Facebook Twitter

№ბს-731(კ-22) 17 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ ი...ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ი...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: მოპასუხეს - საქართველოს გენერალურ პროკურატურას, მოსარჩელე - შპს „ი...ას“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 200 000 ლარის ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ი...ას“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს - საქართველოს გენერალურ პროკურატურას, მოსარჩელე - შპს „ი...ას“ სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 31 814.34 (ოცდათერთმეტი ათას რვაას თოთხმეტი ლარი და ოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ი...ამ“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ი...ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილებაა; შპს „ი...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ი...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ, მართალია, მიუთითა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე, რომლითაც უარყოფილ იქნა ჩამორთმეული ქონების, როგორც იარაღის, სახელმწიფოსათვის გადაცემა და დაუბრუნდა მესაკუთრეს, მაგრამ არასწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე. ასევე არასწორია სასამართლოს მითითება მარეაბილიტირებელ გარემოებაზე, რადგან სისხლის სამართლის საქმე შპს „ი...ას“ წინააღმდეგ არ მიმდინარეობდა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ი...ას“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ი...ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) 2018 წლის 21 მაისის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ი...ამ“ (ს/კ ...) შემდგომში „მეიჯარედ“ წოდებული, რომელსაც წარმოადგენს ი.დ-ე, ერთი მხრივ, და ფიზიკურმა პირმა - ლ.ქ-მ (პ/ნ ...) შემდგომში „მოიჯარე“, მეორე მხრივ, დადეს ხელშეკრულება შემდეგ პირობებზე: ხელშეკრულების საგანი: მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე იღებს დროებით სარგებლობაში ...ს „...“ სახელმწიფო ნომრით .... ფერი ყვითელი ...ის ...ად ერთი თვით. ხელშეკრულებაში მითითებულია მხარეთა უფლებები და ვალდებულებები. ანგარიშსწორების წესი: საიჯარო ქირის გადასახადის ოდენობა შეადგენს ყოველ მუშა დღეზე 600 (ექვსას) ლარს. მითითებულია, რომ აღნიშნული თანხის გადახდა მოხდეს ნაღდი ანგარიშსწორებით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვე (ტ.1, ს.ფ. 18-19); ბ) ...ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე, ზეპირი მოსმენის გარეშე ...ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ.ნ-ის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა, საგამოძიებო მოქმედების - ამოღების ნებართვის გაცემის შესახებ დაკმაყოფილდა; ქ. ...ში, ...ის ქუჩა №1ა- ში, ...ის რაიონული სამმართველოს ეზოდან ამოღებულ იქნა ლ.ქ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის იარაღი „...“ მოდელის ..., სახელმწიფო ნომრით „...“ (ტ.1, ს.ფ. 180-181); გ) ...ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით ლ.ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ლ.ქ-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა - ... „...“ (რომელიც განთავსებულია ...ის რაიონულ სამმართველოს ეზოში) და 300 კილოგრამის ოდენობით ...ის ... (რომელიც ინახება ...ის რაიონულ სამმართველოში) (ტ.1, ს.ფ. 74-83); დ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ლ.ქ-ისა და მისი ინტერესების დამცველის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ...ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ, დამატებით სასჯელის ნაწილში გაუქმებულ იქნა ...ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება და „...“ ..., რომელიც განთავსებულ იქნა ...ის რაიონული სამმართველოს ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდებოდა მის კანონიერ მესაკუთრეს (ტ.1, ს.ფ. 85-88); ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 იანვრის განჩინებით, ...ის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის - გ.ტ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად (ტ.1, ს.ფ. 72).

განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის შპს „ი...ას“ სასარგებლოდ 200 000 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული მატერიალური ზიანის დაკისრება. სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ლ.ქ-ის მიმართ უკანონოდ მოხდა შპს „ი...ას“ საკუთრებაში არსებული ...ის ჩამორთმევა, შესაბამისად, მოსარჩელეს - შპს „ი...ას“ მიადგა ზიანი, რაც გამოწვეულია 20 თვის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალების ...ის რაიონული სამმართველოს ეზოში განთავსებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამდენად, სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი. ამასთან, კოდექსის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი („ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული...“(სუს 10.04.2014წ. №ბს-648-623(2კ-13) გადაწყვეტილება).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს (1); ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი (2).

საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „ი...ას“ კუთვნილი ... ლ.ქ-ის მიერ ჩადენილ იქნა დანაშაული, შესაბამისად, შპს „ი...ას“ კუთვნილი ... წარმოადგენდა დანაშაულის იარაღს და მტკიცებულებას, რომლის ბედიც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით წყდება. საქმის მასალების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ამოღების კანონიერება სადავო არ გამხდარა, შესაბამისად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის იარაღის (...) ამოღება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და სასამართლოს შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას საპროცესო დარღვევაზე სასამართლოს განაჩენები არ მიუთითითებს.

ამდენად, მოსარჩელე/აპელანტის შპს „ი...ას“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების წინაპირობა - ქმედების მართლწინააღმდეგობა არ დგინდება საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედებით, რის გამოც, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილს (რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს), საკასაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული დანაწესი ცალსახად ადგენს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, აღნიშნული ნორმის ადრესატს წარმოადგენს რეაბილიტირებული პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა უკანონო მსჯავრდება, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენება, ადმინისტრაციული პატიმრობა, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევა წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ, განსხვავებული გადაწყვეტილების/ების მიღება და სასჯელის სახის შეცვლა, ვერ მიიჩნევა მარეაბილიტირებელ გარემოებად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, კასატორს - შპს „ი...ას“ გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 7 700 ლარის გადახდა (შპს „ი...ას“ მიერ 15.08.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი) მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შპს „ი...ას“ უნდა დაეკისროს 2 100 ლარის გადახდა (8 000 ლარის 30%-ს - 2400 ლარს-300 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ი...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება;

3. შპს „ი...ას“ (ს/კ ...) დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 2 100 ლარის გადახდა (მიმღები - ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - TRESGE22; ხაზინის ერთიანი ანგარიშის №200122900; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150);

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე