№ბს-461(კ-22) 5 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ე. ხ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2021 წლის 29 სექტემბერს ე. ხ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 30 აგვისტოს №1094 განკარგულება „მიწის ნაკვეთზე ე. ხ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“; ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, სოფელი ...ი, საერთო ფართობი - 2741 კვ.მეტრი, ე. ხ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 30 აგვისტოს №1094 განკარგულება „მიწის ნაკვეთზე ე. ხ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, სოფ. ...ი, საერთო ფართობი - 2741 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე ე. ხ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2018 წლის 20 ივნისს ო. ხ-მა მიმართა №19/011817124-55 განცხადებით, რომლითაც მოითხოვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, სოფ. ...ი, საერთო ფართობი - 2741.00 კვ. მ) საკუთრების უფლების აღიარება. ამავე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2021 წლის 25 იანვარს ე. ხ-ის წარმომადგენელმა გ. მ-ემ მიმართა №19/012102583-55 განცხადებით, რომლითაც დააზუსტა ზემოაღნიშნული მოთხოვნა და წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოითხოვა, მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, სოფ. ...ი, საერო ფართობი – 2741.00 კვ. მ) ე. ხ-ის საკუთრების უფლების აღიარება.
კასატორის განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი საკუთრების უფლების აღიარებისათვის აკეთებს სავალდებულო დათქმას, რომლის თანახმად დაინტერესებულ პირს საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი უჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მიწის ნაკვეთი დაკავებული ჰქონდა მითითებული კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, მოთხოვნა კანონით განსაზღვრულ სხვა პირობებსაც უნდა აკმაყოფილებდეს და მთავარი აქცენტი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობისკენ არის მიმართული. სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე ჩნდება უფლება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა. შესაბამისად, დაუშვებელია საკუთრების უფლების აღიარებას დაექვემდებაროს მიწის ის ნაკვეთები, რომლის დაკანონებაზე პრეტენზიას აცხადებს პირი, მაგრამ ვერ ადასტურებს ამ ნივთზე საკუთარი ბატონობის ფაქტს.
განსახილველ შემთხვევაში, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადგინდა უშუალოდ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი არც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და არც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის. ასევე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება №721333067 სისტემური რეგისტრაცია, რომელიც აღრიცხულია ა. ა-ის სახელზე. შესაბამისად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ მოძიებული დოკუმენტაცია არ იძლევა განმცხადებლის მიერ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადასტურების საფუძველს, რაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელი წინაპირობაა.
გარდა ამისა, მცხეთის რაიონის ...ის მეცხოველეობის ს/მეურნეობის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მიეკუთვნება საძოვრის კატეგორიას. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ ექვემდებარება საკუთრების უფლებით აღიარებას.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ საეჭვოა თუ როგორ განხორციელდა საძოვრად მითითებულ მიწის ნაკვეთზე ა. ა-ის სისტემური რეგისტრაცია, თუმცა ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ ა. ა-ის რეგისტრაციაც და მიწის ნაკვეთის საძოვრის კატეგორიაც დადასტურებულია ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით.
კასატორის განმარტებით, მოწმეთა ჩვენება წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომელიც უნდა შეფასდეს საქმეში დაცულ სხვა მტიცებულებებთან ერთობლიობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მესამე პირი, იგივე წარმატებით შეძლებს ანალოგიური დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, დაამტკიცოს სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი და მოითხოვოს საკუთრების უფლების აღიარება. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენება ვერ იქნება მიჩნეული კანონით გათვალისწინებულ იმ სახის მტკიცებულებად, რომლის საფუძველზეც განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ე. ხ-ს არ გაუსაჩივრებია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ე. ხ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება.
განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2018 წლის 20 ივნისს, ო. ხ-მა №19/011817124-55 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე, მისამართი: ქ. თბილისი, სოფ. ...ი, საერთო ფართობი - 2741 კვ.მეტრი, საკუთრების უფლების აღიარება (ს.ფ 34); ბ) 2018 წლის 18 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით შ. მ-ი და ნ. დ-ე ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ო. ხ-ი თბილისში, სოფელ ...ში 1992 წლიდან თვითნებურად ფლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 2741 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მის მიერვე 1995 წელს აშენებულ 19.6 კვ.მ საცხოვრებელ შენობა-ნაგებობას (ს.ფ 29-30); გ) ო. ხ-ი გარდაიცვალა 2019 წლის 27 ნოემბერს. 2020 წლის 22 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ ე. ხ-ი არის მამკვიდრებლის ო. ხ-ის პირველი რიგის მემკვიდრე - დედა. ე. ხ-მა სამკვიდრო მიიღო სრულად - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებით (მოძრავი და უძრავი ნივთები), წილები სამეწარმეო საზოგადოებაში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ხელფასზე, ფულად პრემიაზე, ფულად დახმარებაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანგარიშზე, ანაბარზე სავალდებულო დაზღვევის, სხვა უფლებები, რომლებიც ჰქონდა მამკვიდრებელს ო. ხ-ს მესამე პირთა მიმართ და პასივებით (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ-მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში) (ს.ფ 39, 26-28); დ) 2021 წლის 25 იანვარს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას №19/012102583-55 განცხადებით მიმართა ე. ხ-ის წარმომადგენელმა გ. მ-ემ და წარდგენილი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოითხოვა მიწის ნაკვეთზე, მისამართი: ქ.თბილისი, სოფ. ...ი, საერთო ფართობი - 2741 კვ.მ, ე. ხ-ის საკუთრების უფლების აღიარება (ს.ფ 93-94); ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 ივნისის №TT... ,,რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ’’ გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა განცხადება (განმცხადებელი გ. მ-ე), რომლითაც მოთხოვნილია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება უძრავ ნივთზე მდებარე თბილისი, სოფელი ...ი. ვინაიდან ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა მისამართი: თბილისი, სოფელი ...ი, ო. ხ-ის მითითებით არ მოიძებნა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-61 მუხლის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ 32); ვ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 26 ივლისის №35 სხდომის ოქმით (დღის წესრიგის მე-6 საკითხი) დგინდება, რომ უარი ეთქვა ე. ხ-ს მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, სოფელი ...ი) საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დასტურდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი არც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და არც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისთვის. ასევე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება №72133067 სისტემური რეგისტრაცია, რომელიც აღრიცხულია ა. ა-ის სახელზე. გარდა აღნიშნულისა, მცხეთის რაიონის ...ის მეცხოველეობის ს/მეურნეობის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მიეკუთვნება საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთს, შესაბამისად აღნიშნული მიწის ნაკვეთი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ’’ ქვეპუნტის თანახმად არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 26 ივლისის №35 ოქმის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 30 აგვისტოს №1094 განკარგულებით ე. ხ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ.თბილისი, სოფელი ...ი, საერთო ფართობი 2741.00 კვ.მეტრი) საკუთრების უფლების აღიარებაზე (ს.ფ 86-92, 62-64); ზ) ა. ა-ი გარდაიცვალა 1997 წლის 28 მარტს. გ. ა-ი არის ა. ა-ის შვილი. გ. ა-ი გარდაიცვალა 2021 წლის 2 თებერვალს. ტ. ა-ი არის გ. ა-ის შვილი. 2021 წლის 29 ნოემბრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობით, ტ. ა-ი, როგორც აწ. გარდაცვლილი პაპის - ა. ა-ის შვილიშვილი ადასტურებს, რომ აწ. გარდაცვლილ ო. ხ-ს სარგებლობაში ჰქონდა მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი ...ი, მიწის ნაკვეთის ფართით 2741.00 კვ. მეტრი, სადაც დაწყებული ჰქონდა სახლის მშენებლობა. მისმა კანონისმიერმა მემკვიდრემ, დედამ - ე. ხ-მა გააგრძელა შვილის დაწყებული საქმე ზემოაღნიშნული უძრავი ქონების დაკანონების საკითხზე, სადაც აღმოჩნდა, რომ სისტემური რეგისტრაციით მის მიერ დასაკანონებელი მიწის ნაკვეთი ფიქსირდებოდა მისი პაპის - ა. ა-ის სახელზე, რაც არასწორი ჩანაწერია, რადგან მათ არასდროს არ უსარგებლიათ აღნიშნული მიწის ნაკვეთით და არ ყოფილა მათ სარგებლობაში. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ო. ხ-ს და მას დღესდღეობით ფლობს და სარგებლობს მისი მემკვიდრე - ე. ხ-ი. ამავე თანხმობაში ტ. ა-ი, როგორც ა. ა-ის შვილიშვილი ადასტურებს, რომ აწ.გარდაცვლილი ო. ხ-ის სარგებლობას წარმოადგენდა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი და სარგებლობაში ჰქონდა 1992 წლიდან, გარდაცვალებამდე, დედასთან ე. ხ-თან ერთად. ხოლო პაპას - ა. ა-ს არ ჰქონია არასდროს არც დავა და არც შემხებლობა მათ სარგებლობაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. სავარაუდოდ ეს არის სისტემური რეგისტრაციის დროს დაშვებული შეცდომა, თითქოს ა. ა-ის საკუთრებას წარმოადგენს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი. ამავე თანხმობაში ასევე აღნიშნულია, რომ ტ. ა-ი თანხმობას აცხადებს ე. ხ-მა დაიკანონოს მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, სოფელი ...ი, მიწის ნაკვეთის ფართი: 2741.00 კვ.მეტრი, რაზედაც არ აქვს პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე ე. ხ-ის მიერ წარმოდგენილ იქნა 2011 წლის 31 აგვისტოს გაცემული №110916688 სამკვიდრო მოწმობის ასლი, რომლითაც დგინდება, რომ გარდაცვლილი ა. ა-ის მემკვიდრეა მეუღლე - მ. ა-ი. საქმეში წარმოდგენილია მ. ა-ის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება, რომელიც ასევე ადასტურებს ზემოაღნიშნულ გარემოებებს (ს.ფ 148-153, 227-231).
მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები: 1) არ დადასტურდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი არც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და არც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის; 2) საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება №721333067 სისტემური რეგისტრაცია, რომელიც აღრიცხულია ა. ა-ის სახელზე; 3) მცხეთის რაიონის ...ის მეცხოველეობის ს/მეურნეობის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მიეკუთვნება საძოვრის კატეგორიას.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კანონის მე-51 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს. სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედი რედაქციით აღნიშნული „წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი განიმარტება, როგორც სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. თუმცა, 2018 წლის 20 ივნისის მდგომარეობით (ანუ როდესაც ო. ხ-მა №19/011817124-55 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე, მისამართი: ქ. თბილისი, სოფ. ...ი, საერთო ფართობი - 2741 კვ.მეტრი, საკუთრების უფლების აღიარება), ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტად ასევე ითვალისწინებდა ცნობა-დახასიათებას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, დასახელებული მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის დაინტერესებული პირის მხრიდან მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადასტურება. ცხადია, რომ მხოლოდ მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის მტკიცებულებად და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე უნდა დადასტურდეს საქმის სხვა მასალებითაც. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 18 ივნისს შ. მ-ის და ნ. დ-ის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ო. ხ-ი თბილისში, სოფელ ...ში 1992 წლიდან თვითნებურად ფლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 2741 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე, მის მიერვე 1995 წელს აშენებულ 19.6 კვ.მ საცხოვრებელ შენობა-ნაგებობას. საქმეში ასევე, წარმოდგენილია ტ. ა-ისა და მ. ა-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლთა თანახმად, ო. ხ-ი 1992 წლიდან სარგებლობდა სადავო უძრავი ქონებით. საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით დასტურდება, რომ ნაკვეთი შემოსაზღვრულია ღობით, მასზედ მდებარეობს შენობა-ნაგებობა და მრავალწლოვანი ნარგავები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რადგან გადაწყვეტილების მიღებამდე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი ე. ხ-ი სარგებლობდა თუ არა თვითნებურად ქ. თბილისში, სოფ. ...ში მდებარე 2741 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთით.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მითითებას საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ა. ა-ის რეგისტრაციასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ტ. ა-ისა (გარდაცვლილი ა. ა-ის შვილიშვილი) და მ. ა-ის (ა. ა-ის მემკვიდრე) ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებზე, რომლებითაც ისინი ადასტურებენ, რომ ო. ხ-ი 1992 წლიდან ფლობდა მიწის ნაკვეთს და ა. ა-ს არ ჰქონია არც დავა და არც შემხებლობა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთთან. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული სისტემური რეგისტრაციის დროს დაშვებული შეცდომაა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება მიწის ნაკვეთი, რომლის დანიშნულება არის საძოვარი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 10 მარტის მდგომარეობით მომზადებული ამონარიდი მიწათსარგებლობის გეგმიდან, რომლის თანახმად სადავო მიწის ნაკვეთის დანიშნულება და კატეგორია არ დგინდება (ს.ფ. 70). ამასთან, საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 21 ივნისის მდგომარეობით მომზადებული ამონარიდი მიწათსარგებლობის გეგმიდან, რომელშიც აღნიშნულია, რომ მცხეთის რაიონის ...ის მეცხოველეობის ს/მეურნეობის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საძოვარს. შესაბამისად, ვინაიდან სახეზეა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულება, დასაბუთებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მითითება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში სრულყოფილად არ არის შესწავლილი და შეფასებული უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისია, თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით (,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი). ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო საკითხის განხილვისას, არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით და საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რაც ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე