Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-45(კ-23) 30 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ს-ე

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი

მესამე პირები - რ. კ-ე, პ. ჩ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ს-ემ 2021 წლის 20 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი: ხარვეზის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.05.2021წ. №... გადაწყვეტილება და მასზე შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 21.06.2021წ. №257441 გადაწყვეტილება; №... ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 15 ივნისის №..., 2020 წლის 04 ნოემბრის №... და 2021 წლის 02 აპრილის №... გადაწყვეტილებები (ზედდების ნაწილში) და №... ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 13 სექტემბრის №..., 2012 წლის 10 ოქტომბრის №... და 2021 წლის 12 აპრილის №... გადაწყვეტილებები (ზედდების ნაწილში).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით ნ. ს-ეის სარჩელი განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ პ. ჩ-ე და რ. კ-ე.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ს-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ნ. ს-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ემ, რომელმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ისე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სრულყოფილად არ მოუკვლევიათ მასალები, ხოლო ის ინფორმაცია, რაც წარდგენილი იყო საქმეში, არ შეაფასეს სათანადოდ. აქედან გამომდინარე, ორივე სასამართლო მივიდა არასწორ დასკვნამდე. საჯარო რეესტრმა თავად მიიღო გადაწყვეტილება ნ. ს-ეის სახელზე 1384 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც შემდეგ თავადვე აღარ აღასრულა და რეგისტრაციის გარეშე დატოვა 104 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გვერდი აუარა მსჯელობას იმ საკითხზე, თუ რა კონფიგურაციითაა რეგისტრირებული მესამე პირთა კუთვნილი მიწის ნაკვეთები. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მათ მოსაზღვრედ წითელ ხაზებს შორის დაურეგისტრირებლადაა დარჩენილი მიწის ნაწილი. ამასთან, გაურკვეველია სანოძე და მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები რა ფართზე იხდიდნენ მიწის გადასახადს.

კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, თუმცა თავისივე გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო ამონაწერი გასცა. ასევე, სააგენტო გასცდა თავის უფლებამოსილებას, როდესაც შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე მოახდინა ამონაწერის გაცემა. საჯარო რეესტრის ინსტრუქციის თანახმად, საჯარო რეესტრი მიწის ნაკვეთის საზღვრების რეგისტრაციას ახორციელებს წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, რომელსაც ახლავს ელვერსია. მოცემულ შემთხვევაში, ნ. ს-ეს კორექტირებული ნახაზი არ წარუდგენია, საჯარო რეესტრმა კი ძველი ნახაზის (1384) საფუძველზე გასცა ამონაწერი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით ნ. ს-ეის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ 2019 წლის 12 აპრილს ნ. ს-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მამის - ნ. ა.-ის ძე ს-ეის საკუთრების უფლების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. 2019 წლის 12 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №129342 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარმოდგენილი უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალისა და ტექნიკური პასპორტის მიხედვით, ნი. ს-ეის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. ხონში, ...ის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 1384.0 კვ.მ. გაცემული დოკუმენტის საფუძველზე მოსარჩელემ მიმართა სანოტარო ბიუროს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობა. 2020 წლის 02 დეკემბერს გაიცა №200981988 სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვით მოსარჩელემ სრულად მიიღო ნი. ს-ეის ქონება. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მოსარჩელემ სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

საქმეზე ასევე დადგენილადაა ცნობილი, რომ სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მოხდა ადგილზე დათვალიერება და საბოლოოდ მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირდა 1280 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი. ამასთან, დადგინდა, რომ რეესტრის 2019 წლის 12 აპრილის წერილი გაიცა შეცდომით, ვინაიდან სააღრიცხვო მონაცემებით, მოსარჩლის მამკვიდრებელი ფლობდა არა 1384 კვ.მ, არამედ 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთს. ნ. ს-ემ განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და, რეესტრის 2019 წლის 12 აპრილის წერილის შესაბამისად, რეგისტრირებულ მონაცემებში ხარვეზის აღმოფხვრა მოითხოვა, რაზეც სადავო გადაწყვეტილებებით ეთქვა უარი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის 28-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. ს-ეის სარეგისტრაციო განაცხადს თან ერთოდა სამკვიდრო მოწმობა, აზომვითი ნახაზი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის №129342 წერილი. როგორც ზემოთ აღინიშნა, აღნიშნული წერილი ინფორმაციული ხასიათის იყო და თავის მხრივ ეყრდნობოდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალასა და ტექპასპორტს, რომელთა მიხედვით მოსარჩელის მამის საკუთრებაში ირიცხებოდა 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამდენად, გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ ადგილი არ აქვს უფლების დამდგენ დოკუმენტში დაფიქსირებულ და რეგისტრირებულ მონაცემებს შორის შეუსაბამობას, რაც გამორიცხავდა ხარვეზის გასწორების შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტებით მოსარჩელეს კანონიერად ეთქვა უარი.

საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა უფლების დამდგენი არცერთი დოკუმენტი, აგრეთვე დათვალიერების ოქმი და 1280 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ მოპასუხის გადაწყვეტილება. არამედ, ნ. ს-ე მოითხოვდა ხარვეზის გასწორებას და ამონაწერში 1384 კვ.მ-ის მითითებას, რაც მოკლებული იყო როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძვლებს, რადგან საქმეში წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტი არ ადასტურებს აღნიშნული ოდენობის ტერიტორიის მოსარჩელისადმი კუთვნილებას. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის მიერ 2019 წლის 12 აპრილის წერილში შეცდომის დაშვება არ გამორიცხავდა მოპასუხის უფლებას საქმის გარემოებათა გამოკვლევის, უფლების დამდგენი დოკუმენტაციის შესწავლისა და ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგად მიეღო განსხვავებული გადაწყვეტილება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ხსენებული წერილი ინფორმაციული ხასიათის იყო და მოსარჩელისათვის სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობდა.

საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მისთვის სასურველ ფარგლებში უძრავი ქონების რეგისტრაციას ვერ ახოციელებს არა №... და №... საკადასტრო ერთეულებთან (მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები) სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდების გამო, რადგან აღნიშნული ზედდება ჯერ კიდევ №... (17.04.2021წ.) სარეგისტრაციო წარმოების დასრულებამდე აღმოიფხვრა, არამედ მარეგისტრირებელი ორგანო უარს ეუბნება მას უფლების რეგისტრაციაზე, სადავო ფართზე უფლების დამდგენი დოკუმენტის არქონის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ს-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა