Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № ბს-110(კ-23) 2 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2022 წლის 27 მაისს გ. ს-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 21 აპრილის №03/22/შ/პ-0226 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, გ. ს-ისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 21 აპრილის №03/22/შ/პ-0226 გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გ. ს-ის დარჩენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივმა საბჭომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივმა საბჭომ.

კასატორის განმარტებით, სადავო საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები, ის, რომ წახალისებულია, მონაწილეობას აქვს მიღებული სოციალურ აქტივობაში, ამასთან, წარმოადგინა დაზარალებულის უფლებამონაცვლის თანხმობა, მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზიის უქონლობასთან დაკავშირებით, თუმცა საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, კერძოდ, განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებული სისასტიკით. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული ნასამართლობის მქონეა, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულისთვის, კერძოდ, ჯგუფურად გაუპატიურებისთვის. ვინაიდან, სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, წარსულში ნასამართლობა, საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.

მსჯავრდებულ გ. ს-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით საბჭოს შეუფასებელი არ დარჩენია არც ერთი კრიტერიუმი და გადაწყვეტილება მიიღო მისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. შესაბამისად, იმ დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა ვერ გადაწონა უარყოფითი კონტექსტის კრიტერიუმი, რასაც "სამართლებრივი სიკეთის" ხელყოფას გულისხმობს. საბჭო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაულს.

საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და გამომდინარეობს მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან, გადაწყვეტილებაში მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას. არსებული მოცემულობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საბჭოს მიეღო მსჯავრდებულ გ. ს-ის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხზე უარის თქმის გადაწყვეტილება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 21 აპრილის №03/22/შ/პ-0226 გადაწყვეტილების საფუძველზე გ. ს-ის დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ს-ე (დაბადების თარიღი: ...წ.) გასამართლებულ იქნა 2008 წლის 25 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ (მხარეთა შორის დაიდო საპროცესო შეთანხმება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼- ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი.

ასევე დადგენილია, რომ 2011 წლის 28 თებერვალს გ. ს-ე გასამართლებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ (მხარეთა შორის დაიდო საპროცესო შეთანხმება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით. ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 23 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, 20 წელი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წელი და 9 თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი და 9 თვე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენებით, გ. ს-ეს გაუნახევრდა 2008 წლის 25 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი, ¼-ით შეუმცირდა 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 16 წლით, 10 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულება მოხდით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, ხოლო დარჩენილი 1 წელი, 10 თვე და 15 დღე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, 4 თვე და 15 დღე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენით შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 იანვრის განაჩენით შუამდგომლობა, 2016 წლის 1 იანვარს ამოქმედებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2019 წლის 19 აგვისტოს მსჯავრდებული გ. ს-ე №18 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა №15 პენიტენციურ დაწესებულებაში. სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის 2018 წლის 11 აპრილის №5436 ბრძანების საფუძველზე, მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და განთავსებულ იქნა №15 პენიტენციურ დაწესებულებაში. გ. ს-ემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლით სასჯელის 2/3 მოიხადა 2020 წლის 12 ნოემბერს. სასჯელის დასაწყისად განისაზღვრა 12.11.2010წ., სასჯელის დასასრულად - 12.11.2025წ.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
პატიმრობის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისას. ამავე კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესზე“, რომლის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე, 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული წესის მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

მითითებული „წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი - აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა - აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები - აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვ.; ე) მსჯავრდებულის პიროვნება - აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივმა საბჭომ 2022 წლის 21 აპრილს ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა ზემოაღნიშნული „წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და მიიღო გადაწყვეტილება, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

საბჭომ მიუთითა, რომ მსჯავრდებული - გ. ს-ე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე ცხოვრობდა ...ს ქ. №55-ში. გათავისუფლების შემდეგ, იცხოვრებს მითითებულ მისამართზე და გამოცხადდება თბილისის პრობაციის ბიუროში.

მსჯავრდებულს აქვს საშუალო განათლება. მსჯავრდებულის განმარტებით, დაოჯახდა დაწესებულებაში მოხვედრის შემდეგ, ხოლო დაოჯახებამდე ცხოვრობდა დედასა და ორ დასთან ერთად. ოჯახის წევრებთან აქვს კარგი ურთიერთობა. მისი სამომავლო გეგმები ოჯახსა და დასაქმებას უკავშირდება.

მსჯავრდებულის განმარტებით, სასამართლოს მიერ დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა არ დაკისრებია; დაზარალებულს ზიანის ანაზღაურება არ მოუთხოვია და არც დავობს. კერძოდ, 2021 წლის 22 და 24 ნოემბერს, სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობით, ტ. და ა. ბ-ეებმა ხელმოწერებით დაადასტურეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე (№010100121) ცნობილნი არიან დაზარალებულად. ამავე საქმეზე მათი ძმის - დ. ბ-ის მკვლელობისათვის მსჯავრდებულია გ. ს-ე, რომელიც სასჯელს იხდის №15 პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმართ არავითარი პრეტენზია ან საჩივარი არ გააჩნიათ, თანახმა არიან მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალოს შინაპატიმრობით. მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში ჩართული იყო ეკლესიის მშენებლობაში და დაჯილდოებულია საპატრიარქო სიგელით; დასჯილი არ ყოფილა; წახალისებულ იქნა 2015 წლის 8 დეკემბრის №1395 ბრძანებით, რომლის საფუძველზეც მიეცა დამატებით ხანგრძლივი პაემანი. ასევე, სარეჟიმო კორპუსზე ყოფნის დროს რაიმე დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა. დაწესებულების ადმინისტრაციისა და დაწესებულების მსჯავრდებულების მიმართ თავაზიანია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს მიერ საკითხის განხილვისას გათვალისწინებულ იქნა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები, ის, რომ წახალისებულია და მონაწილეობა აქვს მიღებული სოციალურ აქტივობაში, ამასთან, წარადგინა დაზარალებულის უფლებამონაცვლის თანხმობა მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზიის უქონლობასთან დაკავშირებით, თუმცა საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში ჩადენილი იქნა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, კერძოდ, განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებული სისასტიკით. საბჭოს მოსაზრებით, ვინაიდან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის მიზნებისათვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი და ნასამართლობა, საბჭომ შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე მიაჩნია, რომ ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა დადებითი კონტექსტის სხვა კრიტერიუმებმა.

ასევე დადგენილია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფსიქოლოგმა გ. ს-ესთან მრავალჯერადი ინტერვიუირების შედეგად შეაფასა მისი ანტისოციალური ქცევის ტენდენცია, ფსიქოლოგიური მოწყვლადობა, დამცავი ფაქტორები, ჩადენილ დანაშაულთან დამოკიდებულება და ა.შ. მისი მოსაზრებით, დანაშაულთან მიმართებაში რისკ-ფაქტორები არ გამოვლენილა. ამასთან, ბენეფიციარი - გ. ს-ე არის მშვიდი, კონტაქტური, თავაზიანი, ზრდილობიანი, გარეგნულად მოწესრიგებული, ურთიერთობებში მეგობრული. ჰყავს სოციალური მხარდამჭერი ქსელი: ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეგობრების სახით, აქვს აქტიური ემოციური კავშირი დედასა და ორ დასთან, რომლებთანაც აქვს ყოველდღიური სატელეფონო კავშირი და შესაძლებლობის ფარგლებში ხვდება მათ. გარშემომყოფების მიმართ ავლენს დადებით დამოკიდებულებას, გულწრფელი და მოტივირებულია ყველასთან აკეთოს სიკეთე და მაქსიმალურად დაეხმაროს ყველას. აქვს მუშაობის გამოცდილება და პოტენციალი, თავისუფლებაზე ყოფნის პერიოდებში ჩართული იყო სამონასტრო ცხოვრებაში, მონაწილეობდა ტაძრების მშენებლობაში, პატრიარქისგან მიღებული აქვს სიგელი დაწესებულებაში არსებული ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობისათვის. წარსულში აქტიურად იყო ჩართული სპორტულ აქტივობაში, კერძოდ, „კრივში“ აღებული აქვს შესაბამისი სიგელები და მედლები. ამჟამად დაკავებულია კითხვით, ლოცვით და ვარჯიშით, ცხოვრობს ეკლესიურად, შესაძლებლობებიდან გამომდინარე აბარებს აღსარებას და ეზიარება. არ ვლინდება აგრესიული ქცევებისადმი მიდრეკილება. ასერტულია ურთიერთობებში. სამომავლო გეგმები მკაფიოა და ადეკვატური მის შესაძლებლობებთან, რაც უკავშირდება დასაქმებას და დაოჯახებას. გეგმავს სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებას. ამ ეტაპზე ბენეფიციარი მზადაა და მისაღებია დაუბრუნდეს საზოგადოებას. ამასთან, ბენეფიციარი დაწესებულებაში ყოფნის პერიოდს განიხილავს, როგორც ცხოვრებისეულ გაკვეთილს. მსჯავრდებული ძლიერ ნანობს და განიცდის თავის წილ პასუხისმგებლობას. რაც შეეხება ჩადენილ დანაშაულს, გ. ს-ე იყო თავდაცვით მდგომარეობაში, რა დროსაც მოწინააღმდეგეს წაართვა დანა, რითაც ის მის მოკვლას ცდილობდა და აფექტური მდგომარეობიდან გამომდინარე მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რის გამოც გარდაიცვალა მეტოქე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლის საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა სფეროს განეკუთვნება, ვინაიდან საბჭომ, ზემოაღნიშნული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე დაფუძნებული. შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (სუსგ Nბს-1655-1627 (კ-11), 11.04.12წ.; Nბს-342-331 (კ-10), 20.10.10წ.). დისკრეციული უფლებამოსილების არაგონივრული გაფართოება ან პირიქით შევიწროება წარმოშობს ნეგატიურ დისკრეციას, რაც თავისთავად იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების კანონით დადგენილი მიზნისაგან აცდენას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელია, რატომ მიენიჭა უპირატესობა მსჯავრდებულთან დაკავშირებულ მხოლოდ უარყოფით მხარეს - ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს. სადავო საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში აღენიშნა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის. ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ფორმალური მითითება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასა და მისი გამოცემისას კანონით რეგლამენტირებული პროცედურის დაცვაზე, საკმარისი არ არის. საყურადღებოა, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ხაზგასმულია მსჯავრდებულთან დაკავშირებული არაერთი დადებითი გარემოება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ დასახელებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა


მ. ვაჩაძე


გ. აბუსერიძე