Facebook Twitter

№ბს-299(კ-22) 5 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „...ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 12 ივლისის №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 21 ივლისის №... გადაწყვეტილება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 სექტემბრის №... და ... გადაწყვეტილებები; დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სს „...ას“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სს „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სს „...ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ არც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია აწესებს რაიმე კრიტერიუმს ელექტროგადამცემი ხაზის რომელიმე ცალკეული შემთხვევისთვის განსხვავებული კატეგორიის მინიჭებისთვის. შესაბამისად, ამ რეგულაციების ფარგლებში ცალსახაა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის საფუძველზე, ელექტროგადამცემ ხაზზე საკუთრების უფლების შეძენისათვის აუცილებელი წინაპირობაა საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 14.2 მუხლით (ამჟამად მოქმედი 31.12.2019წ. №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი) გამოხატული კანონმდებლის რეალური ნების დასადგენად, აღნიშნული ჩანაწერი სასამართლოს კომპლექსურად უნდა განეხილა სხვადასხვა ნორმატიულ აქტში ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ რეგულაციებთან ერთობლიობაში.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 94-ე მუხლსა და საქართველო მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ ზოგადი წესით, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა სავალდებულო წესით არ საჭიროებს ნებართვის აღებას და ექვემდებარება მარტივ - წერილობით შეტყობინებას, თუმცა მუნიციპალიტეტებს მინიჭებული აქვთ უფლება ამ ზოგად წესში შეიტანონ ცვლილებები: II კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა დაუქვემდებარონ დეტალური შეტყობინების ვალდებულებას (მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად) ან I კლასის შენობა-ნაგებობებისთვისაც დააწესონ მშენებლობის ნებართვის ან დეტალური შეტყობინების ვალდებულება. ამ რეგულაციის ფარგლებში ცალსახაა, რომ თუნდაც, მხოლოდ I კლასის ელექტროგადამცემი ხაზების მიმართ მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი ერთგვაროვანი არ არის და მუნიციპალიტეტების (სრულად ან ტერიტორიის ნაწილის) შეხედულებით ექვემდებარება ცვლილებებს (შეიძლება ერთ მუნიციპალიტეტშიც დროის შუალედების მიხედვით განსხვავდებოდეს მიდგომა).

საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, 65-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე, საქართველოს მთავრობის 31.05.2019წ. №255 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ დანართი №1-ის 2020 წლის 2 მარტს განხორციელებულ ცვლილებებამდე და ცვლილების შემდგომ რედაქციებზე მითითებით კასატორი განმარტავს, რომ კანონმდებლობა იცვლება შენობა-ნაგებობების კლასების განსაზღვრისა და შესაბამისად, მათი მშენებლობისათვის ნებართვის საჭიროების დაწესების კუთხითაც. ელექტროგადამცემი ხაზის სტატუსი (უძრავი ნივთია თუ არა) შეუძლებელია დროში და მდებარეობის მიხედვით ცვალებადი იყოს. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა არაერთი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება 0.4 და 6/10 კვ ძაბვის საფეხურის ელექტროგადამცემ ხაზებზე რეგისტრაციების არსებობა. საჯარო რეესტრის ელექტრონულ ბაზაში ხელმისაწვდომი ჩანაწერებიდან ცნობილია 0,4 და 6/10 კვ ძაბვის საფეხურების ელექტროგადამცემ ხაზების მიმართ არაერთგვაროვანი მიდგომა. ასევე საყურადღებოა, რომ ხშირია გარე განათების ხაზობრივ ნაგებობების მუნიციპალიტეტების საკუთრებად რეგისტრაცია და ამ შემთხვევაშიც ძაბვის საფეხური 1 კვ-ზე დაბალია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 19.07.04წ. №835 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე ინსტრუქციის პირველ და მე-2 მუხლებზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ საგამონაკლისო ჩამონათვალში მითითებული სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, ხაზობრივი ნაგებობა ცალკე უფლების ობიექტია, არც მიწის ნაკვეთის სამართლებრივ ბედს იზიარებს (ეს ნორმატიულადაც იქვეა აღიარებული) და არც რაიმე სპეციალური კანონმდებლობით განსხვავებულად არ რეგულირდება მისი სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობის წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობა არის უძრავი ნივთი, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით და ცხადია, რეგისტრაციის მიზნებისთვის განსაზღვრული მისი სტატუსი ცალსახაა, რომ სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებს ხელს არ უნდა უშლიდეს. პირიქით, აღნიშნული ნორმა შექმნილია სწორედ ბრუნვის ხელშეწყობის მიზნებიდან გამომდინარე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ას“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ხაზობრივი ნაგებობების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.07.2020წ. №... და 21.07.2020წ. №... გადაწყვეტილებების და აღნიშნულ გადაწყვეტილებებზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 სექტემბრის №... და ... გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების დავალება.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2020 წლის 1 ივლისს სს „...ამ“ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხაზობრივ ნაგებობაზე (10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი), მდებარე: ...ი, 2421.73 მ. (ტ.1, ს.ფ. 149-159); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.07.2020წ. №... გადაწყვეტილებით სს „...ას“ განცხადება ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტზე, ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით სარეგისტრაციო სამსახურმა განმარტა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ობიექტი წარმოადგენს პირველი კლასის შენობა-ნაგებობას, რომელიც, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავ ნივთად არ მიიჩნევა და, შესაბამისად, არ ექვემდებარება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას (ტ.1, ს.ფ. 163); გ) 2020 წლის 13 ივლისს სს „...ამ“ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხაზობრივ ნაგებობაზე (10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი), მდებარე: ...ი, 614.34 მ. (ტ.1, ს.ფ. 164-174); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.07.2020წ. №... გადაწყვეტილებით სს „...ას“ განცხადება ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტზე, ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით სარეგისტრაციო სამსახურმა განმარტა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ობიექტი წარმოადგენს პირველი კლასის შენობა-ნაგებობას, რომელიც, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავ ნივთად არ მიიჩნევა და, შესაბამისად, არ ექვემდებარება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას (ტ.1, ს.ფ. 177); ე) 2020 წლის 10 და 11 აგვისტოს სს „...ას“ წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 2020 წლის 12 ივლისის №... და 21 ივლისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა (ტ.1, ს.ფ. 178-182, 196-200); ვ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 სექტემბრის №... და №... გადაწყვეტილებებით სს „...ას“ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე (ტ.1, ს.ფ. 190-193, 208-211).

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1). კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, უძრავი ნივთი განიმარტება, როგორც მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა. ხოლო ამავე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობა არის საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავ ნივთად (მის არსებით შემადგენელ ნაწილებად) არ მიიჩნევა წიაღისეული, მცენარეები, მცირე არქიტექტურული ფორმები, დროებითი, არაკაპიტალური ან/და ისეთი ხაზობრივი ნაგებობები/ობიექტები, რომლებზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაიცემა მშენებლობის ნებართვა, გარდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა.

სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 94-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას, ხოლო II−IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას.

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების №1 დანართში მითითებულია I კლასის შენობა-ნაგებობისა და მშენებლობის განმსაზღვრელი მახასიათებლები, რომლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობას წარმოადგენს დაბალი წნევის გაზსადენი, ასევე ისეთი საშუალო წნევის გაზსადენი, რომლის შიდა დიამეტრი არ აღემატება 100 მმ-ს, 10 ატმოსფერომდე 500 მმ-მდე დიამეტრის წყალსადენი, 600 მმ-მდე დიამეტრის წყალარინების მილი, ქუჩის ნაწილი, რომელიც არის ჩიხი/გასასვლელი, ელექტროგადამცემი ხაზი 1 კ. ვოლტიდან 20 კ. ვოლტამდე.

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად, ელექტროგადამცემი ხაზი (ხაზობრივი ნაგებობა) უძრავი ნივთია (მე-2 მუხლის „დ“ პუნქტი), თუმცა ის ხაზობრივი ნაგებობა, რაზეც არ გაიცემა მშენებლობის ნებართვა, მოქმედ კანონმდებლობაში შემოტანილი სპეციალური მოწესრიგების პირობებში (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი) მხოლოდ რეგისტრაციის მიზნებისათვის არ მიიჩნევა უძრავ ნივთად.

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იქნა 10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უარი ემყარება მოქმედი კანონმდებლობით იმპერატიულად გაწერილი სპეციალური დანაწესის სწორ შეფასებას, რის გამოც რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები და მათზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულ თანხვედრაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

რაც შეეხება კასატორის მითითებას „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 94-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ზემომითითებულ ხაზობრივ ნაგებობებთან მიმართებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა მხრიდან დასახელებული ნორმებით მინიჭებული უფლებამოსილება არ ყოფილა გამოყენებული და ადგილი არ ჰქონია მათთვის განსხვავებული მოთხოვნების წაყენებას. საქმეში წარმოდგენილია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 23 იანვრის №331/09 მიმართვა სს „...ას“ მიმართ, რომლის თანახმად, „მოთხოვნილი 10 კვ-იანი მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განეკუთვნება პირველი კლასის შენობა-ნაგებობის კატეგორიას, რომელსაც მშენებლობის ნებართვა არ ესაჭიროება“. შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ სს „...ას“ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გაუგზავნა წერილობითი თანხმობა, რათა მას ეწარმოებინა პირველი კლასის შენობა-ნაგებობის (10 კვ-იანი ახალი მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის) მშენებლობა ადიგენის მუნიციპალიტეტის ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველგვარი სამშენებლო და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვით (ტ.1, ს.ფ. 152).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „...ას“ საკასაციო საჩივარზე 10.03.2022წ. №95732001 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „...ას“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინება;

3. სს „...ას“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.03.2022წ. №95732001 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე