Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-222(კ-22) 16 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ფ-ა

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ფ-ამ 2017 წლის 15 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოპასუხის 2017 წლის 3 იანვრის №21004 და 2017 წლის 2 მაისის №1040955 ბრძანებების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ნ. ფ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მოსარჩელის სასარგებლოდ თვეში - 568 ლარის ოდენობით განაცდურისა და განაცდურ პერიოდზე დარიცხული დანამატების/პრემიების ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით ნ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-ამ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი - ნ. ფ-ა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა, როდესაც ხედავდა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციელის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას, ნორმების დისკრიმინაციის გამო უნდა ეხელმძღვანელა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. კასატორის მითითებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მსგავს შემთხვევებში მოთხოვნა დააკმაყოფილა. ნ. ფ-ას მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამასთან, გადაწყვეტილება არის სრულიად დაუსაბუთებელი, სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ კანონმდებლობის ზოგადი განმარტებებით.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე, 385-ე, 393-ე, 394-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ნ. ფ-ას მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მიუხედავად იმისა, დადასტურდება თუ არა შტატების შემცირება, შტატების შემცირების შემთხვევაშიც სასამართლომ უნდა გამოიყენოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით ნ. ფ-ას საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის №2166228 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება ითვალისწინებდა უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ორგანიზების ჯგუფში სპეციალისტის (კომენდანტის) 7 საშტატო ერთეულს, სპეციალური წოდებით - ს/მ. მოსარჩელე ნ. ფ-ა დასაქმებული იყო შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ორგანიზების ჯგუფის სპეციალისტის (კომენდანტი) თანამდებობაზე და მის ფუნქციონალურ მოვალეობას წარმოადგენდა შსს ...ის რაიონული სამმართველოს კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონებისა და ინვენტარის დადგენილი წესით აღრიცხვა, მათი ექსპლუატაციის ორგანიზება და კონტროლის განხორციელება, ადმინისტრაციულ და დამხმარე შენობა ნაგებობებში განთავსებულ მატერიალურ ფასეულობათა დაცვა და სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, ორგანიზების გაწევა სამმართველოს ყველა საჭირო და აუცილებელ მოთხოვნებსა და შუამდგომლობაზე მთავარი სამმართველოს წინაშე, მიღებულ მატერიალურ ფასეულობათა და მარაგების აღრიცხვა და მათი სწორი და დროული ჩამოწერა, კონტროლი სამმართველოს მიერ გაწეულ კომუნალურ ხარჯებზე და გადახდის დოკუმენტების დროული წარდგენა დეპარტამენტში, კომუნალური დანიშნულებით გაწეული საწვავის ხარჯების აღრიცხვა და ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დადგენილი ფორმით წარდგენა დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილებაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ შსს მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის №375 ბრძანების შესაბამისად თანამშრომლებთან ხელშეკრულებების გაფორმება მათზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით.

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3258230 ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის №2166228 ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში; კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა საორგანიზაციო განყოფილება, რომელიც მოიცავდა საქმისწარმოების ჯგუფს, ეკონომიკურ ჯგუფს და ლოჯისტიკის ჯგუფს, ხოლო ადმინისტრაცია (სამმართველო), სადაც შედიოდა მოსარჩელის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა, მთლიანად გაუქმდა და შემცირდა ყველა შესაბამისი საშტატო ერთეული. აღნიშნულის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №21004 სადავო ბრძანებით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ნ. ფ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში, ხოლო მოპასუხის 2017 წლის 2 მაისის №1040955 ბრძანებით ნ. ფ-ა დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 3 იანვრის №21004 და 2017 წლის 2 მაისის №1040955 ბრძანებების კანონიერება წარმოადგენს. ხსენებული აქტებით თანახმად, ნ. ფ-ას შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნას საფუძვლად დაედო რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადგენად უნდა შეფასდეს დაწესებულების რეორგანიზაციის გამო მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის შემცირების ფაქტი.

საკასაციო პალატა თავდაპირველად აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამდენად, საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებულ განჩინებაში მოცემული მსჯელობების უარმყოფელ დასაბუთებულ არგუმენტებს. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასებების უსწორობის დამადასტურებელ შესაბამის დასაბუთებას. საკასაციო საჩივარი აგებულია ზოგად მსჯელობებზე. კასატორი მიუთითებს, რომ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას, თუმცა არ მიუთითებს, რაში გამოიხადა ნ. ფ-ას მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა. აღსანიშნავია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე (4.3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი), შესაბამისად სამართლებრივად შეუძლებელი იყო კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩლის მიმართ მობილობის გამოყენება.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებებს სადავო საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთგზის განიმარტა, რომ საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როდესაც ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს მსგავსი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმებია დადგენილი. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას (სუსგ 08.12.2015წ, №ბს-449-442(კ-15)). ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს (სუსგ 12.04.2018წ. №ბს-1102-1096(კ-17)). მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ სრულად გაუქმდა განყოფილება, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული. ამასთან, კასატორი არ მიუთითებს რეორგანიზაციის პროცესში რაიმე კანონდარღვევის ფაქტის არსებობის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აგრეთვე არ დასტურდება რეორგანიზაციის შედეგად ისეთი საშტატო ერთეულის შექმნა, რომლის ფუნქციური დატვირთვით ნ. ფ-ას მიერ დაკავებული თანამდებობის მსგავსი იქნებოდა. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. აღსანიშნავია, რომ იდენტური ფაქტობრივი გარემოებების მქონე დავა ანალოგიურად არის გადაწყვეტილი საქართველოს უზენაესის სასამართლოს 14.06.2018წ. №ბს-311-311(კ-18) განჩინებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ფ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა

გ. მაკარიძე