საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-375(კ-23) 17 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. შ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. შ-ამ 2022 წლის 9 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 თებერვლის N03-560/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და ნ. შ-ას ოჯახის ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 თებერვლის N03-560/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. შ-ას (პ/ნ ...) ოჯახის ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. შ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მის სახელზე გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. მას სარეგისტრაციო მისამართზე ჰყავს შვილი - ლ. ნ-ა. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით კი დადგენილია, რომ ქ. ზუგდიდში, ...ის N 41-ში რეგისტრირებულნი არიან ნ. შ-ა, ლ. ნ-ა და ისინი იღებენ შემწეობას კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ნ. შ-ა უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის გადაცემა.
2014 წლის 15 ივლისს ნ. შ-ამ და ლ. ნ-ამ განცხადებით (N03492) მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ოჯახისთვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ითხოვეს საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, ნ. შ-ამ შეავსო შესაბამისი კითხვარი.
2017 წლის 13 თებერვალს ნ. შ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა განცხადებისა და გავლილი აპლიკაციების საფუძველზე, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება.
2019 წლის 1 ივლისს ნ. შ-ამ N014559 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და განმარტა, რომ აპლიკაციაზე მითითებული აქვს სხვა მისამართი, ფაქტობრივად კი ცხოვრობს სხვა მისამართზე (ქ. ზუგდიდი, ...ის ქუჩა N41-ში). შესაბამისად, მოითხოვა ფაქტობრივი მისამართის ჩასწორება.
გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმით დადგენილია, რომ 2021 წლის 04 ივნისს ვიზიტისას ნ. შ-ამ ჯგუფის წევრს განუმარტა, რომ 2019 წლიდან ცხოვრობს ქირის გარეშე ნათესავის სახლში. 1993-2019 წლებში ცხოვრობდა ...ში, მამის სახლში, რომელიც ნ. შ-ას განმარტებით დანგრეულია.
2022 წლის 1 ივლისის გასაუბრების ოქმით დადგენილია, რომ მონიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით იმყოფებოდა მისამართზე - ქ. ზუგდიდი, სოფელი ...ი, სადაც დახვდათ ნ. შ-ა და მისი შვილი ლ. ნ-ა. ნ. შ-ას განცხადებით აღნიშნული სახლი ეკუთნის მის ძმას - თ. შ-ას და აქ დროებით არის სტუმრად. თანასოფლელებმაც ჯგუფის წევრს უთხრეს, რომ ნ. შ-ა იმყოფება ამ სახლში.
საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად ნ. შ-ა შეფასდა შემდეგნაირად: საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად - 1.50 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3.00 ქულა.ჯამში ნ. შ-ას მიენიჭა 4.50 ქულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის N79 სხდომის ოქმის თანახმად, შევსებული განაცხადის საფუძველზე, ნ. შ-ას (პ/ნ ...) უარი ეთქვა 2 (ორი) ოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე (უარი - არსებითად მცდარი ინფორმაცია საცხოვრებელზე).
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმები, რომლის ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა, დევნილი ოჯახისათვის კონკრეტული ქულის მინიჭების საფუძველია და სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ანალიზი იძლევა იმ სამართლებრივი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი, დადგენილი კრიტერიუმების მიღმა, დამატებით განსაზღვროს კონკრეტული ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება-არსაჭიროების საკითხები.
პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დანართი №7-ის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე ფასდება 1,5 ქულით. დადგენილია, რომ ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. ხოლო „წესის“ შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჯამდება თითოეული დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით, მიღებული ქულათა რაოდენობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტის გამოცემის და მოსარჩელეების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა მოსარჩელის მხრიდან არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება.
პალატის მითითებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 2019 წლის 1 ივლისს N014559 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მიუთითა, რომ ფაქტობრივად ცხოვრობდა მისამართზე - ქ. ზუგდიდში, ...ის ქუჩა N41-ში, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, რადგან იგი დევნილი ოჯახის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს და სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ქულათა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს. შესაბამისად, მოსარჩელე რომელ მისამართზე ცხოვრობდა განცხადების წარდგენის შემდგომ, ქირით, თუ ქირის გარეშე, არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რა დროს რა მისამართზე იმყოფება იძულებით გადაადგილებული პირი, შესაბამისად, სხვადასხვა მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების გამოვლენა არ წარმოადგენს დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მონიტორიგნი განხორციელდა ქ.ზუგდიდში, ...ის N41-ში და თავად მოსარჩელე ნ. შ-ამ განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2019 წლიდან, ქირის გარეშე. ხოლო სასამართლო პროცესზე განმარტებულ იქნა, რომ მოსარჩელე ...ის ქუჩაზე ცხოვრობს 2018 წლიდან და ქირას უხდის მესაკუთრეს 100 ლარის ოდენობით, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ სასამართლო პროცესზე. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორი შეფასება ვერ მისცა აღნიშნულ ფაქტს, რადგან მოწმეების ზეპირსიტყვიერ განმარტებებს დაეყრდნო.
კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე ცხოვრობს სოფელ ...ში თავის შვილთან ერთად, რაც ასევე დადასტურდა იმავე სოფელში მცხოვრები მეზობლების მიერ და განმარტავს, რომ სასამართლომ არ გაიზიარა და უტყუარად დაადგინა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ცხოვრობს ზუგდიდში, ...ის ქუჩა N41-ში. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გაუჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მხარე ცდილობს სააგენტოს შეცდომაში შეყვანას.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტომ სრულყოფილად გამოიკვლია გარემოებები, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა, კერძოდ, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და შესაბამისი აქტი მიიღო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მკიცებულებებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 პარილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. შ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მის სახელზე გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. მას სარეგისტრაციო მისამართზე ჰყავს შვილი - ლ. ნ-ა.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. ზუგდიდში, ...ის N 41-ში რეგისტრირებულნი არიან ნ. შ-ა, ლ. ნ-ა და ისინი იღებენ შემწეობას კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.
2014 წლის 15 ივლისს ნ. შ-ამ და ლ. ნ-ამ განცხადებით (N03492) მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და საცხოვრებელი ფართის გადაცემა მოითხოვეს. ამასთან, ნ. შ-ამ შეავსო შესაბამისი კითხვარი.
2017 წლის 13 თებერვალს ნ. შ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა განცხადებისა და გავლილი აპლიკაციების საფუძველზე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება.
2019 წლის 1 ივლისს ნ. შ-ამ N014559 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და აღნიშნა, რომ აპლიკაციაზე მითითებული აქვს სხვა მისამართი, ფაქტობრივად კი ცხოვრობს სხვა მისამართზე (ქ. ზუგდიდი, ...ის ქუჩა N41-ში). შესაბამისად, მოითხოვა ფაქტობრივი მისამართის ჩასწორება.
გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმით დადგენილია, რომ 2021 წლის 04 ივნისს ვიზიტისას ნ. შ-ამ მონიტორინგის ჯგუფს განუმარტა, რომ 2019 წლიდან მონიტორინგის დღემდე ცხოვრობდა ქირის გარეშე ნათესავის სახლში. 1993-2019 წლებში ცხოვრობდა სოფელ ...ში, მამის სახლში, რომელიც დანგრეულია.
2022 წლის 1 ივლისის გასაუბრების ოქმით დადგენილია, რომ მონიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით იმყოფებოდა ქ. ზუგდიდში მდებარე სოფელი ...ში, სადაც იმყოფებოდა ნ. შ-ა და მისი შვილი ლ. ნ-ა. ნ. შ-ას განცხადებით, აღნიშნული სახლი ეკუთნის მის ძმას - თ. შ-ას და ის დროებით არის სტუმრად.
საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად ნ. შ-ა შეფასდა 4.50 ქულით: საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად - 1.50 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3.00 ქულა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის N79 სხდომის ოქმის თანახმად, შევსებული განაცხადის საფუძველზე, ნ. შ-ას (პ/ნ ...) უარი ეთქვა 2 (ორი) ოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე (უარი - არსებითად მცდარი ინფორმაცია საცხოვრებელზე).
„დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 თებერვლის N03-560/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის (N79 სხდომის ოქმი) გადაწყვეტილების საფუძველზე, ნ. შ-ას ოჯახს (პ/ნ ...) (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი N1). აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ზემოაღნიშნული 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N7) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N8). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.
ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად აღნიშნეს, რომ კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რა დროს, რა მისამართზე იმყოფება იძულებით გადაადგილებული პირი. შესაბამისად, სხვადასხვა მიზეზით ფაქტობრივად სხვადასხვა მისამართზე ყოფნა, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის ოჯახს არ აქვს გრძელვადიანი საცხოვრებელი და ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დევნილებს შეუქმნას ეკონომიკური და სოციალური გარანტიები გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კუთხით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა რაოდენობა (ნაკლებობა), არამედ საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება. მითითებული საფუძვლით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის შესაძლებლობას, ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლი. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონიტორინგის სამმართველო ახდენდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის“ შედგენას. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდებოდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია იყო არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილ დოკუმენტაციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინებოდა კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელე ნ. შ-ამ საცხოვრებლის თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გარდა, საქმის მასალებში დაცული 2022 წლის 02 ივნისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, დ. გ-ა (დაბ. ...წ, პ/ნ ...) ხელწერილით ადასტურებს, რომ ნ. შ-ა და ლ. ნ-ა 2018 წლიდან დღემდე ნამდვილად ცხოვრობენ მის მიერ გაქირავებულ სახლში, ქ. ზუგდიდი, ...ის ქუჩა N41-ში და ყოველთვიური ქირის სახით იხდიან 100 ლარს, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. აგრეთვე, 2022 წლის 02 ივნისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, გ. ქ-ა (დაბ. ...წ, პ/ნ ...) და ი. ჯ-ა (დაბ. ...წ, პ/ნ ...) ადასტურებენ, რომ დევნილები აფხაზეთიდან: ნ. შ-ა და ლ. ნ-ა 2018 წლიდან დღემდე ნამდვილად ცხოვროვრობენ ნაქირავებ სახლში ქ. ზუგდიდი, ...ის ქუჩა N41-ში.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნ. შ-ა შვილთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, ...ის ქუჩა N41-ში. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააგენტოს 2022 წლის 1 თებერვლის N03-560/ო ბრძანება უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე