Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-432(კ-23) 30 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ჭ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. ჭ-მა 2017 წლის 8 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 25 აპრილის №969384 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 19 000 ლარის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 25 აპრილის №969384 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ჭ-ისათვის მიყენებული ზიანის - 19 000 ლარის ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

კასატორის განმარტებით, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიამ ერთჯერადად მიიღო გადაწყვეტილება მ. ჭ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც უსაფუძვლოდ იქნა ბათილად ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე N3ბ/744-16). სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან. პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 8 თებერვალს, რა დროსაც სასამართლომ სწორად დაადგინა დავის უმნიშვნელოვანესი გარემოებები და არ დააკმაყოფილა მ. ჭ-ის სარჩელი. კასატორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინებით დაუსაბუთებლად იქნა ძალაში დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.

კასატორის განმარტებით, დავის სწორად გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტების ერთმანეთისგან გამიჯვნა. ნორმის სწორად შეფარდებისთვის, აუცილებელია, პოლიციელზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობასა და პოლიციელის გარდაცვალებას შორის არსებობდეს პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, კერძოდ, უნდა გაიმიჯნოს მუხლის პირველ პუნქტში ასახული კანონმდებლის მიზნები და მისგან გამომდინარე სოციალური გარანტიები, რაც არ წარმოშობს ყოველთვიური კომპენსაციის მიღების უფლებას, და 11 პუნქტში ჩადებული მიზანი, რაც წარმოშობს სოციალური გარანტიის სახით ყოველთვიური კომპენსაციის მიღების უფლებას. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტები, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნორმა პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვალების შემთხვევას ითვალისწინებს, პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების განსხვავებულ ვითარებას განსაზღვრავს, კერძოდ, მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში მოიაზრება შემთხვევა, რომელიც ზოგადად განსაზღვრავს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურის დაღუპვას, ხოლო მუხლის 11 პუნქტი ვრცელდება კანონის ამოქმედების შემდეგ დაღუპულ პირებზე და გულისხმობს უშუალოდ საპოლიციო ღონისძიებების შესრულებისას, ობიექტური საფრთხის არსებობის პირობებში პოლიციელის დაღუპვას ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალებას. კასატორის მითითებით, მართალია, ა. ნ-ე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თუმცა ადგილი ჰქონდა საკუთარი მანქანით ავტოსაგზაო შემთხვევას, რაც ვერ იქნება ობიექტური საფრთხის არსებობის პირობებში უშუალოდ პოლიციური ღონისძიებების განხორციელების დროს გარდაცვალება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძველია ოჯახის წევრის გარდაცვალება. ამავე მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო ამავე კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ-ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. 221 მუხლის მე-2 ნაწილით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს შეადგენს 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან − 1000 ლარს, ხოლო მე-3 ნაწილით, ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად) შორის.

საკასაციო სასამართლო „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ხოლო 50-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/744-16, მოსარჩელე მ. ჭ-ი; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება) თანახმად, მ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის №1/35 გადაწყვეტილება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მ. ჭ-ს დაუდასტურდებოდა მისი მეუღლის - ა. ნ-ის გარდაცვალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი) სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის №ბს-654-647 (კ-16) განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ჭ-ის მეუღლე, ა. ნ-ე, მუშაობდა ქ. თბილისის ...ის რაიონის შს სამმართველოს საგზაო პოლიციის განყოფილების უფროსად. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1998 წლის 27 ივლისის დასკვნის თანახმად, 1998 წლის 24 აპრილს, ...ის რაიონის ტერიტორიაზე ტარდებოდა ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიება საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი მძღოლების გამოვლენის მიზნით. დაახლოებით 24 საათზე, ...ზე განლაგებული რეიდის ჯგუფის შემოწმების შემდეგ, ა. ნ-ე, საკუთარი ავტომანქანა მერსედესით, სახელმწიფო ნომრით: „...“, გაემართა ...ის ტერიტორიაზე განლაგებული მორიგი სარეიდო ჯგუფის შესამოწმებლად, რა დროსაც მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა - შეეჯახა ხეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსის 1998 წლის 31 ივლისის №46 პ/შ ბრძანებით, პოლიციის მაიორი ა. ნ-ე ამორიცხული იქნა პირადი შემადგენლობის სიიდან, გარდაცვალების გამო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. მ. ჭ-ი და ა. ნ-ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

დადგენილია, რომ 2015 წლის 13 აგვისტოს, მ. ჭ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის №1/35 გადაწყვეტილებით, მ. ჭ-ს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე - ა. ნ-ის (დაბ. ...წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 მუხლი) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურება/დადგენაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 13 ოქტომბრის №2252323 წერილით მ. ჭ-ს, 2015 წლის 13 აგვისტოს №1774292 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ა. ნ-ის გარდაცვალების ფაქტი არ ექცეოდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის მოქმედების ფარგლებში, შესაბამისად, შს სამინისტრო მოკლებული იყო „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „სახელმწიფო კომპენსაციის“ დასანიშნად ცნობის გაცემის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/744-16) აღსრულების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსარჩელე მ. ჭ-ზე 2017 წლის 21 თებერვალს გასცა №426387 ცნობა, რომლის მიხედვით, მისი მეუღლე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ა. ნ-ე გარდაიცვალა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50.11 მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ცნობა გაიცა სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის დასანიშნად. ამდენად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალების ფაქტი დადასტურებულია როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისე თავად მოპასუხე მხარის მიერ გაცემული აქტით (ცნობით). ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელეს, მოპასუხის 2017 წლის 21 თებერვლის №426387 ცნობის უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის შემდგომ, დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია.

ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 4 აპრილს მ. ჭ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა მიუღებელი კომპენსაციის გაცემა, რომლის ჯამური ოდენობა 2015 წლის 3 ივლისიდან 2017 წლის 21 თებერვლამდე შეადგენდა 19 000 ლარს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 25 აპრილის №969384 წერილით, მ. ჭ-ს, წინა პერიოდის თანხის გაცემის შესახებ ეცნობა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპენტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, რაც, განსახილველ შემთხვევაში, განხორციელდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის №1/35 გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ჭ-ს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ა. ნ-ის (დაბ. ...წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 მუხლი) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურება/დადგენაზე, აღნიშნული ქმედების გამო მ. ჭ-მა ვერ შეძლო მისთვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაციის აღნიშნულ პერიოდში („სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა 2015 წლის 3 ივლისს და ამ პერიოდიდან იყო უფლებამოსილი მოსარჩელე, მიეღო შესაბამისი კომპენსაცია) მიღება. აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს შეადგენდა 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან - 1 000 ლარს.

ამრიგად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების (მ. ჭ-ის მეუღლის - ა. ნ-ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების ფაქტის დადასტურებაზე უარი) შედეგად, მოსარჩელეს შეეზღუდა უფლება, 2015 წლის 3 ივლისიდან 2017 წლის 21 თებერვლამდე მიეღო ყოველთვიური 1000 ლარის ოდენობის კომპენსაცია (ჯამში - 19 000 ლარი), რაც დადგენილია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურის ოჯახის წევრისთვის და რითაც მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი 19 000 ლარის ოდენობით. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის მსჯელობა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებასა (08.09.2015 წლის №1/35 გადაწყვეტილება) და მოსარჩელე მ. ჭ-ისთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს (ვერ მიიღო კუთვნილი სახელმწიფო კომპენსაცია - ჯამში 19 000 ლარის ოდენობით) შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დადასტურებაზე. შესაბამისად, სასამართლოს მიერ სადავო აქტის ბათილად ცნობით, სამინისტროს მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე მ. ჭ-ისათვის - 19 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.

რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარში განვითარებულ მოტივაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში გასაჩივრებულია არა სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, არამედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინება. ამდენად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, მით უფრო იმ პირობებში, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის №ბს-654-647(კ-16) განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე