Facebook Twitter

საქმე #ბს-167(კ-23) 11 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 21 ოქტომბერს პ.ჟ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 26 ნოემბრის #003974 დადგენილებით იგი დაჯარიმებულ იქნა 8000 (რვა ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #...-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 03/039, ნაკვეთი 03/040, ნაკვეთი 03/034, ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #18, #20, #22, #24, #26, #24-ის მიმდებარედ კაპიტალური მიშენებებისა და ...ის მოწყობისათვის. გარდა ამისა, იმავე დადგენილებით მას დაევალა მის მიერ აშენებული კაპიტალური მიშენებებისა და ...ის დემონტაჟი.

მოსარჩელემ დადგენილება მიიჩნია უკანონოდ და გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელმაც 2019 წლის 16 სექტემბრის #1418 დადგენილებით მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დასახელებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონოა და არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები, კერძოდ, მის მიერ დაკავებული ფართი, რომელშიც იგი შესულია 2003 წლიდან, ეკუთვნოდა „ ს...ს“. მისი განმარტებით, შენობას ემუქრებოდა ჩამოქცევა, რის გამოც სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდათ მხარდაჭერა, რომ შეეკეთებინათ იგი და არსებობდა პირობა, რომ შემდგომში შენობა მათ საკუთრებაში გადაეცემოდათ. ამდენად, ნაგებობა კაპიტალურად იქნა შეკეთებული და მოწყობილ იქნა აბაზანა, საპირფარეშო, მისასვლელი დერეფანი და მას მაქსიმალურად მიეცა საცხოვრებელი სადგომის იერსახე. ამ მხრივ, წლების განმავლობაში მის მიმართ პრეტენზია არც სახელმწიფოს და არც სხვას არ განუცხადებია.

მოსარჩელის შეფასებით, მოპასუხეებმა ისე გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ არ გამოუკვლევიათ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ის ფაქტი, რომ მას სამუშაოები შესრულებული აქვს 14 წლის წინ, რომ იგი მოსარჩელის ერთადერთი საცხოვრებელი ადგილია და სხვა სველი წერტილი შენობას არ გააჩნია. ამასთან, მოსარჩელის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული იყვნენ, გამოეკვლიათ შენობა-ნაგებობების ხანდაზმულობა.

ამდენად, მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 26 ნოემბრის #003974 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 16 სექტემბრის #1418 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ბ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პ.ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 26 ნოემბრის #003974 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, პ.ჟ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 16 სექტემბრის #1418 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ სადავო უძრავ ნივთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. #...-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 03/039; ქ. თბილისი, ...ის ქ. #...-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 03/040; ქ. თბილისი, ...ის ქ. #...-ის მიმდებარედ; ქ. თბილისი, ...ის ქ. #24-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 03/034; ქ. თბილისი, ...ის ქ. #18, #20, #22, #24, #26, #24-ის მიმდებარედ; ს.კ. #... სსიპ საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, რეგისტრირებული იყო შპს „ბ...ს“ საკუთრების უფლება. ასევე, დადგენილი იყო, რომ უნებართვოდ აშენებული ნაგებობის მესაკუთრე ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული არ იყო. არც მითითების შეუსრულებლობის შედეგებზე მსჯელობისას ჰქონდა გამოკვლეული ადმინისტრაციულ ორგანოს, თუ რამდენად იყო უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი - პ.ჟ-ი უფლებამოსილი, განეხორციელებინა სხვისი კუთვნილი ნაგებობის დემონტაჟი და აღმოეფხვრა სამართალდარღვევა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ არ იყო ჩატარებული სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებული იყო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ უნებართვო მშენებლობის ფაქტზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება იმ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა.

კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო დადგენილებით პ.ჟ-ს პასუხისმგებლობა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის დაეკისრა. ის, რომ სადავო დადგენილებაში მითითებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა განხორციელებულია პ.ჟ-ის მიერ, დასტურდება როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, ასევე, ზედამხედველობის სამსახურში სამართალდარღვევის საქმეზე ჩატარებულ ზეპირი მოსმენის სხდომებზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიცემული განმარტებებით.

კასატორი მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ არ აღმოფხვრა სამართალდარღვევა, კერძოდ, სადავო დადგენილების გამოცემის მომენტისათვის პ.ჟ-ის მიერ არ იქნა დემონტირებული უნებართვოდ აშენებული/განთავსებული ობიექტები და არც მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული სანებართვო დოკუმენტაცია იქნა წარდგენილი. კასატორის შეფასებით, აღწერილი გარემოებები ქმნიდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფაქტობრივ შემადგენლობას, რის გამოც არსებობდა მუნიციპალური ინსპექციის მიერ სადავო დადგენილების გამოცემისა და პ.ჟ-ის 8 000 ლარის ოდენობით დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის დავალებას, კასატორი მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილზე და განმარტავს, რომ უნებართვოდ განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებზე საჯარიმო სანქციასთან ერთად ობიექტის დემონტაჟის დავალება წარმოადგენს მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებას და იგი ემსახურება სამართალდარღვევი აღმოფხვრის მიზანს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რამდენადაც სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 26 ნოემბრის #003974 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 16 სექტემბრის #1418 ბრძანების ბათილად ცნობა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. #...-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 03/039; ქ. თბილისი, ...ის ქ. #...-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 03/040; ქ. თბილისი, ...ის ქ. #...-ის მიმდებარედ; ქ. თბილისი, ...ის ქ. #24-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 03/034; ქ. თბილისი, ...ის ქ. #18, #20, #22, #24, #26, #24-ის მიმდებარედ, ს.კ. #... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით რეგისტრირებულია შპს „ბ...ს“ საკუთრების უფლება.

2018 წლის 3 სექტემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა #4-6/ო-1049-18 დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმადაც, ქ. თბილისში, ...ის ქ. #26-ში, მოქ. პ.ჟ-ის მიერ სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია კაპიტალური მიშენება, მოწყობილია ბეტონის ფილა და ოთხი კიბის უჯრედი (მოწყობილია ...). ამავე დათვალიერების ოქმის მიხედვით, პ.ჟ-მა დაადასტურა მის მფლობელობაში არსებულ ფართზე მიშენების ფაქტი, ასევე - სარდაფის ბეტონის ფილით გადახურვა.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2018 წლის 6 სექტემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ პ.ჟ-ის მიმართ შედგა #003974 მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. #...-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 03/039; ქ. თბილისი, ...ის ქ. #...-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 03/040; ქ. თბილისი, ...ის ქ. #...-ის მიმდებარედ; ქ. თბილისი, ...ის ქ. #24-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 03/034; ქ. თბილისი, ...ის ქ. #18, #20, #22, #24, #26, #24-ის მიმდებარედ, ს.კ. #...-ზე მოქ. პ.ჟ-ის მიერ სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია კაპიტალური მიშენება და მოწყობილია .... ამავე მითითებით, პ.ჟ-ს განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად.

2018 წლის 27 სექტემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა #003974 შემოწმების აქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ პ.ჟ-ის მიერ არ შესრულდა 2018 წლის 6 სექტემბრის #003974 მითითებით გათვალისწინებული პირობები.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ოქტომბრის #003974 ოქმის თანახმად, განხილულ იქნა 2018 წლის 6 სექტემბრის #003974 მითითება და 2018 წლის 27 სექტემბრის #003974 შემოწმების აქტი. სხდომაზე გამოცხადდა მოქალაქე პ.ჟ-ი, რომელმაც დაადასტურა მითითების და შემოწმების აქტის ჩაბარება და განაცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოები მის მიერ განხორციელდა 2006 წელს. ამასთან, მხარემ აღნიშნა, რომ ვერ მოახერხებდა დემონტაჟს, ვინაიდან სხვა სველი წერტილი სახლს არ გააჩნდა. შესაბამისად, აპირებდა სამართლებრივ დავას.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 26 ნოემბრის #1087 მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2018 წლის 26 ნოემბერს ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ მოქალაქე პ.ჟ-ის მიერ არ იყო შესრულებული 2018 წლის 6 სექტემბრის #003974 მითითებით გათვალისწინებული პირობები.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 26 ნოემბრის #003974 დადგენილებით, მოქალაქე პ.ჟ-ი დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის ქ. #...-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 03/039; ქ. თბილისი, ...ის ქ. #...-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 03/040; ქ. თბილისი ...ის ქ. #...-ის მიმდებარედ; ქ. თბილისი ...ის ქ. #24-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 03/034; ქ. თბილისი ...ის ქ. #18, #20, #22, #24, #26, #24-ის მიმდებარედ, ს.კ. #...-ზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური მიშენებისა და ...ის მოწყობისათვის. ამავე დადგენილებით, მოქალაქე პ.ჟ-ს დაევალა უნებართვოდ მოწყობილი კაპიტალური მიშენებისა და ...ის დემონტაჟი.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს პ.ჟ-მა #19/0118348246-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 26 ნოემბრის #003974 დადგენილების გაუქმება მოითხოვა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 16 სექტემბრის #1418 ბრძანებით პ.ჟ-ის 2018 წლის 14 დეკემბრის #19/0118348246-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 26 ნოემბრის #003974 დადგენილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლზე, რომლითაც დადგენილია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება.

ზემოაღნიშნული მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო- სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა- ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.

საკასაციო სასამართლო განმეორებით მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 26 ნოემბრის #003974 დადგენილებით მოქალაქე პ.ჟ-ი დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით უძრავ ქონებაზე - ს.კ. #...-ზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კაპიტალური მიშენებისა და ...ის მოწყობისათვის. ამავე დადგენილებით მას დაევალა უნებართვოდ მოწყობილი კაპიტალური მიშენებისა და ...ის დემონტაჟი.

განსახილველ შემთხვევაში, საგულისხმოა, რომ სადავო უძრავ ნივთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. #...-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 03/039; ქ. თბილისი, ...ის ქ. #...-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 03/040; ქ. თბილისი, ...ის ქ. #...-ის მიმდებარედ; ქ. თბილისი, ...ის ქ. #24-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 03/034; ქ. თბილისი, ...ის ქ. #18, #20, #22, #24, #26, #24-ის მიმდებარედ, ს.კ. #... სსიპ საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით რეგისტრირებულია შპს „ბ...ს“ საკუთრების უფლება. ასევე, დადგენილია, რომ უნებართვოდ აშენებული ნაგებობის მესაკუთრე ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული არ იყო. ამასთან, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მითითების შეუსრულებლობის შედეგებზე მსჯელობისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია, თუ რამდენად იყო უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი - პ.ჟ-ი უფლებამოსილი, განეხორციელებინა სხვისი კუთვნილი ნაგებობის დემონტაჟი და აღმოეფხვრა სამართალდარღვევა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ არ იქნა ჩატარებული სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, კერძოდ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა