საქმე №ბს-1(კ-23) 11 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ.ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 9 დეკემბერს ლ.ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ხოლო მოპასუხისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად, მოპასუხედ მიუთითა - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მოსარჩელე ლ.ჯ-ას სასარგებლოდ, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საშინაო ვალის ფარგლებში შემნახველი სალარო წიგნაკისა და სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად 21443,30 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ლ.ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განჩინებით ლ.ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს დაევალოს მოპასუხეს აუნაზღაუროს მოსარჩელე ლ.ჯ-ას „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საშინაო ვალის ფარგლებში შემნახველი სალარო წიგნაკისა და სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად 21443,30 ლარი.
2018 წლის 9 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით (სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ნომერი ...) ლ.ჯ-ა არის დ.რ-ას კანონისმიერი მემკვიდრე, მან როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ - შვილმა მიიღო სამკვიდრო სრულად. დ.რ-ას, შემნახველი სალაროს წიგნაკის მიხედვით, სხვადასხვა დროს შეტანილი ჰქონდა შემნახველ ანგარიშზე თანხები.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებით შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 1 მაისამდე. აღნიშნულ დადგენილებაში რამდენჯერმე იქნა ცვლილება შეტანილი, ხოლო საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 დეკემბრის №752 დადგენილებით შეტანილი ცვლილების თანახმად, კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრამდე. კომისიას დაევალა საქართველოს კანონის საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და მთავრობისა და პარლამენტისათვის წარდგენა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2012 წლის 12 სექტემბრის №08-04/63145 წერილის მიხედვით, ლ.ჯ-ას განემარტა, რომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებით შექმნილი საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, რომელიც იმ პირთა მიმართ, რომლებიც განეკუთვნებიან „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აღიარებულ სავალო კატეგორიებს, შეიმუშავებს სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებით რეკომენდაციებს და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განემარტა მოსარჩელეს, რომ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე ვერ განხორციელდება „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით შესაბამისი პირების მიმართ აღიარებული სავალო ვალდებულებების შესრულება.
ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 16 მაისის №08-04/62988 წერილის მიხედვით, ლ.ჯ-ას განემარტა, რომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებით შექმნილი საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, რომელიც იმ პირთა მიმართ, რომლებიც განეკუთვნებიან „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აღიარებულ სავალო კატეგორიებს, შეიმუშავებს სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებით რეკომენდაციებს და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განემარტა მოსარჩელეს, რომ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე ვერ განხორციელდება „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით შესაბამისი პირების მიმართ აღიარებული სავალო ვალდებულებების შესრულება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის №ბს-728-720(კ-16) განჩინებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვალად აღიარება საჭიროებს მის დროული და ეფექტური ანაზღაურების მექანიზმის შემუშავებას, თუმცა მხედველობაშია მისაღები, რომ სახელმწიფო ვალის დაფარვის წესის შემუშავება უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ მთელ რიგ პროცედურებს, დიდძალი თანხების მობილიზებას, რომლის არარაციონალურმა დახარჯვამ, ბალანსის დაუცველობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს ფუნქციონირებას, მის ფინანსურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას. დასაფარი სახელმწიფო დავალიანების მასშტაბების გათვალისწინებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დავალიანების დაფარვის მექანიზმის რაციონალობას, გონივრულობას, დავალიანების პროცესის ორგანიზებულად წარმართვას, დაფარვის მექანიზმის ყველა პრობლემური საკითხის გათვლას და ა.შ. სახელმწიფოს მიერ აღიარებული სავალო ვალდებულების დაფარვის მექანიზმის შესახებ ნორმატიული აქტით მოსაწესრიგებელი საკითხის არაორდინალობის, საბიუჯეტო თანხების უკმარისობის, მოსაწესრიგებელი საკითხის რაციონალური ეკონომიკური მიდგომის აუცილებლობის, ეკონომიკურ-ფინანსური შესაძლებლობების დადგენის, ბიუჯეტის დაბალანსების საჭიროების და რიგი სხვა საკითხების მხედველობაში მიღებით, დავალიანების დაფარვის წესის შემუშავება საჭიროებს დავალიანების დაფარვის წესთან დაკავშირებული პრობლემატიკის ზედმიწევნით შესწავლას, სათანადო რესურსების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავებას. ასეთი წესის შემუშავება რთულ საფინანსო დაანგარიშებებთან არის დაკავშირებული, რომელზედაც მუშაობს კომისია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 07.02.12წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ო. ლანჩავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“).
საქმის გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოცემული სახის დავალიანების ანაზღაურების წესი განსაზღვრულ უნდა იქნეს სამთავრობო კომისიის მიერ. დღეის მდგომარეობით კი არ მოქმედებს ინდექსაციის მექანიზმის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს დავალიანების გადახდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულად, ვინაიდან არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოსარჩელის მიმართ საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის დანაწესით სახელმწიფომ აიღო პოზიტიური ვალდებულება და კანონის მიღებამდე (1998წ.) აღიარა სხვადასხვა ვალდებულებები საშინაო სავალო ვალდებულებად, მათ შორის, ყოფილი სსრ კავშირის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ბანკის მიერ ბლოკირებული, ამავე ბანკის თბილისის განყოფილების ანგარიშზე რიცხული, საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების აუნაზღაურებლობით წარმოქმნილი დავალიანება.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არ იმსჯელა სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლითაც ცალსახად იკვეთება როგორც მისი იურიდიული ინტერესი განსახილველი საქმის მიმართ, ასევე მისი განსაკუთრებული ინტერესი სახელმწიფოს მხრიდან სავალო ვალდებულების შესრულების ნაწილში და მისი უმძიმესი სოციალური მდგომარეობა, რაც საქმეში არსებული მოცემულობით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდებოდა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მითითება იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ფინანსთა სამინისტროში არ არსებობს კასატორის დაკმაყოფილების/გადახდის მექანიზმი, ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული „სპეციალური“ კომისია კი მუშაობს ინდექსაციაზე დაფარვის რიგითობაზე, გადახდის მექანიზმის შემუშავებაზე, კასატორისთვის ვერ იქნებოდა გაგებული სარწმუნო არგუმენტად. კასატორის მითითებით, სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობა, ვინაიდან, იგი ითხოვს ფინანსთა სამინისტროსთვის ქმედების განხორციელების დავალებას, სასამართლო კი მოცემული დავის ფარგლებში სცდება მის კომპეტენციას.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტება, რომ ვალუტის შეცვლისას გაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დროს არსებობდა. მხარის განმარტებით, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 მარტის №246 დადგენილებით თანაბრობა კუპონსა და მანეთს შორის განისაზღვრა 1-1, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბრის №363 ბრძანებულებით კუპონის ლარზე გაცვლის კურსი განისაზღვრა შეფარდებით 1 000 000 კუპონი 1 ლართან. მხარის განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ასეთი მოცემულობით რომ მომხდარიყო დაანგარიშება, კასატორს მიზერული თანხა უნდა ანაზღურებოდა სახელმწიფოს მხრიდან. სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არც აღნიშული არგუმენტი არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში კანონის შესაბამისად არ მომხდარა სახელმწიფო ვალის მანეთიდან კუპონზე, ხოლო შემდგომ მისი ლარზე ინდექსირება. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის 08.12.1997წ. №716 ბრძანებულება, რომელიც ითვალისწინებდა თანხის კუპონზე ინდექსაციის შესაძლებლობას, გამოცხადებულია ძალადაკარგულად.
ამასთან, კასატორი მუთითებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 26 ნოემბრის №10-3432 ცნობის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით - 1998 წლის 5 მარტის მოცემულობით 1 რუსული რუბლის გაცვლითი კურსი ლართან მიმართებაში შეადგენდა - 0.2202 ლარს, შესაბამისად, ამავე პერიოდში რუსული რუბლი შეადგენდა - 21 443.3 ლარს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ.ჯ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მოსარჩელე ლ.ჯ-ას სასარგებლოდ, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საშინაო ვალის ფარგლებში შემნახველი სალარო წიგნაკისა და სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად 21443,30 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის მიღებამდე სახელმწიფო საშინაო ვალად, გარდა მე-11 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებებისა, აღიარებულ იქნა შემდეგი სავალო ვალდებულებები: ყოფილი სსრ კავშირის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ბანკის მიერ ბლოკირებული, ამავე ბანკის თბილისის განყოფილების ანგარიშზე რიცხული, საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების აუნაზღაურებლობით წარმოქმნილი დავალიანება. მითითებული კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალი არის ეროვნული ვალუტით გამოსახული საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი; იმ ძირითადი თანხების ერთობლიობა, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული თანხებით. ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „კ“ ქვეპუნქტებში მოცემული სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვის წესი განისაზღვროს ყოველწლიურად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ასიგნებათა გამოყოფის შესაბამისად.
ამასთან, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებით „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, რომელსაც დაევალა სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და გადაწყვეტილების მისაღებად მათი მთავრობისა და პარლამენტისათვის წარდგენა. თავდაპირველად კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 1 მაისამდე. აღნიშნულ დადგენილებაში არაერთხელ იქნა ცვლილება შეტანილი, ხოლო საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №553 დადგენილებით შეტანილი ცვლილების თანახმად, კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2024 წლის 1 იანვრამდე.
განსახილველი საქმის გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, რომ მოცემული სახის დავალიანების ანაზღაურების წესი განსაზღვრულ უნდა იქნეს სამთავრობო კომისიის მიერ; დღეის მდგომარეობით კი არ მოქმედებს ინდექსაციის მექანიზმის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს დავალიანების გადახდა. შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოსარჩელის მიმართ საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმს, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად უთხრეს უარი მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ.ჯ-ას საკასაციო საჩივარზე 21.11.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ.ჯ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ჯ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განჩინება;
3. ლ.ჯ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.11.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა