Facebook Twitter

№ბს-886(კ-22) 5 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „...ის“ დამფუძნებელი წევრები: ზ. რ-ი, ნ. რ-ი, ი. ა-ის უფლებამონაცვლე ე. ა-ე, გ. ა-ე; მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2015 წლის 25 ნოემბერს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „...ის“ დამფუძნებელმა წევრებმა: ზ. რ-მა, ნ. რ-მა, ი. ა-ემ და გ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №... დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მერის მოადგილის 2015 წლის 9 ოქტომბრის №653 ბრძანება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციულ საქმეში მოპასუხედ მითითებული - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ის“ წევრების: ზ. რ-ის, ნ. რ-ის, ი. ა-ის და გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 9 ოქტომბრის №653 ბრძანება ,,...ის“ წარმომადგენლის - ქ. უ-ის 2015 წლის 24 ივლისის №12/15205807-1 ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ,,...ის“ წარმომადგენლის - ქ. უ-ის 2015 წლის 24 ივლისის №12/15205807-1 ადმინისტრაციული საჩივრის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №... დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე) არსებითად განხილვის შედეგად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №... დადგენილების ბათილად ცნობა) ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ის“ წევრების: ზ. რ-ის, ნ. რ-ის, ი. ა-ის და გ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „...ის“ დამფუძნებელი წევრების: ზ. რ-ის, ნ. რ-ის, ი. ა-ისა და გ. ა-ის მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, ი. ა-ის დროებითი მხარდამჭერის ე. ა-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „...ის“ დამფუძნებელი წევრების: ზ. რ-ის, ნ. რ-ის, გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტების ო. ა-ის, ზ. ა-ისა და ა. მ-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმის თანახმად, 2014 წლის 18 დეკემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა სცადეს პირადად გადაცემის გზით უფლებამოსილი პირისათვის ჩაებარებინათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №... დადგენილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის იმავე სპეციალისტების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესახებ ოქმით დაადგინა, რომ უფლებამოსილი პირი ადგილზე არ იმყოფებოდა. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული დადგენილების პირდაპირი წესით ჩაბარება ვერ მოხერხდა, 2014 წლის 18 დეკემბერს დადგენილება განთავსდა სამშენებლო ობიექტზე, რაც დასტურდება საქმის მასალებში არსებული ფოტომასალებით.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ სადავო დადგენილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 15-დღიანი ვადა უნდა აითვალოს ამ აქტის გაცნობიდან. ის, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს გაცნობის იდენტურად კონკრეტული შემთხვევისთვის, განმარტავს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, კერძოდ, საგამონაკლისო შემთხვევებში, პირადად ჩაბარების შეუძლებლობისას, კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს დადგენილების თვალსაჩინო ადგილზე განთავსებას. ჩაბარების ალტერნატიული გზის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს და ფაქტობრივ წინაპირობას ქმნის პირადად ჩაბარების შეუძლებლობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მიიღო შესაბამისი ზომები დადგენილების პირადად გადაცემის გზით ჩასაბარებლად, თუმცა მოცემული დოკუმენტაციის ადრესატისათვის პირადად ჩაბარება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, მიემართა ალტერნატიული გზისათვის და ხსენებული დოკუმენტები მხარისთვის ჩაებარებინა თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №... დადგენილება სამშენებლო ობიექტის ღობეზე განთავსების გზით ჩაბარდა 2014 წლის 18 დეკემბერს და მოსარჩელეს სწორედ მოცემული თარიღიდან უნდა აეთვალოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 15-დღიანი ვადა. ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილია 2015 წლის 21 ივლისს, რაც მიუთითებს, რომ მხარემ გაუშვა ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისათვის კანონით დადგენილი ვადა.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ არის სპეციალური კონკრეტული სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს და აწესრიგებს სადავო ურთიერთობას. ამდენად, როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, ასევე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა სპეციალური სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების ფარგლებში და იმდენად, რამდენადაც აღნიშნული კოდექსი აწესრიგებს სადავო ურთიერთობას, არ არსებობდა სხვა ზოგადი ნორმების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ის“ მიმართ 2014 წლის 8 ოქტომბერს შედგენილ იქნა მითითება №..., რომლის თანახმადაც განხორციელდა მშენებარე ობიექტის (მდებარე - ქ. თბილისი, ...ას ქუჩა №43) დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება, კერძოდ, საძირკველი და ქვაბული დაცული უნდა ყოფილიყო ფერდების ჩამოქცევის, ასევე ატმოსფერული ნალექებისა და წყლის დაგროვებისაგან, არ იყო მოწყობილი საინფორმაციო დაფა, ობიექტზე და სამშენებლო მოედანზე არ იყო დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები, არ იყო უზრუნველყოფილი სამშენებლო მოედანზე უცხო პირთა შეუღწევლობა (უსაფრთხოების ღობე, ჩაკეტილი ჭიშკარი) და სხვა. შესაბამისად, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ს“ დაევალა ობიექტის კონსერვაცია ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 90-ე მუხლის შესაბამისად და შესაბამისი კონსერვაციის აქტის წარდგენა ადმინისტრაციულ ორგანოში. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ს“ დარღვევის გამოსწორების მიზნით განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა (ტ.1, ს.ფ 229-230); ბ) ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმის თანახმად, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ოქტომბრის №... მითითება პირდაპირი წესით ვერ ჩაბარდა ადრესატს, რადგან ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ის“ თავმჯდომარემ ადგილზე არ წარმოადგინა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ოქტომბრის №... მითითება განთავსდა ობიექტის დროებით შემომფარგვლელ ღობეზე 2014 წლის 13 ოქტომბერს (ტ.1, ს.ფ 231-233); გ) ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ის“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ოქტომბრის №... მითითების ბათილად ცნობა (ტ.1, ს.ფ 275); დ) ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 13 ნოემბერს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №... ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ის“ მიმართ, რომლის თანახმადაც ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ის“ მიერ არ იქნა შესრულებული 2014 წლის 8 ოქტომბრის №... მითითების პირობები (ტ.1, ს.ფ 234-235); ე) ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმის თანახმად, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 13 ნოემბრის №... შემოწმების აქტი პირდაპირი წესით ვერ ჩაბარდა ადრესატს, რადგან ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ის“ თავმჯდომარემ ადგილზე ვერ წარმოადგინა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 13 ნოემბრის №... შემოწმების აქტი განთავსდა ობიექტის ღობეზე 2014 წლის 13 ნოემბერს (ტ.1, ს.ფ 236-237); ვ) ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ის“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 13 ნოემბრის №... შემოწმების აქტის ბათილად ცნობა (ტ.1, ს.ფ 279-282); ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 28 ნოემბრის №2638348 წერილით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ის“ წარმომადგენელს - ქ. უ-ს 2014 წლის 31 ოქტომბრის საჩივართან დაკავშირებით ეცნობა, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ოქტომბრის №... მითითება წარმოადგენდა შუალედურ აქტს, რომელიც გამოიცემა ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით და წარმოადგენს დადგენილების მიღების სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო მითითება არ განიხილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებად და არ ექვემდებარება დადგენილებისაგან დამოუკიდებლად გასაჩივრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა 2014 წლის 31 ოქტომბრის საჩივარი, რადგან მისი კანონიერების საკითხის შესწავლა ვერ გახდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობის საგანი (ტ.1, ს.ფ 292-293); თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 16 დეკემბერს მიღებულ იქნა №... დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ი“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ას ქუჩა №43-ში მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის დადგენილი წესების დარღვევით მიტოვებისათვის; ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ს“ დაევალა ქ. თბილისში, ...ას ქუჩა №43-ში მდებარე ობიექტზე, სამსახურის 2014 წლის 8 ოქტომბრის №... მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა (ტ.1, ს.ფ 226-228); ი) ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №... დადგენილება პირდაპირი წესით ვერ ჩაბარდა ადრესატს, რადგან ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგილზე არ იმყოფებოდა. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №... დადგენილება განთავსდა ობიექტის სამშენებლო ღობეზე 2014 წლის 18 დეკემბერს (ტ.1, ს.ფ 238-239); კ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 19 დეკემბრის №2675491 წერილით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ის“ წარმომადგენელს - ქ. უ-ს 2014 წლის 28 ნოემბერს წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 13 ნოემბრის №... შემოწმების აქტი შედგენილია ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით და წარმოადგენს დადგენილების მიღების სამართლებრივ საფუძველს. შემოწმების აქტი არ განიხილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებად და არ ექვემდებარება დადგენილებისაგან დამოუკიდებლად გასაჩივრებას. ამასთან, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება - დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა 2014 წლის 28 ნოემბრის საჩივარი, რადგან მისი კანონიერების საკითხის შესწავლა ვერ გახდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობის საგანი (ტ.1, ს.ფ 270-271); ლ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №... დადგენილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 22 ივნისს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ისათვის“ დაკისრებული ჯარიმის გადახდევინების ნაწილში დადგენილების აღსრულების მიზნით. 2015 წლის 22 ივნისს ასევე გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ის“ მიმართ ქ. თბილისში, ...ას ქუჩა №43-ში მდებარე ობიექტზე, სამსახურის 2014 წლის 8 ოქტომბრის №... მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვასთან დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ 320-323); მ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 3 ივლისის A15049606-004 შეტყობინებით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ს“ ეცნობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 22 ივნისის №4-5/ს-ფ-91-15 სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე შესასრულებელი ვალდებულების ნებაყოფლობით 7 დღის ვადაში შესრულების შესაძლებლობის შესახებ (10000 ლარის გადახდის თაობაზე) (ტ.1, ს.ფ 256-260); ნ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 6 ივლისის A15049614-004/001 შეტყობინებით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ს“ ეცნობა შესასრულებელი ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესაძლებლობის შესახებ (ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ის“ მიერ ქ. თბილისში, ...ას ქუჩა №43-ში მდებარე ობიექტზე, 2014 წლის 8 ოქტომბრის №... მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვასთან დაკავშირებით) (ტ.1, ს.ფ 261-264); ო) ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ის“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 13 ნოემბრის №... შემოწმების აქტის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №... დადგენილების ბათილად ცნობა. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ის“ წარმომადგენელის საჩივარი ,,...ს“ ჩაბარდა 2015 წლის 21 ივლისს, ხოლო 2015 წლის 24 ივლისს გზავნილი (საჩივარი) ჩაბარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (ტ.1. ს.ფ. 240, 250-252); პ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 9 ოქტომბრის №653 ბრძანებით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ის“ წარმომადგენელის - ქ. უ-ის 2015 წლის 24 ივლისის №12/15205807-1 ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველად დარჩა, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი 15-დღიანი ვადის დარღვევით გამო (ტ.1, ს.ფ 222-225);

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, რომლის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის 22-ე ნაწილის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-19 ნაწილის მიხედვით, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი (აქტის გაცნობა აქტის ობიექტზე განთავსებით) გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მისი გაცნობა პირადად ჩაბარებით ვერ ხერხდება. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამოწუროს დადგენილების (მითითების, შემოწმების აქტის, უწყების) მხარისათვის პირადად ჩაბარების ყველა გონივრული შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ არის დაშვებული თვალსაჩინო ადგილზე აქტის განთავსების გზით, მისი ადრესატისთვის ჩაბარებულად მიჩნევა. ორგანომ არა მხოლოდ ფორმალურად უნდა შეასრულოს კანონის დანაწესი, არამედ უნდა განახორციელოს რეალური ქმედებები გზავნილის ჩასაბარებლად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-58 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი, შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება. პირს უნდა მიეცეს აქტის შინაარსის, მიმდინარე წარმოების შესახებ ინფორმაციის მიღების ობიექტური შესაძლებლობა. აქტის ოფიციალურად გაცნობით პირისთვის ცნობილი ხდება რა გახდა აქტის გამოცემის საფუძველი, აგრეთვე ის, თუ რა სამართლებრივი საშუალებებით შეძლებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს სადავო აქტს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №... დადგენილება პირდაპირი წესით ვერ ჩაბარდა ადრესატს, იმ საფუძვლით, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ის“ უფლებამოსილი პირი ადგილზე არ იმყოფებოდა. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №... დადგენილება განთავსდა ობიექტის სამშენებლო ღობეზე 2014 წლის 18 დეკემბერს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული ყველა მის ხელთ არსებული შესაძლებლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის კანონით დადგენილი წესით გასაცნობად, თუმცა ზედამხედველობის სამსახური შემოიფარგლა გასაცნობი დადგენილების მხოლოდ თვალსაჩინო ადგილზე განთავსებით. იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ ამოუწურავს ადრესატისათვის დადგენილების პირადად ჩაბარების ყველა გონივრული შესაძლებლობა. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 9 ოქტომბრის №653 ბრძანების საფუძვლად მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ საჩივრის ავტორი გასაჩივრებულ დადგენილებას გაეცნო 2014 წლის 18 დეკემბერს საფუძველს მოკლებულია და არ არსებობდა გასაჩივრების ვადის გაშვების საფუძვლით საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. სტურუა