Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-280 (კს-23) 5 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სს „... ბანკი“

მოსარჩელეები (აპელანტები) - ს. ს-ა, ე. გ-ი, თ. ფ-ა, ვ. ფ-ა

მოპასუხეები (მოწინააღმდეგე მხარეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განჩინება

დავის საგანი - საქმეში მესამე პირის ჩაბმაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ს-ამ, ე. გ-მა, თ. ფ-ამ, ვ. ფ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ და 2020 წლის 05 თებერვალს სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ მოითხოვეს: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 07 აგვისტოს №4-1/ჩ1432-19 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 03 თებერვლის №93 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. ს-ას, ე. გ-ის, თ. ფ-ასა და ვ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეების მიერ.

სს „... ბანკის“ წარმომადგენელმა მ. დ-ემ 2023 წლის 09 იანვარს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეზე მესამე პირად ჩაბმა მოითხოვა. განმცხადებლის მოსაზრებით, მოცემულ საქმეში ცალსახად გამოკვეთილია ბანკის ინტერესი, კერძოდ, დავის საგანს შეადგენს იმ შენობის დემონტაჟი, რომელიც ბანკის ერთადერთ უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენს. ანალოგიური შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მოსარჩელე ე. გ-ის წარმომადგენელმა მ. ჭ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განჩინებით ე. გ-ის წარმომადგენლის მ. ჭ-ისა და სს„... ბანკის“ წარმომადგენლის მ. დ-ის შუამდგომლობები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციულ საქმეში N3ბ/844-21 სს „... ბანკის“ მესამე პირად ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც, სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ხოლო იმავე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიანს ადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონითნ დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესზე.

პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება – მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სასამართლოს გააჩნია, როგორც უფლებამოსილება, ასევე აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს. მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ ე. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ: ..., შენობა N2, 24.51 კვ.მ, შენობა N1-ის მე-2 სართული - 92.48 კვ.მ. და სხვენი - 103.40 კვ.მ.) დატვირთულია იპოთეკის უფლებით, არ წარმოადგენს სს „... ბანკის“ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმის სავალდებულო საფუძველს, რამეთუ სს „... ბანკი“ არ წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილე მხარეს. რომლის თაობაზეც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. შესაბამისად, შუამდგომლობა, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე სს „... ბანკის“ ჩაბმის თაობაზე, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე N3ბ/844-21 სს „... ბანკი“ ჩაბმულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინსიტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად.

სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, მოცემულ საქმეში სს „... ბანკის“ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმა, რამეთუ აღნიშნულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს მის ინტერესს.

მესამე პირის ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სს „... ბანკის“ მიერ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საფუძველსაა მოკლებული სს „... ბანკის“ სავალდებულო მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმა მაშინ, როდესაც მოსარჩელე ე. გ-ის უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია სს „... ბანკის“ იპოთეკა, ხოლო საქმე შეეხება აღნიშნული ერთადერთი უზრუნველყოფის საშუალების დემონტაჟს. სს „... ბანკს“ გააჩნია პირდაპირი ინტერესი საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. კერძო საჩივრის ავტორი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირის შეზღუდულ ბუნებაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ სს „... ბანკს“ უნდა მიენიჭოს მოსარჩელის ყველა უფლება-მოვალეობა. იმ პირობებში, როდესაც დავის საგანს შეადგენს სადავო ქონების დემონტაჟი, აღნიშნული რისკის ქვეშ აყენებს ბანკს, დარჩეს უზრუნველყოფის გარეშე. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სს „... ბანკის“ მოცემულ დავაში მოსარჩელის სრული უფლებამოსილებით მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რამეთუ დავა დასრულდეს ბანკისათვის სასარგებლო შეეგით - განაგროს სტანდარტულად დაკრედიტება ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განჩინებით სს „... ბანკის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) მოწვევას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებელი, სავალდებულო ფორმისაგან. მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა, კონკრეტული გარემოებების არსებობისას, ვალდებულებაა. მესამე პირის ინსტიტუტი შესაძლებლობას აძლევს მესამე პირებს დაიცვან საკუთარი კანონიერი ინტერესები, რომლებიც საქმეში არ არიან მოსარჩელე ან მოპასუხე მხარე, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება მათ კანონიერ უფლებასა და ინტერესზე გავლენას მოახდენს (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხ. 1-ლი ნაწ.) ან ისინი სადავო სამართალურთიერთობის მონაწილენი არიან (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხ. მე-2 ნაწ.).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სასამართლოში მესამე პირების აუცილებელ, სავალდებულო მოწვევას. მოწვევა სავალდებულოა, თუ მოსაწვევი მესამე პირი სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში იმ ხარისხით არის ჩაბმული, რომ მასთან მიმართებაში მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ე.ი. სასამართლო გადაწყვეტილება იმავდროულად ზემოქმედებას ახდენს მესამე პირის უფლებაზე ან ინტერესზე. მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ფორმით ადმინისტრაციულ პროცესში ჩაბმა შესაძლებელია განხორციელდეს სასამართლოს ინიციატივით, თავად დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ერთ-ერთი მხარის ინიციატივით მოტივირებული განცხადების საფუძველზე. მესამე პირების მოწვევის სავალდებულო ხასიათი სახეზეა მაშინ, როდესაც მესამე პირი დაინტერესებულია პროცესის შედეგით და ამავდროულად იგი თავად არის გასაჩივრებული სამართლებრივი აქტის ადრესატი.

პროცესში მესამე პირად მოწვევა არ ატარებს ზოგად ხასიათს და მიმართულია არა მოსარჩელის ან მოპასუხის ინტერესების, არამედ უშუალოდ იმ პირის სამართლებრივი ინტერესების დაცვისაკენ, რომელიც მოწვეულია მესამე პირის სტატუსით, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა თავიდან აიცილოს ის არახელსაყრელი ზემოქმედება, რაც შესაძლოა დადგეს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ პირისათვის აღნიშნული პროცესუალური სტატუსის მინიჭება შესაძლოა მხოლოდ იმ პირობებში, თუ ის არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მესამე პირთა ინსტიტუტის მიზანს სამართლებრივი ინტერესების დაცვა, საქმის ყოველმხრივი განხილვა, ადმინისტრაციული პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნება და სამართლებრივი უზრუნველყოფა წარმოადგენს. ადმინისტრაციული პროცესის ეკონომიურობა მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტთან მიმართებაში გამოიხატება იმით, რომ ერთი სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრება რამდენიმე ურთიერთობის შინაარსი, მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე ურთიერთობის შინაარსს განსაზღვრავს, პრეიუდიციული დანიშნულება აქვს. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირის აუცილებელი, სავალდებულო ფორმით ჩაბმისას სახეზეა მესამე პირთა როგორც სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე მათთვის გარკვეული უფლებებისა და მოვალეობების დაკისრება.

ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მესამე პირთა საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმული მესამე პირები უფრო შეზღუდული უფლებებით სარგებლობენ, ვიდრე სავალდებულო ფორმით ჩაბმული მესამე პირები. კანონმდებელი ამ უკანასკნელთა საპროცესო უფლებებს მხარეთა ზოგად უფლებებს უთანაბრებს. ადმინისტრაციულ პროცესში მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი გაერთიანებულია ერთი ტერმინით - მხარეები ადმინისტრაციულ პროცესში, სწორედ ეს თავისებურება ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მხარეთა საპროცესო უფლებებით ადმინისტრაციულ პროცესში შეიძლება სარგებლობდეს როგორც მოსარჩელე და მოპასუხე, ასევე პროცესში აუცილებელი, სავალდებულო ფორმით ჩაბმული მესამე პირი.

ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სავალდებულო მოწვევის მესამე პირის სამართლებრივი პოზიცია უფრო მეტადაა დაახლოებული მთავარი მონაწილეების (მოსარჩელე ან მოპასუხე) სამართლებრივ პოზიციასთან. აღნიშნული გულისხმობს ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო, აუცილებელი ფორმით ჩაბმული მესამე პირის უფლებას წარადგინოს დამოუკიდებელი სარჩელი, გაზარდოს ან შეამციროს თავისი სასარჩელო მოთხოვნა, მორიგდეს, უარი თქვას თავის სარჩელზე, ცნოს სასარჩელო მოთხოვნა, დამოუკიდებლად გაასაჩივროს სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება და სხვ. (სავალდებულო მესამე პირის მხარესთან გათანაბრების მიუხედავად, მესამე პირი მხარის მთლად ყველა საპროცესო უფლებით ვერ სარგებლობს, მაგ. ზოგიერთი უფლება (სარჩელზე უარი, სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა ან შემცირება), მოსარჩელის ექსკლუზიურ უფლებათა რიგს განეკუთვნება).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირად სს „... ბანკის“ ჩაბმის თაობაზე შუამდგომლობის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ სს „... ბანკი“ არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირს, რადგან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია სამშენებლო სამართალდარღვევის კანონიერება. სავალდებულო მესამე პირებად საქმის განხილვაში მოწვევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ზემოქმედებას მოახდენს მათ სამართლებრივ ინტერესზე, არამედ სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა განისაზღვროს მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები. მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება დატვირთულია სს „... ბანკის“ იპოთეკის უფლებით, არ ადასტურებს განსახილველი დავის მონაწილედ სს „... ბანკის“ მიჩნევის მართებულობას. აღსანიშნავია, რომ მესამე პირების მოწვევის სავალდებულო ხასიათი სახეზეა მაშინ, როდესაც მესამე პირი თავად არის გასაჩივრებული სამართლებრივი აქტის ადრესატი, რაც არ დასტურდება მოცემულ საქმეში. ცხადია, საკასაციო პალატა არ უაყოფს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სს „... ბანკის“ კანონიერ უფლებასა და ინტერესზე გავლენას მოახდენს, აღნიშნული კი, მისი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად განსახილველ საქმეში ჩაბმის საფუძველს ქმნის.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ცალსახად დადგენილია, რომ სს „... ბანკი“ არ წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეს (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხ. მე-2 ნაწ.), თუმცა, საქმეში მისი მარტივი ფორმის მესამე პირად ჩაბმამ სს „... ბანკს“ მიანიჭა შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი კანონიერი ინტერესები საქმეში, რომელშიც არ წარმოადგენს მოსარჩელეს ან მოპასუხე მხარეს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება მის კანონიერ უფლებასა და ინტერესზე გავლენას მოახდენს (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხ. 1-ლი ნაწ.).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად სს „... ბანკის“ ჩაბმის შესახებ შუამდგომლობა. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „... ბანკის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „... ბანკის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე