Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-553(კ-22) 5 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ტ. ჯ-ი; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი; მესამე პირი - გ. კ-ი).

აღწერილობითი ნაწილი:

2017 წლის 8 ივნისს ტ. ჯ-იმა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, ტ. ჯ-იმა მოითხოვა უძრავ ქონებაზე ბ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 სექტემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 მაისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 10 ივლისის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ტ. ჯ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ გ. კ-ი და თ. კ-ი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ტ. ჯ-ის სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 სექტემბრის N... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2017 წლის 30 მაისის N... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 10 ივლისის N... გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა - თ. კ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ. კ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, მე-9 მუხლებზე, ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის Nბს-1154-1148(კ-17) გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, განმარტა, რომ ერთი და იმავე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენციის პირობებში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრეა რეგისტრირებული. წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, N... უძრავ ნივთზე 2003 წლის 8 სექტემბერს განხორციელებული რეგისტრაცია და მისი საფუძველი - ქალაქ რუსთავის გამგეობის 1992 წლის 5 მაისის N139 გადაწყვეტილება ძალაშია, კანონით დადგენილი წესით არ გაუქმებულა და აღნიშნული რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს რეგისტრაციის კანონიერების და უტყუარობის პრეზუმფცია. ამდენად, არ უნდა იქნეს გაზიარებული აპელანტის პოზიცია, რომელიც უკავშირდება 2011 წლის 15 სექტემბერს განხორციელებული რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტის - ქალაქ რუსთავის გამგეობის 1992 წლის 11 მარტის №62 გადაწყვეტილების მიღების თარიღს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტმა ვერ გააბათილა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებული დასკვნები. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

სააპელაციო პალატამ ასევე იმსჯელა აპელანტის არგუმენტზე, რომელიც შეეხებოდა საქმეში რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე პირად ჩაბმას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის წარმომადგენლისა და მესამე პირის ადვოკატის განცხადება, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.23 მუხლის თანახმად, მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამდენად, კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება შესაძლებელია გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, რაც მოცემულ შემთხვევაში აპელანტს არ განუხორციელებია და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 მაისის განჩინება კანონიერ ძალაშია შესული. სააპელაციო პალატა, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ვერ იმსჯელებს საქმეში მესამე პირის ჩართვაზე უარის კანონიერების საკითხზე. აღნიშნული სცდება მოცემული დავის ფარგლებს. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ 2020 წლის 19 მაისის განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2020 წლის 23 ივნისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2020 წლის 24 სექტემბერს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა თ. კ-იმა. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება არასრულია და არსებითად ლახავს კასატორის კანონიერ ინტერესს. პირველ რიგში, სწორი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს საქმეში მესამე პირად რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართვაზე უარის თქმას. სასამართლომ თავი აარიდა იმ განმარტების მოსმენას, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნებოდა. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საქმეში ჩართვა ბევრ დეტალს მოჰფენდა ნათელს. აღნიშნულმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა აქტი, რომელიც ბ. კ-ითან მიმართებაში უფლების დამდგენი აღმოჩნდა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაამახვილა ყურადღება კერძო საჩივრის წარმოუდგენლობის ფაქტზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი განჩინების გამოცხადების დროს გასაჩივრების წესი იმგვარად განმარტა, როგორც ეს განახორციელა აპელანტმა.

კასატორის მოსაზრებით, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება კანონიერია ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით და ეფუძნება შესაბამის კანონმდებლობას. კასატორი მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტზე, მეორე მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლზე და აღნიშნავს, რომ ბ. კ-ის საკუთრების წარმოშობისათვის უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის გამგეობის 1992 წლის 11 მარტის N62 გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი იგივე შინაარსის დოკუმენტი გაცემულია ერთი თვის შემდეგ. ამდენად, ბ. კ-ის უფრო ადრე წარმოეშვა სადავო უძრავი ნივთის საკუთრებაში მიღების უფლება. მოსარჩელის მიერ წარდგენილი, მოგვიანებით გაცემული მიწის გამოყოფის დოკუმენტი ეჭვს ბადებს მისი კანონიერების კუთხით. მიუხედავად ამისა, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ საჯარო რეესტრმა 2011 წელს სადავო საკითხი სრულყოფილად არ გამოიკვლია და შესაბამისი გადაწყვეტილება ბათილად ცნო. კასატორი ასევე საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ტ. ჯ-იზე გადაცემული მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირება შეუძლებელია.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომელიც შეეხება ერთი და იმავე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენციის საკითხს. მოცემული საქმე არსებითად განსხვავდება იმ საქმისაგან, რომელზეც მიღებულია სააპელაციო პალატის მიერ ნახსენები გადაწყვეტილება. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ბ. კ-ის სახელზე გამოცემულია უფრო ადრე, ვიდრე ტ. ჯ-იზე. ამდენად, ამ გარემოების უყურადღებოდ დატოვება გადაწყვეტილებაზე არსებით გავლენას ახდენს. ორივე ინსტანციის სასამართლო უდავო ფაქტობრივ გარემოებად ადგენს, რომ ქალაქ რუსთავის გამგეობის 1992 წლის 6 მაისის N139 გადაწყვეტილებით, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1992 წლის 20 სექტემბრის N644 დადგენილების საფუძველზე, N341 მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გამოეყო ტ. ჯ-ის. გაუგებარია, რატომ ჩათვალა სასამართლომ აღნიშნული გარემოება უდავოდ დადგენილად, იმ პირობებში, როდესაც მესამე პირი, ეროვნული არქივიდან მიღებული ცნობის საფუძველზე, სადავოდ ხდიდა სწორედ ტ. ჯ-ის საკუთრებაში უძრავი ქონების გადაცემის კანონიერებას. ამასთან, უფლების დამდგენი აქტი არქივში ვერ იქნა მოძიებული. უსაფუძვლოა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დროს ჩაატაროს ზეპირი განხილვა. შესაბამისად, გაუგებარია, რა შეიცვლებოდა საჯარო რეესტრში ტ. ჯ-ის მოსმენის შემდეგ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის პირველი ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. კ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ქალაქ რუსთავის გამგეობის 1992 წლის 11 მარტის N62 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 30 მარტის N323 გადაწყვეტილებაში და ბ. გ.-ს ძე კ-ის, ადრე გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ნაცვლად, გამოეყო ქ. რუსთავში, მე-... მ/რ-ში, ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებული N341 მიწის ნაკვეთი, 500 კვ.მ ფართით.

ქალაქ რუსთავის გამგეობის 1992 წლის 5 მაისის N139 გადაწყვეტილებით, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1992 წლის 20 სექტემბრის N644 დადგენილების საფუძველზე, ქ. რუსთავში, მე-6 მ/რ-ის მიმდებარედ, 600 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი N341 გამოეყო ტ. ჯ-ის, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის.

საქმეში არსებული, 2003 წლის 13 ოქტომბერს გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ზემოაღნიშნული 1992 წლის 5 მაისის N139 გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. რუსთავში, მე-... მ/რ-ის მიმდებარედ არსებულ 600 კვ.მ ფართზე (ს/კ ...) 2003 წლის 8 სექტემბერს აღირიცხა ტ. ჯ-ის საკუთრების უფლება. ამავე თარიღით, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემულია ტ. ჯ-იზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ამსახველი საკადასტრო რუკა.

„რეგისტრაციის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით, ქ. რუსთავში, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება (ნაკვეთი N341, ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი - 500 კვ.მ), საკუთრების უფლებით აღირიცხა ბ. კ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულ იქნა ქალაქ რუსთავის გამგეობის 1992 წლის 11 მარტის N62 გადაწყვეტილება.

2017 წლის 18 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ტ. ჯ-იმა და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქ. რუსთავში, მე-... მ/რ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მის სახელზე არსებულ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 მაისის N... გადაწყვეტილებით ტ. ჯ-ის განემარტა, რომ განცხადებაში მის მიერ მითითებული სარეგისტრაციო უძრავი ნივთი ზედდებაშია უკვე რეგისტრირებულ მონაცემებთან (ს/კ ...). ამავე გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს დაევალა კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ივლისის N... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ტ. ჯ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის ინტერესი, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობასთან მიმართებაში, უკავშირდება უძრავ ნივთზე დაზუსტებული რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, 2017 წლის 18 მაისს საჯარო რეესტრში განცხადების წარდგენისას გამოვლენილ გარემოებას - სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდებას „რეგისტრაციის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით რეგისტრირებული N... მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან. მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მან უფლება მოიპოვა ქალაქ რუსთავის გამგეობის 1992 წლის 5 მაისის N139 გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთანავე, 2003 წელს, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი მონაცემებით აღირიცხა მისი საკუთრების უფლება ქ. რუსთავში, მე-... მ/რ-ის მიმდებარედ არსებულ 600 კვ.მ ფართზე (ს/კ ...), თუმცა დაზუსტებული რეგისტრაციის მიზნით 2017 წლის 18 მაისს წარდგენილ განცხადებაში მის მიერ მითითებული სარეგისტრაციო უძრავი ნივთი ზედდებაშია 2011 წელს რეგისტრირებულ მონაცემებთან (ს/კ ...).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუზუსტებელი სახით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ ნიშნავს ასეთი საკუთრების უფლების არარსებობას. სააღრიცხვო მონაცემებს, მასში ასახული დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი მონაცემების მიუხედავად, იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, როგორც საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, უნდა უზრუნველყოს როგორც დაზუსტებული, ისე დაუზუსტებელი რეგისტრაციის მქონე პირების ინტერესთა დაცვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ამავე ნორმის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ როგორც მოსარჩელის, ისე ბ. კ-ის შემთხვევაში, გაცემულია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის წარმომშობი დოკუმენტი. კერძოდ, ტ. ჯ-ის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის გამგეობის 1992 წლის 5 მაისის N139 გადაწყვეტილება, რომლითაც მას ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გამოეყო ქ. რუსთავში, მე-... მ/რ-ის მიმდებარედ არსებული 600 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი N341. აღნიშნული დოკუმენტი საფუძვლად დაედო 2003 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მის სახელზე საჯარო რეესტრში უძრავი ქონების დაუზუსტებელი მონაცემებით აღრიცხვას. რაც შეეხება ბ. კ-ის სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველს - დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავის გამგეობის 1992 წლის 11 მარტის N62 გადაწყვეტილებით ბ. გ.-ს ძე კ-ის გამოეყო ქ. რუსთავში, მე-... მ/რ-ში, ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებული N341 მიწის ნაკვეთი, 500 კვ.მ ფართით. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, საჯარო რეესტრში ბ. კ-ის სახელზე საკუთრების უფლება აღირიცხა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ითვლება, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. ამასთანავე, ძალაშია როგორც მის სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის ფაქტობრივი საფუძველი, ისე განხორციელებული რეგისტრაცია. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელეზე საჯარო რეესტრში 2003 წელს განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმება. ამდენად, სადავო არ არის მოსარჩელის საკუთრების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაუზუსტებელი მონაცემებით აღირიცხა საჯარო რეესტრში 2003 წელს. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომელიც უკავშირდება ერთი და იმავე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენციისას, იმ უფლებისათვის უპირატესობის მინიჭებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრეა რეგისტრირებული. საკასაციო სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ „..წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას..“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის Nბს 1154-1148(კ-17) გადაწყვეტილება). ამასთანავე, „..საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი მდგომარეობა. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა..“. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბ. კ-ის სახელზე სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროს, სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში უკვე აღრიცხული იყო მოსარჩელის საკუთრებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არსებითად სწორ მსჯელობას შეიცავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის აუცილებლობის თაობაზე, ვინაიდან სახეზეა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის აუცილებლობა.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, თ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, თ. ნ-ის (პირადი N...) უნდა დაუბრუნდეს თ. კ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2022 წლის 31 მაისს, N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება;

3. თ. ნ-ის (პირადი N...) დაუბრუნდეს თ. კ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2022 წლის 31 მაისს, N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე