№ბს-429(კ-22) 17 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2021 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ა...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის №04-06/3426 გადაწყვეტილება №2019031448 შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; ბ) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს №10/698 გადაწყვეტილება (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში); გ) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს №2019031448 შემთხვევაზე გაწეული საედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 აპრილის საოქმო განჩინებით შპს „ა...ის“ უფლებამონაცვლედ დადგინდა შპს „დ...ი“
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „დ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 21 მაისის №04-06/3426 გადაწყვეტილება №2019031448 შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 3 თებერვლის №10/698 გადაწყვეტილება №2019031448 შემთხვევის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „დ...ის“ საჩივარი პაციენტის - ბ. ც-ეის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების ნაწილში. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა შპს „დ...ს“ აუნაზღაუროს ბ. ც-ეისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 დეკემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“, „ე“ პუნქტებზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები არ გამოიკვლია სრულად და არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, შესაბამისად, არასწორად განმარტა კანონი.
კასატორის განმარტებით, R65.0 სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომი არის მომცველობითი დიაგნოზი სეფსისის წინარე მდგომარეობა, რომელსაც წინ უძღვის რაიმე ოპერაციული ჩარევა ანამნეზში ან ქრონიკული ანთებითი პროცესი ან ახლო წარსულში გადატანილი მწვავე ინფექციური დაავადება. როგორც მოწოდებული დოკუმენტაციიდან ჩანს მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია. როგორც ფორმა 100-ში არის აღწერილი, წარმოდგენილ ჩივილებს პაციენტი უკავშირებს კვებით ინტოქსიკაციას და წინადღით მიღებულ ალკოჰოლურ სასმელს, რის გამოც ანამნეზი არ შეესაბამება წარმოდგენილ დიაგნოზს. სასამართლო ასევე უთითებს სეფსისის და სეპტიკური შოკის კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტზე (პროტოკოლს), რომლის მიხედვით, კლინიკას ჩატარებული აქვს მთელი რიგი კვლევები და მათ შორის, სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, რომლის შედეგი პაციენტის სტაციონალში 3-დღიანი დაყოვნების პირობებში შეუძლებელი იყო, ე.ი. პასუხის მიღებამდე პაციენტი კლინიკიდან გაწერილ იქნა ჯანმრთელობის საეჭვო მდგომარეობით, გარდა ამისა, პაციენტის ჰემოდინამიკური არასტაბილურობის გამო, რაც აღწერილია შემთხვევის წარმოდგენისას T/A-79/54mm/Hg, საჭიროებას მოითხოვდა ვაზოპრესორები მკურნალობაში გამოყენებას, რის გამოც სტაციონარში 3-დღიანი დაყოვნება არასაკმარისია.
მოცემულ შემთხვევაში შეტყობინებით წარმოდგენილი დიაგნოზი არ ემთხვევა პაციენტზე ჩატარებულ მკურნალობის კურსს, ხოლო ჩატარებული მკურნალობა უფრო ემთხვევა ანამნეზში აღწერილ პაციენტის კვებით ან ალკოჰოლით ინტოქსიკაციას და არა სავარაუდო პრესეფსისურ მდგომარეობას, რომელსაც მოიცავს R65.0 სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომი. კლინიკაში პაციენტზე გაწეული 3-დღიანი მომსახურება არასაკმარისი დროა ამ მასშტაბის დიაგნოზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობისათვის.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს №2019031448 შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 21 მაისის №04-06/3426 გადაწყვეტილებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს №10/698 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება. ასევე, მოთხოვნილია სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს №2019031448 შემთხვევაზე გაწეული საედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნულია შემდეგი: პაციენტი ბ. ც-ეე (შემთხვევა №2019031448) შპს დ...ში მოათავსეს 2019 წლის 7 დეკემბერს, ჩივილებით: ძლიერი საერთო სისუსტე, ოფლიანობა, შემცივნება, კანკალი, ჰიპოთერმია, უმადობა, გულისრევა, ღებინება, ტემპერატურის მომატება. დინამიკაში მდგომარეობა გაუარესდა, აღენიშნება შემცივნება კანკალი, ტემპერატურის მომატება 39.0/C-მდე გამოეხატა მკვეთრი საერთო სისუსტე, გულისრევა ღებინება - 10-12 ჯერ. გახდა ადინამიური, აღენიშნა ჰიოტენზია, დაებინდა ცნობიერება. ანამნეზიდან ირკვევა, რომ პაციენტმა წინა დღით, საღამოს მიიღო ალკოჰოლური სასმელი (მცირე რაოდენობით), საკვებად გამოიყენა ხორცისა და რძის პროდუქტები. პაციენტს დაუდგინდა დიაგნოზი: R65.0 ინფექციური მიზეზით განპირობებული სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომი, ორგანული დაზიანების გარეშე /INT1 (07/12/2019 20:30 – 10/12/2019 13:20); I48 წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა (თანმხლები) პაროქსიზმული ფორმა; I50 გულის უკმარისობა (თანმხლები) II (NYHA). ავადმყოფობის მიმდინარეობა: პაციენტი კლინიკაში მიყვანილია 112-ის მიერ, პაციენტი მოთავსდა ობსერვაციულ განყოფილებაში, ჩაუტარდა: კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, გულმკერდის რენდგენოგრაფია - კეროვან ინფილტრაციული ცვლილებები არ ისახება; სისხლის საერთო ანალიზი: WBS (ლეიკ.) – 15.88X109/ლ, RBC (ერით) – 4.91X1012/ლ, HGB (ჰემოგ.) – 161გ/ლ; გაზები და ელექტროლიტები: pH-7. 743 PCO2 – 27.8mmhg, P02 – 105.5mmol/l, K – 2.77 mmol/l; Lac – 6.05mmol/l აღებულია და გადაგზავნილია სისხლის ნიმუში (08.12.19წ., 20.45სთ დაწყებულია ანტიბიოტიკოთერაპია (ცეფტრიაქსონი) – 08.12.19წ., 21.00სთ. პაციენტი შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით მოთავსებულ იქნა თერაპიულ ინტენსიურში. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, რაც განპირობებულია სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომით. გამოხატულია ტემპერატურული რეაქცია, ჰიპოტენზია, პაციენტი ადინამიურია პერიოდულად არაადეკვატური. ობ: Ps-113 არითმიული, საშუალო ავსებისა და დაჭიმულობის. T/A- 79/54mm/Hg. Cor-ტონები მოყრუებული T-37.5/C. SPO2-99%, R-R - 19 Pulmo- აუსკულტაციით ორივე მხარეს ვეზიკულარული სუნთქვა, ენა სველი, მუცელი რბილი უმტკივნეულო, შარდვა თავისუფალი. პაციენტს უტარდებოდა მკურნალობა შემდეგი დანიშნულებით: 1) Sol.Ceftriaqsone 1.0 2XD I/v; 2) Sol. NaCI 0.9% 500.0-3XD I/v; 3) Tab. Nolpaza 40 mg-1Xd p/o; 4) Sol. Analgini 50% 2.0 საჭიროებისას; 5) Sol.Fraxiparini 0.6 ml 2XDs/c; 6)Tab Warfarini 2.5 mg INR-ის კონტროლით; Sol. KCI 4% K-IS კონტროლით; 8) Tab. Cordaroni 200 mg 3XD p/o. ჩატარებული მკურნალობით პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა, ჰერმოდინამიკა სტაბილურია, ტემპერატურული რეაქცია არ აქვს. ჩატარებული მკურნალობა: WAA891 ინტენსიური თერაპიის არა ინვაზიური მონიტორინგი. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: სტაბილიზაცია (ს.ფ. 52, 53-55); ბ) 2019 წლის 7 დეკემბერს შპს „დ...ის“ მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, პროგრამული კოდებით: R65.0 ინფექციური მიზეზით განპირობებული სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომი, ორგანული დაზიანების გარეშე / INT1 I დონის ინტენსიური მკურნალობა (ს.ფ. 52); გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 21 მაისის №04-06/3426 გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტს - ბ. ც-ეეს, შემთხვევა - №2019031448, გაეწია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება. შემთხვევის აღწერილობა, დაავადების ანამნეზი და გამოკვლევების შედეგები არ ემთხვევა შეტყობინების სისტემაში გადმოცემულ დიაგნოზის კოდს (R65.0). აღნიშნულის გათვალისწინებით, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემთხვევები არ ანაზღაურდა (ს.ფ. 16-17); დ) 2020 წლის 16 ივნის შპს „ზ...ის“ წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 21 მაისის №04-06/3426 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა (პაციენტ ბ. ც-ეის) და შემთხვევების ანაზღაურება. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 3 თებერვლის №10/698 გადაწყვეტილებით „ზ...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მხოლოდ სამედიცინო ინსპექტირების ეტაპზე შესრულებულად აღიარებული მომსახურების დადგენილი წესით ანაზღაურების ნაწილში. გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტი კლინიკაში მკურნალობდა, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით პროგრამული კოდი: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა R65.0 - ინფექციური მიზეზით განპირობებული სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომი, ორგანული დაზიანების გარეშე. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით მოწოდებული დიაგნოზი არ დასტურდება. შესაბამისად, ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო შემთხვევას მიენიჭა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის პირობების შესაბამისად (ს.ფ. 18-20); ე) სეფსისის და სეპტიკური შოკის კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად, ინფექციური მიზეზით განპირობებული სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომი (საპს) ორგანული დაზიანების გარეშე R65.0, არის ის კლინიკური მდგომარეობა, რომელზეც ვრცელდება პროტოკოლის მოქმედება. დოკუმენტში მოცემულია სეფსისის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები რომელთა შორისაა - ცხელება, გულის შეკუმშვათა სიხშირე, შეცვლილი მენტალური სტატუსი, ლეიკოციტოზი, არტერიული ჰიპოტენზია, არტერიული ჰიპოქსემია (ს.ფ. 81-102).
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
მოცემული დადგენილების დანართი 1-ის 2.1 მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.
ამავე დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამედიცინო დაწესებულებას რამდენად მართებულად ეთქვა უარი იმ დასაბუთებით, რომ შემთხვევის აღწერილობა, დაავადების ანამნეზი და გამოკვლევების შედეგები არ ემთხვეოდა შეტყობინების სისტემაში გადმოცემულ დიაგნოზის კოდს (R65.0).
დადგენილია, რომ ბ. ც-ეეს დაუდგინდა დიაგნოზი: ინფექციური მიზეზით განპირობებული სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომი, ორგანული დაზიანების გარეშე R65.0. შემთხვევის რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში მიწოდებულ იქნა, როგორც INT1 I დონის ინტენსიური მკურნალობა, რასაც ითვალისწინებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება. შესაბამისად, პაციენტის მიმართ გაწეული მომსახურება არის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1.2-ით გათვალისწინებული შემთხვევა.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1.2-ის მე-2 პუნქტში მოცემულია კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპიული კოდები (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის 30-ე ქვეპუნქტის თანახმად, R65.0 - სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომი ექვემდებარება ინტენსიურ მკურნალობა/მოვლას.
საქმეში წარმოდგენილი სეფსისისა და სეპტიკური შოკის კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად, ინფექციური მიზეზით განპირობებული სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომის (R65.0), დიაგნოზირებისათვის საჭიროა სეფსისის დიაგნოსტიკური კრიტერიუმების არსებობა, რომელთა შორისაა ის კრიტერიუმები, რომლებიც გამოუვლინდა ბ. ც-ეეს კლინიკაში მოთავსებისას, კერძოდ: ცხელება, 38.3/C-ზე მეტი - პაციენტის შემთხვევაში იყო 39.0/C; გულის შეკუმშვათა სიხშირე, 90-ზე მეტი (მოზრდილებში) - პაციენტის შემთხვევაში იყო Ps-113 არითმიული; შეცვლილი მენტალური სტატუსი - პაციენტი ადინამიურია პერიოდულად არაადეკვატური; ლეიკოციტოზი WBS12,00/mm3-ზე მეტი - პაციენტის შემთხვევაში იყო WBS (ლეიკ) – 15.88X109/ლ; არტერიული ჰიპოტენზია, სისტოლური არტ. წნევა 90 მმ.ვწყ.სვ-ზე ნაკლები ან საშუალო არტერიული წნევა 70 მმ.ვწყ.სვ-ზე ნაკლები - პაციენტის შემთხვევაში იყო T/A-79/54mm/Hg. Cor-ტონები მოყრუებული; არტერიული ჰიპოქსემია, 300-ზე ნაკლები - პაციენტის შემთხვევაში იყო PCO – 27.8mmhg.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლოს მითითებას, რომ პაციენტის დიაგნოზირება განხორციელდა სეფსისისა და სეპტიკური შოკის კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად და შემთხვევის რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში მიწოდებულ იქნა როგორც INT1 I დონის ინტენსიური მკურნალობა, რასაც ითვალისწინებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს 11 მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1.2-ის მე-2 პუნქტი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 11.05.2022წ. №10807 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2 უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2021 წლის 22 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.05.2022წ. №10807 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე