Facebook Twitter

№ბს-675(კ-22) 7 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე – დ. ც-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ. ც-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 3 თებერვლის № MOD 920 00109364 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზიანის სახით, მოსარჩელე დ. ც-ის სასარგებლოდ, მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 2018 წლის 1 იანვრიდან, 2020 წლის 1 იანვრამდე, 4560 ლარის ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება (2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე მიუღებელი კომპენსაცია) 4531,2 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2020 წლის 3 თებერვლის №109364 წერილი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული წერილით ფინანსების მართვის დეპარტამენტს განემარტა, რომ სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრში განხილულ იქნა დ. ც-ის 2020 წლის 22 იანვრის №62808 განცხადება მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. ამავე წერილით განემარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დ. ც-ის წელთა ნამსახურობის ანგარიში სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით გადაიგზავნა ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრში, სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 19 დეკემბრის №1317798 და 2020 წლის 10 იანვრის №15106 წერილებით.

კასატორი მიიჩნევს, რომ კანონიერად ეთქვა უარი დ. ც-ეს სადავო პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე, რადგან არ ფიქსირდებოდა მოსარჩელის ერთი უწყებიდან მეორეში გადაყვანა. მას შემდეგ, რაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ჩაბარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრმა დაუყოვნებლივ განახორციელა ქმედება და წარდგინება გადააგზავნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრში.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) დ. ც-ემ 2017 წლის 8 ნოემბერს განცხადება წარადგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და მოითხოვა ნამსახურობის წლების დაანგარიშება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით (ს.ფ 190-191); ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 22 ნოემბრის MOD 7 17 01127581 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ. ც-ის მოთხოვნა წელთა ნამსახურობის დაანგარიშების შესახებ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, პირადი საქმის მიხედვით, 2002 წლის 30 იანვრიდან 2017 წლის 3 ნოემბრამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში დ. ც-ის ნამსახურობა შეადგენდა 15 წელს, 9 თვეს და 3 კალენდარულ დღეს, ხოლო 1994-2000 წლებში შსს შინაგანი ჯარების რიგებში ზევადიანი სამხედრო სამსახურის პერიოდი ვერ ჩაითვლებოდა საერთო ნამსახურობაში (ს.ფ 20-21); გ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ დ. ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 22 ნოემბრის MOD71701127581 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1994 წლის 8 სექტემბრიდან 2000 წლის 11 ივნისამდე შსს შინაგანი ჯარების რიგებში მოსარჩელის ნამსახურობის საერთო ნამსახურობაში ჩათვლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 22 ნოემბრის MOD71701127581 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა დ. ც-ის მიმართ წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენა, იმგვარად, რომ ნამსახურობის ანგარიშში ჩაითვალოს 1994 წლის 8 სექტემბრიდან 2000 წლის 11 ივნისამდე შსს შინაგანი ჯარების რიგებში დ. ც-ის ნამსახურობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება (ს.ფ 132-163); დ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 13 იანვრის №04-06/608 წერილის თანახმად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიის ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: სახელმწიფო პენსიას დამატებული ნამსახურობის წლების ნამრავლი წოდების განსაზღვრულ კოეფიციენტზე (უმცროსი სპეციალისტის წოდების პირებისთვის 2 ლარი) და 65 წლის ასაკის შესრულებამდე აღნიშნული გაანგარიშებით მიღებული თანხის 80 პროცენტი. სახელწიფო პენსიების ოდენობა განისაზღვრება „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით და მისი ოდენობა 2018 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის იანვრის თვემდე შეადგენდა 180 ლარს, 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე შეადგენდა 200 ლარს (ს.ფ. 34); ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 3 თებერვლის №MOD 9 20 00109364 წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე დ. ც-ის წელთა ნამსახურობის ანგარიში, სახელმწიფო კომემპენსაციის დანიშვნის მიზნით გადაიგზავნა ქ. ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრში, სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 19 დეკემბრის №1317798 და 2020 წლის 10 იანვრის №15106 წერილებით (ს.ფ. 16); ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 19 დეკემბრის წერილით №MOD 0 19 01317798 დადგენილია, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრს გაეგზავნა სამხედრო მოსამსახურის, უფროსი სერჟანტის დ. ც-ის საბუთები, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად შედგენილი წელთა ნამსახურობა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 31 ოქტომბრის №7578 ბრძანების ამონაწერი (ს.ფ 55); ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 10 იანვრის №MOD 9 20 00015106 წერილით დადგენილია, რომ შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრს გაეგზავნა სამხედრო მოსამსახურის, უფროსი სერჟანტის დ. ც-ის დაზუსტებული წელთა ნამსახურობის ანგარიში, ამასთან, დაზუსტებული წელთა ნამსახურობის ანგარიშის მიხედვით დ. ც-ის დაზუსტებული წელთა ნამსახურობა შეადგენს 23 წელს 6 თვესა და 24 დღეს (ს.ფ. 51-53); თ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2021 წლის 8 ივლისის №04-06/1534 წერილის შესაბამისად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: 65 წლამდე დანისვნის შემთხვევაში - პენსიის ოდენობას დამატებული ნამსახურობის წლების 2 ლარზე ნამრავლი და გაანგარიშებით მიღებული, განსაზღვრული კომპენსაციის 80 პროცენტი, ამასთან, სახელმწიფო პენსიის ოდენობა 2018 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის იანვრის თვემდე შეადგენდა 180 ლარს, 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე შეადგენდა 200 ლარს. ამავე წერილით დადგენილია, რომ 2018 წლის იანვრიდან 2020 წლის იანვრამდე პერიოდში დ. ც-ე სახელწიფო კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში მიიღებდა: ნამსახურობის 21 წლის შემთხვევაში 4454,4 ლარს, ხოლო ნამსახურობის 23 წლის შემთხვევაში 4531,2 ლარს (ს.ფ 109-110).

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს (1-ლი მუხლის პირველი პუნქტი).

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის 27-ე მუხლის მიხედვით, (1) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა; (2) კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მითითებული კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ. ც-ემ 2017 წლის 8 ნოემბერს განცხადება წარადგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და მოითხოვა ნამსახურობის წლების დაანგარიშება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, რაზეც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 22 ნოემბრის MOD 7 17 01127581 გადაწყვეტილებით ეთქვა უარი. მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იქნა ცნობილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა დ. ც-ის მიმართ წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენა იმგვარად, რომ ნამსახურობის ანგარიშში ჩათვლილიყო 1994 წლის 8 სექტემბრიდან 2000 წლის 11 ივნისამდე შსს შინაგანი ჯარების რიგებში მოსარჩელის ნამსახურობა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა კომპენსაციის მიღების უფლებაზე 2018 წლის 1 იანვრიდან კანონშესაბამისია, რაც მან მოპასუხის მიზეზით ვერ მიიღო და კომპენსაცია დაენიშნა 2020 წლის 1 იანვრიდან. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მიზეზშედეგობრივი კავშირი დ. ც-ის მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და მოპასუხის მიერ განხორციელებულ ქმედებას შორის. ამდენად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მოპასუხე მხარეს მართებულად დაევალა ზიანის სახით, მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 2018 წლის 1 იანვრიდან, 2020 წლის 1 იანვრამდე 4531,2 ლარის ოდენობით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე