Facebook Twitter

საქმე №ბს-936(კ-22) 30 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - დ. ხ-ი, ნ. ქ-ი, ვ. რ-ი, ს. რ-ი, ა. რ-ი, ნ. რ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ხ-მა, ნ. ქ-მა, ვ. რ-მა, ს. რ-მა, ა. რ-მა და ნ. რ-მა წარმომადგენლის მეშვეობით 2020 წლის 19 თებერვალს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს „დ. ხ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 21 იანვრის №03-179/ო ბრძანების, „ნ. ქ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 21 იანვრის №03-180/ო ბრძანების, „ს. რ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 21 იანვრის №03-178/ო ბრძანების, „ვ. რ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 21 იანვრის №03-181/ო ბრძანების, „ა. რ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 21 იანვრის №03-182/ო ბრძანებისა და „ნ. რ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 21 იანვრის №03-183/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელეებისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუის აღდგენის თაობაზე მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დ. ხ-ის, ნ. ქ-ის, ვ. რ-ის, ს. რ-ის, ა. რ-ისა და ნ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით დ. ხ-ის, ნ. ქ-ის, ვ. რ-ის, ს. რ-ის, ა. რ-ისა და ნ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ხ-ის, ნ. ქ-ის, ვ. რ-ის, ს. რ-ის, ა. რ-ისა და ნ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 2021 წლის 21 იანვრის №03-178/ო, №03-179/ო, №03-180/ო, №03-181/ო, №03-182/ო და №03-183/ო ბრძანებები და სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოთხოვილი იქნა ...ის მუნიციპალიტეტიდან ცნობა, რომელიც ადასტურებდა დ. ხ-ისა და მისი ოჯახის წევრების 1991 წლამდე ...ში არცხოვრების ფაქტს, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ისინი არ ყოფილან იძულებულნი საომარი მოქმედებების შედეგად დაეტოვებინათ მოცემული საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება უკავშირდება კონკრეტულ მისამართზე მუდმივად ცხოვრების ფაქტს, რისი დადასტურებაც მოსარჩელეებმა დოკუმენტებით ვერ შეძლეს.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, დ. ხ-ი და ნ. ქ-ი 1980 წლიდან გადმოვიდნენ ქ. თბილისში საცხოვრებლად. დ. ხ-ი მუშაობდა ქ. თბილისში 1980 წლიდან 2011 წლამდე, მათი შვილები სწავლობდნენ ქ. თბილისში. მითითებულის გათვალისწინებით ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ არსებითად სწორად შეაფასა მოსარჩელეების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ოკუპაციამდე და კანონის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ.

ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 21 იანვრის №03-178/ო, №03-179/ო, №03-180/ო, №03-181/ო, №03-182/ო და №03-183/ო ბრძანებების ბათილად ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონის სრული დაცვით, საქმეზე მოპოვებულ და შეკრებილ იქნა საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო მტკიცებულებები და მათი შესწავლის, გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე იქნა მიღებული სადავო აქტი. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 09 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 21 იანვრის №03-178/ო, №03-179/ო, №03-180/ო, №03-181/ო, №03-182/ო და №03-183/ო ბრძანებები. ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტების შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

ზემოხსენებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეულ ადგილს, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე პირის რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ 17.06.2021წ. საქმე №ბს-858(2კ-20)).

საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნ. ქ-ი დევნილთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იყო 2011 წლიდან და დევნილობამდე იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართად ფიქსირდებოდა ...ი, კ. ...ის ქ. №15. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ნ. ქ-ის, დ. ხ-ისა და მისი შვილის ვ. რ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რომლის საპასუხო წერილების მიხედვით, ისინი 1991 წლამდე არ ცხოვრობდნენ მუდმივად ...ის ტერიტორიაზე. აღნიშნული დასკვნის თანახმად, კასატორმა მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიმართ არ დასტურდებოდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე 1991 წლამდე ცხოვრების ფაქტი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა. აღსანიშნავია, რომ მითითებული ნორმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას ჩამოართვას პირს დევნილის სტატუსი, თუ ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილის მიერ წარდგენილი ინფორმაციის არსებითად მცდარად მიჩნევა დაკავშირებულია ისეთი სახის გარემოების დადგენასთან, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ სტატუსსა და დევნილის სამართლებრივ მდგომარეობაზე. ცალსახაა, რომ აღნიშნული გარემოების დადგენა განეკუთვნება ფაქტის საკითხს. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ზოგადად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (“affirmanti, non negati, incumbit probatio”), ამიტომაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის (სუსგ საქმეზე №26(კ-23) 01.05.2023წ.).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მხარეები, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანო, არ თავისუფლდება მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის შეუწყდათ არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენის საფუძვლით. ამ სახის ინფორმაციად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია მოსარჩელეთა 1991 წლამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ ცხოვრების ფაქტი, მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სათანადოდ არ იქნა შეფასებული და გამოკვლეული ის გარემოება, თუ რის საფუძველზე ჰქონდათ მოპოვებული მოსარჩელეებს დევნილის სტატუსი, ასევე გასაჩივრებული აქტებიდან და მის საფუძვლად არსებული დასკვნიდან დგინდება, რომ შეფასება მიეცა მოსარჩელეთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს მხოლოდ 1991 წლამდე, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე დ. ხ-ის განმარტებით, ისინი აღნიშნული პერიოდის შემდგომაც ახერხებდნენ ...ში არსებული მათი საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მფლობელობასა და სარგებლობას, რისი შესაძლებლობაც 2008 წლიდან შეეზღუდათ. ამდენად, მოსარჩელეები საბოლოოდ იძულებითი გადაადგილების ფაქტს უკავშირებდნენ 2008 წელსა და შემდგომ პერიოდში განვითარებულ კონფლიქტს და არა 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებს, რა გარემოებაც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ გამოკვლეულა.

საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ადმინისტრაციული ორგანო საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოპოვებულ ინფორმაციას, ისე რომ არ შეისწავლა მასთან დაცული მონაცემები, თუ რა გახდა თავდაპირველად მოსარჩელეთა მიმართ აღმჭურველი აქტების გამოცემის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევისას, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, უნდა დაადგინოს მოსარჩელეთა დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლები და კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით და საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამდენად, სახეზეა სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა