№ბს-47(კ-23) 5 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 აპრილის №... გადაწყვეტილება; გ) მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება (მოსარჩელის სახელზე ...ის ...ოს დარეგისტრირების შესახებ), რომლითაც შპს „...ის“ სახელზე დარეგისტრირდება ...ში, ...ის ქ. №37ა-ში მდებარე 600 კვ.მ ფართი (არასასოფლო-სამეურნეო).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივნისის განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 30.01.2017 წლის №... გადაწყვეტილების და „მიწაზე საკუთრებს უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 74 მუხლის საფუძველზე. თუ დაინტერესებულმა პირმა „მიწაზე საკუთრებს უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 74 მუხლის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო მიწაზე 01.01.2012 წლამდე არ მოახდინა პრივატიზაცია, სარეგისტრაციო სამსახურს 30.01.2017 წელს უფლება არ ჰქონდა მიეღო გადაწყვეტილება №.... შპს „...ი’’ დაფუძნებულია 2004 წელს, ხოლო საქართველოს კანონი „მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ მიღებულია 2007 წელს. შესაბამისად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უფლება არ ჰქონდა არასასოფლო მიწასთან დაკავშირებით, ფართობით 600 კვ. მ, შეედგინა წერილი №... - 12.12.2016 წ. 30.01.2017 წლის №... გადაწყვეტილება მიღებულია 12.12.2016 წლის №... წერილის საფუძველზე, შესაბამისად 30.01.2017წ. №... გადაწყვეტილება საქართველოს ზაკ-ის 60-ე მუხლის საფუძველზე ბათილია. 2019 წლის 01 მაისის №... გადაწყვეტილება გამოტანილია 30.01.2017 წლის №... გადაწყვეტილების საფუძველზე. ვინაიდან 30.01.2017წ. გადაწყვეტილება ბათილია, შესაბამისად 2019 წლის 01 მაისის №... გადაწყვეტილება ბათილია. 07.11.2016წ. №20 განცხადება წარდგენილია სააგენტოში საქართველოს ზაკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, შესაბამისად სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა მიეღო აღნიშნული მუხლის გათვალისწინებით. 30.01.2017 წლის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო „საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონის საფუძველზე, რომელიც საქართველოს ზაკ-ის 60-ე მუხლის საფუძველზე ბათილია მიღების მომენტიდან. სააგენტომ 07.11.2016 წლის №20 განცხადებს საფუძველზე ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოითხოვა ინფორმაცია არასასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით, ფართობით 600 კვ. მ. ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 17.11.2016 წელს №... წერილით აცნობა, რომ არქივში ინფორმაცია არ მოიპოვება. აღნიშნული ინფორმაცია არ არის სწორი, ვინაიდან არსებობს ცნობა ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან №111, 19.02.2014 წ, რომელიც სააგენტომ არ გაითვალისწინა. ვინაიდან 17.11.2016 წლის №... წერილი მოპოვებულია საქართველოს სსკ-ს 103-ე მუხლის 3-ე პუნქტის დარღვევით, არ გააჩნია იურიდიული ძალა. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო აღნიშნულის წერილის საფუძველზე. ლ. კ-მა 01.01.2012 წლამდე მოახდინა არასასოფლო-სამეურნეო მიწის 600 კვ. მ პრივატიზაცია, რაც დასტურდება 23.12.2010 წლის №... ქვითარით, რომლის თანახმად გადახდილია თანხა 166,00 ლარი. 26.03.2021 წლის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელისაგან მოთხოვნილი იქნა დისკი მიწაზე ფართობით 600 კვ. მ, რაზეც მოსარჩელემ აცნობა, რომ დისკი იყო 23.04.2019 წლის №... საქმეში. რეგიონალური ოფისი ვალდებულია ან დაარეგისტრიროს 600 კვ. მ მიწა ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. რეგიონალურმა ოფისმა 26.03.21 წლის №... გადაწყვეტილებით და 06.04.2021 წლის №... გადაწყვეტილებით უარი განაცხადა. შესაბამისად 06.04.2021 წლის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 26.03.2021 წლის გადაწყვეტილებას. 20.08.2018 წლის №... წერილით 600 კვ.მ მიწის რეგისტრაციისათვის მოთხოვნილი იქნა საკუთრების უფლების მართლზომიერი მფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 16.03.2021 წლის №... წერილით წარმოდგენილი ტექნიკური პასპორტი წარმოადგენს მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს, თუმცა, ვინაიდან 56% ეკუთვნის სახელმწიფოს, შესაბამისად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობის გარეშე ტექ. პასპორტის საფუძველზე არ მოახდინა მიწის პრივატიზაცია. ტექ. პასპორტით არასასოფლო-სამეურნეო მიწა შეადგენს 1482 კვ. მეტრს. ამონაწერებით შპს „...ის’’ 44% წილი ეკუთვნის ლ. კ-ს. აღნიშნულის წილი შეადგენს 652,08 კვ.მ-ს, რაც ეკუთვნის ლ. კ-ს. რადგან ტექ. პასპორტიდან 652,08 არასასოფლო-სამეურნეო მიწა ეკუთვნის ლ. კ-ს და მოპასუხემ და მესამე პირმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე 7 დღიან ვადაში შესაგებელი (შუამდგომლობა) არ წარადგინეს. სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 10 აგვისტოს №55 განცხადებაზე დასკვნა არ მიიღო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 05.10.2022 წლის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს სკ-ს 1515 მუხლის, საქართველოს ზაკ-ის 102-ე მუხლის პ.1-ის დარღვევით, არ სცნო ტექ. პასპორტი მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტად. სააპელაციო სასამართლომ განმარტება არ გააკეთა იმის შესახებ, რომ არასასოფლო-სამეურნეო მიწა ფართობით 652,08 კვმ. ეკუთვნის ლ. კ-ს. სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იყო ტექ. პასპორტის საფუძველზე ...ის ...ოზე №..., თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.10.2022 წლის გადაწყვეტილება მიღებულია 30.01.2017 წლის №... გადაწყვეტილების საფუძველზე. სასამართლომ უარი განაცხადა შუამდგომლობის განხილვაზე №63 - 13.04.2022წ. რომელიც დაკავშირებულია „მიწაზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ" საქართველოს კანონის 7-ე მუხლთან.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად ...ათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებზე: ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ დირექტორის ლ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა ...ში, ...ის ქუჩაზე 600 კვ.მ, 400 კვ.მ და 322.87 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. დადგინდა, რომ არ არსებობდა აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 13 დეკემბრის №..., №..., №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და 2011 წლის 12 იანვრის №..., №..., №... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 114-116); ბ) 2016 წლის 7 ნოემბერს შპს „...მა“ №... განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ...ში, ...ის ქ. №37ა, ფართით 600 კვ.მ (ს.ფ. 87); გ) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 იანვრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. აღნიშნული წარმოების ფარგლებში სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) განმცხადებელს ეცნობა, რომ მას არ წარუდგენია უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ასევე ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, ხოლო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას (ტ.1. ს.ფ. 87-99); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 1 მაისის №... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ლ. კ-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ ამავე საკითხზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული იყო №... გადაწყვეტილება და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს (ს.ფ. 100-109); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2021 წლის 22 მარტს №... განცხადებით მიმართა შპს „...ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. ..., ...ის 37ა (ზონა ..., სექტორი ქ. ...). სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ იქნა შემდეგი დოკუმენტაცია: ინდ. მეწარმე „კ. კ-ის“ 20.04.2019 წლის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ...ში, ...ის ქუჩაზე მდებარე 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ერთ შენობა-ნაგებობაზე (დანიშნულება - ...ი ...ო, განაშენიანების ფართობი - 210 კვ.მ); ლ. კ-ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 23.10.2010 წლით დათარიღებული ქვითრის ასლი; ტექნიკური პასპორტის ასლი, შესრულებული არასახელმწიფო (რუსულ) ენაზე (დოკუმენტის ასლის დამოწმებაზე სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №..., ინდივიდუალური №..., თარიღი: 10.03.2021 წ.); ქონების გადაცემის შესახებ აქტის ასლი (დათარიღებულია 25.06.2014 წლით, აქტი შედგენილია შპს „...ის“ დირექტორი - ლ. კ-ის და შპს „...ის“ ბუღალტერის - ტ. ს-ის მიერ); მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის ასლი და შპს „...ის“ დირექტორის - ლ. კ-ის №57 (22.03.2021წ.) განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ 600 კვ.მ მიწა პრივატიზებულია ლ. კ-ის მიერ 2012 წლის პირველ იანვრამდე №... გადაწყვეტილების საფუძველზე (ტ.1, ს.ფ. 68-71); ვ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 26 მარტის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება №... განცხადებაზე და შპს „...ს“ განემარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენი იყო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებასთან შესაბამისობაში მყოფი საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი (ტ.1, ს.ფ. 73); ზ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2021 წლის 6 აპრილის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა №... ...ის ...ოზე შპს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ზ“ პუნქტისა და 24-ე მუხლზე მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ დაინტერესებული პირის ანალოგიურ მოთხოვნაზე უკვე მიღებულია №... და №... გადაწყვეტილებები, მოცემულ სარეგისტრაციო წარმოებაზე კი არ წარდგენილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას (ტ.1, ს.ფ. 74-75); თ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2021 წლის 6 აპრილის №... გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 23-27).
მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელე შპს „...ის“ სამართლებრივ ინტერესს წარმოაგდენს საკუთრებაში დაირეგისტრიროს 600 კვ.მ უძრავი ქონება, მდებარე ..., ...ის ქ. №37ა.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეგისტრაციის მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის მას უნდა ჰქონდეს ამ ქონების კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემები თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლები. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ (დღეისათვის მოქმედი რედაქციით ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანაონი) საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
აღსანიშნავია, რომ მოცემული დავის ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წადგენამდე, შპს „...ს“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის იმავე მოთხოვნით რამდენჯერმე ჰქონდა მიმართული, რომლითაც ასევე მოითხოვდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „...ის“ საკუთრებაში აღრიცხულიყო უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ..., ...ის №37ა, 600 კვ.მ. მოცემული წარმოებების ფარგლებშიც რამდენჯერმე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, კერძოდ, განმცხადებელს მოეთხოვა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა (ტ.1, ს.ფ. 96, 97-98). ამასთან, თავის მხრივ, საკუთრების უფლების მარეგისტრირებელი ორგანო - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავად ცდილობდა მოეპოვებინა უფლების დამდგენი დოკუმენტი, მათ შორის, წერილით მიმართა ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიეწოდებინათ ინფორმაცია განკარგული იყო თუ არა სახელმწიფოს მიერ ის უძრავი ქონება (შენობა/ნაგებობა ან მიწის ნაკვეთი), რომელზედაც მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაინტერესებული პირის მიერ და ასევე მიეწოდებინათ მათთან დაცული დოკუმენტაციის ასლები აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ. 93). ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ეცნობა, რომ გამგეობაში მსგავსი ინფორმაცია არ ინახებოდა (ტ.1, ს.ფ. 94). 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და შპს „...ს“ დაავალა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, თავად წარედგინა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი. ამასთან, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლზე მითითებით მხარეს დამატებით განემარტა საკუთრების უფლების აღიარების შეუძლებლობის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 97-98). იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნებისთვის მოსარჩელემ ვერ წარადგინა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, ანუ არ შეავსო ხარვეზი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება შპს „...ის“ განცხადებაზე (ტ.1, ს.ფ. 99).
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. აღნიშნული ნორმის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელის მიერ წარდგენილი იდენტური მოთხოვნის პირობებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უფლებამოსილების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა დაცვით უთხრა უარი შპს „...ს“ მოთხოვნის (სისტემური რეგისტრაციის პირობებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია) დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მას ახალი ადმინისტრაციული წარმოების პირობებში წარდგენილი არ ჰქონდა, უფრო ადრე წარდგენილი დოკუმენტებისგან/მტკიცებულებებისგან განსხვავებული, ახალი მტკიცებულება, რომლებიც განაპირობებდა მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამასთან, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი, მოკლებულია შესაძლებლობას მოითხოვოს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რადგან მის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტაციის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების დროისთვის გასული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლით დადგენილი საკუთრების უფლების აღიარებისთვის მოთხოვნის წარდგენის ვადა (2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად). შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა შპს „...ის“ მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე 15.02.2023წ. №16076335660 საგადახდო დავალებით ლ. კ-ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ს“ (ს/კ ... ) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
საკასაციო საჩივარზე თანდართული განცხადებით შპს „...ი“ შუამდგომლობს მოპასუხემ და მესამე პირმა წარმოადგინონ მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ 1482 კვ.მ მიწა, მდებარე: ქ. ..., ...ის ქუჩა, წარედგინა შპს „...ს“ სარგებლობისთვის. აღნიშნულ შუამდგომლობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინება;
3. შპს „...ს“ (ს/კ ... ) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.02.2023წ. №16076335660 საგადახდო დავალებით ლ. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე