Facebook Twitter

საქმე №ბს-136(კ-23) 01 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ზ.ჭ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ.ჭ-მა წარმომადგენლის მეშვეობით 2020 წლის 05 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და ზ.ჭ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის №MIA 7 20 00385545 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ზ.ჭ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე - შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ...ის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ ზ.ჭ-მა აგრეთვე მოითხოვა მოპასუხისათვის იძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, ზ.ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის №MIA 7 20 00385545 ბრძანება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ...ის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ასევე დაევალა ზ.ჭ-ისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ...ის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე, ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვი სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვი სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ზ.ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ.ჭ-ის მიერ.

კასატორის - ზ.ჭ-ის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ წინამდებარე საქმე განიხილა მიკერძოებულად, არაჰუმანურად და აგრესიულად, იყო მხარეთა მიმართ აგრესიული, განსაკუთრებით ზ.ჭ-ის მიმართ და ცდილობდა ტყუილში გამოჭერას, ჭ-ს უსვამდა დამაბნეველ შეკითხვებს, მისი ჩაჭრის მიზნით. კასატორი აღნიშნავს, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს ზ.ჭ-ი სამსახურის, მასზე „განპირობებული” ავტომანქანით მიდიოდა თვალის ექიმთან, რა დროსაც მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა, იყო სრულიად ფხიზელი და არავინ დაზიანებულა, გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რაც მოსარჩელემ აანაზღაურა, შეაკეთა და დაასრულა ხარისხიანად და ეფექტურად. მანქანის შეკეთება მოხდა სამსახურიდან დათხოვნამდე, ხოლო ხელოსნების ოქმები შედგენილია დათხოვნის შემდეგ, რადგან არ სჯეროდათ რომ დაზიანებული მანქანა შეკეთებული იყო. კასატორი აღნიშნავს, რომ ავარია გაუფრთხილებელი შემთხვევაა, რომლის რისკის ქვეშ ყველა ადამიანია.

ზ.ჭ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ 12 დეკემბრიდან - 22 დეკემბრამდე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. მას, 18 დეკემბერს დაურეკეს გენერალური ინსპექციიდან, რა დროსაც შეიტყვეს, რომ ჭ-ი იმყოფებოდა სახლში ავადმყოფობის გამო. კასატორის მოსაზრებით, გენერალურ ინსპექციას ავადმყოფი ახსნა-განმარტების მისაცემად არ უნდა გამოეძახებინა. გენერალურმა ინსპექციამ არ მიიღო ადეკვატური ზომები, არ მოახდინა საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტი და არ შეადგინა ბინაზე გასაუბრების ოქმი. უწყების ჩაბარების შედეგად, ზ.ჭ-ი დაუყოვნებლივ გამოცხადდა გენერალურ ინსპექციაში, ამდენად არასწორია სააპელაციო პალატის შეფასება 39 დღიანი ვადის არასაპატიოდ ჩათვლასთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ არანაირი ჩანაწერი, რომელიც გამოთხოვილ იქნა, ან სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება არ არსებობს. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ არავითარი დისციპლინური გადაცდომა ჭ-ს არ ჩაუდენია, არანაირი ტყუილი არ უთქვამს, არავინ შეუყვანია შეცდომაში, მით უფრო სამინისტრო და გენერალური ინსპექცია, რაიმე სახის დარღვევა არ ჩაუდენია და თავის არიდების მიზანიც არ არსებობდა.

ზ.ჭ-ის მოსაზრებით, 2019 წლის 22 ოქტომბრის დისციპლინური სახდელის, სასტიკი საყვედურის გასაჩივრების უფლება ექსკლუზიურად ეკუთვნის ზ.ჭ-ს, ამ უფლების გამოუყენებლობა არ უნდა იქნეს გამოყენებული მოსარჩელის მიმართ.

კასატორი აღნიშნავს, რომ დისციპლინური სახდელების გამოყენება არის მხოლოდ შესაძლო ვარიანტი და არა აუცილებელი. სამსახურიდან დათხოვნა კი არის უკიდურესი ფორმა დისციპლინური სახდელისა, ისეთი რომელიც გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში. მოსამართლემ შეფასების მიღმა დატოვა ზ.ჭ-ის მიღწევები, სამსახურის სტაჟი და თანამდებობრივი სტატუსი, წოდება, რომელსაც იმავე სამსახურში მიაღწია ჭ-მა და ჰქონდა უამრავი წახალისება და თანამდებობრივი დაწინაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთ დანაყოფში.

კასატორის მოსაზრებით, საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე და საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ზ.ჭ-ის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა, რაც მისი მოსაზრებით, გამოიხატა 11 დეკემბრის გაცდენაში, რა დროსაც თვალის ექიმთან მიდიოდა და ამის შესახებ ინფორმირებული იყო ხელმძღვანელობა. უარეს შემთხვევაში 1 დღიანი გაცდენა არ იწვევს არანაირ პასუხისმგებლობას, მათ შორის არც დისციპლინურს. ასევე არ დასტურდება ზ.ჭ-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება. არ დასტურდება მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენა, რომელიც ლახავს სამსახურის ავტორიტეტს. მსგავსი ქმედება ზ.ჭ-ის მხრიდან არ განხორციელებულა.

ზ.ჭ-ი აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი მოსამსახურის პიროვნების შეფასებისა და თანამდებობაზე მისი დატოვებით მოსალოდნელი შედეგების შეფასების საფუძველზე უნდა გადაწყდეს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში მიღებული სტანდარტიდან გამომდინარე. მოხელის გათავისუფლებას მხოლოდ იმგვარი დასკვნა შეიძლება განაპირობებდეს, რომ მასთან შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელება უარყოფითად აისახება სამსახურის საქმიანობაზე. კასატორის მოსაზრებით, გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანება დაუსაბუთებელია, არ შეიცავს შეფასებას, თუ რატომ იქნა მიჩნეული მის მიერ ავტომანქანის გაუფრთხილებლობით დაზიანება (რის გამოც არავითარი ზიანი, მათ შორის არც მატერიალური, სამსახურს არ განუცდია, რადგან სრულად აღადგინა დაზიანებული ავტომანქანა), სამსახურის საქმიანობის გაგრძელებაზე უარყოფითი გავლენის მქონედ. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა და ითხოვს მის გაუქმებას, საკასაციო საჩივრის დაშვებას და საქმის მხარეთა დასწრებით განხილვას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებებით, ზ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის №MIA 7 20 00385545 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ...ის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ...ის კაპიტანი ზ.ჭ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2020 წლის 07 თებერვლიდან. აღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ...ის კაპიტან ზ.ჭ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე შედგენილი დასკვნა.

როგორც მითითებული დასკვნით, ასევე საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 11:45 საათზე, ...ის კაპიტანი ზ.ჭ-ი „ ...“-ს მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით სახ. N ... მოძრაობდა ქ. თბილისში ...ის ქუჩაზე, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ,,...“-ის მარკის ავტომანქანას სახ. N .... ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება არავის მიუღია, დაზიანდა მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ავტომანქანები. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო ზ.ჭ-ის ბრალეულობით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მას დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი, რომელიც კანონიერი ძალაშია). ზ.ჭ-ი ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს სამსახურში არ გამოცხადებულა, რაც დასტურდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2020 წლის 12 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე მოკვლევის პროცესში, გენერალური ინსპექციის თანამშრომელი 2019 წლის 18 დეკემბერს დაუკავშირდა კასატორს გენერალურ ინსპექციაში გამოცხადების მიზნით, რაზედაც კასატორმა უარი განაცხადა. აღნიშნულის შემდგომ, 2020 წლის 10 იანვარს კასატორის ხელმძღვანელს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ...ის უფროსს რ.ა-ეს ეთხოვა, უზრუნველეყო მის დაქვემდებარებაში მყოფი ზ. ჭ-ის გენერალურ ინსპექციაში გამოცხადება. 2020 წლის 24 იანვრის სამსახურებრივი ბარათით რ.ა-ემ გენერალურ ინსპექციას აცნობა, რომ მიუხედავად მის მიერ გაცემული სიტყვიერი ბრძანებისა, ზ.ჭ-მა კვლავ უარი განაცხადა გენერალურ ინსპექციაში გამოცხადებაზე, საბოლოოდ კი, ზ.ჭ-ი გენერალურ ინსპექციაში გამოცხადდა 39 დღის შემდეგ, უწყების გაგზავნისა და ჩაბარების შემდგომ. გამოუცხადებლობის ერთ-ერთ მიზეზად ზ.ჭ-ი ასახელებდა უნდობლობას.

...ის კაპიტან ზ.ჭ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დამტკიცებული დასკვნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ზ.ჭ-ს შეფარდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 01 აპრილის N29 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა. დისციპლინურ დარღვევად მიჩნეული იქნა შემდეგი: 1. 2019 წლის 11 დეკემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დადგინდა მოსარჩელის ბრალეულობა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოძრაობდა პირად საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი ავტომანქანით, რა დროსაც დაზიანდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანები; 2. გენერალურ ინსპექციაში გამოუცხადებლობა - გამოცხადდა 39 დღის დაგვიანებით; თავდაპირველად გამოცხადებაზე უარი განაცხადა უნდობლობის მოტივით; 3. ზ. ჭ-ს თავის თანამშრომლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და კონფლიქტის ფაქტზე, 2019 წლის 22 ოქტომბერს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე გამოეცხადა დისციპლინური სახდელი - სასტიკი საყვედური; 4. 2019 წლის 11 დეკემბერს (ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს) სამსახურში გამოუცხადებლობა.

,,...ის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის დაკისრებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ მკაფიოდ უნდა დაასაბუთოს მისი გამოყენების აუცილებლობა, მათ შორის უნდა გაითვალისწინოს მოსამსახურის მიმართ გამოყენებული წახალისება, დისციპლინური სახდელი და სხვა პიროვნული მახასიათებლები. მართალია, ავტომობილის მართვა უკვე ნიშნავს მომეტებული რისკის ფარგლებში გადაადგილებას და ავტოსაგზაო შემთხვევა არის გაუფრთხილებლი ქმედება, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევა არ უნდა იქნეს განყენებულად განხილული. სხვა დამატებითი გარემოებები, რაც კასატორის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებისას დადგინდა, უნდა შეფასდეს ერთიანად, მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის კონტექსტში და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ უნდა მოხდეს შესაბამისი დასკვნის გამოტანა. განსახილველ შემთხვევაში ყურადსაღებია კასატორის ქმედება ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, მისი გენერალურ ინსპექციაში დაგვიანებით გამოუცხადებლობა (შემთხვევიდან 39 დღის შემდეგ გამოცხადება). მართალია, გამოუცხადებლობის მიზეზად კასატორი ასახელებს საავადმყოფო ფურცელზე ყოფნას, რაც საქმის მასალებითაც დასტურდება, თუმცა კასატორი საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა 2019 წლის 22 დეკემბრამდე, ხოლო გენერალურ ინსპექციაში გამოცხადდა 2020 წლის 27 იანვარს, ამასთან გენერალურ ინსპექციაში გამოცხადების შემდეგ ზ.ჭ-ი აღნიშნავდა, რომ გამოუცხადებლობის მიზეზს წარმოადგენდა უნდობლობა. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საფუძველსაა მოკლებული კასატორის მითითება საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის გამო გამოუცხადებლობის შესახებ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კასატორის მიმართ მოქმედი დისციპლინური სახდელი - სასტიკი საყვედური, რაც შეეფარდა კოლეგის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და კონფლიქტის ფაქტზე, ასევე 2019 წლის 11 დეკემბერს (ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს) სამსახურში გამოუცხადებლობა. აღსანიშნავია რომ, საქმის მასალებს ერთვის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ...ის უფროსის რ.ა-ის მიერ 2020 წლის 05 თებერვალს შედგენილი დახასიათება (ს.ფ. 104), სადაც მითითებულია, რომ ზ.ჭ-ი მისი სამსახურებრივი საქმიანობისადმი დამოკიდებულებიდან გამომდინარე ხასიათდება უარყოფითად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 01.04.2019წ. №29 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეებს წარმოადგენს: სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა, სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამსახურის ავტორიტეტს და შრომის დისციპლინის წესის დარღვევა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მხრიდან ადგილი აქვს სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას დისციპლინური სახდელის მოქმედების პირობებში, რა დროსაც დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანო, უფლებამოსილია მიიღოს დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება. პალატის მოსაზრებით, სადავო აქტი გამოცემულია კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის შესაბამისად, კასატორი ვერ ასაბუთებს მის არამართლზომიერებას - ამ მიამრთებით მას დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ აქვს. ვინაიდან არ დასტურდება ზ.ჭ-ის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა, არ არსებობს თანამდებობაზე მისი აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა