Facebook Twitter

№ბს-209(კ-22) 17 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 26 აგვისტოს №04-06/4818 გადაწყვეტილება; ბ) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 მარტის №10/2225 გადაწყვეტილება; გ) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს გასაჩივრებულ შემთხვევებზე გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 5 060 ლარის ანაზღაურება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ხარჯები გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ძირითადი კოდით განსაზღვრულ ტარიფში. პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა დადგენილების თანახმად, წარმოადგენს დამოუკიდებელ პროგრამულ შემთხვევას, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას. შესაბამისად, არ არსებობს ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის №04-241/ო ბრძანების დანართი 1-ის მეხუთე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 9.7 მუხლზე, მე-11 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით (მთავრობის №36 დადგენილება) ვალდებულია კოდის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში გააკეთოს შეტყობინება. შესაბამისად, ანაზღაურებაზე უარის თქმა ამ ვალდებულების შესრულების გამო დაუშვებელია. სადავოდ ქცეული ხუთივე შემთხვევა იდენტურია, კერძოდ, პაციენტებს ჩაუტარდათ კარდიოქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგაც, საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დასჭირდათ პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის №04-06/4818 გადაწყვეტილებაში სადავოდ ქცეული შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია №36 დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად №..., №..., №... შემთხვევებზე მითითებულია დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი, ხოლო №..., №... შემთხვევებზე - ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი. დაუსაბუთებელია, რაში გამოიხატა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნების დარღვევა. ადმინისტრაციული წარმოების არცერთ ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავოდ არ გამხდარა მიწოდებული და შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის შეუსაბამობა. პირველი ინსტანციის სასამართლოში დეტალურად იქნა გამოკვლეული აღნიშნული მონაცემები და რაიმე სახის უზუსტობა არ აღმოჩნდა. ყველა მონაცემი იყო იდენტური და შესაბამისად, არ არსებობდა №..., №... შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. №..., №..., №... სადავო შემთხვევებში ადმინისტრაციული წარმოების არცერთ ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავოდ არ გამხდარა მიწოდებული კოდის სისწორე, ჩატარებული მკურნალობის ჯეროვნება, მომსახურების ხარისხი, პაციენტის პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის განყოფილებაში მოთავსების საჭიროება. პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ იქნა მკურნალობის ყველა ეტაპზე პაციენტებისათვის გაწეული მომსახურების თითოეული სახისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაცია. აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ინფორმაციის შესაბამისობა, მონაცემების სისწორე, ჰოსპიტალიზაციის, დონეების ცვლილებისა და შესაბამისი კოდების მიწოდების ვადების სისწორე, დიაგნოზის, მისი დაზუსტებისა და ჩარევის, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესაბამისობა შეტყობინებასა და წარდგენილ დოკუმენტაციაში, შემოსვლისა და გაწერის, კოდების დამატების თარიღების სისწორე. ადმინისტრაციულ ორგანოს არცერთ ეტაპზე, მათ შორის, მტკიცებულებათა გამოკვლევისას რაიმე შენიშვნა ან საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამს, რაიმე მონაცემის არასწორად მიწოდება/დაფიქსირება/შეფასება არცერთ სადავო გადაწყვეტილებაში აღნიშნული არაა და მსგავსი პრეტენზია არ გამოთქმულა.

ასევე დაუსაბუთებელია იდენტური შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად სხვადასხვა ნორმის გამოყენება, საიდანაც ერთი გულისხმობს მხოლოდ შემთხვევის ანაზღაურებაზე უარს, ხოლო მეორე შემთხვევაში ანაზღაურებაზე უარს და დამატებით სწორად ნამართი კოდების ღირებულების 10% ჯარიმას. გარდა ამისა მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ როგორც კარდიოქირურგიის (ისევე ნებისმიერი სხვა ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში) შეუძლებელია რომელიმე სამედიცინო დაწესებულებამ წინასწარ განსაზღვროს რომელიმე პაციენტს დასჭირდება თუ არა პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა ან რამდენი დღით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით, შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის მხარეთა დასწრებით განხილვის მიზნით, დაინიშნა სასამართლო სხდომა 2023 წლის 10 მაისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) ჰ. კ-ა (№...) – 79 წლის პაციენტი - 07.03.2020 წელს მოთავსდა კარდიოინტენსიურ განყოფილებაში დიაგნოზით: გ.ი.დ. მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე, დაეწყო ანტიიშემიური მკურნალობა, ჩაუტარდა ეკგ, ექოკარდიოგრაფია, ლაბორატორიული კვლევები. პაციენტს ზუგდიდის საავადმყოფოში ჩაუტარდა სელექტიური კორონაროგრაფია, გამოვლინდა სისხლძარღვოვანი დაავადება, მიეწოდა ინფორმაცია კარდიოქირურგიულ სამსახურს, კონსულტირებულ იქნა კარდიოქირურგის მიერ, ერჩია უმოკლეს დროში ქირურგიული მკურნალობა აორტო-კორონარული შუნტირების ჩატარება, ოპერაციის ჩვენება გ.ი.დ. 3 სისხლშარღვოვანი დაავადება, შესაბამისი მომზადების შემდეგ 08.03.19წ. ჩაუტარდა აორტო-კორონარული შუნტირება (L-L. A0-Rd1-Rd2, Ao-OM., Ao-RCA), საგულდაგულო ჰემოსტაზისა და გულმკერდის დახურვის შემდგომ პაციენტი დაცვითი ნარკოზის ქვეშ, ფ.ხ.ვ -ზე SIMV რეჟიმით, ჰემოდინამიკურად სტაბილურ მდგომარეობაში გადავიდა კარდიოინტენსიურ ბლოკში (ICU), 08.03.20წ 23:00 სთ დაექსტუბირდა სათანადო ჩვენებით, უგრძელდებოდა მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, გამოხატული სუნთქვის უკმარისობის გამო პერიოდულად საჭიროებდა რესპირატორულ მხარდაჭერას NCPAP რეჟიმით, ასევე მუდმივ ოქსიგენაციას, ოპერაციიდან მესამე დღეს ამოღებულ იქნა დრენაჟები, 11.03.20წ. 11:30 სთ-დან მდგომარეობის შედარებით სტაბილიზაციის შემდგომ, უგრძელდებოდა მკურნალობა კარდიოლოგიური განყოფილების პალატაში (ს.ფ. 22-31, 106-110); ბ) პაციენტის სამედიცინო ბარათში აღნიშნულია შემდეგი: პაციენტი ჰ. კ-ა, შეტყობინება №..., კოდი: CAR8, მომსახურების დაწყების თარიღი: 07.03.2020წ - დასრულების თარიღია: 17.03.2020წ, ფაქტიური ხარჯია - 9997,45 ლარი; საბოლოოდ ასანაზღაურებელი 8500,00 ლარი (ს.ფ. 97-102); გ) პაციენტის სამედიცინო ბარათში აღნიშნულია შემდეგი: პაციენტი ჰ. კ-ა, შეტყობინების №..., კოდი: INT1, მომსახურების დაწყების თარიღია: (J96.0) 08.03.2020წ - დასრულების თარიღია: 12.03.2020წ, ფაქტიური ხარჯია - 1834,07 ლარი; საბოლოოდ ასანაზღაურებელი - 810,00 ლარი (ს.ფ. 103-105); დ) შეტყობინების ბარათის თანახმად, №... სამედიცინო შემთხვევა (ჰ. კ-ა), შეტყობინების თარიღი - 07.03.2020, შეტყობინება: 18.03.2020წ, შემთხვევის სტატუსი - გადაუდებელი (ს.ფ. 111); ე) ლ. ჯ-ე (№...) - 75 წლის პაციენტს, ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში ჩატარებული სელექტიური კორონაროგრაფიის საფუძველზე, 01.03.2020წ. ჩაუტარდა აორტო-კორონარული შუნტირება (L-L, Ao-Rd1, Ao-OM, AO-RIVP). საგულდაგულო ჰემოსტაზისა და გულმკერდის დახურვის შემდგომ პაციენტი დაცვითი ნარკოზის ქვეშ, ფ.ხ.ვ-ზე SIMV რეჟიმით, ჰემოდინამიკურად სტაბილურ მდგომარეობაში გადავიდა კარდიოინტენსიურ ბლოკში (ICU). 01.03.20წ. 23:00 სთ დაექსტუზბირდა სათანადო ჩვენებით, უგრძელდებოდა მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გამოხატული სუნთქვის უკმარისობის გამო პერიოდულად საჭიროებდა რესპირატორულ მხარდაჭერას NSPAP რეჟიმით, აღინიშნებოდა პლევრის ღრუებში ორმხრივი სეპარაციები, ოთახის ჰაერზე იყო დესატურირებული, მიეწოდებოდა ჟანგბადი სველი წესით ნაზალურად, ოპერაციიდან მესამე დღეს ამოღებულ იქნა დრენაჟები, 03.03.20წ დაახლოებით 06:20 სთ-ზე აღენიშნა რითმის დარღვევა წინაგულების ფიბრილაციის სახით. სინუსური რითმი აღდგა რამდენიმე საათში მედიკამენტური მედიაკამენტური კარდიოვერსიით (კორდარონი). 04.03.20წ. 11:00 სთ-დან უგრძელდებოდა მკურნალობა კარდიოინტენსიურ განყოფილებაში. მდგომარეობა იყო მძიმე, რაც განპირობებული იყო გიდ.მარცხენა პარკუჭის მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით, აოტრო-კორონარული შუნტირება (01.03.20წ), შ/მდგ, სუნთქვის მწვავე უკმარისობით, წინაგულების ფიბრიპაციით-პაროქსიმული ფორმა, უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, ზოგად საერთო სისუსტეს, იყო დესატურირებული ოთახის ჰაერზე, მიეწოდებოდა ჟანგადი სველი წესით, დაიტვირთა შარდმდენებით, მკურნალობის ფონზე მდგომარეობა, ასევე კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები დინამიკაში გაუმჯობესდა 09.03.20წ. 12 საათიდან უგრძელდებოდა მკურნალობა კარდიოლოგიური განყოფილების პალატაში (ს.ფ. 22-31, 40-44); ვ) პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, პაციენტი ლ. ჯ-ე, შეტყობინების №..., კოდი: CAR8, მომსახურების დაწყების თარიღი: 28.02.2020წ - დასრულების თარიღი: 11.03.2020წ, ფაქტიური ხარჯი - 9085.90 ლარი; საბოლოოდ ასანაზღაურებელი - 8500.00 ლარი (ს.ფ. 32-36); ზ) პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, პაციენტი ლ. ჯ-ე, შეტყობინების №..., კოდი: INT1, მომსახურების დაწყების თარიღია: 01.03.2020წ - დასრულების თარიღია: 06.03.2020წ, ფაქტიური ხარჯია - 2362,37 ლარი; საბოლოოდ ასანაზღაურებელი - 1150.00 ლარი (ს.ფ. 37-39); თ) შეტყობინების ბარათის თანახმად, №... სამედიცინო შემთხვევა (ლ. ჯ-ე), შეტყობინების თარიღი 28.02.2020 წელი, შემთხვევის სტატუსი - გადაუდებელი (ს.ფ. 45); თ) თ. ქ-ა (№...) – 66 წლის - მოთავსდა კარდიოლოგიურ განყოფილების პალატაში დიაგნოზით: გ.ი.დ. მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე, კორონარული სტენტირება (2011წ.), არტერიული ჰიპერტენზია II (ESC/ESH), გ.უ. I (Killip). დაეწყო ანტიიშემიური მკურნალობა, ჩაუტარდა ეკგ, ექოკარდიოგრაფია, ლაბორატორიული კვლევები. შეფასდა ინტერვენციული სტრატეგიის რისკის შკალით, გამოვლინდა მაღალი რისკის პირველადი (რეფრაქტერული რეკურენტული ტკივილი მიუხედავად მიმდინარე ოპტიმალური ანტიიშემიური მკურნალობისა) და მეორადი (EF<40%) კრიტერიუმები, რომლის გათვალისწინებით გადაუდებლად ჩაუტარდა სელექტიური კორონოგრაფია, კონსულტირებულ იქნა კარდიოქირურგის მიერ, კორონარული სტატუსისა და კლინიკური სურათის გათვალისწინებით მიეცა რეკომენდაცია გადაუდებლად ქირურგიული ოპერაციის: აორტო-კორონარული შუნტირების ჩატარების. ოპერაციის ჩვენება: ღეროს სტენოზი, კორონალური არტერიების კრიტიკული 3 სისხლძარღვოვანი დაზიანება. შესაბამისი მომზადების შემდეგ, 06.03.20წ. გადაუდებლად ჩაუტარდა აორტო-კორონარული შუნტირება (L-L, Ao-RIM, Ao-OM, Ao-RIVP), საგულდაგულო ჰემოსტაზისა და გულმკერდის დახურვის შემდგომ პაციენტი დაცვითი ნარკოზის ქვეშ, ფ.ხ.ვ-ზე SIMV რეჟიმით, ჰემოდინამიკურად სტაბილურ მდგომარეობაში გადავიდა კარდიოინტენსიურ ბლოკში (ICU), 07.03.20წ. 08:00 სთ-ზე დაექსტუბირდა სათანადო ჩვენებით, უგრძელდებოდა მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, გამოხატული სუნთქვის უკმარისობის გამო პერიოდულად საჭიროებდა რესპირატორულ მხარდაჭერას NCPAP რეჟიმით, 08.02.20წ. ამოღებული იქნა დრენაჟები, 08.03.20წ. 11:00 სთ-დან უგრძელდებოდა მკურნალობა კარდიოინტენსიური თერაპიის პალატაში. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო მძიმე, ჰემოდინამიკა სტაბილური, სიმძიმე განპირობებული იყო სუნთქვის უკმარისობით, გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობით, აოტრო-კორონარული შუნტირების შ/პ (06.03.20წ), კორონარული სტენტირების შ/მდგ. (2011წ.), ორმხრივი ჰიდროთორაქსით, უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, პერიოდულად ტკივილს რეტროსტერნალურ-ჭრილობის არეში, ზოგად საერთო სისუსტეს, აღენიშნებოდა ქვედა კიდურების შეშუპება, იყო ჟანგბადდამოკიდებული, დესატურირებული ოთახის ჰაერზე, მიეწოდებოდა ჟანგბადი სველი წესით, იტვირთებოდა შარდმდენებით, უტარდებოდა ჭრილობის შეხვევები. მიმდინარე მკურნალობის, დადებითი დიურეზის ოქსიგენოთერაპიის ფონზე დინამიკაში პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დასტაბილურდა, გააქტიურდა ინტენსიურ პალატაში. 13.03.20წ. 12:00სთ-დან უგრძელდებოდა მკურნალობა კარდიოლოგიური განყოფილების პალატაში (ს.ფ. 22-31, 58-63); ი) პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, პაციენტი თ. ქ-ა, შეტყობინების №..., კოდი: CAR8, მომსახურების დაწყების თარიღი: 06.03.2020წ - დასრულების თარიღი: 16.03.2020წ, ფაქტიური ხარჯია - 8786,50 ლარი; საბოლოოდ ასანაზღაურებელი - 8500,00 ლარი (ს.ფ. 46-51); კ) პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, პაციენტი თ. ქ-ა, შეტყობინება №..., კოდი: INT1, მომსახურების დაწყების თარიღი: 07.03.2020წ - დასრულების თარიღი: 10.03.2020წ, ფაქტიური ხარჯი - 1558,64 ლარი; საბოლოოდ ასანაზღაურებელი - 750,00 ლარი (ს.ფ. 52-55); ლ) პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, პაციენტი თ. ქ-ა, შეტყობინება №..., კოდი: CAR1, მომსახურების დაწყების თარიღი: 05.03.2020წ - დასრულების თარიღი: 06.03.2020წ, ფაქტიური ხარჯი - 1487.52 ლარი; საბოლოოდ ასანაზღაურებელი - 275,00 ლარი (ს.ფ. 55-57); შეტყობინების ბარათით ირკვევა, რომ №... სამედიცინო შემთხვევა (თ. ქ-ა) შეტყობინების თარიღია 05.03.2020, შეტყობინება: 17.03.2020წ, შემთხვევის სტატუსი - გადაუდებელი (ს.ფ. 46-64); მ) ს. ა-ი (№...) – 47 წლის პაციენტი მოთავსდა კარდიოინტენსიურ განყოფილებაში დიაგნოზით: გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა დილატაციური კარდიომიოპათია, გ.ი.დ. მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე, აორტის სარქვლის მძიმე ხარისხის ნაკლოვანება, არტერიული ჰიპერტენზია II(ESC/ESH), გ.უ. III (NYHA), ორმხრივი ჰიდროთორაუქსი, ექსსუდაციური პერიკარდიტი, შ.დ.ტ. 2 წითელი ქარი, სიმსუქნე IIIხ, შემოსვლისას უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, ქოშინს, დისკომფორტს და ტკივილს მკერდის ძვლის უკან, სისუსტეს, ჰორიზონტალურად წოლის გაძნელებას, ქვემო კიდურები ზომიერად შეშუპებულია. მიეწოდა ჟანგბადი სველი წესით, დაიტვირთა შარდმდენებით, დაეწყო ანტიიშემიური მკურნალობა, დაიტვირთა შარდმდენებით, ჩაუტარდა ეკგ, ექოკარდიოგრაფია, ლაბორატორიული კვლევები. პერიოდულად მიმდინარე ოპტიმალური მედიკამენტური მკურნალობის ფონზე უჩიოდა უჰაერობას, დისკომფორტს გულმკერდის არეში, სისუსტეს, ჰორიზონტალურად წოლის გაძნელებას. შესაბამისი ჩვენებით ჩაუტარდა სელექციური კორონაროგრაფია გულის უკმარისობის შედარებით კომპენსირების შემდეგ, თუმცა კონსერვატულად პაციენტის რეკომპენსირების მცდელობა იყო უშედეგო, (შეფასდა ინტერვენციული სტრატეგიის რისკის შკალით, გამოვლინდა მაღალი რისკის პირველადი (რეფარქტერიული რეკურენტული ტკივილი მიმდინარე ოპტიმალური მედიკამენტური მკურნალობის ფონზე) და მეორადი (განდევნის ფრაქცია <40%, შ.დ.ტ.2.) კრიტერიუმები, რომლის გათვალისწინებითაც გადაუდებლად ესაჭიროებოდა სელექციური კორონაროგრაფია გულის უკმარისობის შედარებით კომპენსირების შემდეგ, თუმცა კონსერვატიულად პაციენტის კომპენსირება ვერ მოხერხდა,) 08.02.2020წ. კარდიოქირურგის კონსულტაციის საფუძველზე კლინიკური სურათის გათვალისწინებით სასწრაფო რეჟიმში (სასიცოცხლო ჩვენებით) ჩაუტარდა აორტული სარქვლის პროთეზირება მექანიკური პროთეზით, აორტის ფუძის პლასტიკა პერიკარდის PATch-It, საგულდაგულო ჰემოსტაზისა და გულმკერდის დახურვის შემდგომ პაციენტი დაცვითი ნარკოზის ქვეშ, ფ.ხ.ვ.-ზე SIMV რეჟიმით, ჰემოდინამიკურად არასტაბილურ მდგომარეობაში გადავიდა კარდიოინტენსიურ ბლოკში (ICU), 09.02.20წ 12:00სთ დაექსტუბირდა სათანადო ჩვენებით, უგრძელდებოდა მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, გამოხატული სუნთქვის უკმარისობის გამო პერიოდულად საჭიროებდა რესპირატორულ მხარდაჭერას NCPAP რეჟიმით, ექოკარდიოგრაფიულად გამოხატული იყო ორმხრივიო ჰიდროთორაქსი, მოხდა მედიკამენტურად პაციენტის გულის უკმარისობის ჩივილების კომპენსაცია, ოპერაციიდან მესამე დღეს ამოღებულ იქნა დრენაჟები, 12.02.20წ. 10:30 სთ-დან უგრძელდებოდა მკურნალობა კარდიოლოგიური განყოფილების პალატაში (ს.ფ. 22-31, 77-81); ნ) პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, პაციენტი ს. ა-ი, შეტყობინება №..., კოდი: CAR9, მომსახურების დაწყების თარიღი: 06.02.2020წ - დასრულების თარიღი: 17.02.2020წ, ფაქტიური ხარჯია - 16353,21 ლარი; საბოლოოდ ასანაზღაურებელი 12000,00 ლარი (68-74); ო) პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, პაციენტი ს. ა-ი, შეტყობინება №..., კოდი: INT1, მომსახურების დაწყების თარიღი: 09.02.2020წ - დასრულების თარიღი: 12.02.2020წ, ფაქტიური ხარჯია - 1532,62 ლარი; საბოლოოდ ასანაზღაურებელი - 650,00 ლარი (ს.ფ. 65-67); პ) პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, პაციენტი ს. ა-ი, შეტყობინება №..., კოდი: CAR1, მომსახურების დაწყების თარიღი: 07.02.2020წ - დასრულების თარიღი: 08.02.2020წ, ფაქტიური ხარჯია - 1033,03 ლარი; საბოლოოდ ასანაზღაურებელი - 275,00 ლარი (ს.ფ. 75-76); ჟ) შეტყობინების ბარათის თანახმად, სამედიცინო შემთხვევა №... (ს. ა-ი), შეტყობინების თარიღია 06.02.2020 წელი, შეტყობინება: 16.03.2020წ, შემთხვევის სტატუსი - გადაუდებელი (ს.ფ. 82); რ) ა. თ-ე (№...) - 25.0220წ. პაციენტი მოთავსდა კარდიოინტენსიურ განყოფილებაში დიაგნოზით: გ.ი.დ. მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი (ანამნეზით 2013წ), არტერიული ჰიპერტენზია II (ESC/ESH) , გ.უ I (Killip), შ.დ.ტ.2. დაეწყო ანტიიშემიური მკურნალობა, ჩაუტარდა ეკგ, ექოკარდიოგრაფია, ლაბორატორიული კვლევები. შეფასდა ინტერვენციული სტრატეგიის რისკი შკალით, გამოვლინდა მაღალი რისკის პირველადი (ტროპონიმი დადებითი) და მეორადი (შ.დ.ტ.2) კრიტერიუმები, რომლის გათვალისწინებითაც გადაუდებლად ჩაუტარდა სელექტიური კორონოგრაფია, კონსულტირებული იქნა კარდიოქირურგის მიერ, ვინაიდან მიოკარდიუმის მწვავე დაზიანების ფაზაში ქირურგიული ჩარევა დაკავშირებული იყო კრიტიკულად მაღალ რისკთან კლინიკური სურათის გათვალისწინებით მიეცა რეკომენდაცია: აორტო-კორონარული შუნტირების ჩატარების სასწრაფო დაყოვნებულ რეჟიმში, ჩივილების პერსისტირების შემთხვევაში კი განხილული ყოფილიყო სასწრაფო ქირურგიული ჩარევის შესაძლებლობა. უგრძელდებოდა მკურნალობა კარდიოინტენსიურ განყოფილებაში. ზოგადი მდგომარეობა იყო მძიმე, სიმძიმე განპირობებული იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით, კარდიომიოციტების მასიური დაზიანებით, მძიმე კორონარული სტატუსით, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით (ანამნეზით 2013წ.), თანმხლები შ.დ.ტ.2. პერიოდულად უჩიოდა სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნებას გულმკერდის არეში, რომლის კუპირებაც ხდება სპონტანურად 2-3 წუთში დამატებითი ჩარევის გარეშე, ზოგად საერთო სისუსტეს, იმყოფებოდა ნიტროს მუდმივ ინფუზიაზე. მიუხედავად მკურნალობისა პაციენტს 02.03.2020წ. აღენიშნა ანგინოზური ტკივილის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც ძნელად კუპირდა. პაციენტი განმეორებით კონსულტირებული იქნა კარდიოქირურგის მიერ, გადაწყდა და სასიცოცხლო ჩვენებით 02.03.20წ. ჩაუტარდა აორტო-კორონარული შუნტირება (L-L, Ao-Rd1, Ao-OM), საგულდაგულო ჰემოსტაზისა და გულმკერდის დახურვის შემდგომ პაციენტი დაცვითი ნარკოზის ქვეშ, ფ.ხ.ვ-ზე SIMV რეჟიმით, ჰემოდინამიკურად სტაბილურ მდგომარეობაში გადავიდა კარდიოინტენსიურ ბლოკში (ICU), 02.03.2020 წ 23:30 სთ-ზე დაექსტუბირდა სათანადო ჩვენებით, უგრძელდებოდა მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, გამოხატული სუნთქვის უკმარისობის გამო პერიოდულად საჭიროებდა რესპირატორულ მხარდაჭერას NCPAP რეჟიმით, ოპერაციიდან მესამე დღეს ამოღებული იქნა დრენაჟები, 05.03.2020 წ. 11:00 სთ-დან უგრძელდებოდა მკურნალობა კარდიოლოგიური განყოფილების პალატაში (ს.ფ. 22-31, 91-95); ს) პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, პაციენტი ა. თ-ე, შეტყობინება №..., კოდი: CAR8, მომსახურების დაწყების თარიღი: 02.03.2020წ - დასრულების თარიღი: 11.03.2020წ, ფაქტიური ხარჯი - 8877,42 ლარი; საბოლოოდ ასანაზღაურებელი 8500,00 ლარი (ს.ფ. 83-86); ტ) პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, პაციენტი ა. თ-ე №..., კოდი: INT1, მომსახურების დაწყების თარიღი: (I21.3) 26.02.2020წ - დასრულების თარიღი: 02.03.2020წ, მომსახურების დაწყების თარიღი: J96.0 02.03.2020 - დასრულების თარიღი: 04.03.2020წ; ფაქტიური ხარჯი - 3041,40 ლარი; საბოლოოდ ასანაზღაურებელი - 1700,00 ლარი (ს.ფ. 87-88); უ) პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, პაციენტი ა. თ-ე, შეტყობინება №..., კოდი: CAR1, მომსახურების დაწყების თარიღი: 25.02.2020წ - დასრულების თარიღი: 26.02.2020წ, ფაქტიური ხარჯი - 1421,90 ლარი; საბოლოოდ ასანაზღაურებელი - 275,00 ლარი (ს.ფ. 89-90); ფ) შეტყობინების ბარათის თანახმად, №... სამედიცინო შემთხვევა (ა. თ-ე), შეტყობინების თარიღი: 25.02.2020, შეტყობინება: 12.03.2020წ, შემთხვევის სტატუსი - გადაუდებელი (ს.ფ. 96); ქ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 26 აგვისტოს №04-06/4818 გადაწყვეტილებით №... (ჰ. კ-ა), №... (ლ. ჯ-ე), №... (თ. ქ-ა), N... (ს. ა-ი), №... (ა. თ-ე) შემთხვევებზე მოსარჩელეს უარი ეთქვა “საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე. გადაწყვეტილების თანახმად, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას. გადაუდებელი სტაციონარის კომპონენტში თანმხლებად მოწოდებულ 1 დონის ინტენსიურ მოვლა-მკურნალობას განესაზღვრა სტატუსი „არ ანაზღაურდება“ (ს.ფ. 19-20); ღ) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს 2021 წლის 15 მარტის №10/2225 გადაწყვეტილებით შპს ,,...ის საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ პაციენტების: კ-ა ჰ. და ჯ-ე ლ. სამედიცინო შემთხვევები რეგისტრაციის მოდულში წარმოდგენილია 2 კოდით: „ძირითადი-გეგმიური კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოქირურგიის კომპონენტით და „თანმხლები“ I დონის ინტენსიური მოვლა/მკურნალობა - გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით. შესაბამისად, დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, აღნიშნულ შემთხვევებში „გადაუდებელი სტაციონარის“ კომპონენტით გადმოცემული კოდი INT1 I დონის ინტენსიური მოვლა/მკურნალობა არ დაექვემდებარა ანაზღაურებას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევებში მკურნალობის კონკრეტული ეპიზოდები არ ანაზღაურდება დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად. ამავე გადაწყვეტილების თანახმად პაციენტების: თ. ქ-ას და ს. ა-ის სამედიცინო შემთხვევები წარმოდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით სამი ნოზოლოგიური კოდით: „ძირითადი“ კარდიოქირურგიული და „თანხმლები'' დონის ინტენსიური მოვლა/მკურნალობა, ხოლო პაციენტის ა. თ-ის სამედიცინო შემთხვევა წარმოდგენილია 4 ნოზოლოგიური კოდით: ორი კარდიოქირურგიული და I დონის ინტენსიური მოვლა-მკურნალობის 2 ეპიზოდით. დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, „გადაუდებელი სტაციონარის“ კომპონენტში „თანხლებად“ მოწოდებულ I დონის ინტენსიურ მოვლა/მკურნალობას განესაზღვრა სტატუსი „არ ანაზღაურდება“. მოცემულ შემთხვევაში პროგრამული შემთხვევები უნდა ანაზღაურდეს პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე (ს.ფ. 22-31).

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 26 აგვისტოს №04-06/4818 გადაწყვეტილებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 მარტის №10/2225 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება. ასევე, მოთხოვნილია სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაევალოს გასაჩივრებულ შემთხვევებზე გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 5060 ლარის ანაზღაურება.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“) პირველი მუხლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 2​1 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

მოცემული დადგენილების დანართი №1-ის 2.1 მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამედიცინო დაწესებულებას რამდენად მართებულად ეთქვა უარი ანაზღაურებაზე, შესაბამისად, უნდა შეფასდეს ექვემდებარება თუ არა ანაზღაურებას „თანმხლები“ კოდის სახით წარდგენილ I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა.

მოცემული დადგენილების დანართი №1-ის 22.5 მუხლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას.

ამავე დადგენილების დანართი №1-ის სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტების თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს („ე“ პუნქტი); ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10% („კ“ პუნქტი).

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში სწორად დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან/მკურნალობის ეპიზოდიდან თითოეული, საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების შესაბამისად, დამოუკიდებლად ექვემდებარება ანაზღაურებას, თუმცა აღნიშნული განმარტებულ უნდა იქნეს ამავე დადგენილების დანართი №1-ის 22.5 მუხლთან ერთობლიობაში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ცალკეული პაციენტების ანამნეზის, სამედიცინო ჩვენებებისა და ავადმყოფობის მიმდინარეობის გათვალისწინებით.

სადავო არაა ის გარემოება, რომ პაციენტები, მათ მიმართ განხორციელებული ქირურგიული ჩარევების შემდგომ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროებდნენ პირველი დონის ინტენსიური მკურნალობის/მოვლის ფარგლებში მკურნალობას, თუმცა განსახილველ შემთხვევებში, მათი „ძირითადი“ და „თანმხლები“ კოდებით დაფიქსირებული დიაგნოზების მიმართ, სამედიცინო ჩვენებებისა და ავადმყოფობის მიმდინარეობის გათვალისწინებით, მართებულად იქნა გამოყენებული ზემოაღნიშნული დადგენილების დანართი №1-ის 22.5 მუხლით დადგენილი პირობა, რომელიც ადგენს, რომ მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით,

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სადავო შემთხვევების ანამნეზის, სამედიცინო ჩვენებებისა და ავადმყოფობის მიმდინარეობის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემულ დავის ამგვარი გადაწყვეტა არ ეწინააღმდეგება კასატორის მიერ მითითებულ უზენაესი სასამართლოს განჩინებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს თვალსაზრისით, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ს“ საკასაციო საჩივარზე 22.02.2022წ. (რეფერენსის ნომერი №...) გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2 უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინება;

3. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.02.2022წ. (რეფერენსის ნომერი №...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე