საქმე #ბს-1284(კ-22) 11 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ე...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 12 თებერვალს შპს „ე...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელე განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 იანვრის #340 განკარგულებით შპს „ე...ი“ დარეგისტრირდა შავ სიაში. ზემოხსენებული განკარგულებით განმარტებულია, რომ მოსარჩელის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული 2019 წლის 16 ივლისის #... სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. ამასთან, სამუშაოების არაჯეროვანი შესრულება გამოიხატა იმაში, რომ შპს „ე...ის“ მიერ მიწოდებული საქონელი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტექნიკურ პარამეტრებს.
მოსარჩელე დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააგენტოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას, რამდენადაც მოსარჩელის მიერ მიწოდებულ იქნა ზუსტად იმ პარამეტრებისა და ტექნიკური მახასიათებლების გენერატორი, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. შპს „ე...სა“ და შპს „ს...ას“ შორის 2019 წლის 16 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი #1-ის თანახმად, გენერატორის სიმძლავრე უნდა ყოფილიყო 5.7 კვტ.
მოსარჩელის განმარტებით, საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს „ა...ის“ წერილობითი განმარტება, რომ შპს „ე...ისთვის“ მიწოდებული გენერატორის სიმძლავრე არის 5.7 კვტ. მოსარჩელემ ხსენებული გენერატორი შეიძინა ...ი კომპანიისაგან, რომელიც წარმოადგენს გენერატორების მწარმოებელ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფირმას. ამასთან, ხსენებულ კომპანიას გააჩნია IQNET-ის აღიარებული სერთიფიკატი, რომლის საფუძველზეც, კომპანიის მიერ მიწოდებული საქონელი იყიდება ევროკავშირის ბაზარზე. მოსარჩელე, ასევე, აღნიშნავს, რომ შპს „ს...ამ“ 2019 წლის 29 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით მიიღო მიტანილი საქონელი.
მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში არ არსებობს რაიმე ალტერნატიული დასკვნა/განმარტება იმის შესახებ, რომ მიწოდებული საქონელი არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მახასიათებლებს, შპს „ს...ამ“ მაინც მიმართა შესყიდვების სააგენტოს კომპანიის შავ სიაში შეყვანის მოთხოვნით. შესყიდვების სააგენტოს კი არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რის გამოც საქართველოს ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საწარმო შეყვანილ იქნა შავ სიაში.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შპს „ე...ი“ წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელ კომპანიას, რომელსაც მუდმივად დასაქმებული ჰყავს რამდენიმე ათეული ადამიანი. შპს „ე...ი“ შავ სიაში ყოფნით 2020 წელს დაკარგავს 400 000 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
ამდენად, მოსარჩელემ შპს „ე...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 იანვრის #340 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ამავე სარჩელით მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 იანვრის #340 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით შპს „ე...ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე, შეჩერდა შპს „ე...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 იანვრის #340 განკარგულების მოქმედება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ს...ა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ე...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით შპს „ე...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა შპს „ს...ის“ ოპერირებისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 15 აპრილის #1-38551 სამსახურებრივ ბარათზე, რომლის მიხედვით, 2019 წლის 19 სექტემბერს ტექნოლოგიური დანადგარებისა და ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი - ტ. მ-ე იმყოფებოდა გორის ცენტრალურ საწყობში ელ.შედუღების აპარატების (საკები) ინსპექტირების მიზნით. აღნიშნულ დანადგარებზე არსებულ იარლიყებზე არ იყო მითითებული დანადგარის სიმძლავრის კოეფიციენტი - cos(ф), რომლის საშუალებითაც დაზუსტდებოდა წარდგენილი დანადგარის აქტიური სიმძლავრე - P (კვტ). აქტიური სიმძლავრე - (P(კვტ)) = სრული სიმძლავრე (Q (კვა)) x სიმძლავრის კოეფიციენტზე - cos(ф). 6,5კვა x cos(ф) = ?)). შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სიმძლავრის კოეფიციენტი - cos(ф)-ის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აღნიშნული ელ.შედუღების აპარატების (საკები) იდენტიფიცირება (გენერატორის აქტიური სიმძლავრის (კვტ) განსაზღვრა) ვერ მოხერხდა და ინსპექტირება დასრულდა უარყოფითი შედეგით, რასაც ადგილზე მყოფი კომპანიის წარმომადგენელიც დაეთანხმა. ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, მას მიეცა გონივრული ვადა ზემოხსენებული დოკუმენტაციის წარსადგენად, რაც არ განხორციელდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დასახელებული დოკუმენტით დგინდებოდა, რომ შეუძლებელი იყო გენერატორის სიმძლავრის დადგენა.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ყურადღება გაამახვილა საქონლის მომწოდებელი კომპანიის - „A...-ის“ წერილის თარიღზე - 04.09.2019წ. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდებოდა, რომ თავდაპირველად მოსარჩელეს შემსყიდველმა 2019 წლის 11 სექტემბრის #12164/1 წერილით მოსთხოვა ხარვეზის გამოსწორება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სპეციფიკაციის საქონლის მიწოდება, ხოლო განმეორებით წარდგენილ საქონელზე კვლავ შეუსაბამობის გამოვლენის შესახებ (არასწორი, ურთიერთშეუსაბამო მონაცემების არსებობას ადასტურებს მოსარჩელე მხარეც) მოსარჩელეს ეცნობა შემსყიდველის 2019 წლის 20 სექტემბრის #1-9008 მოხსენებითი ბარათით. ამავე წერილით, აგრეგატის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობის დადგენის მიზნით, მას დაევალა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2019 წლის 20 სექტემბრის წერილის პასუხად მოსარჩელის მიერ წარდგენილი საქონლის მომწოდებელი კომპანიის - „A...-ის“ 2019 წლის 4 სექტემბრის წერილი ვერ იქნებოდა მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად იმის გამო, რომ 4 სექტემბერს მოსარჩელეს ვერ ეცოდინებოდა, მის მიერ 2019 წლის 18 სექტემბერს მიწოდებული საქონელი იქნებოდა თუ არა შესაბამისობაში ხელშეკრულების პირობებთან ან თუ არ იქნებოდა - რა სახის ხარვეზი შეიძლებოდა გამოვლენილიყო. ამასთან, სააპელაციო პალატის შეფასებით, საგულისხმო იყო თავად მოსარჩელის განმარტება, რომ შემსყიდველ კომპანიას 11 და 20 სექტემბერს მიაწოდეს გენერატორები (20-ში მიაწოდეს შეცვლილი გენერატორები), რომლის საფუძველზეც, გაურკვეველი იყო, წინასწარ რომელი გენერატორის შესაბამისობა დაუდასტურა მწარმოებელმა კომპანიამ მოსარჩელეს 4 სექტემბრის წერილით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის წარმომადგენელმა თავადვე აღნიშნა, რომ შპს „ე...ს“ შემოაქვს და იმ მომენტისათვისაც ჰქონდა აღნიშნული დანადგარები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში იმეორებს სარჩელის მოტივებს, ასევე, დამატებით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პოზიცია და განმარტა, რომ 4 სექტემბრის წერილით არ ირკვეოდა, თუ რომელი საქონლის შესაბამისობა იქნა დადასტურებული მწარმოებელი კომპანიის მიერ. კასატორი განმარტავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს „ა...ის“ წერილობითი განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „ე...ისათვის“ მიწოდებული გენერატორის სიმძლავრე არის 5.7 კვტ.
კასატორის შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც თავად მწარმოებელი უდასტურებს შპს „ე...ს“ იმ ფაქტს, რომ მისთვის მიწოდებული გენერატორის სიმძლავრე არის 5.7 კვტ, გაუგებარია, თუ როგორ დაადგინა სასამართლომ, რომ მიწოდებული გენერატორები არ იყო 5.7 კვტ-ის სიმძლავრის.
კასატორი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, რამდენადაც იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე განმარტავდა, რომ მიწოდებული საქონელი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაემტკიცებინა საპირისპირო.
ამასთან, იმის დასადასტურებლად, რომ მიწოდებული გენერატორები შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, კასატორმა შესაბამისი ექსპერტიზისათვის მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომელმაც ექსპერტიზის ჩატარება ვერ შეძლო. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს არ აქვს შესაძლებლობა, დაადგინოს გენერატორების სიმძლავრე, გაუგებარია, აღნიშნულს როგორ ადგენს შემსყიდველი ადმინისტრაციული ორგანო - შპს „ს...ა“, რომელსაც რაიმე სახის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება არ უცდია.
ამდენად, კასატორი განმარტავს, რომ რამდენადაც ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გააჩნიათ კვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნა ან/და რაიმე სხვა სახის მტკიცებულება მიწოდებული გენერატორების ხელშეკრულებასთან შეუსაბამობის თაობაზე, გაუგებარია, თუ რატომ არ უნდა იქნეს გაზიარებული თავად მწარმოებელი კომპანიის პოზიცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ გენერატორების სიმძლავრე არის 5.7 კვტ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ე...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ე...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს შპს „ე...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 იანვრის #340 განკარგულების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შავი სია განმარტებულია, როგორც შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი არის პირი, რომელსაც აქვს შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის სურვილი. ამავე პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის #19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია გარემოება, როდესაც მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. იმავდროულად, აუცილებელია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყოს გასული ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს შეწყვეტილი.
ამავე წესისა და პირობების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი.
ზემოხსენებული წესისა და პირობების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების თანახმად კი, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავოა, შეასრულა თუ არა შპს „ე...მა“ შპს „ს...ასთან“ 2019 წლის 16 ივლისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული #... ხელშეკრულება ჯეროვნად, კერძოდ, მიაწოდა თუ არა ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი ელ.შედუღების აპარატები (საკი) გენერატორი (CPV42662100 - ელექტროშესადუღებელი მოწყობილობები) სიმძლავრით 5.7 კვტ. კასატორი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება მის მიერ არ დარღვეულა, რამეთუ სწორედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიმძლავრის გენერატორები იქნა მიწოდებული. აღნიშნულ პოზიციას იგი ამყარებს საქმეში გენერატორების მწარმოებელი კომპანიის „A...-ის“ 2019 წლის 4 სექტემბრის წერილზე. თავის მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე და მესამე პირი განმარტავენ, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი გენერატორები არ შეესაბამება შეთანხმებულ 5.7 კვტ-ს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოხსენებული წერილი ზოგადი ხასიათისაა და არ ირკვევა, კონკრეტულად რომელი სახის გენერატორის თაობაზე აქვს ინფორმაცია გაცემული კომპანიას, ასევე, გენერატორებზე არსებული წარწერით შეუძლებელი აღმოჩნდა მისი სიმძლავრის დადგენა.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებით მნიშვნელობას იძენს, განისაზღვროს, წარუდგინა თუ არა შპს „ს...ას“ შპს „ე...მა“ 5.7 კვტ სიმძლავრის გენერატორები.
ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს 2019 წლის 29 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლის მიხედვით, შპს „ე...მა“ ჩააბარა, ხოლო მიმღებმა - შპს „ს...ამ“ კი მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 18 480 ლარის საქონელი. სადავო არ არის, რომ ხსენებულ ეტაპზე მიწოდებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით (#...) გათვალისწინებულ მახასიათებლებს. კერძოდ, მაშინ, როდესაც გენერატორების სიმძლავრე უნდა ყოფილიყო 5.7 კვტ, მიწოდებული გენერატორის სიმძლავრემ შეადგინა 5.2 კვტ (შპს „ს...ის“ ოპერირებისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 4 სექტემბრის #1-8963 მოხსენებითი ბარათი).
ამდენად, დგინდება, რომ თავდაპირველად მოსარჩელემ ხარვეზიანი ნივთი წარუდგინა შემსყიდველ კომპანიას, თუმცა მოსარჩელემ ხარვეზის გამოსწორების მიზნით განმეორებით წარადგინა გენერატორები. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სწორედ აღნიშნულ ეპიზოდზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები იწვევს მხარეთა შორის ძირითად უთანხმოებას, რამეთუ შპს „ს...ის“ ტექნოლოგიური დანადგარებისა და ექსპლუატაციის სამსახურის უფროსის 2019 წლის 19 სექტემბრის #... ინსპექტირების აქტში მიეთითა, რომ ვიზუალური დათვალიერებითა და აგრეგატზე წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება მათ მიერ მოთხოვნილ ტექნიკურ პარამეტრებთან. იგივე შინაარსი მიეთითა შპს „ს...ის“ დირექტორის მოადგილის (ტექნიკურ საკითხებში) 2019 წლის 20 სექტემბრის #1-9008 მოხსენებით ბარათში, რომლის თანახმად, ჩატარებული ინსპექტირებით გამოვლინდა, რომ წარდგენილ აპარატებზე ვერ განხორციელდა ტექნიკური მახასიათებლების იდენტიფიცირება, კერძოდ, მოთხოვნილი იყო ელ.შედუღების აპარატი (საკი) გენერატორი 5.7 კვტ, ხოლო აგრეგატებზე მითითებული იყო შეუსაბამო ინფორმაცია (ურთიერთგამომრიცხავი). ამავე მოხსენებითი ბარათით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აგრეგატის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობის დადგენის მიზნით მიმწოდებლის მიერ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს „ს...ის“ ოპერირებისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 15 აპრილის #1-38551 სამსახურებრივ ბარათზე, რომლის მიხედვით, 2019 წლის 19 სექტემბერს ტექნოლოგიური დანადგარებისა და ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი - ტ. მ-ე იმყოფებოდა გორის ცენტრალურ საწყობში ელ.შედუღების აპარატების (საკები) ინსპექტირების მიზნით. აღნიშნულ დანადგარებზე არსებულ იარლიყებზე არ იყო მითითებული დანადგარის სიმძლავრის კოეფიციენტი - cos(ф), რომლის საშუალებითაც დაზუსტდებოდა წარდგენილი დანადგარის აქტიური სიმძლავრე - P (კვტ). აქტიური სიმძლავრე - (P(კვტ)) = სრული სიმძლავრე (Q (კვა)) x სიმძლავრის კოეფიციენტზე - cos(ф). 6,5კვა x cos(ф) = ?)). შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სიმძლავრის კოეფიციენტი - cos(ф)-ის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აღნიშნული ელ.შედუღების აპარატების (საკები) იდენტიფიცირება (გენერატორის აქტიური სიმძლავრის (კვტ) განსაზღვრა) ვერ მოხერხდა და ინსპექტირება დასრულდა უარყოფითი შედეგით, რასაც ადგილზე მყოფი კომპანიის წარმომადგენელიც დაეთანხმა. ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, მას მიეცა გონივრული ვადა ზემოხსენებული დოკუმენტაციის წარსადგენად, რაც არ განხორციელდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დასახელებული დოკუმენტით დგინდება, რომ შეუძლებელი იყო გენერატორის სიმძლავრის დადგენა.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქონლის მომწოდებელი კომპანიის - „A...-ის“ წერილის თარიღზე - 04.09.2019წ. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ თავდაპირველად მოსარჩელეს შემსყიდველმა 2019 წლის 11 სექტემბრის #12164/1 წერილით მოსთხოვა ხარვეზის გამოსწორება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სპეციფიკაციის საქონლის მიწოდება, ხოლო განმეორებით წარდგენილ საქონელზე კვლავ შეუსაბამობის გამოვლენის შესახებ (არასწორი, ურთიერთშეუსაბამო მონაცემების არსებობას ადასტურებს მოსარჩელე მხარეც) მოსარჩელეს ეცნობა შემსყიდველის 2019 წლის 20 სექტემბრის #1-9008 მოხსენებითი ბარათით. ამავე წერილით, აგრეგატის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობის დადგენის მიზნით, მას დაევალა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ 2019 წლის 20 სექტემბრის წერილის პასუხად მოსარჩელის მიერ წარდგენილი საქონლის მომწოდებელი კომპანიის - „A...-ის“ 2019 წლის 4 სექტემბრის წერილი ვერ იქნებოდა მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად იმის გამო, რომ 4 სექტემბერს მოსარჩელეს ვერ ეცოდინებოდა, მის მიერ 2019 წლის 18 სექტემბერს მიწოდებული საქონელი იქნებოდა თუ არა შესაბამისობაში ხელშეკრულების პირობებთან ან თუ არ იქნებოდა - რა სახის ხარვეზი შეიძლებოდა გამოვლენილიყო. ამასთან, საგულისხმოა თავად მოსარჩელის განმარტება, რომ შემსყიდველ კომპანიას 11 და 20 სექტემბერს მიაწოდეს გენერატორები (20-ში მიაწოდეს შეცვლილი გენერატორები), რომლის საფუძველზეც, გაურკვეველია, წინასწარ რომელი გენერატორის შესაბამისობა დაუდასტურა მწარმოებელმა კომპანიამ მოსარჩელეს 4 სექტემბრის წერილით.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტაციას და მის საწინააღმდეგოდ ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მხოლოდ მოსარჩელე მხარის ზეპირი განმარტება და 2019 წლის 4 სექტემბრის წერილი ვერ მიიჩნევა იმ გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად, რომ შპს „ე...მა“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „ე...ს“ (ს/ნ ...) 21.12.2022წ. #2105 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „ე...ს“ (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ე...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინება;
3. შპს „ე...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.12.2022წ. #2105 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა