Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-524(კ-22) 5 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ჩ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჩ-ემ 2021 წლის 01 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2021 წლის 16 ივლისს N04-14-06/1628 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 09 აგვისტოს N04/8346 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და 2021 წლის 29 ივნისიდან მოსარჩელისთვის კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 სექტემბრის განჩინებით მ. ჩ-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2021 წლის 16 ივლისის №04-14/1628 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 09 აგვისტოს №04/8346 გადაწყვეტილებები, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე მ. ჩ-ეისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე წელთა ნამსახურების მიხედვით 2021 წლის 29 ივნისიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება მ. ჩ-ეისთვის 2021 წლის 29 ივნისიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე მ. ჩ-ეისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე წელთა ნამსახურების მიხედვით - 2021 წლის პირველი აგვისტოდან, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N2 დაწესებულების დირექტორის 2010 წლის 04 იანვრის N23პ/შ ბრძანებით მ. ჩ-ე დათხოვნილი იქნა სისტემიდან პირადი პატაკის საფუძველზე (ს.ფ. 52). მ. ჩ-ეის წელთა ნამსახურობის გაანგარიშების შესახებ შესაბამისი ცნობით დგინდება, რომ იუსტიციის ზემდეგი მ. ჩ-ე ... წლის ...დან ... წლის ...მდე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ...ში მუშაობდა კონტროლიორად (1995 წლის 04 ივლისის ბრძანება N36 პ/შ), ხოლო 2009 წლის 17 თებერვლიდან – 2010 წლის 04 იანვრამდე - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ...ის ...ად (2009 წლის 17 თებერვლის ბრძანება N159 პ/შ) (ს.ფ. 50). შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჩ-ეის სახელმწიფო სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში შეადგენს: 14 წელს, 06 თვესა და 03 დღეს, ხოლო შეღავათიანი გაანგარიშება - 07 წელს, 03 თვესა და 01 დღეს. 2021 წლის 16 ივლისს მ. ჩ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და სახელმწიფო კომპესაციის დანიშვნა მოითხოვა. აღნიშნულის პასუხად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის 2021 წლის 16 ივლისის №04-14/1628 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს კანონის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სპეციალური წოდების მქონე პირს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი, რომელშიც არ შედის განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით და სწავლის პერიოდი. რაც შეეხება სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის შეღავათიან პერიოდს, ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში. შესაბამისად, მოსარჩელეს განემარტა, რომ ვინაიდან მისი ნამსახურობის კალენდარული სტაჟი შეადგენს 14 წელს 06 თვესა და 03დღეს, რაც საკმარისი არ არის სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, შესაბამისად უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ჩ-ეს მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 9 აგვისტოს N04/8346 გადაწყვეტილებით მ. ჩ-ეის უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ სამსახურიდან დათხოვნის დროისათვის ნამსახურებმა პერიოდმა არ შეადგინა 20 წელი.

სააპელაციო სასამართლომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება ნამსახურობის საერთო სტაჟში სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის საჭირო ნამსახურების (არანაკლებ 20) კალენდარულ წლებში. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ აღნიშნული პერიოდი ითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის.

სააპელაციო პალატამ მიუთითა აგრეთვე „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. პალატამ აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება ნამსახურობის საერთო სტაჟში სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო ნამსახურობის (არანაკლებ 20) კალენდარულ წლებში. პალატამ მიუთითა, რომ „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის N214 დადგენილების 24-ე პუნქტით განსაზღვრულია კომპენსაციის მიმღებ პირთა მიმართ ნამსახურობის წლების დაანგარიშების წესი. კერძოდ, სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველოს და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების თანამშრომელთა დამაგრების, მოზიდვისა და სტიმულირების მიზნით, მუშაობაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჩაეთვალოთ წელიწადნახევრის ანგარიშით (სუს 2021 წლის 22 ივლისის განჩინება Nბს-1107 (კ-20)). ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით მოსარჩელის წელთა ნამსახურობა შეღავათიან გაანგარიშებასთან ერთად, აღემატება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის საჭირო ნამსახურობის (არანაკლებ 20) წლებს, აღნიშნული კი, მ. ჩ-ეისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველია.

რაც შეეხება 2021 წლის 29 ივნისიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის კანონიერებას, სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. როგორც აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ. ჩ-ემ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით, 2021 წლის 16 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს, შესაბამისად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მ. ჩ-ეის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა უნდა განხორციელდეს განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - 2021 წლის პირველი აგვისტოდან. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე - მ. ჩ-ეისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე წელთა ნამსახურების მიხედვით - 2021 წლის პირველი აგვისტოდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N2 დაწესებულების დირექტორის 2010 წლის 04 იანვრის N23პ/შ ბრძანებით მ. ჩ-ე დათხოვნილი იქნა სისტემიდან პირადი პატაკის საფუძველზე (ს.ფ. 52). მ. ჩ-ეის წელთა ნამსახურობის გაანგარიშების შესახებ შესაბამისი ცნობით დგინდება, რომ იუსტიციის ზემდეგი მ. ჩ-ე 1995 წლის ...დან 2009 წლის ...მდე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ...ში მუშაობდა ...ად (1995 წლის 04 ივლისის ბრძანება N36 პ/შ), ხოლო 2009 წლის 17 თებერვლიდან – 2010 წლის 04 იანვრამდე - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ...ის ...ად (2009 წლის 17 თებერვლის ბრძანება N159 პ/შ) (ს.ფ. 50). შესაბამისად, მ. ჩ-ეის სახელმწიფო სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში შეადგენს: 14 წელს, 06 თვესა და 03 დღეს, ხოლო შეღავათიანი გაანგარიშება - 07 წელს, 03 თვესა და 01 დღეს.

2021 წლის 16 ივლისს მ. ჩ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და სახელმწიფო კომპესაციის დანიშვნა მოითხოვა. აღნიშნულის პასუხად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის 2021 წლის 16 ივლისის №04-14/1628 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს კანონის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სპეციალური წოდების მქონე პირს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი, რომელშიც არ შედის განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით და სწავლის პერიოდი. რაც შეეხება სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის შეღავათიან პერიოდს, ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში. შესაბამისად, მოსარჩელეს განემარტა, რომ ვინაიდან მისი ნამსახურობის კალენდარული სტაჟი შეადგენს 14 წელს 06 თვესა და 03 დღეს, რაც საკმარისი არ არის სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, შესაბამისად უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ჩ-ეს მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 9 აგვისტოს N04/8346 გადაწყვეტილებით მ. ჩ-ეის უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ სამსახურიდან დათხოვნის დროისათვის ნამსახურებმა პერიოდმა არ შეადგინა 20 წელი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იმ სუბიექტთა წრე, რომელთაც ამ კანონის საფუძველზე აქვთ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება, კერძოდ, „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობებიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს.

ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან და იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური. ამდენად, აღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უფლებები უნდა გავრცელდეს მ. ჩ-ეის მიმართ.

ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის (სამხედრო ან სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი) და სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის Nბს-1107(კ-20) განჩინებაში გაკეთებულ განმარტებზე, იმის შესახებ, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით განსაზღვრულია წელთა ნამსახურობის დაანგარიშებისას განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშების იმპერატიული ხასიათი. კერძოდ, მოცემული კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი წარმოადგენს ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შემავსებელ ნორმას და ადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვით უნდა დაანგარიშდეს მე-5 პუნქტში აღნიშნული ნამსახურობის ოცწლიანი პერიოდი. ამასთან, ორივე ზემოაღნიშნული ნორმა ემსახურება საერთო მიზანს - კომპენსაციის დანიშვნას, ხოლო კასატორის მიერ ნორმის სხვაგვარი განმარტება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონზე, რომლის როგორც მე-11, ისე მე-16 მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ნამსახურობის ნუსხაში სხვადასხვა უწყებაში მუშაობის, სწავლებისა და საშეღავათო პერიოდის გავრცელების საკითხებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძველია კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის 21 პუნქტის თანახმად, შს ორგანოებიდან ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება პროკურატურის ორგანოებში სამსახური, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტში და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური. ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უფლებები უნდა გავრცელდეს მ. ჩ-ეის მიმართ. ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. აღნიშნული ნორმით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშება ემსახურება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზანს. ამდენად, დაუსაბუთებელია სააგენტოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება ნამსახურობის საერთო სტაჟში სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო ნამსახურობის (არანაკლებ 20) კალენდარულ წლებში.

გარდა აღნიშნული ნორმატიული საფუძვლებისა, „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის N214 დადგენილების 24-ე პუნქტით განსაზღვრულია კომპენსაციის მიმღებ პირთა მიმართ ნამსახურობის წლების დაანგარიშების წესი. კერძოდ, სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველოს და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების თანამშრომელთა დამაგრების, მოზიდვისა და სტიმულირების მიზნით, მუშაობაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჩაეთვალოთ წელიწადნახევრის ანგარიშით. ამდენად, მ. ჩ-ეის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას, მისი სასჯელაღსრულების სიტემაში მუშაობის პერიოდზე უნდა გავრცელდეს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის N214 დადგენილების 24-ე პუნქტის მოქმედება. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით მოსარჩელის წელთა ნამსახურობა (14 წელი, 06 თვე და 03 დღე) შეღავათიან გაანგარიშებასთან ერთად (07 წელი, 03 თვე და 01 დღე), აღემატება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის საჭირო ნამსახურობის (არანაკლებ 20) წლებს, აღნიშნული კი, მ. ჩ-ეისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველია.

რაც შეეხება 2021 წლის 29 ივნისიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის კანონიერებას, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ჩ-ემ 2021 წლის 16 ივლისს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს, შესაბამისად, მ. ჩ-ეის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა უნდა განხორციელდეს განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - 2021 წლის პირველი აგვისტოდან. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მითითება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე - მ. ჩ-ეისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე წელთა ნამსახურების მიხედვით - 2021 წლის პირველი აგვისტოდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე