Facebook Twitter

№ბს-1085(კ-22) 5 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ ჭ...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2021 წლის 7 ივლისს შპს „ჭ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 ივნისის №... წერილი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 2021 წლის 11 ივნისის №... გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს „ჭ...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი; გ) ბათილად იქნეს ცნობილი ო.ხ-ის №... განცხადების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრაციის შესახებ 2021 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილება, რომლითაც განხორციელდა დაზუსტებული მონაცემებით ო.ხ-ის სახელზე 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, საკადასტრო კოდით №..., შპს „ჭ...ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებზე (ს/კ ...); დ) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აღადგინოს 2021 წლის 31 მაისამდე არსებული მდგომარეობა, კერძოდ, აღდგეს შპს „ჭ...ის“ საკუთრების უფლება 12 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც დარეგისტრირდა ო.ხ-ის სახელზე (ს/კ ...) და აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაუერთიანდეს შპს „ჭ...ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ ...).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით შპს „ჭ...ის“ სარჩელი, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, გადაეგზავნა განსჯად - საჩხერის რაიონულ სასამართლოს.

3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ო.ხ-ე და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია.

4. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჭ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჭ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინებით შპს „ჭ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჭ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ო.ხ-ის სახელზე 12 კვ.მ უძრავი ქონების დაზუსტებულ რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გარემოებების ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე განახორციელა ო.ხ-ისათვის კასატორის საკუთრებაში არსებული 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. პირველი ინსტანციის სასამართლოში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლმა სხდომაზე განაცხადა, რაც შემდეგ სააპელაციო სასამართლოშიც გაიმეორა, რომ მისთვის უცნობია, სად მდებარეობს ო.ხ-ის კუთვნილი 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ეს განაცხადა ნივთის გამყიდველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მას შემდეგ, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკვე უკანონოდ „დადგენილი“ ჰქონდა ამ ნაკვეთის მდებარეობა, რომელსაც არ იზიარებს თავად უძრავი ნივთის გამყიდველი მხარე. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ო.ხ-ის 12 კვ.მ უძრავი ქონების მდებარეობა არის ქ. ჭიათურა, ...ის ქ. №50, ხოლო შპს „ჭ...ის“ უძრავი ქონება მდებარეობს მისამართზე ქ. ჭიათურა, ...ის ქ. №18. სწორედ ამ მისამართზე, შპს „ჭ...ის“ დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შეკვეცის ხარჯზე მოხდა დაზუსტებული მონაცემებით ო.ხ-ის სახელზე 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, მაშინ როდესაც ო.ხ-ის მიწის ნაკვეთის მისამართია ქ. ჭიათურა, ...ის ქ. 50. ვინაიდან, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ვერ ადასტურებს, სად მდებარეობს მის მიერ ო.ხ-ისათვის გადაცემული 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ამ უკანასკნელს შეეძლო მხოლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ. სააპელაციო სასამართლო არასწორად ახდენს მტკიცებულებების ინტერპეტაციას, როდესაც მიუთითებს, რომ სადავო 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი შედიოდა კასატორის საკუთრებაში არსებულ 572 კვ.მ მიწის ნაკვეთში. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო, საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილი გარემოება, რომ ო.ხ-ესთან ერთად, მის გვერდით 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა ასევე კ.მ-ემ. საბოლოოდ, კ.მ-ის საკუთრებში დარეგისტრირებულია 27 კვ.მ მიწის ფართობი, ანუ მან სავარაუდოდ ო.ხ-ის მიწის ნაკვეთიც მიიერთა, ხოლო შემდეგ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამ ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და კვლევის გარეშე, ორიენტირად აიღო კ.მ-ის 27 კვ.მ მიწის ნაკვეთი და უკანონოდ გააუქმა მის გვერდით მდებარე შპს „ჭ...ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილზე, 12 კვ.მ-ზე საკუთრების უფლება, რომელიც საკუთრებაში დაურეგისტრირა ო.ხ-ეს. გაუგებარია, რა მოტივით არ იზიარებს სააპელაციო სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, შეუძლებელია დადგინდეს ო.ხ-ის დაუზუსტებელი 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის მდებარეობა. ასევე გაუგებარია, თუ კ.მ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მონაცემების დაზუსტება გახდა საჯარო რეესტრისათვის ორიენტირი და საფუძველი ო.ხ-ის მიწის ნაკვეთის მდებარეობის განსაზღვრისათვის, სააპელაციო სასამართლომ რატომ დატოვა მსჯელობის გარეშე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კ.მ-ემ ო.ხ-ესთან ერთად საკუთრებაში მიიღო არა 27, არამედ 12 კვ.მ დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთი, ხოლო შემდეგ საჯარო რეესტრისათვის ო.ხ-ის 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის მდებარეობის განსაზღვრისა და რეგისტრაციის ორიენტირი გახდა უკვე კ.მ-ის საკუთრებაში არსებული 27 კვ.მ მიწის ნაკვეთი. სასამართლოს უნდა ემსჯელა იმ საკითხზე, რომ კ.მ-ის 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი შესაძლოა სწორედ ო.ხ-ის 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის (რომელიც მის გვერდით უნდა მდებარეობდეს) შეერთების შედეგად გახდა 27 კვ.მ. ო.ხ-ის კანონიერი უფლება, მოეხდინა საკუთრების უფლების დაზუსტებულ კოორდინატთა სისტემაში რეგისტრაცია, ბრკოლდებოდა არა კასატორის მიზეზით, არამედ იმის გამო, რომ ობიექტურად შეუძლებელი იყო დადგენა, სად მდებარეობდა მისი კუთვნილი 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებაც კი არ იძლეოდა საფუძველს იმისათვის, რომ დადგენილიყო ო.ხ-ის მიწის ნაკვეთის მდებარეობა. აღნიშნულის თაობაზე მითითებულია 2011 წლის 5 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაშიც. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება იმგვარი შინაარსისაა, რომ მისი ობიექტურად აღსრულება შეუძლებელი იყო. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ, რადგან ვერ ახერხებდა ო.ხ-ის 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის მდებარეობის დადგენას, ამიტომ დანიშნა ექსპერტიზა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, რომელმაც განსაზღვრა, რომ ო.ხ-ის კუთვნილი 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის მდებარეობის დადგენა შეუძლებელი იყო, უგულებელყო მის მიერვე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა და მიიღო აბსოლუტურად თვითნებური გადაწყვეტილება, რაზედაც არის კიდეც მსჯელობა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებაში. რეალურად არ დგინდება, რომ ო.ხ-ის 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი არის სწორედ ის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ჯერ კასატორს საკუთრების უფლება გაუუქმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ხოლო შემდეგ, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მიიღეს უკანონო გადაწყვეტილებები.

კასატორის განმარტებით, სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება გარემოებების ობიექტურად გამოკვლევის მიზნით, არც ის გამოუკვლევია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე კასატორი ახორცილებდა სამშენებლო სამუშაოებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად და დიდი ოდენობის მატერიალური ხარჯიც ჰქონდა უკვე გაღებული მშენებლობისათვის.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ჭ...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჭ...ის“ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1). კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე, კერძოდ, საკუთრების, იპოთეკის, გირავნობის, ყადაღის და სხვა სამართლებრივ უფლებათა. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის, საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი, რა უფლებაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად აღიარებული და ხელშეუვალია.

რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის მას უნდა ჰქონდეს ამ ქონების კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემები თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლები. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) ჭიათურის რაიონის გამგეობის №65/2 (თარიღი: 21.04.2000) დადგენილების თანახმად, ჭიათურაში ...ის ქუჩაზე, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი მუდმივ სარგებლობაში დაუმაგრდა ო.ხ-ეს, ...ის მშენებლობისათვის. ამავე დადგენილების მიხედვით, ჭიათურაში ...ის ქუჩაზე, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი მუდმივ სარგებლობაში დაუმაგრდა კ.მ-ეს, ...ის მშენებლობისათვის (ტ.1, ს.ფ. 22); ბ) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, 2000 წლის 1 ნოემბერს ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №50-ში მდებარე 12 კვ.მ დაუზუსტებელ მიწის ნაკვეთზე, ჭიათურის რაიონის გამგეობის №65/2 (თარიღი: 21.04.2000) დადგენილების საფუძველზე, დარეგისტრირდა ო.ხ-ის საკუთრების უფლება (ს/კ ... (ნაკვეთის წინა ნომერი - ...)) (ტ.1, ს.ფ. 25-26); გ) 2000 წლის პირველ ნოემბერს შედგენილი საკადასტრო გეგმის მიხედვით, ო.ხ-ის საკუთრებაში არსებული 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს კ.მ-ის მიწის ნაკვეთი (ტ.1, ს.ფ. 207-210); დ) ჭიათურის გამგეობის 2000 წლის 07 ივლისის №09/7 დადგენილებით შპს „ჭ...ს“ დაუმაგრდა 1978 წლის 02 ოქტომბრის ჭიათურის საქალაქოს საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით ...ის მშენებლობისათვის გამოყოფილი 1,5 ჰა მიწის ნაკვეთიდან თავისუფალი 572 კვ.მ. ფართობი; ე) ჭიათურის გამგეობის 2002 წლის 30 იანვრის №6/4 დადგენილებით ჭ...ს დაუმაგრდა 1978 წლის 02 ოქტომბრის ჭიათურის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით ...ის მშენებლობისათვის გამოყოფილი 1,5 ჰა. ფართობიდან თავისუფალი 6 200 კვ.მ. ფართობი; ვ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ო.ხ-ის სააპელაციო საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 30 იანვრის №6/4 დადგენილება ჭ...ისთვის 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის დამაგრების ნაწილში. ამავე გადაწყვეტილების თანახმად ო.ხ-ეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი უნდა ჩაბარებოდა თავისუფალ მდგომარეობაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის №ბს-482-459 (კ-07) განჩინებით შპს „ჭ...ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1. ს.ფ. 263-269, 270-279); ზ) მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ჭიათურა, ...ის ქ. №18, დაზუსტებული ფართობი - 5936 კვ.მ, ს/კ ... (ნაკვეთის წინა ნომერი...), შეობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1 საერთო ფართით 1032,4 კვ.მ, №2 განაშენიანების ფართი 96 კვ.მ, №3 განაშენიანების ფართი 31,3 კვ.მ, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს „ჭ...ის“ სახელზე, უფლების რეგისტრაციის თარიღი 2007 წლის 19 ნოემბერი (ტ.1, ს.ფ. 20-21); თ) 2021 წლის 17 მაისს ო.ხ-ის წარმომადგენელმა ნ.კ-ამ №... განცხადებით მიმართა იმერეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №50-ში მდებარე 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ...) საკადასტრო მონაცემების დაზუსტება. დაინტერესებულმა პირმა იმერეთის რეგიონულ ოფისში 2021 წლის 21 მაისს დამატებით წარადგინა ჭიათურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (თარიღი: 16.12.2005), ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება (თარიღი: 19.03.2007) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ბს-482-459 (კ-07) (გაფორმების თარიღი: 07.11.2007) (ს.ფ. 204, 247-279); ი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 მაისის №... გადაწყვეტილების თანახმად, №... განცხადებაზე წარმოდგენილი და ... საკადასტრო კოდით შპს ,,ჭ...ის’’ საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა კანონით განსაზღვრული ზედდება. სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ’’ 2021 წლის 28 მაისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 07 ნოემბრის განჩინების საფუძველზე, ... სარეგისტრაციო განცხადებით დაიწყო წარმოება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის კორექტირების მიზნით, რომლის დასრულების შემდეგაც აღმოიფხვრება ზედდება. სარეგისტრაციო წარმოება განახლდება №... სარეგისტრაციო განცხადების დასრულებისა და ზედდების აღმოფხვრისთანავე (ტ.1. ს.ფ. 218); კ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (28.05.2021) რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ქალაქი ჭიათურაში, ქუჩა ... №18 (ზონა: ჭიათურა, სექტორი: ქალაქი ჭიათურა) 5924.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით, დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა შპს „ჭ...ის“ საკუთრებად; ლ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილებით დაზუსტდა ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №50-ში მდებარე ო.ხ-ის კუთვნილი №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები და უძრავ ქონებას მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი №.... უფლების რეგისტრაციის საფუძვლები: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის განჩინება №ბს-482-459 (კ-07), ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება, ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 21 აპრილის დადგენილება №65/2, (ს.ფ. 219, 280-281); მ) 2021 წლის 31 მაისს შპს „ჭ...მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებაზე რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 ივნისის №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 2021 წლის 14 ივნისს შპს „ჭ...ის“ წარმომადგენელმა №... საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა №... (31.05.2021) გადაწყვეტილების გაუქმება. საჩივრის ავტორს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 ივნისის №... წერილით განემარტა, რომ შპს „ჭ...ის“ №... (31.05.2021წ.) საჩივრით, ასევე მოთხოვნილი იყო ამავე რეგისტრაციის (გადაწყვეტილების) გაუქმება, რაც არ დაკმაყოფილდა №... (11.06.2021) გადაწყვეტილებით (ტ.1. ს.ფ. 243, 284, 52); ნ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილებით უძრავი ქონება მდებარე ქალაქი ჭიათურა. ...ის ქუჩა №50/ქალაქი ჭიათურა, ...ის ქუჩა №2, დაზუსტებული ფართობი 27 კვ. მეტრი, ს/კ ..., (წინა ს/კ ... და ... ) დარეგიტრირდა კ.მ-ის საკუთრების უფლებით (ტ.1. ს.ფ. 230-233); ო) ო.ხ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ...) ადგილმდებარეობის დადგენის (საკადასტრო მონაცემების დაზუსტების) ერთ-ერთი საფუძვლად სარეგისტრაციო სამსახურმა მიუთითა კ.მ-ის მიერ №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის დაზუსტებული სახით რეგისტრაცია (ტ.1. ს.ფ. 48-51); პ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 16 აპრილის №51 1007 ბრძანებით შპს „ჭ...ს“ მიეცა ნებართვა ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №18-ში მდებარე საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5936 კვ.მ. დაზუსტებულ მიწის ნაკვეთზე სავაჭრო დანიშნულების შენობის მშენებლობის შესახებ (ტ.1. ს.ფ. 31-32);

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას (მე-2 მუხლის „კ“ პუნქტი).

ამასთან, საკასაციო სასამართლო, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის საფუძველზე, მიუთითებს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც უფლებადამდგენ დოკუმენტთან ერთად, სახეზეა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება ო.ხ-ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, სარეგისტრაციო სამსახური არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო განეხორციელებინა ცვლილება საჯარო რეესტრში და დაზუსტებული მონაცემებით დაერეგისტრირებინა ო.ხ-ის საკუთრება.

რაც შეეხება კასატორის მითითებას უძრავი ქონების ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დასკვნებზე, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,ჭ...ის’’ საკასაციო საჩივარი და ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო.ხ-ის სააპელაციო საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 30 იანვრის №6/4 დადგენილება ჭ...ისთვის 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის დამაგრების ნაწილში. საკასაციო სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად საქმის მასალებით არ დასტურდებოდა 12 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ჭ...ის კუთვნილება. ჭიათურის რაიონის გამგეობის 2001 წლის 9 აგვისტოს №97/5 დადგენილებით 24 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ჩატარდა აუქციონი და იგი გაიყიდა. ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 7 ივლისის №109/7 დადგენილებით ჭ...ს დამატებით დაუმაგრდა კიდევ 572 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ამდენად მას სულ გაუხდა 6200 კვ.მ მიწის ნაკვეთი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რომ, თითქოს, ჭ...ისთვის ტერიტორიის საზღვრები არ იყო შემოფარგლული და ამიტომ, შეუძლებელი იყო დადგენილიყო, თუ სად მდებარეობდა 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი. დამატებით 572 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიღების შემდეგ ჭ...მა განცხადებით მიმართა ჭიათურის რაიონის გამგეობას მიწის ნაკვეთების გამიჯვნის თაობაზე, რის საფუძველზეც ჭიათურის რაიონის გამგეობის 2001 წლის 9 აგვისტოს №97/5 დადგენილებით დამტკიცდა ჭიათურის რაიონის გამგეობის კომისიის მიერ წარდგენილი ტერიტორიის გეგმა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, რამდენადაც ჭ...ის დამატებით მიღებულ 572 კვ.მ მიწის ნაკვეთში მდებარეობდა სადავო 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სწორედ ამ ნაწილში უნდა ყოფილიყო ბათილად ცნობილი ჭიათურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 30 იანვრის №6/4 დადგენილება, რომელიც პირდაპირ აყენებდა ინდივიდუალურ ზიანს ო.ხ-ეს, ხოლო ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 21 აპრილის №65/2 დადგენილების მიღებისას, რომლითაც ო.ხ-ეს დაუმაგრდა 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი, არ დარღვეულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 და 95-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან ჭ...ი ამ შემთხვევაში ვერ ჩაითვლებოდა დაინტერესებულ პირად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პრეიუდიციული ძალა ენიჭებათ ფაქტებს, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ (სსსკ-ის 106-ე მუხ. „ბ“ ქვ.პ.). სასკ-ის 1.2 მუხლიდან გამომდინარე, აღნიშნული დანაწესი ვრცელდება აგრეთვე ადმინისტრაციულ წესით განსახილველ საქმეებზეც (სუსგ 25.11.2021წ. Nბს-170(3კ-19), 12.09.2019წ. Nბს-1201(კ-18)). ამდენად, სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ სადავო 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა შპს ,,ჭ...ის’’ მიერ დამატებით მიღებულ 572 კვ.მ მიწის ნაკვეთში. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას მარეგიტრირებელი ორგანოსათვის ერთ-ერთ ორიენტირად იქცა კ.მ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაზუსტებული სახით რეგისტრაცია, სასამართლო მითითებს საქმეზე დადგენილ ფაქტორივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად ჭიათურის რაიონის გამგეობის №65/2 (თარიღი: 21.04.2000) დადგენილების თანახმად, ჭიათურაში ...ის ქუჩაზე, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი მუდმივ სარგებლობაში დაუმაგრდა ო.ხ-ეს, ...ის მშენებლობისათვის. ამავე დადგენილების მიხედვით, ჭიათურაში ...ის ქუჩაზე, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი მუდმივ სარგებლობაში დაუმაგრდა კ.მ-ეს, ...ის მშენებლობისათვის. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, 2000 წლის 1 ნოემბერს ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №50-ში მდებარე 12 კვ.მ დაუზუსტებელ მიწის ნაკვეთზე, ჭიათურის რაიონის გამგეობის №65/2 (თარიღი: 21.04.2000) დადგენილების საფუძველზე, დარეგისტრირდა ო.ხ-ის საკუთრების უფლება (ს/კ ...(ნაკვეთის წინა ნომერი - ...)). 2000 წლის პირველ ნოემბერს შედგენილი საკადასტრო გეგმის მიხედვით, ო.ხ-ის საკუთრებაში არსებული 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს კ.მ-ის მიწის ნაკვეთი.

ამდენად, მარეგისტრირებელმა ორგანომ ო.ხ-ის მიწის ნაკვეთის ადგილმდებაორების დასადგენად საორიენტაციოდ მართებულად აიღო კ.მ-ის მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემები, რამეთუ ო.ხ-ის მიწის ნაკვეთი მისი უფლებადამდგენი დოკუმენტების საფუძველზე, სწორედაც რომ კ.მ-ის მიწის ნაკვეთის გვერდით მდებარეობს. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო ვერ იმსჯელებს და ვერ შეაფასებს კ.მ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების კანონიერებას, მითუმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად შპს ,,ჭ...ის’’ მიერ დამატებით მიღებულ 572 კვ.მ მიწის ნაკვეთში მდებარეობს სადავო 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ კ.მ-ის საკუთრებში რეგისტრირებულ 27 კვ.მ მიწის ფართობი, მოიცავს ო.ხ-ის კუთვნილ 12 კვ. მ მიწის ნაკვეთს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მართებულია ო.ხ-ის №... განცხადების საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრაციის შესახებ 2021 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილება, რომლითაც განხორციელდა დაზუსტებული მონაცემებით ო.ხ-ის სახელზე 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, ასევე მართებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს „ჭ...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „ჭ...ის“ საკასაციო საჩივარზე 16.08.2022წ. №... საგადახდო დავალებით ი.გ-ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „ჭ...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჭ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინება;

3. შპს „ჭ...ს“ (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.08.2022წ. №... საგადახდო დავალებით ი.გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე