№ბს-464(კ-22) 17 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს„ ჯ...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, მესამე პირი - შპს „უ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ჯ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სატენდერო კომისიის 2020 წლის 16 იანვრის №3 სხდომის ოქმი შპს „ჯ...ის“ დისკვალიფიკაციისა და შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „უ...“.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „ჯ...ის“ მიერ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შპს „ჯ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „ჯ...ის“ მიერ.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და სრულყოფილად არ შეაფასა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, 2020 წლის 14 იანვარს ვ.ი-ის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოსთვის გაგზავნილი განცხადება, რომლის მიხედვით, მისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არა მთარგმნელობითი მომსახურების, არამედ ... სფეროში შუამავლობის გაწევის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების საფუძვლით გააგზავნა. სასამართლომ არ შეაფასა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის აუცილებლობა/რელევანტურობა შუამავლობის გაწევისათვის, რადგან აშკარაა, რომ ვ.ი-ის მხრიდან მითითებული დოკუმენტების გაგზავნის რეალური მიზანი შპს „ჯ...თან“ თანამშრომლობა იყო. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სწორედ იმ ფაქტს ადასტურებს, რომ მისი მიზანი იყო მთარგმნელობით სფეროში საკუთარი კომპეტენტურობისა და პროფესიონალიზმის დადასტურება.
კასატორის განმარტებით, არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ გამოითხოვა მტკიცებულებები ვ.ი-ის მიერ გაკეთებული განცხადების/ჩვენების რელევანტურობის დასადასტურებლად. მხარეთა შორის მთარგმნელობითი მომსახურების გაწევის მიზნით თანამშრომლობაზე შეთანხმება ზეპირი ფორმით განხორციელდა, ხოლო შეთანხმება/თანხმობა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (პერსონალური ინფორმაციის) დამუშავების თაობაზე ვ.ი-მა წერილობითი ფორმით დაადასტურა, როდესაც აღნიშნული დოკუმენტები ელექტრონული ფოსტის საშუალებით გააგზავნა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ვ.ი-ის დასაქმების ადგილი სადავო პერიოდში, კერძოდ, ის, რომ ვ.ი-ი სწორედ კონკურენტ კომპანიაში - შპს „ უ...ში“ იყო დასაქმებული, რომლის საჩივრის საფუძველზეც დაიწყო დისციპლინური წარმოება კასატორის წინააღმდეგ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ შპს „ჯ...ი“ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ... კომპანიაა, რომელსაც არაერთხელ გაუმარჯვია ტენდერში საკუთარი კეთილსინდისიერებით. ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში არცერთხელ არ ყოფილა კომპანიის წინააღმდეგ საჩივარი წარდგენილი. მოცემულ შემთხვევაში არც სასამართლოს და არც მოწინააღმდეგე მხარეს არ გაუთვალისწინებია შავ სიაში რეგისტრაციის სამართლებრივი შედეგები. სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია ის ფაქტი, რომ შპს „ჯ...ს“ ტენდერის გამოცხადების დროს არაერთი პროფესიონალი და კვალიფიციური თარჯიმანი ჰყავდა. სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია, კონკრეტულად რა საფუძვლით, რა მიზეზებით ვერ გააქარწყლებს კასატორის თანამშრომელთა წერილობითი ახსნა-განმარტებები ვ.ი-ის განმარტებით დადგენილ გარემოებებს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2019 წლის 4 დეკემბერს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დოკუმენტაციის თარგმნისა და ნოტარიულად დამოწმების მომსახურებაზე გამოაცხადა N... ტენდერი. ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) (პრეისკურანტით) საშუალებით, დოკუმენტების თარგმნისა და ნოტარიულად დამოწმების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის №2 სხდომის ოქმით კომისიამ დაადგინა, რომ შპს „ჯ...ის“ მიერ ელექტრონული სისტემის საშუალებით, წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია შეიცავდა უზუსტობებს და არ იყო სრულყოფილი. აღნიშნულის გათვალისწინებით შპს „ჯ...ს“ ეთხოვა სრულყოფილად წარედგინა ტექნიკური დოკუმენტაცია. 2019 წლის 24 დეკემბერს შპს „ჯ...მა“ მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარადგინა (ტ.2, ს.ფ 11-17, 22-102, 107-109); ბ) შპს „უ...ს“ მიერ გასაჩივრდა ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) (პრეისკურანტით) საშუალებით, დოკუმენტების თარგმნისა და ნოტარიულად დამოწმების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის №2 სხდომის ოქმი, იმ საფუძვლით, რომ შპს „ჯ...მა“ უკანონოდ მოიპოვა და ატვირთა ... ენის თარჯიმნის - ვ.ი-ის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომპანიამ მოითხოვა 2019 წლის 19 დეკემბრის №2 სხდომის ოქმის გაუქმება და შპს „ჯ...ის“ დისკვალიფიკაცია არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო. საჩივარს თან ერთვოდა ვ.ი-ის 2019 წლის 18 დეკემბრის განცხადება, რომელშიც იგი განმარტავდა, რომ შპს „ჯ...ისათვის“ არ მიუწოდებია დიპლომი, არ მიუცია ამ კომპანიისათვის მისი პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ N... ტენდერში. მას არ უთანამშრომლია და არც მომავალში აპირებს თანამშრომლობას შპს „ჯ...თან“ (ტ.1, ს.ფ. 28-31, ტ.2, ს.ფ. 103-106); გ) შპს „უ...ს“ საჩივართან დაკავშირებით 2020 წლის 10 იანვარს შპს „ჯ...მა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მტკიცებულების სახით წარადგინა მის თანამშრომლებსა და თარჯიმან ვ.ი-ს შორის ელექტრონული მიმოწერა თანამშრომლობის შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმოწერა ეხებოდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტენდერისათვის დოკუმენტაციის მოძიებას ..., აღნიშნული ზუსტ თანხვედრაში იყო ტენდერის ვადებთანაც და თარჯიმნის მკაფიო სურვილთან, ეთანამშრომლა შპს „ჯ...სთან“. ლ.გ-სა და ვ.ი-ს შორის არსებული ელექტრონული კომუნიკაციის ამსახველი მასალით დგინდება ვ.ი-ის მიერ მისი კვალიფიკაციის დამდგენი დოკუმენტების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის ფაქტი (ტ.2, ს.ფ 113-144); დ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 14 იანვარს წარედგინა შპს „უ...ს“ განცხადება, რომელსაც დაერთო ვ.ი-ის 2020 წლის 14 იანვრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას არ უთანამშრომლია და არ თანამშრომლობს შპს „ჯ...სთან“. ელექტრონული მიმოწერა მასსა და ლ.გ-ს შორის არ შემდგარა, როგორც შპს „ჯ...ის“ თანამშრომელთან. მისი განმარტებით დოკუმენტები გადააგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე ..., ხოლო მეილის ხელმოწერაში მითითებული იყო: ..., რაც გამორიცხავდა მის ნებას აღნიშნული დოკუმენტები აღმოჩენილიყო შპს „ჯ...ის“ ბაზაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით. უფრო მეტიც, ელექტრონულ მიმოწერაზე თანდართული დოკუმენტები არ მიუწოდებია ლ.გ-სათვის მთარგმნელობითი მომსახურების გაწევის მიზნით, არამედ მათ შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ... სფეროში შუამავლობის გაწევის თაობაზე (ტ.2, ს.ფ 175-178); ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს მიერ, შპს „უ...ს“ საჩივართან დაკავშირებით, 2020 წლის 15 იანვარს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „უ...ს“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღსრულების ეროვნული ბიუროს სატენდერო კომისიას დაევალა გადაესინჯა 2019 წლის 19 ნოემბრის სხდომის №2 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს „ჯ...ის“ ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება განეხორციელებინა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით (ტ.2, ს.ფ 169-174); ვ) ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) (პრეისკურანტით) საშუალებით, დოკუმენტების თარგმნისა და ნოტარიულად დამოწმების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის 2020 წლის 16 იანვრის №3 ოქმის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განიხილა საჩივართან დაკავშირებული გარემოებები, იმსჯელა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 15 იანვრის DIS190023398-01 გადაწყვეტილებაში არსებულ გარემოებებზე. სატენდერო კომისიამ გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პრეტენდენტი - შპს „ჯ...ი“ ექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას, ვინაიდან იკვეთებოდა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით მის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა (ტ.2, ს.ფ 179-181); ზ) 2020 წლის 20 იანვარს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს წარედგინა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს №3156 წერილი შპს „ჯ...ის“ შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით (ტ.2, ს.ფ 186-187); თ) ლ.ც-ის წერილობით ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის ივნისის თვიდან მუშაობს შპს „ჯ...ში“ ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობაზე და მისი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა იყო და არის ადმინისტრაციული საქმის წარმოების ორგანიზება და მართვა, ასევე ადამიანური რესურსების მართვა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტენდერში (N...) კომპანიის მონაწილეობის შემდგომ შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, დაუკავშირდა ვ.ი-ს, რომელსაც იმჟამად პრეტენზია არ გააჩნდა 2019 წლის 28 იანვარს მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობის გამო (აღსრულების ეროვნული ბიუროს ტენდერის (...) ფარგლებში არ შედგა თანამშრომლობა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ჰქონდა მოთხოვნა ... ენის თარგმნაზე). ამასთან, ვ.ი-მა განუმარტა, რომ მას გამორჩა შპს „უ...ს“ ხელშეკრულების შეზღუდვა სხვა კომპანიასთან თანამშრომლობის აკრძალვის თაობაზე. ასევე, ვ.ი-ი სატელეფონო საუბარში აღნიშნავდა შპს „უ...ს“ მხრიდან მის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობის შესახებ (ტ.1, ს.ფ 238).
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შპს „ჯ...ის“ დისკვალიფიკაციისა და შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სატენდერო კომისიის 2020 წლის 16 იანვრის №3 სხდომის ოქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, შავი სია განმარტებულია, როგორც შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
საკასაციო პალატა მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ „შავი სიის წარმოების წესსა და პირობებზე“, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს.
ზემოაღნიშნული წესის მე-3 მუხლი 1-ლი პუნქტის თანახმად, ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, თუ იგი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
მითითებული წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესზე“, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი.
მითითებული წესის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ვ.ი-ის მიერ მისი კვალიფიკაციის დამდგენი დოკუმენტების ელექტრონული ფოსტით ლ.გ-სათვის გაგზავნის ფაქტი, თუმცა არ დასტურდება აღნიშნული დოკუმენტების შპს „ჯ...სთან“ თანამშრომლობის მიზნით გადაგზავნა. შესაბამისად, არ დასტურდება შპს „ჯ...სთან“ თანამშრომლობის შესახებ ვ.ი-ის თანხმობის არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ჯ...ის“ მიერ, თარჯიმან ვ.ი-ის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა თავად ვ.ი-ის თანხმობის გარეშე სწორად იქნა მიჩნეული ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით პრეტენდენტის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივარზე ნ.კ-ის მიერ 24.05.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება;
3. შპს „ჯ...ს“ (ს/ნ ... ) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.კ-ის მიერ 24.05.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. აბუსერიძე