Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-325(კ-23) 5 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ზ. ო-ი).

აღწერილობითი ნაწილი:

2022 წლის 9 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ზ. ო-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ზ. ო-ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის გადახდის დაკისრება, 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი; ზ. ო-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ ზ. ო-იმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დადგენილი წესით, რაც კრედიტორს ანიჭებს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) მოთხოვნის უფლებას, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვალდებულების სახის და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და ექვემდებარება შემცირებას. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია უფლებამოსილება, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის Nბს-880-876(კ-17) გადაწყვეტილებაზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი არ შეიცავს საფუძვლების დიფერენცირებას და პირგასამტეხლო 3 000 ლარის ოდენობით ერთიანია იმ პირობის მიუხედავად, როგორია ბრალის სიმძიმე და საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, ჯარიმის 3 000 ლარით განსაზღვრა მძიმეა, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე. მართებულია საქალაქო სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს თანხის ოდენობის შემცირება. აღნიშნული განხორციელდა ნორმატიული აქტების იერარქიაში უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი საკანონმდებლო აქტის - სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე. ამდენად, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული აპელანტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა სამართლებრივი ნორმა, რომელიც უნდა გამოეყენებინა (საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N683 ბრძანება, რომელშიც ცვლილება შევიდა 2014 წლის 22 ნოემბრის N1633 ბრძანებით). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს, იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით. შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელი და არასრულია. სააპელაციო სასამართლო ვერ ასაბუთებს, რატომ გამოიყენა კანონი, რომელიც საფუძვლად დაედო სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. თანხა, რომელსაც სამინისტრო მოპასუხისაგან ითხოვს, წარმოადგენს არა სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული პირგასამტეხლოს სახეს, რომელიც პირს შეუსრულებელი ვალდებულებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება, არამედ ერთჯერად საჯარიმო სანქციას, რომელიც კონტრაქტის დარღვევისთვის ეკისრება კონკრეტულ პირს. სააპელაციო სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის დარღვევის ფაქტი, თუმცა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო საქმის გარემოებების გათვალისწინებით. კასატორი თვლის, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული სააპელაციო პალატის მოსაზრება, კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით.

კასატორი მიუთითებს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის 141 პუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ მე-18 თავის 11 მუხლზე და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეზე ვრცელდება მითითებული დებულების მე-18 თავის 11 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის სახით განსაზღვრულია ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი, აგრეთვე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი ვადამდე შეწყდა ისეთი საფუძვლით, რაც ითვალისწინებს ამ ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას). ამდენად, კასატორი თვლის, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას და უსაფუძვლოა სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2021 წლის 5 აპრილს ზ. ო-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N683 ბრძანებით დამტკიცებული N1590/21 კონტრაქტი, „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.

ზემოაღნიშნული კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის პირობებში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ვალდებულია, კონტრაქტის შეწყვეტიდან (თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში სამინისტროს ჯარიმის სახით აუნაზღაუროს 3 000 ლარი.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 28 მარტის N1237 ბრძანებით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (კონტრაქტის პირობების დარღვევა), ზ. ო-ი პირადი პატაკით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და 2022 წლის პირველი აპრილიდან დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული 2022 წლის 29 ივლისის წერილობითი ინფორმაციის მიხედვით, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს - ზ. ო-ის, 2021 წლის N1590/21 კონტრაქტის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის თანხა - 3000 (სამი ათასი) ლარი არ ჩაურიცხავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე საარტილერიო ბატალიონის მიერ 2022 წლის 8 აპრილს გაცემული N MOD 7 22 00403354 ცნობის მიხედვით, ზ. ა.-ის ო-ის ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 11 თვესა და 26 დღეს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ისე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად (ამავე კოდექსის 361-ე მუხლი).

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს ზ. ო-ის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის, მისთვის ჯარიმის სახით თანხის დაკისრების საფუძვლის არსებობის, აგრეთვე, კონტრაქტის შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას წარმოადგენს, ის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს (სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლები).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების არსი მის შესრულებაშია, ხოლო შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამდენად, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებები (იხ. სუს 2020 წლის 2 აპრილის Nბს-570(კ-19) გადაწყვეტილება). საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, ზ. ო-ისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს კანონით განსაზღვრულ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და მისი შემცირების შეუძლებლობის თაობაზე. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტით არის დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მისი წარმოშობის საფუძვლებს ენიჭება (კანონმდებლის მიერ თუ მხარეთა შეთანხმებით). ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, სასამართლოს მიერ მისი შემცირების შესაძლებლობას განსაზღვრავს. (იხ. სუს 2015 წლის 2 თებერვლის Nას-1171-1116-2014 და 2014 წლის 24 მარტის Nას-1284-1226-2013 განჩინებები).

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ო-ის შორის გაფორმებული კონტრაქტი, რომელიც, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. ამდენად, ზ. ო-ის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო, მისი წარმოშობის საფუძვლიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ხასიათისაა.

საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობაზე და აღნიშნავს, რომ ურთიერთობის დამყარებისას, მხარეთა მიერ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელი შედეგების ყოველ ჯერზე განსაზღვრის შეუძლებლობის პირობებში, ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს მხარის უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან დაცვის უფლებამოსილებას. დაზარალებულის ინტერესის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რა დროსაც სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არამარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან (იხ. სუს 2012 წლის 17 იანვრის Nბს-740-734(2კ-11) განჩინება).

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან თავიანთი უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორცილებაზე. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფორმების ძირითად საფუძვლად მიჩნეულ უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. ამასთანავე, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი. ამდენად, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას. კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად კონტრაჰენტის მიერ მეორე მხარის ინტერესების მხედველობაში მიღებას გულისხმობს (იხ. სუს. 2020 წლის 2 აპრილის Nბს-570(კ-19) გადაწყვეტილება). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა ზ. ო-ის პირადი პატაკის საფუძველზე და ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. განსახილველ შემთხვევაში, დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ზ. ო-ისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში - 2000 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ. საგულისხმოა, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთიანი სასამართლო პრაქტიკა. პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არაერთ შემთხვევაში იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ და არაგონივრულად, რამაც დაკისრებული თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების წარმოშობა განაპირობა (სუს 2019 წლის 12 სექტემბრის Nბს-947(კ-19) განჩინება; 2019 წლის 12 სექტემბრის Nბს-908(კ-19) განჩინება; 2020 წლის 5 მარტის Nბს-936(კ-19) განჩინება, 2019 წლის 16 მაისის Nბს-230(კ-19 განჩინება და სხვა).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე