საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-467(კ-22) 16 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მა“ 2016 წლის 18 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ და მოპასუხის 2016 წლის 19 თებერვლის №11/34 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 თებერვლის №11/34 გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, კომისიის მიერ დადგინდა, რომ ლიცენზიატის ქმედებები ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგებოდა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ ნორმატიულ დანაწესებს და ის ბოროტად სარგებლობდა მონოპოლიური უფლებამოსილებებით. აღნიშნული კი თავის მხრივ, კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილებით დამტკიცებული „ლიცენზირების წესების“ დარღვევას წარმოადგენდა. კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ კონკრეტულ ნორმებზე მითითებით, კომისიამ შპს „...ისაგან“ მოითხოვა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო თ. ჭ-ეზე ტექნიკური პირობის გაცემა, თუმცა, შპს „...მა“ ფაქტობრივად უარი განაცხადა კომისიის მოთხოვნის შესრულებაზე. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 181 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომპანია ვალდებული იყო თ. ჭ-ის 2015 წლის 16 სექტემბრის განცხადების საფუძველზე 2 კვირის ვადაში გაეცა წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა. მან კი 2015 წლის 12 ოქტომბრის წერილით, თავდაპირველად „ქსელის წესებთან“ შეუსაბამო მოთხოვნები წაუყენა განმცხადებელს, ხოლო მოგვიანებით - 2015 წლის 18 დეკემბრის წერილით უარი განაცხადა კომისიის მოთხოვნაზე - დაეკმაყოფილებინა ჭ-ის განცხადება. შესაბამისად, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობით, კომპანიამ დაარღვია სალიცენზიო პირობები. კომისიის 2016 წლის 19 თებერვლის №11/34 გადაწყვეტილებით, შპს „...ის“ მიერ თ. ჭ-ის მოთხოვნაზე ტექნიკური პირობის გაუცემლობა, როგორც კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, მიჩნეულ იქნა სალიცენზიო პირობების დარღვევად და კომპანიას დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
კასატორის მითითებით, 2011 წლის 21 დეკემბრის №34/3 გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სახელზე გაიცა წყალმომარაგების ლიცენზია, რაც უდავოდ ადასტურებს, რომ შპს „...ი“, როგორც წყალმომარაგების ლიცენზიატი, ვალდებულია უპირობოდ, სრული შესაბამისობით შეასრულოს კომისიის დადგენილებითა და გადაწყვეტილებებით დაკისრებული ან/და გათვალისწინებული ვალდებულებები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 25 სექტემბრის კომისიის სხდომაზე მიიღო №53/11 გადაწყვეტილება, რომლის პირველი პუნქტით, შპს „...ის“ კონკრეტული ქმედება მიჩნეულ იქნა კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამოდ და ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით, შპს „...ს“ განემარტა, რომ წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მსურველი პირებისათვის ნებისმიერი ისეთი დამატებითი ვალდებულების დაკისრება, რომელიც გათვალისწინებული არ იყო საქართველოს ენერგეტიკისა და მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“, განხილული იქნებოდა, როგორც სალიცენზიო პირობების დარღვევა, რაც გამოიწვევდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას, მათ შორის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებას. კომისიის 2016 წლის 27 იანვრის N6/7 გადაწყვეტილებით, რომელიც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, უპირობოდ დადგენილი იქნა, რომ შპს „...ის“ მიერ მოქალაქის მოთხოვნაზე ტექნიკური პირობის გაუცემლობა ეწინააღმდეგებოდა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნებს, ხოლო კომისიის ზემომითითებული 2015 წლის 25 სექტემბრის №53/11 გადაწყვეტილების მესამე პუნქტის განმარტების გათვალისწინებით, ეს ქმედება წარმოადგენდა სალიცენზიო პირობების დარღვევას.
კასატორის მითითებით, სადავო პერიოდში ჯარიმის ოდენობა განსაზღვრული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 921 მუხლით, რომლის თანახმადაც, განაწილების ლიცენზიატის მიერ კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, კომისიამ მიიჩნია, რომ შეუსრულებელი სალიცენზიო პირობის შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის აუცილებლობა არ არსებობდა, ვინაიდან, ეს ვადა განსაზღვრული იყო ჯერ კიდევ კომისიის 2016 წლის 27 იანვრის N6/7 გადაწყვეტილების მე-2-მე-3 პუნქტებით. კასატორი აღნიშნავს, რომ ჭ-ის განცხადების ფარგლებში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე კომპანიის სხვადასხვა პოზიცია ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ კომპანია თავს არიდებდა მის მიერ სალიცენზიო პირობებით აღებული ვალდებულებების შესრულებას და მომხმარებლებს უყენებდა ისეთ პირობებს, რასაც ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ არ ითვალისწინებდა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს კონკრეტულ ურთიერთობაზე არ უნდა გაევრცელებინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სახდელის დადების ვადები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ 2015 წლის 16 სექტემბერს მოქალაქე თ. ჭ-ემ განცხადებით მიმართა შპს „...ს“ და თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ... უბანი, ს/კ ...) წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მიზნით ტექნიკური პირობის გაცემა მოითხოვა. შპს „...ის“ 2015 წლის 12 ოქტომბრის №9948/09 წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ აღნიშნულ დასახლებაში არსებული მესაკუთრეების მიერ უნდა შექმნილიყო საინიციატივო ჯგუფი (ამხანაგობა), რომელიც კომპანიას მიმართავდა წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების თაობაზე. წყალსადენის ქსელის მოწყობის შესაძლებლობის შემთხვევაში, ტექნიკური პირობის შესაბამისად, პროექტის და სათანადო ხარჯთაღრიცხვის დამუშავების შემდეგ, ყველა პროცედურის გავლით, დაფინანსების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა განაშენიანების (დასახლების) წყალმომარაგების განხორციელება. 2015 წლის 19 ნოემბერს თ. ჭ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კომპანიის მიერ წყალმომარაგების ტექნიკური პირობის გაცემის მოთხოვნით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 02 დეკემბრის №6/10-27/1736-8262 წერილით შპს „...ს“ მოსთხოვა, რომ კომპანიის შესაბამის სამსახურს დავალებოდა თ. ჭ-ის განცხადების საფუძველზე სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ტექნიკური პირობის გაცემა. შპს „...მა“ 2015 წლის 18 დეკემბრის №... წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას აცნობა, რომ სადავო ტერიტორიის საბოლოო განაშენიანების გეგმის არარსებობის გამო, გაურკვეველი იყო მომხმარებლების რაოდენობა და წყლის მოცულობა. მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რაოდენობიდან გამომდინარე, წინასწარ შეუძლებელი იყო განესაზღვრათ განაშენიანებისათვის საჭირო წყლის დღე-ღამური (საათობრივი, პიკური) ხარჯები. აღნიშნულის გაუთვალისწინებლობით კი შესაძლებელი იყო 24 საათიანი წყალმომარაგების საფრთხე შექმნოდა ე.წ. ...ის ზედა ზონას (თბილისზე შემოერთებული ტერიტორიები: ...ი, ...ი და ა.შ.). წერილში ასევე აღინიშნა, რომ კომპანიას მიზანშეწონილად არ მიაჩნდა წყალმომარაგებისთვის განსავითარებელ ტერიტორიაზე თითოეულ მომხმარებლამდე სასმელი წყლის მიწოდება სხვადასხვა მცირე დიამეტრის მილის საშუალებით, რაც გამოიწვევდა ქსელის ფრაგმენტაციას და ტერიტორიის გადატვირთვას მილსადენებით. ასევე, აღნიშნული გარემოება ხელს შეუშლიდა საბოლოო განაშენიანების შემდეგ ყველა მოსახლის სტაბილურ წყალმომარაგებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიამ მიიჩნია, რომ აუცილებელი იყო ნებისმიერ ტერიტორიამდე (განაშენიანებამდე), რომელიც არ იყო უზრუნველყოფილი წყალმომარაგებით, ტერიტორიის საზღვრებამდე წყლის მიწოდება განხორციელებულიყო ერთი საერთო განაშენიანებისათვის საჭირო მაღალი გამტარობის დიამეტრის მილსადენის საშუალებით, რაც არარეგულირებად დაფინანსებას საჭიროებდა. ამასთან, კომპანია მზადყოფნას გამოხატავდა თანამშრომლობისათვის.
2016 წლის 06 იანვარს თ. ჭ-ემ განმეორებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და აცნობა, რომ შპს „...ის“ მხრიდან არანაირ რეაგირებას ადგილი არ ჰქონია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 27 იანვრის №6/7 გადაწყვეტილებით შპს „...ის“ მიერ მოქ. თ. ჭ-ის მოთხოვნაზე ტექნიკური პირობის გაუცემლობა მიჩნეულ იქნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებთან“ შეუსაბამოდ და შპს „...ს“ დაევალა გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველეყო მოქ. თ. ჭ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წყალმომარაგების ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის გაცემა. შპს „...ის“ 2016 წლის 19 თებერვლის წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ეცნობა, რომ კომპანიას კომისიის 2016 წლის 27 იანვრის №6/7 გადაწყვეტილება ჩაბარდა 2016 წლის 15 თებერვალს, ხოლო მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღეში მოქალაქე თ. ჭ-ეზე გაცემული იქნა წყალმომარაგების ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა, რის თაობაზეც ელექტრონული შეტყობინება გაიგზავნა თ. ჭ-ესთან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 თებერვლის №11/34 გადაწყვეტილებით შპს „...ის“ მიერ მოქ. თ. ჭ-ის მოთხოვნაზე ტექნიკური პირობის გაუცემლობა, როგორც კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, მიჩნეულ იქნა სალიცენზიო პირობების დარღვევად; შპს „...ს“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 921 მუხლის შესაბამისად, ჯარიმის სახით დაეკისრა 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენა საჭიროებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 თებერვლის №11/34 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებას. ამდენად, სასამართლოს მსჯელობის საგანს შპს „...ის“ მიერ სალიცენზიო პირობების შესაძლო დარღვევა წარმოადგენს.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 921 მუხლის თანახმად, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ლიცენზიატის ან პირდაპირი მომხმარებლის, აგრეთვე სასმელი წყლის მიმწოდებლის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ლიცენზიატმა არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნა, რითიც დარღვეულ იქნა სალიცენზიო პირობები.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანი შეეხება მოქალაქისათვის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის გაცემას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-18 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების ლიცენზიატს. წესების მე-7 პუნქტის შესაბამისად, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სათანადო განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს განაცხადის შესწავლა და მოთხოვნილი მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო მოქმედების განხორციელება. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღნიშნული ნორმის დანაწესი არ გულისხმობდა ლიცენზიატისათვის ტექნიკური პირობების გაცემაზე უპირობო თანხმობის გაცემის ვალდებულების დაკისრებას.
კონკრეტულ შემთხვევაში, შპს „...მა“, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა თ. ჭ-ის განცხადება, იმსჯელა მოქალაქის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების გზებზე და განმცხადებელს აცნობა, რომ ინდივიდუალურად მხოლოდ თ. ჭ-ის ქსელზე მიერთება საფრთხის შემცველი იქნებოდა გარკვეული ტერიტორიის წყალმომარაგებით შეუფერხებელი ურუნველყოფისათვის, ამიტომ მიზანშეწონილი იყო სადავო ტერიტორიაზე წყლის მიწოდება განხორციელებულიყო ერთი საერთო განაშენიანებისათვის საჭირო მაღალი გამტარობის დიამეტრის მილსადენის საშუალებით. ამასთან, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამდა შემდგომი თანამშრომლობისათვის. ხსენებული მოცემულობის გათვალისწინებით, ადგილი არ ჰქონია ლიცენზიატის მხრიდან უმოქმედობას ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ისე დაავალა ლიცენზიატს მოქალაქისათვის ტექნიკური პირობების გაცემა, რომ არ უმსჯელია შპს „...ის“ მიერ დასახელებულ არგუმენტებზე. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ხსენებული არგუმენტები, საერთო ჯამში, მოსახლეობისათვის წყალმომარაგების ეფექტიანი და შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფას ემსახურებოდა. ამასთან, შპს „...ი“ მზად იყო შემდგომი მოლაპარაკებებისათვის და მას თ. ჭ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ცალსახა უარი არ განუცხადებია. მიუხედავად ხსენებული გარემოებებისა, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „...ს“ განმეორებით დაავალა გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველეყო თ. ჭ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წყალმომარაგების ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის გაცემა. აღნიშნულის შედეგად, შპს „...მა“ 2016 წლის 19 თებერვლის წერილით კომისიას აცნობა, რომ მითითებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღეში მოქალაქე თ. ჭ-ეზე გაიცა წყალმომარაგების ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა, რის თაობაზეც ელექტრონული შეტყობინება გაიგზავნა თ. ჭ-ესთან. მიუხედავად ამისა, ამავე დღეს - 2016 წლის 19 თებერვალს კომისიის მიერ მიღებულ იქნა შპს „...ის“ დაჯარიმების შესახებ სადავო გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას კონკრეტულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებათა გამოყენების შესახებ. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ შპს „...ს“ ჯარიმის სახით სახდელი სწორედ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 921 მუხლის საფუძველზე შეფარდება, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, მათ შორის გაეთვალისწინებინა ამავე კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი სახდელის შეფარდების ვადები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარზე 08.04.2022წ. №492 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (ს/კ 204400200) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.04.2022წ. №492 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა
გ. მაკარიძე