Facebook Twitter

ას-1176-1420-05 6 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე (მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სასტუმროსა და კაფე-ბარის ფუნქციონირების აკრძალვა.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ო-ემ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს რ. კ-ისა და ინდივიდუალური მეწარმე გ. თ-ის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...... არსებული სასტუმრო „ქ-ისა“ და კაფე-ბარის ფუნქციონირების აკრძალვა. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 დეკემბრის განჩინებით საქმის განხილვაში სათანადო მოპასუხედ ჩაბმულ იქნა გ. კ-ი.

მოსარჩელის განმარტებით, მისი საცხოვრებელი სახლის მეზობლად, .......-ში, მდებარეობს მოპასუხე გ. კ-ის საცხოვრებელი სახლი, რომელშიც განთავსებულია სასტუმრო კომპლექსი, რომელიც ამჟამად იჯარით არის გაცემული გ. თ-ეზე. გ. კ-ის სახლის ეზოში ასევე განთავსებულია ღია საზოგადოებრივი კვების ობიექტი კაფე-ბარი. სასტუმროში ღამის საათებში საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუმრების მიღება-გამგზავრებით გამოწვეული ხმაური, სამზარეულოში არსებული დანადგარების მუშაობა და ღია კაფე-ბარის ფუნქციონირება ხელს უშლის ოჯახის ნორმალურ პირობებში ცხოვრებას. მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა კაფე-ბარის (საზ. კვების ობიექტის) მუშაობის აკრძალვის ნაწილში და მოითხოვა მხოლოდ კაფე-ბარის მუშაობის აკრძალვა საღამოს 21 საათიდან დილის 10 საათამდე;

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ. კ-სა და ინდივიდუალურ მეწარმე გ. თ-ეს აეკრძალათ თბილისში, ...... მდებარე სასტუმროს ეზოში არსებული ღია საზ. კვების ობიექტის კაფე-ბარის ფუნქციონირება საღამოს 23 საათიდან დილის 9 საათამდე. ა. ო-ეს სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ო-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

ა. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. კ-სა და ინდივიდუალურ მეწარმე გ. თ-ეს აეკრძალათ თბილისში, ........ მდებარე სასტუმროს ფუნქციონირება, ხოლო ამავე მისამართზე მდებარე ღია (საზ. კვების ობიექტის) კაფე-ბარის ფუნქციონირება აიკრძალა საღამოს 21 საათიდან დილის 10 საათამდე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. კ-ის საცხოვრებელ სახლში სასტუმროს ფუნქციონირება ნიშნავს, საკუთრებით ჩვეულებრივ არ სარგებლობს. სკ-ის 175-ე მუხლის საფუძველზე კი ამ შემთხვევაში მოსარჩელე არ არის ვალდებული, ითმინოს ზემოქმედებანი.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან მოსარჩელემ რაიონულ სასამართლოში შეამცირა მოთხოვნა, სასამართლოს სსკ-ის 248-ე მუხლის შესაბამისად, დაადგინა ღია კაფე-ბარის ექსპლუატაციის აკრძალვა საღამოს 21 საათიდან დილის 10 საათამდე.

გ. კ-ისა და გ. თ-ის წარმომადგენელმა მ. ქ-ემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა შემდეგი მოტივებით:

გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 102-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რაც ამავე კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლების საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

აპელანტმა კაფე-ბარის ფუნქციონირების აკრძალვის ნაწილში შეამცირა მოთხოვნა და დაეთანხმა მხოლოდ მისი სამუშაო საათების შეზღუდვას, რაც მოწმობს, რომ სასტუმროს ფუნქციონირებით მას ხელი არ ეშლება.

მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებითაც დაადასტურებდა სადავო სასტუმროს ფუნქციონირებით მისი უფლებების დარღვევას.

სასამართლომ არ მიიღო და არ გაიზიარა მტკიცებულებები, რომლითაც უარყოფილია მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა, კერძოდ, მეზობლის ახსნა-განმარტება, სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის დასკვნა და ა.შ.

სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, ზემოქმედება არსებითი იყო თუ უმნიშვნელო.

სკ-ის 175-ე მუხლის ფორმულირება „სამეურნეო საქმიანობა ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებში“ მოიცავს კანონმდებლობით ნებადართულ სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, სასტუმროსა და კაფე-ბარის ფუნქციონირებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, თუ 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, იგი აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც, სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ა. ო-ისა და გ. კ-ის მიწის ნაკვეთი და სახლი მდებარეობს მეზობლად. გ. კ-ის საკუთრებაში არსებული შენობა წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ფუნქციონირებს სასტუმრო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საცხოვრებელი სახლით სარგებლობა ჩვეულებრივი სარგებლობა არ არის. სკ-ის 175-ე მუხლის მიხედვით კი მეზობელს, უძრავი ქონების მესაკუთრეს, არსებითი ზემოქმედების თმენის ვალდებულება ეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ზემოქმედება გამოწვეულია უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით.

სკ-ის 175-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია, აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე ზემოქმედებანი, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით.

აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით დავის არსებობისას, მიუხედავად იმისა, სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით სარგებლობა ჩვეულებრივია თუ არა, არსებითია გაირკვეს, რომ ამ ქონებიდან მომდინარე ზემოქმედება არსებობს. სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია, სასტუმროს ფუნქციონირება იწვევს თუ არა რაიმე ზემოქმედებას მეზობელ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე. თავისთავად ქონებით არაჩვეულებრივი სარგებლობის ფაქტი, თუ ასეთს ადგილი აქვს, არ ნიშნავს მისგან მომდინარე ზემოქმედების არსებობას.

სსკ-ის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია საქმეში არსებული მტკიცებულებები სსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლებით დადგენილი წესით და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითებია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით უნდა დაადგინოს, არსებობს თუ არა ზემოქმედება მეზობელი მიწის ნაკვეთიდან, დაასაბუთოს ჩვეულებრივია თუ არა სადავო საცხოვრებელი სახლით სარგებლობა და შემდეგ გადაწყვიტოს დავა სკ-ის 175-ე-176-ე მუხლების შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. კ-ისა და ინდივიდუალური მეწარმე „გ. თ-ის“ წარმომადგენლის მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.