Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-496(კ-22) 30 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ. ჩ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ჩ-მა 2020 წლის პირველ სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ მოპასუხის 2020 წლის 9 ივნისის №MIA 6 20 01257842 ბრძანებისა და „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ მოპასუხის 2020 წლის 10 ოქტომბრის №MIA 7 20 02412669 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს, ოპერატიული უზრუნველყოფის ... სამმართველოს ... სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის ან მისი არ არსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მოსარჩელისათვი მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით (კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ორი თვის შრომითი გასამრჯელოს გამოკლებით) იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი) ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 9 ივნისის №MIA 6 20 01257842 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 10 ოქტომბრის №MIA 7 20 02412669 ბრძანება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელე გ. ჩ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს, ოპერატიული უზრუნველყოფის ... სამმართველოს ... სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის ან მისი არ არსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელე გ. ჩ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი) ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით (კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ორი თვის შრომითი გასამრჯელოს გამოკლებით).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 სექტემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, იურიდიული მომსახურების ხარჯების დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. ჩ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი 1000 (ათასი) ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 სექტემბრის და 2021 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება (დამატებითი) და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება წარმომადგენლის მეშვეობით საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჩ-მა, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის წარმომადგენელის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ყველა არგუმენტი, ამასთან, სასამართლომ არასწორად აღნიშნა, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს. კასატორი მიუთითებს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრძანების გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ მიზანმიმართულად არასწორად გამოიყენა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ №995 ბრძანების 34-36-ე მუხლები კუმულაციურად. რომ არა აღნიშნული ნორმების ერთობლივად გამოყენება, სასამართლო აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა. სასამართლო თანამშრომლის პირად განცხადებას (პატაკს) კადრების განკარგულებაში აყვანის თაობზე უთანაბრებს თანაშრომლის პირად განცხადებას (პატაკს) საბოლოო დათხოვნის თაობაზე; კერძოდ, ზემოხსენებული ბრძანების 35-ე მუხლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურე პირადი განცხადებით (პატაკი) თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირი უარს არ აცხადებს მისი განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული ჩანაწერი (დაუყოვნებლივი გათავისუფლება) ებმის მხოლოდ დათხოვნის ნორმას და არა კადრების განკარგულებაში აყვანას.

კასატორი აღნიშნავს, რომ გ. ჩ-მა 2020 წლის 12 ივლისს მიმართა სამინისტროს და მოითხოვა დაკავებულ თანანმდებობზე აღდგენა, რომელსაც არ მოჰყვა არანაირი რეაგირება, მაშინ როდესაც მის მიერ დაკავებული და სხვა ტოლფასი თანანმდებობები ჯერ კიდევ იყო ვაკანტური. შეთავაზება გაკეთდა 4 თვიანი ვადის გასვლამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე, რაც არ წარმოადგენს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოიფიქროს, გაიაზროს და აწონ-დაწონოს მთელი რიგი გარემოებები. ამდენად, შეთავაზება ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს. როგორც 2020 წლის 08 ოქტომბრის ოქმიდან იკვეთება, მოსარჩელისთვის შეთავაზებული იყო შემდეგი ორი პოზიცია: სამმართველოს უფროსი დეტექტივი და ...ის სახაზინო-საპატრულო სამმართველოს უფროსი პატრულ-ინსპექტორი. დეტექტივის პოზიცია მკევთრად განსხვავდება გენერალური ინსპექციის ან სხვა რომელიმე საზედამხედველო ორგანოს საქმიანობის სპეციფიკისგან, შესაბამისად ლოგიკური იყო მასზე მოსარჩელის უარი. რაც შეეხება მეორე შეთავაზებულ პოზიციას, გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიციიდან გადაყვანა (სადაც თანამადებობრივი სარგო 2000 ლარს აჭარბებს) პატრულ-ინსპექტორის თანანმდებობაზე ხელს უშლის როგორც პიროვნების პროფესიულ განვითარებას, ასევე შეთავაზებული პოზიცია არც ფინანსური თვალსაზრისით არ იყო მისაღები, რადგან აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრული სარგო ბევრად ნაკლები იყო იმაზე, რასაც მოსარჩელე იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ იგი დარჩებოდა მის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე. შეთავაზება ეხებოდა ისეთ უწყებაში დასაქმებას, რომლის თანაშრომელთა მიმართ მოსარჩელეს წარმოებაში ჰქონდა არაერთი საქმე, რაც ცალსახად გამორიცხავდა გუნდში მის სრულ ჰარმონიზაციასა და ადაპტაციას.

კასატორის მითითებით, გ. ჩ-მა 2020 წლის 12 ივლისს, კადრების განკარგულებაში ყოფნის დროს მიმართა განცხადებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ითხოვა გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და განმარტა, რომ მას არ გააჩნდა სამსახურიდან გათავისუფლების საჭიროება, თუმცა მიუხედავად ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით მოსარჩელე გ. ჩ-ი დათხოვნილი იქნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის საფუძვლით. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 24 სექტემბრის წერილობითი ცნობის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მოვალეობის შესრულება არცერთ მოსამსახურეს არ ჰქონდა დაკისრებული და შესაბამისად არავინ იყო დანიშნული. ამრიგად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, მოსარჩელე გ. ჩ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა კანონის არსებითი დარღვევით, ხოლო მეორე მხრივ, ოთხი თვის განმავლობაში, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში არ გამოიკვლია და შეაფასა მისი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა მის ნებას არ წარმოადგენდა და მას სურდა სამსახურის გაგრძელება. იძულების ელემენტის გათვალისწინების გარეშეც (რომელსაც ნამდვილად ჰქონდა ადგილი), მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევა, რაც, ასევე ცალკე აღებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

კასატორი მიუთითებს საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც განიმარტა, რომ კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე მოსარჩელეთა 2017 წლის 6 დეკემბრის პატაკები არ ასახავდა სადავო სამართალურთიერთობის ჭეშმარიტ არსს და არ შეიძლება ჩათვლილიყო ნამდვილი ნების გამოვლენად. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული საკითხის გამოკვლევა წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, რომლის სათანადოდ შესრულების შემთხვევაშიც მოპასუხე აუცილებლად დაადგენდა მოსარჩელეთა ნამდვილ ნებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ გ. ჩ-ი 1998 წლიდან მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 4 მაისის ბრძანებით, იგი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს, ოპერატიული უზრუნველყოფის ... სამმართველოს ... სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის თანამდებობაზე. 2020 წლის 9 ივნისს გ. ჩ-მა პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ოჯახური პირობების გამო დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა მოითხოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 9 ივნისის ბრძანებით გ. ჩ-ი გათავისუფლდა თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.

ასევე დადგენილია, რომ გ. ჩ-მა 2020 წლის 12 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ითხოვა გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და განმარტა, რომ მას არ გააჩნდა სამსახურიდან გათავისუფლების საჭიროება. 2020 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოსარჩელე გ. ჩ-ს შესთავაზა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოს დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსი დეტექტივის (თანამდებობრივი სარგო - 1775 ლარი) ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ის სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსი პატრულ-ინსპექტორის (თანამდებობრივი სარგო - 1550 ლარი) თანამდებობაზე დანიშვნა, რაზეც მოსარჩელე გ. ჩ-მა განაცხადა უარი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით, მოსარჩელე დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2017 წლის 26 მაისიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავო აქტების უკანონობას უკავშირებს იმ გარემოებას, რომ სამინისტრომ არ გამოიკვლია მოსარჩელის რეალური ნება. მოპასუხემ არ გაითვალისწინა გ. ჩ-ის 2020 წლის 12 ივლისის წერილი, რომლის მიხედვით მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საჭიროება აღარ არსებობდა. ამასთან, მოსარჩელისადმი სხვა თანამდებობებზე დანიშვნის შეთავაზება ფორმალური ხასიათის იყო და მას არ მიეცა სათანადო დრო გადაწყვეტილების მისაღებად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საპელაციო პალატის მითითებებსა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანებების გამოცემისას არ იკვეთებოდა კანონმდებლობის მოთხოვნათა არსებითი დარღვევა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე. ამავე ბრძანების 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2020 წლის 09 ივნისის განცხადებით გ. ჩ-მა თავად მოითხოვა კადრების განკარგულებაში აყვანა. ამდენად, არსებობდა მოპასუხის 2020 წლის 9 ივნისის №MIA 6 20 01257842 სადავო ბრძანების გამოცემის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების არცერთ ეტაპზე მოსარჩელის მიერ არ გაჟღერებულა იმგვარი გარემოება, რაც გამოიწვევდა ეჭვის საფუძველს მის მიერ გამოვლენილი ნების ნადვილობასთან დაკავშირებით. პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, „ბუნებრივია, რომ დასაქმებულის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო ყველა შემთხვევაში არ არის ვალდებული დაადგინოს დასაქმებულის ნამდვილი ნება, რასაც ადასტურებს თუნდაც ის გარემოება, რომ პირადი განცხადებით სამსახურის დატოვების შემთხვევაში სავალდებულო არ არის განცხადებაში აისახოს სამსახურიდან წასვლის მიზეზი. ამგვარი საჭიროება, ანუ დასაქმებულის ნების ნამდვილობის დადგენის საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული ფაქტობრივი მოცემულობა იძლევა ეჭვის წარმოშობის საფუძველს განმცხადებლის ნების გამოვლენის ნამდვილობაზე“ (სუსგ ბს-140(კ-22), 13.07.2022წ.). საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იძულებისა და ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით გ. ჩ-მა პოზიცია დააფიქსირა სარჩელში, თუმცა ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მას ამგვარი განცხადება არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშო გაიმართა შეხვედრა, სადაც გ. ჩ-ს შესთავაზეს სხვა თანამდებობზე დანიშვნა, რაზეც მან უარი განაცხადა. მოსარჩელეს არც ხსენებული შეხვედრის ფარგლებში დაუფიქსირებია პოზიცია მუქარისა და ზეწოლის შესახებ გარემოებებთან დაკავშირებით. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოსათვის განმცხადებლის ნამდვილი ნების დამატებით გამოკვლევის ვალდებულების დაკისრება.

გაურკვეველია კასატორის მოსაზრება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ №995 ბრძანების 34-36 მუხლების არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით. კასატორი მიუთითებს, რომ ბრძანების 35-ე მუხლის ჩანაწერი დაუყოვნებლივი გათავისუფლების შესახებ, ებმის მხოლოდ დათხოვნის ნორმას და არა კადრების განკარგულებაში აყვანას, თუმცა კასატორი არ მოუთითებს რა წესი უნდა გამოეყენებინა სამინისტროს კადრების განკარგულებაში აყვანის პროცესში. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში, კადრების განკარგულებაში აყვანით მოხდა გ. ჩ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება და არა სამსახურიდან დათხოვნა, რასაც „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა.

საკასაციო სასამართლო აგრეთვე ყურდღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია გ. ჩ-ის 2020 წლის 12 ივლისის განცხადებით გამოხატული ნება - კვლავ გაეგრძელებინა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის 4 თვიანი ვადის ვადის გასვლამდე 9 დღით ადრე - 2020 წლის 1 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი დაუკავშირდა და სთხოვა გამოცხადებულიყო დეპარტამენტში, რათა განხილულიყო მისი შემდგომი დასაქმების საკითხი, რაზეც გ. ჩ-მა განაცხადა, რომ 10 დღის განმავლობაში შეხვედრას ვერ მოახერხებდა. საბოლოოდ, შეხვედრა შედგა 2020 წლის 8 ოქტომბერს, როდესაც გ. ჩ-ს შეეთავაზა ზემოთ უკვე ნახსენები ორი თანამდებობა, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა. ამასთან, მას არც ამ შემთხვევაში განუმარტავს თავისი გადაწყვეტილების მიზეზი და არც გადაწყვეტილების მისაღებად დარჩელი დროის არასაკმარისობის თაობაზე მიუთითებია. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ კასატორის განმარტებით, გ. ჩ-ის კადრების განყოფილებაში ყოფნის პერიოდში მის მიერ დაკავებული თანამდებობა ვაკანტური იყო, თუმცა ამგვარი გარემოება არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით.

პალატა აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის მითითება სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება მის მიმართ გამოვლენილი იძულებისა და ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა დასახელებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ არც ადმინისტრაციული წარმოებისას და არც სასამართლო წესით საქმის განხილვისას არ ყოფილა წარდგენილი, შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, რაც მართებულად დაედო საფუძვლად სარჩელის უარყოფას. აღნიშნულის საპიროსპიროდ კი ადმინისტრაციულმა ორგანომ, საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოებების გათვალისწინებით, დაადასტურა სადავო ბრძანებების კანონიერება.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა