Facebook Twitter

№ბს-972(2კ-22) 31 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ.ჯ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 12 ნოემბერს გ.ჯ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციიის 2018 წლის 18 დეკემბრის №000053 დადგენილებისა („სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 ოქტომბრის №1674 ბრძანების („გ.ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“) ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ჯ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით გ.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით გ.ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 ოქტომბრის №1674 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 18 დეკემბრის №000053 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ის №1-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი № ...) განხორციელებულ რეკონსტრუქციასა და მიშენებებთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი ქალაქ თბილისის მერია აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მშენებლობის ნებართვის/წერილობითი დასტურის საფუძველზე. სათანდო დოკუმენტის მოპოვების გარეშე სამშენებლო სამუშაოების წარმოება განიხილება მშენებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევად, რაც განსახილველ შემთხევაში სახეზეა. მოსარჩელე გ.ჯ-ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს. ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 7 აგვისტოს ოქმზე ხელმოწერით მოსარჩელემ დაადასტურა უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების ფაქტი, ხოლო შემდეგ 2018 წლის 13 დეკემბერსა და 2019 წლის 26 თებერვალს ადმინისტრაციულ ორგანოში გამართულ სხდომებზე მოსარჩელემ უარყო უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ აღნიშნული ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებები შესაძლოა მიზნად ისახავდეს ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომაში შეყვანას.

შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, ვინაიდან მოსარჩელე გ.ჯ-ე წარმოადგენს სადავოდ გამხდარი სარეკონსტრუქციო სამუშაოების მწარმოებელ პირს.

კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს ვისმა ქმედებამაც უშუალოდ წარმოშვა სამშენებლო სამართალდარღვევა. თუ მწარმოებელი ვერ დგინდება, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს. სწორედ იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალურ ინსპექციას დადგენილი ყავდა მშენებლობის მწარმოებელი პირი, ვერ დაიწყებდა სამართალწარმოებას სხვა პირის მიმართ თუნდაც შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე, რადგან მისი ბრალეული ქმედების შედეგად არ დამდგარა სამშენებლო სამართალდარღვევა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მუნიციპალური ინსპექციის მიერ ობიექტზე მოხდა მოსარჩელე გ.ჯ-ის გამოკითხვა და შედგა დათვალიერების ოქმი რა დროსაც, გ.ჯ-ემ განმარტა, რომ უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები ნაწარმოები იყო მის მიერ ჯერ კიდევ 1992 წელს. შემდეგ მერიაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე შეცვალა ახსნა-განმარტება და აღნიშნა, რომ სამუშაოები ნაწარმოები იყო მისი ძმის ვ.ჯ-ის მიერ და ეს უნდა გაეთვალისწინებინა მუნიციპალურ ინსპექციას ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას. რეალურად ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომაში შეყვანის მიზნით შეცვალა მოსარჩელემ პირვანდელი ახსნა-განმარტება, რაც კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 7 აგვისტოს შედგენილ იქნა №4-6/ო-21177-18 დათვალიერების ოქმის. ოქმის მიხედვით, აღნიშნული პერიოდისათვის, ქ. თბილისი, ...ის შესახევევი №1-ში, შესაბამისი სამსახურის სპეციალისტებმა დაათვალიერეს კაპიტალური შენობა ნაგებობა. ადგილზე დათვალიერების დროს გ.ჯ-ემ განმარტა, რომ ქ. თბილისში, ...ის შესახევევი №1-ში ცხოვრობს 1968 წლიდან და ფლობს 32 კვ. მეტრს. ქუჩის მხრიდან განხორციელებული მიშენება გააკეთა 1992 წელს არსებული კიბის გაბარიტებში, ეზოს მხრიდან კიბის გასწვრივ ააშენა კედელი. სამუშაოების დროს არ შეხებია მზიდ კონსტრუქციებს, რომელზეც წარადგინა კონსტრუქციული დასკვნა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2018 წლის 8 ოქტომბერს, გ.ჯ-ის მიმართ შედგა №000053 მითითება, რომლითაც დადგენილია, რომ გ.ჯ-ის მიერ ქ. თბილისი ...ის შეს. №1-ში (ს.კ ...) არსებულ კაპიტალურ შენობა-ნაგებობაზე განხორციელებულია სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ: ქუჩის მხარეს გაუქმებულია კიბის საფეხურები და მოწყობილია კაპიტალური მიშენება, რომელიც ცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთზე, ასევე გაუქმებულია ფანჯარა. ეზოს მხრიდან დამატებულია კაპიტალური მიშენება, მოწყობილია კარი და ფანჯარა, ბაქანი, საფეხურები, გათბობის აგრეგატი და მსუბუქი გადახურვა (მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპი - დასრულებული). გ.ჯ-ეს დაევალა განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა ან ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახური გაატარებდა საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზომებს. მოსარჩელეს დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.

2018 წლის 8 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას განცხადებით მიმართა გ.ჯ-ემ და განმარტა, რომ 2018 წლის 9 ოქტომბერს ჩაბარდა მათი სამსახურის №000053 მითითება. ვინაიდან მისი ძმა ვ.ჯ-ე არის გარდაცვლილი მამის ერთადერთი მემკვიდრე, აღნიშნული საცხოვრებელი სახლი უნდა დარეგისტრირდეს ვ.ჯ-ის სახელზე. აღნიშნულზე მის ძმას დაწყებული აქვს სამართლებრივი მოქმედებები. მითითებაში აღწერილი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდა მისი ძმის მიერ. სარჩელის აღძვრის და საქმის დასრულების შემდეგ, მისი ძმა აპირებს მიმართოს მერიის არქიტექტურის სამსახურს განხორციელებული სამუშაოების ლეგალიზება-კანონიერების მოთხოვნით.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2018 წლის 9 ნოემბერს შეადგინა №000053 შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა გ.ჯ-ის მიერ №000053 მითითების პირობების შეუსრულებლობა.

აღნიშნული შემოწმების აქტი გ.ჯ-ემ პირადად ჩაიბარა 2018 წლის 11 დეკემბერს.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 5 დეკემბრის №17-0118339523 წერილით გ.ჯ-ეს ეცნობა, რომ 2018 წლის 08 ოქტომბრის №000053 მითითების და 2018 წლის 9 ნოემბრის შემოწმების აქტთან დაკავშირებით, 2018 წლის 13 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება ზეპირი განხილვა. სხდომაზე გამოცხადდნენ გ.ჯ-ე და მისი წარმომადგენელი ნ.ბ-ე. სხდომაზე გ.ჯ-ემ დაადასტურა 2018 წლის 08 ოქტომბრის №000053 მითითების და 2018 წლის 9 ნოემბრის შემოწმების აქტის ჩაბარება და განაცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოები მის მიერ არ განხორციელებულა, აღნიშნული განხორციელდა მისი ძმის ვ.ჯ-ის მიერ. მხარემ აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ცხოვრობს თავის ძმასთან და ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ობიექტი მალე დარეგისტრირდება მისი ძმის სახელზე. მხარემ ითხოვა მის მიმართ წარმოების შეწყვეტა და ვ.ჯ-ის მიმართ ახალი წარმოების დაწყება და წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოდან ცნობა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სპეციალისტის მიერ 2018 წლის 18 დეკემბერს შედგენილი №11626 მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ გ.ჯ-ის მიერ არ იქნა 2018 წლის 8 ოქტომბრის №000053 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ არ იქნა წარმოდგენილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არ განხორციელდა ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა.

უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ...ის შესახვევი, №1, დაუზუსტებელი ფართობი 452 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი ..., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ.მ-ის, ნ.ს-ის და ტ.ა-ას საკუთრების უფლებით. უძრავ ნივთზე ასევე რეგისტრირებულია თანამესაკუთრის უფლება. მ.მ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 86,43 კვ. მეტრ ფართზე, საკადასტრო კოდით ..... ტ.ა-ას და ნ.ს-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ფართზე ლიტერი „ა“, 1/4-1/4 წილის ოდენობით, საკადასტრო კოდი .....

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 18 დეკემბრის №000053 დადგენილებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე გ.ჯ-ე დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, შესახვევი ... №1-ში (ს/კ ...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, არსებული კაპიტალური შენობა ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის (ქუჩის მხარეს გაუქმებული კიბის საფეხურები და მოწყობილია კაპიტალური მიშენება, რომელიც სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ასევე გაუქმებულია ფანჯარა, ეზოს მხრიდან დამატებულია კაპიტალური მიშენება, მოწყობილია კარი, ფანჯარა, ბაქანი, საფეხურები, გათბობის აგრეგატი და მსუბუქი გადახურვა).

ამავე დადგენილებით დაევალა ქ. თბილისში, შესახვევი ... №1-ში (ს/კ ...), უნებართვოდ რეკონსტრუირებული არსებული კაპიტალური შენობა ნაგებობის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმეზე №2/35384-18) ვ.ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. უმკვიდროდ იქნა ცნობილი ნ.ს.გ-ას სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ...ის შესახვევი №1, ლიტერი „ა“-ს 1/2 წილი. ვ.ჯ-ე ცნობილი იქნა, ქ. თბილისში, ...ის შესახვევი №1-ში მდებარე ნ.ს.გ-ას სახელზე რიცხული ლიტერი „ა“-ს 1/2 წილი საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2019 წლის 8 ოქტომბერს, ვ.ჯ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ქ. თბილისი, შესახვევი ... №1, მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ .......).

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 18 დეკემბრის №000053 დადგენილება, გ.ჯ-ის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 31 ოქტომბრის №1674 ბრძანებით გ.ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 18 დეკემბრის №4-1/დ2117-18 დადგენილება №000053 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 02.03.2020 წ. №139 დადგენილება) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. იმავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ამასთანავე, დადგენილების 66-მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, ხოლო მე-1-პუნქტი ადგენს, რომ ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.

საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს.

საქმის მასალებით, ასევე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით დადგენილია, რომ გ.ჯ-ე დაჯარიმდა როგორც სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განმახორციელებელი პირი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით ცალსახად არ დგინდება, თუ როდის და ვინ განახორციელა სადავო სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. მაკარიძე