№ბს-264(კ-22) 5 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 13 სექტემბრის №QN1536817 გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის №247 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით სს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა და არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 23.05.2019 წლის №14-01191433432 წერილით (წერილში მითითებული გარემოებებით) სადავო აქტის გამოცემისას სსიპ ქონების მართვის სააგენტო ვერ იხელმძღვანელებდა, რამდენადაც მიღებულია სადავო აქტის გამოცემის შემდეგ და მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტში მსგავსი ტიპის რაიმე გარემოებებზე არ არის მითითებული (არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას, თუ რატომ დაწესდა კანონისაგან განსხავებული პირობა (მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ასფალტის მოწყობა)). ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 23.05.2019 წლის №14-01191433432 წერილში ასახულია სულ სხვა ტერიტორიის ფარგლები და იგი ვერანაირად ვერ გავრცელდება კონკრეტულ შემთხვევაზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი“ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნორმატიული აქტის მიღებამდე განისაზღვრება იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური და ზიანის გაანგარიშება, თუ რას გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება და თუ მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის ჩანაწერი იქნებოდა ზიანის მომტანი, მაშინ ასეთი სახის ჩანაწერი არ აისახებოდა საკრებულოს დადგენილებაში. გზის საფარის ვიზუალური მხარე ვერ გახდება უფრო აღმატებული სიკეთე სს „...ის“ მიერ დამატებით ხარჯების გაწევასთან შედარებით იმ ვითარებაში, როდესაც ქსელის მოწყობასთან დაკავშირებით სს „...ის“ მიერ გაწეული თითოეული ხარჯი შემდგომში იწვევს ელექტრო ენერგიის ტარიფის გაზრდას, რაც საბოლოოდ აისახება თბილისის მოსახლეობის მიმართ დადგენილ ტარიფში.
კასატორის განმარტებით, ქსელის მოწყობის მიზნით დაგეგმილი ხაზობრივი ნაგებობა გადის საზოგადოებრივ სივრცეზე, ტროტუარსა და ნაწილობრივ გზაზე, რომელიც სწორედ იმისთვის არსებობს, რომ მსგავსი კომუნიკაციები პრიორიტეტულად გატარდეს ამ სივრცის გავლით. ამასთან, ცალსახაა, რომ ზემოთ მითითებული დადგენილება დასაშვებად მიიჩნევს, ტროტუარის ასფალტის საფარის აღდგენას მხოლოდ ამოღებული თხრილის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს განმცხადებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან ელექტრონული ქსელის მფლობელ პირს ხელი შეუწყონ ელექტრული ქსელების შეუფერხებელ ფუნქციონირებაში და არა პირიქით, დაუსაბუთებლად ზიანი მიაყენონ კომპანიას. ამასთან, კომუნალური ქსელების მშენებლობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმება პირდაპირ არის დაკავშირებული ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზითა და სასმელი წყლით მოსახლეობის სტაბილურ მომარაგებასა და ახალი მომხმარებლის შესაბამის ქსელზე დროულ მიერთებასთან. ქსელზე მიერთების საკითხები არის საერთაშორისო ორგანიზაციების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ზოგადად, საქართველოს სახელმწიფოს სტაბილურობისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებაში აზრის ჩამოყალიბებაზე. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოიკვლია ხაზობრივი ნაგებობის განთავსების ტერიტორიის ასფალტის საფარის მდგომარეობა. გადაწყვეტილება ემყარებოდა მხოლოდ ზეპირ განმარტებას, რომ ქსელის მოწყობა გამოიწვევს ახალი ასფალტის საფარის დაზიანებას, რაც ზიანის მომტანი იქნება როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის, ასევე მოსახლეობისთვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) 2017 წლის 1 სექტემბერს სს „...მა“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართა №QN1536817 ელექტრონული განცხადებით, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე შპს „...ას“ ობიექტის ელექტრო მომარაგების მიზნით ... „...დან“ 6/10 კვ ძაბვის საკაბელო ტრასის მოწყობისათვის საჭირო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემა მოითხოვა. სააგენტოსათვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, №QN1536817 ელექტრონული განცხადებით მითითებულ სამუშაოებზე NN-325 №1CNS-04/2139/17 პროექტი ითვალისწინებდა მოქმედებებს შემდეგი გეგმით: -„ობიექტის კვება განხორციელდება ... „...დან“. გამოყოფილია ერთი ფიდერი მე-4 სექციიდან - №52“; -„ობიექტის ელ. მომარაგებისათვის, მის ტერიტორიაზე, შენობაში ჩაშენდება 3-ტრანსფორმატორიანი ქვესადგური, 2X2000+1X1600 კვა (წინასწარი მონაცემებით) სიმძლავრის მშრალი ტრანსფორმატორებით. ქვესადგურის საპროექტო სამუშაოები და ელ. მოწყობილობის დამონტაჟება ხორციელდება დამკვეთის მიერ, სს „...ის“ მხრიდან აღრიცხვის კვანძის მოწყობის გათვალისწინებით“; - „კაბელი ჩაიდება მიწაში. კაბელის ტრასა გაივლის ძალიან რთულ მონაკვეთებზე, ვიწრო ქუჩებზე, სადაც ტროტუარებიც ძალიან ვიწროა, ან საერთოდ არაა, ან ნაწილი დაფარულია ნარგავებით და სავსეა მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ამიტომ ზოგიერთ ადგილას კაბელი გაივლის ქუჩების სავალ ნაწილში, მოხდება მრავალი ქუჩის გადაკვეთა“; - „კაბელები ქვესადგურიდან გამოვა ...ის ქუჩის ერთ-ერთი ჩიხით, გადაკვეთს ...ის ქუჩას, აუყვება ...ის ქუჩისაკენ ...ის ქუჩის გადაკვეთით, გაყვება ...ის ქუჩას ჯერ მარჯვენა მხარეს (ხედვა ... „...ს“ მხრიდან), ...ის ქუჩის გადაკვეთის შემდეგ მარცხენა მხარეს, გადაკვეთს ...ის ქუჩას, გადავა ...ს ქუჩაზე, გაყვება მას ბოლომდე, მოუხვევს ობიექტისაკენ და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ შევა ტერიტორიაზე. ობიექტის ტერიტორიაზე დასაწყისშივე მიმდინარეობს მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა. ავტოსადგომის შემდეგ შენობის მე-2 სართულზე (დამკვეთის განმარტებით) გამოყოფილია ადგილი ჩასაშენებელი სატრანსფორმატორო ქვესადგურისათვის. ქვესადგურამდე კაბელი უნდა გატარდეს ავტოსადგომის კედლებზე (ან ჭერში), ან მიწის ზედაპირზე (ნაპირზე წითელი ხაზის გასწვრივ და შემდეგ შენობის გასწვრივ მე-2 სართულამდე). დამკვეთმა მოაწყოს საკაბელო არხი ზომით 300X300 მმ. ქვესადგურში კაბელები მიერთდება მაღალი ძაბვის შემყვან უჯრედში. ქუჩების გადაკვეთა მოხდება გვირაბული მეთოდით“; - „... „...ში“ გამოყოფილი უჯრედი დაკომპლექტებულია ვაკუუმი ამომრთველით, შესაცვლელი იქნება დენის ტრანსფორმატორები“; - „აღრიცხვა მოეწყობა ფიდერის თავში - საბალანსო და მომხმარებელთან - საანგარიშსწორებო, სტ-ით №3. საბალანსო მრიცხველი ჩამონტაჟდება არსებულ კარადაში, საანგარიშსწორებო კი მომხმარებელთან სატრ. ქვესადგურის გარე კედელზე (ან კორიდორში). შესაძლებელია დენის ტ-ები და ძაბვის ტრ-ი ობიექტზე დაამონტაჟოს დამკვეთმა (ზეპირი დაპირებით)“; - „კაბელების მიერ მიწისქვეშა კომუნიკაციების გადაკვეთის ან მათთან პარალელური მსვლელობის დროს, თუ ვერ ხერხდება ნორმით არსებული დაშორება, ან მიწაში 0,7 მ-ის მაღლა, ან მიწის ზემოთ 2,5-3 მ-ის სიმაღლეზე და გზის გადაკვეთის შემთხვევაში კაბელი ჩაიდება დამცავ მილში“; მიწის სათხრელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს ქალაქის სპეც. მეურნეობებთან და დაინტერესებულ პირებთან. მიწა გაითხრება ხელით. -„ელექტრო სამოტაჟო სამუშაოები უნდა შესრულდეს „ПУЭ“-ს ნორმების დაცვით“ (ს.ფ. 163-172, 44-45); ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 13 სექტემბრის №QN1536817 გადაწყვეტილებით სს „...ის“ №QN1536817 განცხადება დაკმაყოფილდა და სს „...ს“ მიეცა თანხმობა, ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. №...-ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგებისათვის საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები განეხორციელებინა ამ გადაწყვეტილების №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ...ის, ...ისა და ...ს ქუჩებზე ახლადმოწყობილ ან/და დაუზიანებელ მონაკვეთებში, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოწყობილიყო ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი ყოფილიყო არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელებულიყო არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით (ს.ფ. 23-32); დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 13 სექტემბრის №QN1536817 გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტზე სს „...ის“ წარმომადგენელმა - ზ. ბ-ამ 2017 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მერთან ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა (ს.ფ. 77-82); ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის №247 ბრძანებით სს „...ის“ წარმომადგენლის - ზ. ბ-ას 2017 წლის 19 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 13 სექტემბრის №QN1536817 გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტი (ს.ფ. 33-39);
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 13 სექტემბრის №QN1536817 გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის №247 ბრძანების კანონიერება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი“, რომლის 1.1 მუხლის თანახმად (2017 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით მოქმედი რედაქცია), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია: ა) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება, რომელიც საჭიროებს ტრანშეის მოწყობას; ბ) III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი; გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოება (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზის მოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/და სხვა სახის თანხმობა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ამ წესის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.
მოცემული წესის მე-3 მუხლი არეგულირებს ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გაცემას, ხოლო მე-4 მუხლით განსაზღვრულია ხაზოვანი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები, რომლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული თანხმობა შესაძლებელია გაცემულ იქნეს შემდეგი შეზღუდვით ან/და პირობით - ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. 4.2 მუხლის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზობრივი ნაგებობის განთავსებისას. ამასთან, საგულისხმოა, რომ, მართალია, კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა, თუმცა არა ყოველ ჯერზე, ნებისმიერ დროს, არამედ, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე.
სზაკ-ის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში (1); ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება (2).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 13 სექტემბრის №QN1536817 გადაწყვეტილებით სს „...ის“ №QN1536817 განცხადება დაკმაყოფილდა და სს „...ს“ მიეცა თანხმობა, ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. №...-ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგებისათვის საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები განეხორციელებინა ამ გადაწყვეტილების №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტის (გასაჩივრებული) შესაბამისად, ...ის, ...ისა და ...ს ქუჩებზე ახლადმოწყობილ ან/და დაუზიანებელ მონაკვეთებში, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოწყობილიყო ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი ყოფილიყო არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელებულიყო არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით.
თავდაპირველად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გამონაკლისი პირობა სს „...ის“ მიმართ არ დადგენილა სხვა სარეაბილიტაციო მონაკვეთებზე (გადაწყვეტილების №2 დანართის თანახმად, „სხვა ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი ყოფილიყო არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით“ (12 პუნქტი); „გრუნტის საფარიან (და გამწვანების) ზოლში სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტორია მოყვანილ იქნას პირვანდელ მდგომარეობაში (მე-13 პუნქტი); „ქვაფენილით (მოკირწყვლით, ბეტონით, ფილებით) მოპირკეთებული საფარი, სამუშაოების დასრულების შემდეგ მოყვანილ იქნას პირვანდელ მდგომარეობაში (მე-15 პუნქტი). №2 დანართის მე-11 პუნქტში მითითებული ვალდებულება კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორედ ამ მონაკვეთის ახლადმოწყობის მოტივით გამართლდა, კერძოდ, ...ის, ...ისა და ...ს ქუჩების გასწვრივ მდებარე ზოლში არსებული ტროტუარი დაფარულია ასფალტის, ბეტონის ან/და დეკორატიული ფილის საფარით. ამასთან აღნიშნულ მონაკვეთში ტროტუარზე არსებული ასფალტის საფარი უმეტესწილად ახალმოწყობილია/კარგ მდგომარეობაშია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ახლადმოწყობილი ტროტუარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანშეას მოწყობა, შესასრულებელი სამუშაოების გათვალისწინებით, იმთავითვე გამოიწვევდა ტროტუარის ან მისი ნაწილის დაზიანებას და მხოლოდ მოწყობილი ტრანშეას აღდგენა ერთიანობაში ტროტუართან მიმართებით ესტეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნებოდა გამართლებული.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთებულია არჩევანი შეეჩერებინა საგამონაკლისო წესზე და გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტში მიეთითებინა სხვა პირობა, რომ ...ის, ...ისა და ...ს ქუჩებზე ახლადმოწყობილ ან/და დაუზიანებელ მონაკვეთებში, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოწყობილიყო ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი ყოფილიყო არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. ასეთ პირობებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე. ამასთან, არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილება ან/და იმ მიზნის უგულებელყოფა, რის მისაღწევადაც სააგენტოს მინიჭებული აქვს იგი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „...ის“ საკასაციო საჩივარზე 31.12.2021წ. №140845 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინება;
3. სს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.12.2021წ. №140845 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე