საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-201(კ-23) 5 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. შ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. შ-ამ 2020 წლის 10 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04-2362/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით თ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04-2362/ო ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. შ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდს, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად (სადავო აქტის მიღების დროს მოქმედი რედაქცია), დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) – დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. პალატა მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდებოდა სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ შესაბამისად. მითითებული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართითან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ხოლო ამავე მუხლის „ბ“ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა – ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ფართისმიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია), მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის მიხედვით, იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
პალატამ აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებითგადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებული პირების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ორ ძირითად წესს განსაზღვრავს: თუ დევნილი ოჯახი დროებით ცხოვრობს უსაფრთხო საცხოვრებელში - ქულათა (ზოგად საჭიროებათა) პრიორიტეტულობის საფუძველზე, თანმიმდევრულად და თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის ნგრევად საშიშ შენობაში, სახელმწიფო ქულების მიუხედავად ანიჭებს უპირატესობას დევნილ ოჯახს და უზრუნველყოფს უსაფრთხო საცხოვრებლით მას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მოსარჩელეს სადავო აქტით უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ნგრევად შენობაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დევნილი პირის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ნგრევად შენობაში ფაქტობრივად არცხოვრების საფუძვლით.
პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2013 წლის 07 ნოემბრის (ოქმი N017) გადაწყვეტილებით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 13 ნოემბრის N2571 ბრძანების საფუძველზე ქ. თბილისში, ...ის ქ. N101-ში (ყოფილი ...ა) არსებულ შენობაში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ იქნა მ. შ-ას, ნ. ფ-ის, თ. შ-ას და მ. შ-ას ოჯახი. დევნილთა ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით, მხარეთათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის მომენტისთვის და დღეის მდგომარეობითაც აღნიშული პირები ფიქსირდებიან ერთ სარეგისტრაციო ნომერზე - N.... შესაბამისად, ისინი საცხოვრებლით დაკმაყოფილდნენ ერთ ოჯახად. აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულებიდან გამომდინარე, სააგენტომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე თ. შ-ა არ ცხოვრობს ნგრევად ობიექტში, (მდებარე ქ. თბილისში,...ის ქუჩა (ყოფილი ...ი)). სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე სააგენტოს ზემოაღნიშნული მოსაზრება და ყურადღება გამახვილა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2013 წლის 8 ნოემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებითგადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, „იძულებით გადაადგულებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ფარგლებში”, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ შესთავაზა, ხოლო იძულებით გადაადგილებულმა პირმა - მ. შ-ამ ოჯახის წევრებთან (თ. შ-ა, მ. შ-ა და ნ. ფ-თან) ერთად თანხმობა განაცხადა გრძელვადიანი განსახლების მიზნით მიეღო ქ. თბილისში, ...ის ქ. №101-ში მდებარე რეაბილიტირებულ შენობაში 2 (ორი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართი - „გ”კორპ. მე-2 სართული, ბინა №5. 2013 წლის 9 ნოემბრის მიღება-ჩაბარების №63 აქტით ასევე დასტურდება, რომ იძულებით გადაადგილებულმა პირმა - მ. შ-ამ ჩაიბარა ქ. თბილისში, ...ისქ. №101-ში მდებარე რეაბილირტირებულ შენობაში 2 (ორი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართი - „გ” კორპ. მე-2 სართ., ბინა №5. აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტზე ფიქსირდება ასევე თ. შ-ას, როგორც ოჯახის წევრის ხელმოწერა. 2015 წლის 17 აპრილს თ. შ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მიუთითა, რომ სადავოდ ხდიდა მის ძმასთან - მ. შ-ასთან მიწერის ფაქტს და ითხოვდა ცალკე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 22 მაისის №05-01/06/13559 გადაწყვეტილებით თ. შ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმ მოტივით, რომ სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, თ. შ-ა რეგისტრირებული იყო, როგორც საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი პირი, რაც თ. შ-ას მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე N3/4994-15) თ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 22 მაისის №05-01/06/13559 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თ. შ-ას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განჩინებით და უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით. სააგენტოს განმარტებით, იურიდიული დეპარტამენტის 2020 წლის 06 მარტის N03-1603 წერილის საფუძველზე მოხდა დევნილ თ. შ-ას საკითხის განმეორებითი შესწავლა და განხილვა. განმეორებით მოკვლევის შედეგად შედგენილი ოქმი და ფოტომასალა წარედგინა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას მსჯელობისა და შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომისიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი #37), ძალაში დარჩა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2013 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება (ოქმი N017) დევნილ თ. შ-ას მიმართ.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ როგორც საქმის მასალებით, ისე სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით დგინდება, რომ განმეორებითი მონიტორინგის განხორციელება მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე 2020 წელს, მას შემდეგ, რაც მიღებული იქნა სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04-2362/ო ბრძანება, შესაბამისად, 2020 წლის მონიტორინგის დროს მოპოვებული ინფორმაცია ვერ იქნება გათვალისწინებული სადავო აქტის კანონიერების შეფასებისას. რაც შეეხება სადავო აქტის მიღების წინაპირობებს, მისი მიღება მოხდა შესაბამისი მოკვლევის გარეშე. ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო სადავო გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, რომ არ განუხორციელებია შესაბამისი ინფორმაციის მოძიება სადავო მისამართებზე, თ. შ-ას ცხოვრების ფაქტის დადგენის მიზნით. მონიტორინგი, რომელზეც აპელირებს სააგენტო, როგორც ზემოთ აღინიშნა, არის სადავო აქტის მიღების შემდგომი პერიოდის.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის თ. შ-ას სადავო მისამართზე (ქ. თბილისში, ...ის ქუჩა (ყოფილი ...ი)) ცხოვრების ფაქტს ადასტურებს საქმის მასალებში დაცული დოკუმენტები, კერძოდ: ...ის 2015 წლის 23 ოქტომბრიდან 2020 წლის 23 ოქტომბრამდე და 2014 წლის 7 ივლისიდან 2022 წლის 20 იანვრამდე სს „...ის“ აბონენტის ბრუნვის ისტორია, რომლითაც დგინდება, რომ ქ.თბილისში, ...ის ქუჩაზე აბონენტს წარმოადგენს თ. შ-ა; 2019 წლის 28 ოქტომბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, ქ. თბილისში, ...ის ...ის დასახლება, ...ის მე-2 ...ში მცხოვრები პირების ნ. ქ-ას და გ. ფ-ას ხელმოწერებით, რომლითაც დასტურდება, რომ თ. შ-ა 2002 წლიდან დღემდე ფაქტობრივად ფლობს, სარგებლობს და მუდმივად ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ...ის დასახლება, ...ის ...ი N2-ში მდებარე პირველ სართულზე; ასევე, 2020 წლის 15 სექტემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით, მეზობლები - გ. ქ-ა, შ. კ-ა და ბ. ბ-ე ხელმოწერებით ადასტურებენ, რომ თ. შ-ა ნამდვილად არ ცხოვრობს თბილისი, ...ის ქუჩა N101, კორპუსი გ. ბინა N5-ში. მას ჰყავს ავადმყოფი ყრუ-მუნჯი ძმა, რძალი და შვილი, რომელთაც თ. შ-ას გარდა სხვა მომვლელი არავინ ჰყავთ და მოსარჩელე ხშირად მიდის მათთან; თ. შ-ა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართზე: ქ. თბილისში, ...ის ქუჩა (ყოფილი ...ი), მოქმედი სარეიტინგო ქულაა 36480 და იღებს შემწეობას 50 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეში დასტურდება მოსარჩელე თ. შ-ას სადავო მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის ქუჩა (ყოფილი ...ი)) ცხოვრების ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ მოსარჩელე სადავო ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად მაცხოვრებელს არ წარმოადგენს. სააგენტო არ იზიარებს პალატის მოსაზრებას, რომ თ. შ-ას სადავო ობიექტზე ცხოვრებას ადასტურებს ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებები და აბონენტის ბრუნვის ისტორია. ნგრევად ობიექტში ცხოვრების საკითხს სააგენტო იკვლევს მონიტოგინგის სამსახურის ჩართულობით, რომელიც ფაქტობრივად ცხოვრების გარემოებას ადგენს ადგილზე ვიზიტით. კასატორი თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმეთა განმარტებებით, დასტურდება მოსარჩელის სადავო ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების ფაქტი. კასატორის მითითებით, ის გარემოება, რომ 2019 წელს განხორციელებული მონიტორინგის დროს „...ში“ მდებარე ნგრევად ობიექტში იმყოფებოდა თ. შ-ა, იმთავითვე არ ადასტურებს მის ხსენებულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრებას. კომისიამ მონიტორინგის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თ. შ-ას ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი უთხრა მას საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. აღნიშნულის შემდგომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განხორციელდა თ. შ-ას საკითხის განმეორებითი შესწავლა და შესაბამისად, ჩატარდა მონიტორინგი. კასატორი მიუთითებს სწორედ 2020 წლის 03 ივლისს განხორციელებულ მონიტორინგეზე და აღნიშნავს, რომ დადგენილია მოსარჩელის არა „...ში“, არამედ ძმის ოჯახთან ერთად ქ. თბილისში, ...ის ქ.N101-ში მდებარე ყოფილი ...ის რეაბილიტირებულ შენობაში ცხოვრების ფაქტი. შედეგად, თ. შ-ას კვლავ უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. კასატორი ხაზგასმით მიუთითებს იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ მ. შ-ას, ნ. ფ-ის, თ. შ-ასა და მ. შ-ას ოჯახი უზრუნველყოფილ იქნა საცხოვრებელი ფართით ქ. თბილისში, ...ის ქ.N101-ში მდებარე ყოფილი ...ის რეაბილიტირებულ შენობაში. კასატორი სააგენტო აღნიშნავს, რომ არ არსებობს თ. შ-ას ოჯახის ცალკე ოჯახად რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომის N39 ოქმის შესაბამისად, დადგენილია, რომ ნგრევად ობიექტებს შორის არის ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე „...ი“ (ს.ფ.113).
დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. შ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04-2362/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომის N39 ოქმის შესაბამისად, თ. შ-ას, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საქმეში დაცული 2013 წლის 9 ნოემბრის მიღება-ჩაბარების №63 აქტით დასტურდება, რომ იძულებით გადაადგილებულმა პირმა - მ. შ-ამ ჩაიბარა ქ. თბილისში, ...ისქ. №101-ში მდებარე რეაბილირტირებულ შენობაში 2 (ორი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართი - „გ” კორპ. მე-2 სართ., ბინა №5. აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტზე ფიქსირდება ასევე მოსარჩელე თ. შ-ას, როგორც ოჯახის წევრის ხელმოწერა. 2015 წლის 17 აპრილს თ. შ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მიუთითა, რომ სადავოდ ხდიდა მის ძმასთან - მ. შ-ასთან მიწერის ფაქტს და ითხოვდა ცალკე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 22 მაისის №05-01/06/13559 გადაწყვეტილებით თ. შ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმ მოტივით, რომ სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, თ. შ-ა რეგისტრირებული იყო, როგორც საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი პირი, რაც თ. შ-ას მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე N3/4994-15) თ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 22 მაისის №05-01/06/13559 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თ. შ-ას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განჩინებით და უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით. სააგენტოს განმარტებით, იურიდიული დეპარტამენტის 2020 წლის 06 მარტის N03-1603 წერილის საფუძველზე მოხდა დევნილ თ. შ-ას საკითხის განმეორებითი შესწავლა და განხილვა. განმეორებით მოკვლევის შედეგად შედგენილი ოქმი და ფოტომასალა წარედგინა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას მსჯელობისა და შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომისიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი #37), ძალაში დარჩა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2013 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება (ოქმი N017) დევნილ თ. შ-ას მიმართ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია, კერძოდ, ერთი მხრივ, მოპასუხე სააგენტო დევნილის ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტის დადასტურებას მონიტორინგის შედეგებს უკავშირებს, ხოლო მეორე მხრივ, საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ 2019 წელს განხორციელებული მონიტორინგის დროს „...ში“ მდებარე ნგრევად ობიექტში თ. შ-ას ადგილზე ყოფნის ფაქტი, იმთავითვე არ ადასტურებს მის ხსენებულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრებას. მეტიც, სადავო გადაწყვეტილება სწორედ ერთ-ერთი მონიტორინგის დროს მოსარჩელის სადავო მისამართზე არყოფნას უკავშირდება, კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ 2020 წლის 03 ივლისის მონიტორინგის შედეგად დადგენილია მოსარჩელის არა „...ში“, არამედ ძმის ოჯახთან ერთად ქ. თბილისში, ...ის ქ.N101-ში მდებარე ყოფილი ...ის რეაბილიტირებულ შენობაში ცხოვრების ფაქტი და თ. შ-ასთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარიც სწორედ ამ გარემოებითაა გაპირობებული.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე, კონკრეტული მონიტორინგის დროს, ობიექტური მიზეზით იმყოფებოდა სხვა მისამართზე, არ წარმოადგენს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველს. საცხოვრებლად უვარგის ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს თავი, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ასეთ ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. პირისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება, როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა, თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ თ. შ-ას სადავო მისამართზე (ქ. თბილისში, ...ის ქუჩა (ყოფილი ...ი)) ცხოვრების ფაქტს ადასტურებს საქმის მასალებში დაცული შემდეგი დოკუმენტები: ...ის 2015 წლის 23 ოქტომბრიდან 2020 წლის 23 ოქტომბრამდე და 2014 წლის 7 ივლისიდან 2022 წლის 20 იანვრამდე სს „...ის“ აბონენტის ბრუნვის ისტორია, რომლითაც დგინდება, რომ ქ.თბილისში, ...ის ქუჩაზე აბონენტს წარმოადგენს თ. შ-ა; 2019 წლის 28 ოქტომბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, ქ. თბილისში, ...ის ...ის დასახლება, ...ის მე-2 ...ში მცხოვრები პირების ნ. ქ-ას და გ. ფ-ას ხელმოწერებით, რომლითაც დასტურდება, რომ თ. შ-ა 2002 წლიდან დღემდე ფაქტობრივად ფლობს, სარგებლობს და მუდმივად ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ...ის დასახლება, ...ის ...ი N2-ში მდებარე პირველ სართულზე; ასევე, 2020 წლის 15 სექტემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით, მეზობლები - გ. ქ-ა, შ. კ-ა და ბ. ბ-ე ხელმოწერებით ადასტურებენ, რომ თ. შ-ა ნამდვილად არ ცხოვრობს თბილისი, ...ის ქუჩა N101, კორპუსი გ. ბინა N5-ში. მას ჰყავს ავადმყოფი ყრუ-მუნჯი ძმა, რძალი და შვილი, რომელთაც თ. შ-ას გარდა სხვა მომვლელი არავინ ჰყავთ და მოსარჩელე ხშირად მიდის მათთან; თ. შ-ა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართზე: ქ. თბილისში, ...ის ქუჩა (ყოფილი ...ი), მოქმედი სარეიტინგო ქულაა 36480 და იღებს შემწეობას 50 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ განსახილველ საქმეში დასტურდება მოსარჩელე თ. შ-ას სადავო მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის ქუჩა (ყოფილი ...ი)) ცხოვრების ფაქტი.
მოცემულ საქმეში დადასტურებულია სადავო შენობის საცხოვრებლად უვარგისი პირობების არსებობა. საქმეში დაცული დოკუმენტაციით არ დასტურდება მოსარჩელის საკუთრებაში სხვა საცხოვრებლის არსებობა, შესაბამისად, არ არსებობს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან მიმართებაში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე