Facebook Twitter

№8071-13 25 მარტი, 2013 წელი

რ-ი ნ, 8071-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - დ. ბ-ს

ადვოკატ - დ. მ-ს

მსჯავრდებულ - ნ. რ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. რ-ს საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს განაჩენით ნ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 23 დეკემბრიდან.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 იანვრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ნ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 23 დეკემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №9 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. რ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. რ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ნ. რ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 23 დეკემბრიდან.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. რ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 262-ე მუხლით.

ამდენად, მსჯავრდებული ნ. რ-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ნ. რ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად უნდა განესაზღვროს 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2005 წლის 23 დეკემბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. რ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე ნ. რ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ნ. რ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2005 წლის 23 დეკემბრიდან.

მსჯავრდებული ნ. რ-ი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

თ. თოდრია