეწყდება პენსიონერის გარდაცვალებისას, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (მე-17 მუხ. პირვ. პუნქტ. „ვ“ ქვ.პ.). პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა (მე-18 მუხ. პირვ. პუნქტ.). ანალოგიურ დებულებას ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი.

„წესის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვივდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) საპენსიო თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. „წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით უდავოდ დასტუდება, რომ თ. ნ-ემ 2021 წლის 29 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ცენტრს და ლ. ნ-ის გარდაცვალებამდე მისი კუთვნილი და მიუღებელი თანხების (პენსიის) გაცემა მოითხოვა (ს.ფ. 33). 2021 წლის 29 ოქტომბერს მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გასცა თანხმობის წერილი თ. ნ-ის სასარგებლოდ თანხის გაცემის თაობაზე, რაც შესასრულებლად გადაიგზავნა სს „... ბანკში“. 2022 წლის 23 თებერვლის N166 განცხადებით კი, სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდგომ, თ. ნ-ემ კვლავ მიმართა მოპასუხეს გარდაცვლილის კუთვნილი ფულადი თანხის გაცემის მოთხოვნით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საფუძველსაა მოკლებული თ. ნ-ის მიერ მამკვიდრებლის მიუღებელი თანხის მოთხოვნის თარიღად 2022 წლის 23 თებერვლის მიჩნევა, რამეთუ საქმეში დაცული დოკუმენტაციით უტყუარად დასტურდება მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის 2021 წლის 29 ოქტომბერს მიმართვის ფაქტი, ხოლო 2022 წლის 23 თებერვლის N166 განცხადება განმეორებითი ხასიათის მატარებელი იყო და არა თავდაპირველი. ამასთან, თ. ნ-ემ ნოტარიუსს მიმართა 2021 წლის 25 ოქტომბერს და მოითხოვა გარდაცვლილი მ. ნ-ის (დედის) სამკვიდროს მიღება, რომელშიც შედიოდა მ. ნ-ის მიერ ფაქტობრივი დაუფლებით მიღებული ლ. ნ-ის სამკვიდრო ქონება - აქტივებით და პასივებით. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ უფლების რეალიზაციის ნება გამოხატულია 2021 წლის 25 ოქტომბერს ნოტარიუსისათვის მიმართვითა და 2021 წლის 29 ოქტომბერს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვით.

იმ პირობებში, როდესაც უდავოდ დასტურდება მამკვიდრებელი ლ. ნ-ის 2020 წლის 10 ნოემბერს გარდაცვალების ფაქტი, ხოლო მამკვიდრებლის მიუღებელი თანხის დაკისრების შესახებ თ. ნ-ის მოთხოვნა პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოში წარდგენილია 2021 წლის 29 ოქტომბერს, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას თ. ნ-ის მიერ მოთხოვნის წარდგენისთვის განსაზღვრული ერთწლიანი ვადის დაცვის შესახებ.

ამასთან, ლ. ნ-ის გარდაცვლალებამდე მიუღებელი კუთვნილი პენსიის თ. ნ-ისთვის გაცემის მართლზომიერება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღიარებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2021 წლის 29 ოქტომბრის N04-07/604 შეტყობინებით, რომლითაც სს „... ბანკს“ ეთხოვა გარდაცვლილი ლ. ნ-ის გარდაცვალებამდე მიუღებელი, კუთვნილი სახელმწიფო პენსიის და მაღალ მთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრების დანამატის 2020 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით მის კანონისმიერ მემკვიდრეზე - თ. ნ-ეზე გაცემა (ს.ფ.35). ამდენად, საფუძველსაა მოკლებული კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე უარი განაპირობა დადგენილ ერთწლიან ვადაში თ. ნ-ის მიერ სამკვიდრო მოწმობის წარუდგენლობამ.

ის გარემოება, რომ სს „... ბანკის“ მიერ მოპასუხის N04-07/604 შეტყობინებით განსაზღვრული დავალება არ შესრულდა, არ ათავისუფლებს ადმინისტაციულ ორგანოს მასზე დაკისრებული ვალდებულებების განხორციელებისგან, „წესის“ მე-2 მუხლის თანახმად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, გაცემას, შეჩერებას, განახლებას, გადაანგარიშებასა და შეწყვეტას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება თ. ნ-ის მიერ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთწლიანი ვადის დარღვევა, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ, გარდაცვლილი ლ. ნ-ის გარდაცვალებამდე მიუღებელი კუთვნილი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე