საქმე №ბს-546(კს-22) 16 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს „ქ...ს“
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი
მესამე პირები - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია; შპს „ს...“
დავის საგანი - ხაზობრივი ნაგებობების რეგისტრაცია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ქ...სმა“ წარმომადგენლის მეშვეობით 2020 წლის 06 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისათვის რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 იანვრის განჩინებით შპს „ქ...სის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 05 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია და შპს „ს...“.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ქ...სის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „ქ...სის“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 თებერვლის განჩინებით შპს „ქ...სის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ შპს „ქ...სმა“ დაარღვია სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით იმპერატიულად დადგენილი 14 დღიანი ვადა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შპს „ქ...სის“ დაცვის თანამშრომელს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2022 წლის 14 დეკემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შპს „ქ...სის“ მიერ წარდგენილ იქნა 2021 წლის 29 დეკემბერს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ქ...სმა“.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება შესაბამის უფლებამოსილ პირს (კანცელარიის თანამშრომელს) ჩაჰბარდა 15.12.2021 წელს და შესაბამისად ვადის გასვლის ბოლო დღეს გასაჩივრდა დადგენილი წესით. პირი, რომელმაც 2021 წლის 14 დეკემბერს შეცდომით ჩაიბარა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, იყო სხვა კომპანიის (შპს ,,ბ...“) დაცვის თანამშრომელი, გ. ყ-ი. შპს „ბ...“ ფუნქციონირებს შპს „ქ...სის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, იგივე იურიდიულ მისამართზე (ფაქტობრივი მისამართია ქ. რუსთავი, ...ის ქ. №4).
კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა დოკუმენტები (მათ შორის საკანცელარიო ჟურნალის ასლი, გ. ყ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება, ხელფასის ჩარიცხვის ქვითრები და სხვა), რაც მხარის მოსაზრებით, ადასტურებს გ. ყ-ის, როგორც სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებაზე არაუფლებამოსილ პირად მიჩნევის ფაქტს. შესაბამისად, შპს „ქ...სის“ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი ჰქონდა კანონით გათვალისწინებულ ვადაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით შპს „ქ...სის“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ქ...სის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა შპს „ქ...სს“ მისამართზე: ქ. რუსთავი, ...ის ქ. №2. აღნიშნული გადაწყვეტილება 2021 წლის 14 დეკემბერს მითითებულ მისამართზე ჩაჰბარდა გ. ყ-ის (სტატუსი - დაცვა), რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ფოსტის უკუგზავნილით და მასზე დატანილი ხელმოწერით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით, შპს „ქ...სის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ...ის ქ. №2-ში მდებარეობს აგრეთვე შპს „ბ...“, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, გ. ყ-ი დასაქმებული იყო შპს „ბ...ში“ და იღებდა ხელფას (შპს „ბ...ის“ დირექტორის 2022 წლის 04 იანვრის №BC-2022-01 ბრძანების საფუძველზე გ. ყ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან). ამასთან, საქმეში დაცული შპს „ქ...სის“ დირექტორის 2022 წლის 14 აპრილის ცნობით, გ. ყ-ი არასდროს ყოფილა დასაქმებული შპს „ქ...სში“. საქმეში დაცული შპს „ქ...სის“ კორესპონდენციის რეესტრით ირკვევა, რომ გ. ყ-ის მიერ ჩაბარებული გზავნილი შპს „ქ...სის“ კანცელარიას ჩაჰბარდა 2021 წლის 15 დეკემბერს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 თებერვლის განჩინებით დადგენილი გარემოება შპს „ქ...სის“ მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შესახებ, სარწმუნოდ არ დასტურდება, შესაბამისად შპს „ქ...სის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 თებერვლის განჩინება და საქმე შპს „ქ...სის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ქ...სის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 თებერვლის განჩინება და საქმე შპს „ქ...სის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა
გ. მაკარიძე