საქმე №ბს-141(კ-23) 11 მაისი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 14 მაისს ვ. ო-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიმართ, ხოლო მესამე პირებად მიუთითა - გ. ო-ი და ნ. ო-ი.
მოსარჩელის მითითებით, იგი ცხოვრობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მამაპაპისეულ სახლში, სადაც მასთან ერთად ცხოვრობდნენ მშობლები და ძმა. 1969 წლის 2 აგვისტოს გაყრის აქტით სახლი გაიყო სამ ნაწილად. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი წილი მიიღო მოსარჩელემ. გაყრის აქტი არ იყო სათანადო წესით სახელმწიფო სტრუქტურებში რეგისტრირებული, რის გამოც საკუთრება გამიჯნული არ ყოფილა და იყო საერთო საკუთრებაში. მოსარჩელის ძმის მეუღლემ თავდაპირველად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიას მიმართა 2176 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების თხოვნით, რომელიც დაკმაყოფილა. შესაბამისად, გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა და უძრავი ნივთი მის სახელზე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. თუმცა, მოსარჩელის საჩივრის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი როგორც საკუთრების მოწმობა, ისე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება. მოგვიანებით, მოსარჩელის ძმის მეუღლემ ნ. ო-მა და მისმა შვილმა გ. ო-მა საარქივო ცნობის გამოყენებით კვლავ დაირეგისტრირეს სადავო ქონება საჯარო რეესტრის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით. აღნიშნული გადაწყვატილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრში, თუმცა იგი არ დაკმაყოფილდა 2021 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით, რასაც უკანონოდ მიიჩნევს მოსარჩელე და არ ეთანხმება.
ამდენად, მოსარჩელემ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის №... გადაწყვეტილებისა და ვ. ო-ის 2021 წლის 18 მარტის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ნ. და გ. ო-ების საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, საკადასტრო კოდით №..., საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების ტრანზაქციის, სხვა პირზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის, იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის თაობაზე იშუამდგომლა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნენ გ. ო-ი და ნ. ო-ი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 მაისის განჩინებით ვ. ო-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე განკარგვის ან უფლებრივად სხვაგვარად დატვირთვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ს/კ №... რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.
თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ო-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ვ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
უპირველესად პალატამ აღნიშნა, რომ ვ. ო-ი ითხოვდა ძმის ცოლისა და ძმისშვილის - ნ. და გ. ო-ების სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - თელავი, სოფელი ...ი ს.კ. N... 2110 კვ.მ, მიწის ნაკვეთის 2/3 წილის რეგისტრაციას; ხოლო განსახილველ შემთხვევაში სადავო იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის №... გადაწყვეტილების კანონიერება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის სახელზე 3 500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 2020 წლის 16 მარტს. პალატამ ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს დამატებით სადავო მიწის ფართზე რაიმე უფლების დამდგენი დოკუმენტი არ გააჩნია.
პალატის მითითებით, მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდგომ, კერძოდ, 2021 წლის 11 თებერვალს საქმეში მესამე პირებად ჩაბმული - ნ. და გ. ო-ების საკუთრებაში აღირიცხა 2110 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი, მდებარე - თელავი, სოფელი ...ი, ს.კ. .... ამასთან, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 4 თებერვლის №17-2621035103 წერილით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელისა და მესამე პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ მომიჯნავე უძრავ ნივთებს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ნ. და გ. ო-ების სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები - 1. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 12 ოქტომბრის №36/157861 საარქივო ცნობა და 2. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 4 თებერვლის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00008 ოქმი.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 12 ოქტომბრის №36/157861 საარქივო ცნობის მიხედვით, სოფელ ...ის საბჭოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნის თანახმად, კომლის უფროსად ჩაწერილია ა. ო-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ ა. ო-ი - ოჯახის უფროსი, მისი მეუღლე ნ. ო-ი და შვილები გ. და. მ. ო-ები. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1931 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი 40 კვ.მ და მიწა - 0,25 ჰა. შემდგომში კომლის შემადგენლობას გარდაცვალების გამო გამოაკლდა ა. ო-ი, ხოლო ინფორმაცია მიწისა და საცხოვრებელი სახლის შესახებ 2001-2006 წლებზე არ ფიქსირდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 4 თებერვლის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00008 ოქმის მიხედვით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ნ. ო-ის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობით) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დაადგინა. პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული №00008 იდენტურობის ოქმი დღემდე სადავოდ არ არის მხარეებს შორის.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა თელავის რაიონული სასამართლოს სამართლებრივი შეფასება მითითებულ უფლების დამდგენ დოკუმენტებთან დაკავშირებით, კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის გათვალისწინებით, იმ პირობებში, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტები დღეის მდგომარებით ძალაშია და არ არის ცნობილი ბათილად, არარად ან/და არ გამოცხადებულა ძალადაკარგულად, არ არსებობდა რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო პალატამ ვ. ო-ის მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ 2021 წლის 19 აპრილის №... გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო კანონიერი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილში უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, უსაფუძვლო იყო ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელიც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ო-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი სარჩელის დაკმაყოფილების ძირითად მოტივად მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის რეგიონულ ოფისს და შემდგომში ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოებისას არ უმსჯელია კომლის გაყრილობის აქტის გამოყენების მიზანშეწონილობაზე და არ შეუფასებია საარქივო ცნობები სამი კომლის ქონების იდენტურობის შესახებ, რის გამოც დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას დაცულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის და შესწავლის შედეგად ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ე.წ. იდენტურობის ოქმი თავისი შინაარსით რადიკალურად განსხვავებულია საარქივო ცნობაში მითითებული მესამე პირების საცხოვრებელი სახლის მონაცემებთან. კასატორის მითითებით, სასამართლოს უნდა გამოეკვლია და შეესწავლა გაყრილობის აქტი და საარქივო ცნობები. სასამართლოს უნდა შეეფასებინა ორივე ოჯახის შემთხვევაში საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - საარქივო ცნობა და გაყრილობის აქტი და არა ადგილზე დათვალიერების ოქმი. ადგილზე დათვალიერების ოქმი კი მტკიცებულებებლთან ერთობლიობაში უნდა განხილულიყო და შეფასებულიყო და არა დამოუკიდებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ო-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ (2/3 ნაწილში) ბათილად ცნობა, რომლითაც ნ. და გ. ო-ები აღირიცხნენ 2110 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ. კასატორი ასევე მოითხოვს 2021 წლის 18 მარტის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია; მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; ხოლო „ლ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. და გ. ო-ების სახელზე უძრავი ქონების სადავო რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები - 1. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 12 ოქტომბრის №36/157861 საარქივო ცნობა და 2. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 4 თებერვლის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00008 ოქმი. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ სადავო რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დასახელებული სარეგისტრაციო დოკუმენტები დღეის მდგომარეობით ძალაშია, შესაბამისად, არ არსებობს რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.04.2015წ. №ბს-585-572(4კ-14) და 02.07.2015წ. №ბს-30-30(2კ-15) განჩინებები).
ასევე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის სახელზე 3500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 2020 წლის 16 მარტს. ხოლო საქმეზე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელეს დამატებით სადავო მიწის ფართზე რაიმე უფლების დამდგენი დოკუმენტი არ გააჩნია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვ. ო-ს საკასაციო საჩივარზე 30.01.2023წ. გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვ. ო-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინება;
3. ვ. ო-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.01.2023წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა