საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-26(2კ-22) 5 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
კასატორი (მესამე პირი) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჯ. ჩ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 23 აპრილს ჯ. ჩ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. ჯ. ჩ-იმა მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 მარტის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 2020 წლის 31 იანვრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ბათუმში, ...ის ... N298-ში მდებარე 80.000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 აპრილის განჩინებით ჯ. ჩ-ის სარჩელი, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, განსჯადობით გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის პირველი მაისის განჩინებით ჯ. ჩ-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჯ. ჩ-ის სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 მარტის N... და 2020 წლის 31 იანვრის N... გადაწყვეტილებები, თანმდევი შედეგებით; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, სადავო გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით გასწორდა 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა: გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 მარტის N... და 2020 წლის 31 იანვრის N... გადაწყვეტილებები, თანმხლები შედეგებით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ასევე წარადგინა კერძო საჩივარი უსწორობის გასწორების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განჩინებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება. ამავე განჩინებით უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ჯ. ჩ-ის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს ბათუმში, ...ის ... 298-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოსარჩელის განმარტებით, მითითებული ქონება მან მემკვიდრეობით მიიღო მამისაგან და მიეკუთვნა საარქივო ცნობებში დაცული მონაცემებით, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით.
სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა საკუთრების უფლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა. ამ უფლების ნამდვილობა მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, 22-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინტრუქციის“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, „უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, მეორე მუხლის „ი“, „კ“, „ლ“ პუნქტებზე, მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია, მას გააჩნდეს კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტი შეიძლება იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება, არქივის ცნობა, სამკვიდრო მოწმობა და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯ. ჩ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის N2/ბ-352-19 გადაწყვეტილებით დადგენილი არ ყოფილა ჯ. ჩ-ის მიერ ქალაქ ბათუმში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობით მიღების ფაქტი. ამასთანავე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 27 იანვრის N5219 წერილის მიხედვით, არ იძებნება სარეგისტრაციო მონაცემები უძრავი ნივთის პრივატიზაციის შესახებ, რაც საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარეგისტრაციოდ წარადგინა საარქივო ცნობები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველოდან, რომლებშიც ჯ. ჩ-ი და ფ. ჩ-ი ფიქსირდებოდნენ მიწით მოსარგებლეთა სიაში, ქალაქ ბათუმში, სოფელ ...ში, ...ის გასამართი სადგომის ტერიტორიაზე შემავალ მიწის ნაკვეთებზე. მოსარჩელემ ასევე წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის N2/ბ-352-19 გადაწყვეტილება და სხვა დოკუმენტაცია, რომლებიც მოცემულ საქმეს ერთვის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა და ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯ. ჩ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს ისე, რომ არ გამოუკვლევიათ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი საარქივო მასალები და სხვა დოკუმენტები. სადავო საკითხის გადაწყვეტისას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, სასამართლო გადაწყვეტილებებთან და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებთან ერთად, სრულფასოვნად გამოეკვლია ჯ. ჩ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტებიც და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ეროვნული არქივიდან უნდა გამოეთხოვა ცნობები სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით და მოეხდინა მათი შეფასება. ამავდროულად, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მოეხდინა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირება საარქივო ცნობებში მითითებულ მიწის ნაკვეთებთან და ამ საკითხის დადგენის შემდეგ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით შემოიფარგლება. ამასთანავე, წარმოების პროცესში კანონით მინიჭებული უფლებამოსილება ადმინისტრაციულმა ორგანომ არ უნდა გამოიყენოს ფორმალურად, იმისათვის, რომ არ შეიზღუდოს ადამიანისათვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე მუხლებზე და ჩათვალა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები - რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, წარდგენილი იყო კანონშესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, ზედდების დამადასტურებელი დოკუმენტები. საეჭვოობის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს სარეგისტრაციოდ წარდგენილ ნახაზებთან შეუსაბამობა უნდა დაედგინა ადგილზე დათვალიერებით და ექსპერტიზის დასკვნით. ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო დაინტერესებული პირისათვის მიეცა მითითება, წარედგინა დამატებითი მტკიცებულება, ან/და თავად განეხორციელებინა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ზედდების ფაქტი აუცილებლად საჭიროებდა დამატებით კვალიფიციურ კვლევას. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სარეგისტრაციო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა კანონიერი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო მიმართავდა კანონით განსაზღვრულ ყველა ღონისძიებას და გამოიყენებდა საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, შესაბამისი მოქმედებების განხორციელებას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკველევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებულ იქნა უსწორობა, რაც ექვემდებარებოდა გასწორებას - გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, ზედმეტად იყო მითითებული სიტყვა ,,ნაწილობრივ“, რაც არ გამომდინარეობდა არც სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსიდან და არც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ კანონიერია ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2021 წლის 27 აპრილის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები. გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე” ქვეპუნქტების შესაბამისად.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საჯარო რეესტრმა საქმის მასალების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება ჯ. ჩ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა სასამართლო არ მიუთითებს, რა ალტერნატიული გზა არსებობდა საკითხის სხვაგვარად გადასაწყვეტად. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები რამაც განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების მიღება. გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითება რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომლის გამოკვლევაც სასამართლოში საქმის წარმოებისას შეუძლებელი იყო და შესაბამის გარემოებათა შეფასება მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენდა. სააპელაციო პალატის განჩინებაში ასახული მოტივები არ ემსახურება კანონის უზენაესობის მიზანს და მართლმსაჯულების ფუნქციაზე უარის ტოლფასია. სასამართლომ მიუთითა საარქივო ცნობებზე, რომლებიც მარეგისტრირებელმა ორგანომ უკვე შეაფასა და დაადგინა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცნობები არ წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. ამასთანავე, საარქივო ცნობები წარმოდგენილ იქნა სასამართლოში საქმის განხილვის დროს და სასამართლოსთვის ყველა ფაქტობრივი გარემოება ცნობილი იყო. ფორმალურ ხასიათს ატარებს სასამართლოს მითითება საარქივო ცნობების მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან გამოთხოვის თაობაზე. გაუგებარია, ხელმეორედ რატომ უნდა იქნეს გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც უკვე წარდგენილი და შეფასებული იყო ადმინისტრაციული წარმოების დროს. საყურადღებოა მითითებული საარქივო ცნობების შინაარსიც: 2010 წლის 11 ოქტომბრის NAA20100178876-03 საარქივო ცნობის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაში - საარქივო სამმართველოში დაცული აჭარის მიწათმომწყობის კომისარიატის 1931 წლის მასალებით დასტურდება ქ. ბათუმში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯ. ჩ-ის და ფ. ჩ-ის მიწისმფლობელობა. კასატორის განმარტებით, 1931 წლის მასალებით დადგენილი მიწისმფლობელობის დოკუმენტი, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ წარმოადგენდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.
კასატორი მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილებაზე, რომლის საფუძველზეც დაიწყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმა, მიწის ნაკვეთების მასობრივი განსახელმწიფოებრიობის გზით, ასევე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის N503 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებული იყო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა, რეფორმის დასრულებამდე გამოსაყენებლად.
კასატორი ასევე მიუთითებს 1996 წლის 22 მარტს მიღებულ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონზე და ამ კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის რეფორმის შედეგად გაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე 1992 წლამდე კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები გამოცხადდა კერძო საკუთრებად და მათ მიმართ გამოიყენება კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“. პარლამენტის დადგენილებაში 1998 წლის 20 მარტს შესული ცვლილებით განისაზღვრა, რომ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც ეკუთვნოდათ მიწის ნაკვეთები, მაგრამ დადგენილი წესით და ოდენობით არ მიუღიათ, მიწის ნაკვეთები საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ და დოკუმენტაცია უწდა გაფორმებულიყო 1999 წლის პირველ იანვრამდე. 1998 წლის დეკემბერში გადაცემული მიწის ნაკვეთებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება შესაძლებელი იყო 1999 წლის პირველ თებერვლამდე. ამ დროის შემდეგ მიწის ნაკვეთების გაცემა და დოკუმენტაციის გაფორმება მიწის რეფორმის ფარგლებში აღარ დაიშვებოდა (გარდა აჭარის ავტონომიური რეპუბლიკისა). სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვა შესაძლებელი იყო მხოლოდ საერთო წესის შესაბამისად. იმის გათვალისწინებით, რომ მიწის რეფორმის საწყის ეტაპზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სათანადო ღონისძიებები არ გატარებულა, ამასთან, ტერიტორიული ერთეულების უმეტეს ნაწილში არ მომხდარა კომლებისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემა და დოკუმენტაციის გაფორმება, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში 2004 წლის 26 ნოემბერს შესული ცვლილებით დადგინდა, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც მიწის ნაკვეთები არ მიუღიათ, მიწა საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ 2006 წლის 31 დეკემბრამდე.
კასატორი აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, საწყის ეტაპზე, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში და სარგებლობაში არსებულ, ისე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას ახორციელებდა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, კომისიის მეშვეობით. 2008 წლის 5 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებით გაერთიანდა „მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწისა“ და „მართლზომიერ სარგებლობაში არსებული მიწის“ ცნებები. ასეთ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას, კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე, ამ დროიდან ახორციელებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე - კვლავ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, კომისიის მეშვეობით. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ან/და თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთანავე, სადავო რეგისტრაციის დროს მოქმედი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტებს. კერძოდ, მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტებია: 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი; „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია; სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა; სასამართლოს აქტი; საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი), თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე; სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.
კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „გ“ პუნქტზე („თვითნებურად დაკავებული მიწის“ განმარტება) და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს - სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია არ მოიცავდა რეფორმის პერიოდს, არ ადგენდა მოსარჩელის არც მართლზომიერ მფლობელობას და არც საკუთრების უფლებას, არ აკმაყოფილებდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნის პირობებსაც. ამდენად, მარეგისტრირებული ორგანოს გადაწყვეტილებები გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით, სააპელაციო პალატამ ცრუ მოლოდინი შეუქმნა მოსარჩელეს. სასამართლომ არ გაიზიარა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით ერთხელ უკვე დადგენილი ფაქტები და გარემოებები. კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის N2/გ-352-19 გადაწყვეტილებით (4.14 პუნქტი) უკვე დადგენილი შეფასება იმის თაობაზე, რომ ჯ. ჩ-იმა მიიღო მამის - დ. ჩ-იის დანაშთი ქონება, საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. თავის მხრივ, დ. ჩ-იმა აღნიშნული ქონება მიიღო მამის ჯ. ჩ-ის გარდაცვალებიდან ფაქტობრივი ფლობის გზით, თუმცა, ის გარემოება, რომ ქ. ბათუმში, ახლანდელი ...ის ტერიტორიაზე არსებული 15.4 ჰა მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ჯ. ჩ-ის საკუთრებას და შესაბამისად, იგი შევიდა სამკვიდრო მასაში, შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის. ამდენად, სასამართლოს არ დაუდგენია ჯ. ჩ-ის მიერ ქ. ბათუმში, ...ის ტერიტორიაზე არსებული 15.4 ჰა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობით მიღების ფაქტი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორის განმარტებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოების ეტაპზე დამატებით მოიძია ინფორმაცია - N419750 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია: იყო თუ არა იჯარით გაცემული ან პრივატიზებული სარეგისტრაციო უძრავი ნივთი ჯ. ჩ-ის ან დ. ჩ-იის სახელზე. ასევე გამოთხოვილ იქნა სააგენტოში დაცული დოკუმენტაცია. 2019 წლის 2 დეკემბრის N419750 წერილის პასუხად, აჭარის რეგიონულ ოფისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 27 იანვრის N6/5219 წერილით ეცნობა, რომ სააგენტოს არქივში ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო უძრავი ნივთის პრივატიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა. გადაწყვეტილების მიღების დროს სარეგისტრაციო სამსახურს არ დაურღვევია მოქმედი კანონმდებლობა.
კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრს მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით უნდა დაედგინა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. წარდგენილი დოკუმენტები რეალურად არ შეიცავდა მონაცემებს მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის შესახებ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი შეფასება მისცა მთელ რიგ მტკიცებულებებს. საქმეში არსებული დოკუმენტებით ცალსახად დგინდება, რომ დაინტერესებულ პირს საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი, სათანადო წესით შედგენილი დოკუმენტი არ წარუდგენია. შესაბამისი დოკუმენტაცია ვერც აჭარის რეგიონულმა ოფისმა მოიძია. ამასთან, სარეგისტრაციო უძრავი ნივთი არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის დადგენილ პირობებს.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, გარემოებების დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსთვის ყველა ფაქტობრივი გარემოება ცნობილი იყო და მას არაფერი უშლიდა ხელს, არსებითი გადაწყვეტილების მისაღებად. ასეთ პირობებში, დაუშვებელი იყო დავის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტა.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ითხოვს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც ჯ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
კასატორის მოსაზრებით, მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ ჰპოვებს დადასტურებას შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს არ მიეცა ობიექტური შეფასება. სასამართლოს დასკვნები დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
კასატორის განმარტებით, უპირველესად, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ რომელი ნორმის საფუძველზეა შესაძლებელი მოსარჩელისათვის სასურველი იურიდიული შედეგის დადგომა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შემოწმდეს სარჩელის ფაქტობრივი საფუძველები. მოსარჩელეს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად არ მიუთითებია არც ერთი სპეციალური სამართლებრივი ნორმა. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია სააგენტოს მიერ მითითებულ საკანონმდებლო ნორმებზე.
კასატორი მიუთითებს, რომ 1964 წლის რედაქციის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მიწა წარმოადგენდა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრების უფლების ობიექტს. მიწაზე სახელმწიფომ თავისი საკუთრების უფლების ლეგიტიმაცია განახორციელა 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის მეშვეობით - კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილით დააწესა, რომ მიწა წარმოადგენდა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრების უფლების ობიექტს. აღნიშნული არ იყო დაკავშირებული სახელმწიფოს სანივთო უფლების სამართლებრივ გაფორმებასთან და რომელიმე ორგანოში რეგისტრაციასთან. „საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 15 ივლისის კანონის მე-3 მუხლით დადგინდა, რომ საქართველოს რესპუბლიკაში საკუთრების უფლების სუბიექტები არიან საქართველოს მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, იურიდიული პირები და სახელმწიფო. ამავე კანონის მეორე მუხლის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკაში საკუთრების ობიექტებად ითვლებოდა მიწა და მისი წიაღი, წყლები, კონტინენტური შელფი და ა.შ. ანუ მითითებული საკანონმდებლო აქტიდან გამომდინარე, განსხვავებით მანამდე მოქმედი სამართლებრივი წესრიგისა, მიწა შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც სახელმწიფოს, ისე სხვა სუბიექტთა - ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საკუთრება. ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მესაკუთრეს საკუთრების უფლება წარმოეშობოდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით შეძენილ ქონებაზე. ამასთანავე, 1993 წლის 15 ივლისამდე (კანონის ამოქმედებამდე), მიწა, განურჩევლად იმისა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით და ვის ფაქტობრივ მფლობელობაში იმყოფებოდა იგი, წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. მიწის, როგორც სახელმწიფო საკუთრების უფლების ობიექტის განკარგვა-გასხვისება განხორციელდა შემდგომ ეტაპზე, პრივატიზაციის გზით, სხვადასხვა დროს მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე, ხოლო 1997 წლის ივნისიდან - „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საკუთრების განსხვავებული ფორმების შემოღების პირობებში, მიწა ზოგადად წარმოადგენდა საქართველოს, როგორც მემკვიდრე სახელმწიფოს საკუთრებას და მისი გასხვისება სხვა პირზე უნდა მომხდარიყო სახელმწიფოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე სუბიექტის მიერ, კანონით დადგენილი წესების დაცვით, ნების გამოხატვის გზით. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სახელმწიფოს არ გამოუცია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არ გაფორმებულა ხელშეკრულება ჯ. ჩ-ისა თუ მისი წინაპრებისათვის სადავო უძრავი ქონების მუდმივ სარგებლობაში გადაცემის, მიყიდვის ან სხვა ფორმით განკარგვის თაობაზე.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალზე, ასევე 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო კოდექსზე, რომლის თანახმად, მიწა წარმოადგენდა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრების უფლების ობიექტს. კასატორის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ მოთხოვნას ჯ. ჩ-ი ამყარებდა საარქივო ცნობაზე, რომელიც მომზადებულია 1931 წლის მასალებით. საარქივო ცნობაზე თანდართული ამონაწერით დგინდება, რომ ჯ. ჩ-ი და ფ. ჩ-ი სარგებლობდნენ სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთებით. კასატორის მოსაზრებით, გარდა იმისა, რომ სარჩელზე დართული დოკუმენტაცია უფლების დამდგენ დოკუმენტებს არ წარმოადგენს, მოსარჩელის მიერ მითითებულ საარქივო ცნობაზე თანდართული ამონაწერით ვერ ხდება მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება. საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მოსარჩელე ასევე მიუთითებს ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. აღნიშნული გადაწყვეტილებებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - ჯ. ჩ-იმა ფაქტობრივი ფლობით მიიღო მისი მამისა და ბაბუის სამკვიდრო ქონება. თუმცა, უდავოა, რომ რაც არ წარმოადგენდა გარდაცვლილის საკუთრებას, მემკვიდრეობით გადაცემასაც ვერ დაექვემდებარებოდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჯ. ჩ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული N... მიწის ნაკვეთის ნაწილთან (830 523 კვ.მ-დან 80 000 კვ.მ ფართზე). სახელმწიფოსა და ნებისმიერი პირის მიმართ მოქმედებს საჯარო რეესტრის ჩანაწერთა მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპცია. უდავოა, რომ N... უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციისას არ გამოვლენილა წინაპირობა, რაც გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა სარეგისტრაციო წარმოების დასრულებას. ამასთანავე, საქმეს არ ერთვის არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერთა უზუსტობა. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციებისა და ზოგადსამართლებრივი პრინციპების გათვალისწინებით, ის, რაც არავის მიმართ არ არის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, ეკუთვნის სახელმწიფოს. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული აქტების - 2020 წლის 31 იანვრის N... და 2020 წლის 20 მარტის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორი მიუთითებს, რომ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. მოცემულ შემთხვევაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასების შემთხვევაში, სასამართლო შეძლებდა სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის და 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები. ამავე სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა მიჩნეული. საკასაციო სასამართლომ დაადგინა საქმის განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემული დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია გარემოებები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდათ საქმისათვის, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმესთან დაკავშირებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ბათუმის არქივის მიერ გაცემული 2010 წლის 11 ოქტომბრის NAA2010017876-03 ცნობის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაში - საარქივო სამმართველოში დაცული აჭარის მიწათმოწყობის კომისარიატის 1931 წლის მასალებით დასტურდება ქ. ბათუმში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ. ჩ-ის და ფ. ჩ-ის მიწისმფლობელობა. ამავე საარქივო ცნობაზე თანდართულ მიწათმფლობელობის ამონაწერში ჯ. ჩ-ი და ფ. ჩ-ი ფიქსირდებიან ბათუმში, სოფელ ...ში, ...ის გასამართი სადგომის ტერიტორიაში შემავალი მიწის ნაკვეთების მიწით მოსარგებლეთა სიაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჯ. ჩ-ის განცხადება: დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის თაობაზე, რომ ჯ. ჩ-იმა ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში მიიღო მისი მამის - 1995 წლის 5 მარტს გარდაცვლილი დ. ჩ-იის სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივებით და პასივებით. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჯ. ჩ-ის განცხადება იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილი იყო ბაბუის - 1944 წელს გარდაცვლილი ჯ. ჩ-ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში მიღების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჯ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ჯ. ჩ-ის მოთხოვნა, ბაბუის - 1944 წელს გარდაცვლილი ჯ. ჩ-ის სამკვიდრო ქონების (მასში შემავალი აქტივებით და პასივებით) ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში მიღების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე; ჯ. ჩ-ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, ჯ. ჩ-ის მიერ 1995 წლის 5 მარტს გარდაცვლილი მამის - დ. ჩ-იის სამკვიდროსა და მასში შემავალი დ. ჩ-იის მამის - ჯ. ჩ-ის (გარდაცვალების თარიღი - 1944 წელი) სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ჯ. ჩ-იმა მიიღო მამის - დ. ჩ-იის დანაშთი ქონება, კერძოდ: საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. თავის მხრივ, დ. ჩ-იმა აღნიშნული ქონება მიიღო მამის - ჯ. ჩ-ის გარდაცვალებიდან ფაქტობრივი ფლობის გზით. საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულებები, იმის თაობაზე, რომ ბათუმში, ახლანდელი ...ის ტერიტორიაზე მდებარე 15,4 ჰა მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ჯ. ჩ-ის საკუთრებას და შესაბამისად, იგი შედის სამკვიდრო მასაში. აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
2019 წლის 10 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, ჯ. ჩ-იმა, როგორც დ. ჩ-იის კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ - შვილმა, ფაქტობრივი დაუფლებით სრულად მიიღო სამკვიდრო საკუთრებაში, მასში შემავალი აქტივებით და პასივებით. ჯ. ჩ-ის სამკვიდროდ ასევე ჩაითვალა დ. ჩ-იის მამის - ჯ. ჩ-ის დანაშთი ქონების ½ წილი, რომელიც დ. ჩ-იმა სიცოცხლეში ვერ მიიღო. სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, აღნიშნული გარემოება უდავოდ დადასტურებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით.
საქმეში არსებული, 2017 წლის 3 თებერვალს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ბათუმში, ...ის ...ის N220-ში მდებარე 830 523.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ ჯ. ჩ-ის მიერ 2019 წლის 22 ნოემბრის სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ 830 523 კვ.მ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...).
ჯ. ჩ-იმა 2019 წლის 22 ნოემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ...ის ...ის N298-ში მდებარე 80.000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განმცხადებელმა სააგენტოს წარუდგინა 2017 წლის 30 მაისს შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს 2006 წლის 2 მაისის საარქივო ამონაწერის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, 2019 წლის 10 ოქტომბრის ნოტარიულად დამოწმებული სამკვიდრო მოწმობის ასლი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის N2/ბ-352-19 გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე.
სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2019 წლის 2 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით ჯ. ჩ-ის განემარტა, რომ N419750 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია: არის თუ არა იჯარით გაცემული ან პრივატიზებული სარეგისტრაციო უძრავი ნივთი ჯ. ჩ-ის ან დ. ჩ-იის სახელზე. ასევე მოთხოვნილ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტების მიწოდება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2020 წლის 31 იანვრის N... გადაწყვეტილებით ჯ. ჩ-ის უარი ეთქვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ბათუმში, ...ის ...ის N298-ში მდებარე 80 000 კვ.მ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი არ იყო უძრავ ნივთზე საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ვერც სარეგისტრაციო სამსახურის მიერ იქნა მოძიებული. ამასთანავე, სარეგისტრაციო უძრავი ნივთი არ აკმაყოფილებდა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის დადგენილ პირობებს. დაინტერესებულ პირს ასევე განემარტა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის უარი საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის შუამდგომლობით მიმართვაზე, მას არ უზღუდავდა უფლებას, საკუთარი ინიციატივით მიემართა კომისიისათვის, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით (გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულ იქნა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „გ“ პუნქტი, მე-3 მუხლის მეორე პუნქტი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ზ“ პუნქტი).
2020 წლის 19 თებერვალს ჯ. ჩ-იმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საჩივრის ავტორმა მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2020 წლის 31 იანვრის N... გადაწყვეტილების გაუქმება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 მარტის N... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჯ. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, უცვლელად დარჩა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2020 წლის 31 იანვრის N... გადაწყვეტილება. სააგენტომ მიუთითა, რომ ჯ. ჩ-ის მიერ თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურების მიზნით წარდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის N2/ბ-352-19 გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლოს არ დაუდგენია ჯ. ჩ-ის მიერ ქალაქ ბათუმში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე 15,4 ჰა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობით მიღების ფაქტი. აღნიშნული გადაწყვეტილების 4.14 პუნქტის შესაბამისად, ჯ. ჩ-იმა მიიღო მამის - დ. ჩ-იის დანაშთი ქონება. თავის მხრივ, დ. ჩ-იმა აღნიშნული ქონება მიიღო მამის - ჯ. ჩ-ის გარდაცვალებიდან ფაქტობრივი ფლობის გზით. ამასთანავე, ის გარემოება, რომ ბათუმში, ახლანდელი ...ის ტერიტორიაზე არსებული 15,4 ჰა მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ჯ. ჩ-ის საკუთრებას და აღნიშნული უძრავი ქონება შედიოდა სამკვიდრო მასაში, შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რაც გამორიცხავდა ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
სააგენტომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისში 2020 წლის 28 იანვარს წარდგენილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 27 იანვრის N6/5219 წერილის მიხედვით, ჯ. ჩ-ის სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული უძრავი ნივთის პრივატიზების ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სააგენტოს არქივში არ მოიპოვება.
სააგენტომ მიუთითა, რომ დაინტერესებულ პირს საჯარო რეესტრში არ წარუდგენია უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი, სათანადო წესით შედგენილი დოკუმენტი. აღნიშნული ვერც აჭარის რეგიონულმა ოფისმა მოიძია. ამასთანავე, სარეგისტრაციო ნივთი არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის დადგენილ პირობებს. ამდენად, აჭარის რეგიონულმა ოფისმა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ გადაუგზავნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
სამართლებრივ დასაბუთებაში სააგენტომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „კ“ პუნქტზე, მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე მუხლის მეორე პუნქტზე, მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ცნება), „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტზე (მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი), „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „გ“ პუნქტზე (თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ცნება).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია. „..საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი, უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფის - დაცვას ემსახურება..“ (სუს 2020 წლის 15 ოქტომბრის Nბს-930(კ-19) გადაწყვეტილება).
საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის სავალდებულოა მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლის - უფლების დამდგენი დოკუმეტის წარდგენა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო მეორე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის სწორად გადაწყვეტის მიზნით, უნდა დადასტურდეს, შესაძლებელია თუ არა შესაბამისი დოკუმენტაციით სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) უფლების დადგენა, რაც მას წარმოუშობს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცის მოთხოვნის წინაპირობას. მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ბათუმში, ...ის ...ის N298-ში მდებარე 80 000 კვ.მ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მისი მოსაზრებით, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ბათუმის არქივის მიერ გაცემული 2010 წლის 11 ოქტომბრის ცნობა ადასტურებს სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე ბაბუის - ჯ. ჩ-ის მართლზომიერ მფლობელობას. თავის მხრივ, აღნიშნულ საარქივო ცნობაში მითითებული უძრავი ქონება მოიაზრება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრულ სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებაში. ამდენად, მოსარჩელე თვლის, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის სათანადო საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციის პირობებს ადგენს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტებია: 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი. „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია; სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული სხვა შესაბამისი დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ ჯ. ჩ-ის მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტად წარდგენილ საარქივო ცნობაში ასახული ინფორმაცია ეყრდნობა აჭარის მიწათმოწყობის კომისარიატის 1931 წლის მასალებს. სწორედ მითითებული თარიღით არის დადასტურებულად მიჩნეული, რომ ბათუმში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ. ჩ-ის და ფ. ჩ-ის გააჩნდათ მიწისმფლობელობა (აღნიშნული პირები ფიქსირდებიან ბათუმში, სოფელ ...ში, ...ის გასამართი სადგომის ტერიტორიაში შემავალი მიწის ნაკვეთების მიწით მოსარგებლეთა სიაში). სააპელაციო პალატას არ უმსჯელია, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს მითითებული საარქივო ცნობა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად და შესაბამისად, საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს საწინააღმდეგო არგუმენტებს აპელანტების მიერ განვითარებულ მსჯელობასთან მიმართებაში, რომელიც შეეხება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განსახელმწიფოებრიობის პროცესის დაწყების პერიოდს (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმა, მიწის ნაკვეთების მასობრივი განსახელმწიფოებრიობის გზით დაიწყო „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების მიღებით, ხოლო მიწის რეფორმის შედეგად გაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე 1992 წლამდე კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები კერძო საკუთრებად გამოცხადდა 1996 წლის 22 მარტს მიღებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით. იმის გათვალისწინებით, რომ მიწის რეფორმის საწყის ეტაპზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სათანადო ღონისძიებები არ გატარებულა, ამასთან, ტერიტორიული ერთეულების უმეტეს ნაწილში არ მომხდარა კომლებისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემა და დოკუმენტაციის გაფორმება, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში 2004 წლის 26 ნოემბერს შესული ცვლილებით დადგინდა, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც მიწის ნაკვეთები არ მიუღიათ, მიწა საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ 2006 წლის 31 დეკემბრამდე). სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, აკმაყოფილებდა თუ არა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს - მოიცავდა თუ არა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მიწის რეფორმის განხორციელების პერიოდს და შესაბამისად, შესაძლებელი იყო თუ არა 1931 წლის ინფორმაციის შემცველი საარქივო ცნობით მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობის ან/და საკუთრების უფლების დადასტურება.
საყურადღებოა, რომ მოსარჩელის მხრიდან უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მიჩნეული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება, მისივე ინტერესის საწინააღმდეგო განმარტებას შეიცავს, კერძოდ: გადაწყვეტილებაში ასახული სააპელაციო პალატის დასკვნით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, ბათუმში, ახლანდელი ...ის ტერიტორიაზე მდებარე 15,4 ჰა მიწის ნაკვეთის ჯ. ჩ-ისადმი კუთვნილებისა და შესაბამისად, ამ მიწის ნაკვეთის სამკვიდრო მასაში შესვლის დასადასტურებლად. ამდენად, ამ ქონების ნაწილში შეუძლებელია მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც შეეხება ჯ. ჩ-ის ბაბუის - ჯ. ჩ-ის სამკვიდრო ქონების ჯ. ჩ-ის მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ იურიდიული ფაქტის დადასტურებას. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებიდან გამომდინარეობს ასევე ჯ. ჩ-იზე 2019 წლის 10 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობაც, რომელსაც მოსარჩელე მიიჩნევს სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებლად.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია: იყო თუ არა იჯარით გაცემული ან პრივატიზებული სარეგისტრაციო უძრავი ნივთი ჯ. ჩ-ის ან დ. ჩ-იის სახელზე. ასევე გამოთხოვილ იქნა სააგენტოში დაცული დოკუმენტაცია. 2019 წლის 2 დეკემბრის N419750 წერილის პასუხად, აჭარის რეგიონულ ოფისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 27 იანვრის N6/5219 წერილით ეცნობა, რომ სააგენტოს არქივში ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო უძრავი ნივთის პრივატიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამდენად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გააჩნდა ინფორმაცია, რომ ჯ. ჩ-ისა თუ მის წინაპრებზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების რაიმე ფორმით განკარგვა არ დასტურდება. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას, მითითებული ინფორმაციის არასაკმარისად მიჩნევის პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის აუცილებლობის თაობაზე.
მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მისი წინაპრების მიერ შედგენილია მიწის ნაკვეთის რუკა, რომელიც ადასტურებს რუკაზე ასახული ტერიტორიის კუთვნილებას ბათუმის რაიონის სოფელი კახაბერის მცხოვრები პირებისადმი (მათ შორის - მისი წინაპრებისადმი). საქმეზე წარმოდგენილი, ხელნაწერი სახით შედგენილი რუკით დგინდება, რომ იგი შეეხება ბათუმის რაიონის კახაბერის თემის სოფელი ...ის ტერიტორიაზე მდებარე, ...ზე რიცხულ, 12 ნაკვეთისაგან შემდგარ მიწის ფართობს. სარჩელთან ერთად ჯ. ჩ-ის ასევე წარმოდგენილი აქვს 2005 წლის 19 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულება რომელიც გაფორმებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და თ. ჩ-ის შორის. საქმეზე ასევე წარმოდგენილია ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 30 მარტის N33 გადაწყვეტილება, რომლითაც ცალკეულ საწარმოებს და ფიზიკურ პირებს იჯარით გადაეცათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, თ. ჩ-იზე 2005 წლის 23 აგვისტოს გაცემულია გენგეგმა. ამასთანავე, საიჯარო ნაკვეთის აღწერილობის ოქმში მოიჯარედ მითითებულია თ. ჩ-იი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უშუალოდ მოსარჩელესთან და მის მამკვიდრებლებთან ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში ასახული მონაცემების კავშირი არ დგინდება. დოკუმენტები არ შეეხება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის ან მისი წინაპრების მართლზომიერი მფლობელობის არსებობას. შესაბამისად, გაურკვეველია, მოსარჩელის მხრიდან მათზე მითითება, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის დადასტურების მიზნებისათვის.
სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითებს, რომ სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად, მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა საარქივო ცნობები და „მთელი რიგი დოკუმენტები“, თუმცა სასამართლო არ მსჯელობს, რა კავშირი აქვთ შესაბამის დოკუმენტებს უშუალოდ მოსარჩელის ინტერესში არსებულ მიწის ნაკვეთთან და მისი მართლზომიერი მფლობელობის დადასტურებასთან. სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის შინაარსის ანალიზის გარეშე, სასამართლო ასკვნის, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს წარმოეშვა უფრო მეტი დოკუმენტაციის გამოთხოვისა და შეფასების ვალდებულება, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის იდენტიფიკაციისა და მოსარჩელისადმი კუთვნილების დასადგენად.
გარდა ზემოაღნიშნულისა, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის დადგენის აუცილებლობის თაობაზე. დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის რეგისტრაციაზე უარის თქმის მთავარ საფუძველს წარმოადგენს არა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მდებარეობის დადგენის შეუძლებლობა, არამედ დაინტერესებული პირის მხრიდან მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა. მიწის ნაკვეთის კონკრეტული მდებარეობის დადგენაზე მსჯელობის აუცილებლობას წინ უნდა უსწრებდეს ამავე ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის უდავოდ დადგენა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს, რომ სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით არ დასტურდება სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილზე მოსარჩელის მხრიდან რაიმე ფორმით მართლზომიერი მფლობელობის მოპოვება, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთანავე, სარეგისტრაციოდ წარდგენილი, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებლად მიჩნეული დაოკუმენტაცია არ შეიცავს მონაცემებს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შესახებ. ამდენად, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, მოსარჩელის ინტერესში არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობის დადგენის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების (ადგილზე გასვლა, ექსპერტიზის ჩატარება) აუცილებლობის თაობაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას და დასაბუთებულობას ამოწმებს როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არ არის პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლომ თითოეული საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით დასაბუთებული არ არის მოცემული დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტის აუცილებლობა - გაურკვეველია, რა საკითხები უნდა გამოიკვლიოს მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების აღსრულების მიზნით. სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა ფაქტობრივი გარემოებების სასამართლო წარმოების ფარგლებში დადგენის შეუძლებლობა. საკასაციო პალატამ არაერთგზის განმარტა, რომ „..მითითებული ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. Nბს-681-681(კ-18), 23.07.2020წ. Nბს-197(კ-20) გადაწყვეტილებები და სხვ.). ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არ გამომდინარეობს საქმეში დაცული ცალკეული მტკიცებულებების შეფასებიდან. სააპელაციო სასამართლომ ისე დაუბრუნა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმე ხელახლა განსახილველად, რომ არ შეუფასებია იმ დოკუმენტაციის შინაარსი, რომლებიც მოსარჩელეს სარეგისტრაციოდ ჰქონდა წარდგენილი. ამ პირობებში, მტკიცებულებათა არასაკმარისობის მოტივით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის ხელახლა გადაწყვეტის მიზნით, საჯარო რეესტრმა, ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარების პირობებში, კვლავ უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია არქივიდან, სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. გასაჩივრებული განჩინებით არ დგინდება, რა მიზანს ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ სახის მტკიცებულებათა ხელახლა გამოთხოვის დავალება, რომლებიც სადავო აქტების გამოცემასთან დაკავშირებული წარმოებისას უკვე წარდგენილი იყო შესაბამის ორგანოში.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მოტივების გაზიარების პირობებშიც, სააპელაციო პალატის მიერ ორივე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, აგრეთვე, პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი როგორც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2020 წლის 31 იანვრის N... გადაწყვეტილება, ისე ჯ. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 მარტის N... გადაწყვეტილება. სსიპ საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა აჭარის რეგიონული ოფისის 2020 წლის 31 იანვრის N... ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესწავლა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა აჭარის რეგიონული ოფისის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით. სააგენტო მოქმედებდა როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო და სადავო საკითხის შეფასებაში მისი ჩართულობა განპირობებული იყო ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად ცნო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, პროცესუალურ-სამართლებრივად დაუშვებელია ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა. „..მაშინ, როდესაც ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება კანონმდებლობით მინიჭებული აქვს კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოს, დაუშვებელია, იმავე საკითხთან მიმართებით, თუნდაც კოორდინირებულად, პარალელურად იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს იმავე სისტემაში მოქმედმა სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომაც, განსაკუთრებით კი - ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ..დავის ამგვარი გადაწყვეტა მხარეს პრაქტიკულად უსპობს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთჯერადი გასაჩივრების შესაძლებლობას, რამდენადაც ზემდგომი ორგანო სასამართლოს გადაწყვეტილებითვე პრაქტიკულად ჩართულია პირველად ადმინისტრაციულ წარმოებაში, რისი გათვალისწინებითაც, იგი ფაქტობრივად მონაწილეობს იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც საბოლოო ჯამში, შესაძლოა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეს სადავოდ გაეხადა..“. (სუს 2022 წლის 10 მარტის Nბს-262(2კ-21) გადაწყვეტილება). საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში, წარმოიშობა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების არა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის, არამედ არსებითად ბათილად ცნობის საჭიროება.
საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო პალატის მიერ ძალაში დატოვებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სადავო აქტები ბათილად იქნა ცნობილი „თანმხლები შედეგებით“, თუმცა გაურკვეველია, რა იგულისხმება „თანმხლებ შედეგებში“. მოსარჩელე სადავოდ ხდის მხოლოდ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2020 წლის 31 იანვრის N... გადაწყვეტილებას და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 მარტის N... გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ დავა გადაწყვიტა ისე, რომ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ობიექტური ანალიზიდან და შეფასებიდან. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ასახული მსჯელობით არ არის გაქარწყლებული სააპელაციო საჩივრებში ასახული მოტივები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კასატორების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე