Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1440(კ-22) 30 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. პ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. პ-მა 2019 წლის 23 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის 2019 წლის 5 აპრილის №533 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. თბილისში, ...ს ქ. №12-ის მიმდებარედ, 53.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გ. პ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელის წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩნებით გ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. პ-მა წარმომადგენლის მეშვეობით, რომელმაც განჩნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის წარმომადგენლის მითითებით, გ. პ-ი არის ქ. თბილისის მერიის მიერ შემუშავებული „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესით“ გათვალისწინებულ მინიმალური/ძირითადი საცხოვრებელი პირობების არმქონე პირი, სოციალურად დაუცველი, ომის ვეტერანი და უსახლკარო მოქალაქე, რომელსაც 15 წელზე მეტია სარგებლობაში აქვს ქ. თბილისში, ...ს ქ. №12-ში მდებარე 53 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. მან არსებულ ფართზე მშენებლობა დაიწყო 2002 წლიდან. გ. პ-ის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლმა თავის მიერ შედგენილ შესაგებელში აღნიშნა, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი აღარ ექცეოდა სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1). ამასთან, საქმეში წარმოდგენილია გ. პ-ის მეზობლების - დ. ლ-ის, ნ. ზ-ისა და ც. კ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვით, ხსენებული სუბიექტები თანხმობას გამოთქვამენ გ. პ-ის მიერ სადავო ფართის დაკანონებაზე. საქმეში აგრეთვე წარმოდგენილია თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის ი. თ-ის წერილი, რომლითაც გ. პ-ს ეცნობა, რომ სსიპ ქონების მმართვის სააგენტო, როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, არ იყო წინააღმდეგი განხორციელებულიყო გ. პ-ის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართის გაზიფიცირება და ინდივიდუალური გამრიცხველიანება. ხსენებული განხორციელებული იქნა ...ის მიერ, რომელმაც გ. პ-ს მიანიჭა აბონენტის ნომერი. მას შემდეგ გ. პ-ი მოხმარებული გაზის საფასურს რეგულალურად იხდის.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს იმ საერთაშორისო აქტებზე, რომლებიც იცავს და განამტკიცებს ადამიანის უფლებას სათანადო საცხოვრებელზე, შესაბამისად იტხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის გ. პ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამრიგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების ორ ალტერნატიულ პირობას იცნობს: პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთის დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამასთან უფლებაასაღიარებლი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.

განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება საჭიროებს მიწის ნაკვეთზე გ. პ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის 2019 წლის 5 აპრილის №533 განკარგულების კანონიერების დადგენას. ხსენებული განკარგულებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ს ქ. №12-ის მიმდებარედ, 53.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) არ დგინდებოდა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. გარდა ამისა, კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი (ქ. თბილისი, ...ს ქ. №12-ის მიმდებარედ) მოქცეული იყო ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვის ზონაში (ისტ-1) და შესაბამისად, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლებით აღიარებას.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ სადავო განკარგულების მიღებამდე ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 17 აგვისტოს №454, 2016 წლის 11 იანვრის №472 და 2017 წლის 6 თებერვლის №573 საოქმო გადაწყვეტილებებით გ. პ-ს უარი ეთქვა მითითებულ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ს ქ. №12-ის მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეული იყო სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით სადავო ტერიტორია აღარ ექცევა სატრანსპორტო ზონაში, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 26 დეკემბრის №67-0118360187 წერილით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ (სზ-5) ზონაში, ამასთან კვეთს №... საკადასტრო ერთეულს და ექცევა ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვის ზონაში.

პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს მიწის იმ კატეგორიების ჩამონათვალს, რომლებიც არ ექვემდებარება საკუთრების უფლებით აღიარებას. კერძოდ, კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საზოგადოებრივი სარგებლობის მიწა, რომელზეც ვრცელდება სანიტარული და დაცვითი ზონები. შესაბამისად, კანონმდებლობა პირდაპირ გამორიცხავს გ. პ-ის მიერ მოთხოვნილ მიწი ნაკვეთზე - ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვის ზონაში მოქცეულ ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარებას. ამასთან, საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოებით არ დასტურდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე (2007 წლემდე) სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი (ამ პერიოდისთვის მასზე არ ფიქსირდება შენობა-ნაგებობა). პირველ ინსტანციაში გამართულ სასამართლოს სხდომაზე გ. პ-მა აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთზე „კაპიტალური“ შენობა-ნაგებობა განთავსებული იყო 2008 წლიდან. აღნიშნული მოცემულობის გათავლისწინებით, პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ არ არსებობდა გ. პ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სადავო განკარგულების უკანონობის დამადასტურებელ დასაბუთებულ არგუმენტებს და იგი აგებულია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ზოგად მსჯელობებზე, ასევე კასატორის სოციალურ მდგომარეობაზე, რასთან დაკავშირებით ამ სტატუსის მქონე პირის უფლებების (საცხოვრისის უფლება) რეალიზება არ წარმოადგენს კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანს (კასატორს შეუძლია ისარგებლოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი უსახლკაროდ რეგისტრირებული ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცედურით (დადგენილება №25-28, 19.05.2023წ)).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა