Facebook Twitter

№ბს-643(კ-22) 7 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. მ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. მ-ეემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის №002268 დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 21 თებერვლის №131 ბრძანება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განჩინებით თ. მ-ეის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა. შეჩერდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის №002268 დადგენილების მოქმედება მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-ეემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით თ. მ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თ. მ-ეე „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონის თანახმად, გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის №002268 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისაგან (შესაბამისი საურავისგან). დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-ეემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას დაარღვიეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები. №... დადგენილებაში დასახელებულ საკადასტრო კოდზე მდებარე მიწის ნაკვეთზე მას არავითარი სამშენებლო საქმიანობა არ უწარმოებია. მის მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობა კი, 1984 წლიდან მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული, რომელზეც პარალელურად მიმდინარეობდა საკუთრების უფლების აღიარების პროცესი. თ. მ-ეის მიერ აშენებული შენობა-ნაგებობა, რომლის მშენებლობაც 2007 წლამდე განხორციელდა, მდებარეობს სხვაგან, სხვა საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, კერძოდ, ს/კ .... შესაბამისად, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული სამართალდარღვევა მოსარჩელის მიერ ჩადენილი არ არის. მას არავითარი მშენებლობა არ განუხორციელებია №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე და მითუმეტეს, მოკლებულია შესაძლებლობას, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რაიმეს დემონტაჟი განახორციელოს.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარეობს №... მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე თ. მ-ეის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, რომლის შედეგიც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას ცნობილი არ იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღნიშნული გარემოება უგულებელყო და ძალაში დატოვა გადაწყვეტილება თ. მ-ეის საცხოვრებლის დემონტაჟის შესახებ.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. მ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში დავა გამომდინარეობს სამშენებლო სამართალდარღვევიდან და დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის №... დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 21 თებერვლის №131 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (2); თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში (4); მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება (5); თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (9); შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა (13).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) 2017 წლის 30 იანვარს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა თ. მ-ეის მიმართ შეადგინა №... მითითება, რომლის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის ... მ/რ-ში, №27-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე თ. მ-ემ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აწარმოა კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და ღობის მშენებლობა. ამავე მითითებით თ. მ-ეს 15 დღის ვადა მიეცა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უნებართვო ნაგებობის დემონტაჟის განსახორციელებლად (ტ.1, ს.ფ. 85-86); ბ) 2017 წლის 15 თებერვალს შედგა №... შემოწმების აქტი, რომლის თანახმად თ. მ-ეის მიერ 2017 წლის 30 იანვრის №... მითითების მოთხოვნები შესრულებული არ არის (ტ.1, ს.ფ. 87-88, 89); გ) 2017 წლის 14 მარტს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2017 წლის 30 იანვრის №... მითითებისა და 2017 წლის 15 თებერვლის №... შემოწმების აქტის შედეგები განიხილა. სხდომაზე გამოცხადდა თ. მ-ეე, რომელმაც დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განაცხადა, რომ მითითებაში აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობდა 1984 წლიდან, ამავე პერიოდში განათავსა 5 კვ.მ კაპიტალური ნაგებობა, მისი რეკონსტრუქცია არსებული სახით განახორციელა 2016-2017 წლებში და არ აპირებდა მის დემონტაჟს, არამედ ესაჭიროებოდა დრო დოკუმენტების მოსაწესრიგებლად - მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიწის ნაკვეთზე უფლების მოპოვების მიზნით (ტ.1, ს.ფ. 101-102); დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის 2017 წლის 13 აპრილის №4-3/53-გ/17 ბრძანებით 2017 წლის 30 იანვრის №... მითითებით დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა 2 თვით გაგრძელდა (ტ.1, ს.ფ. 182); ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის №... დადგენილებით თ. მ-ე დაჯარიმდა 10000 (ათი ათასი) ლარით ქალაქ თბილისში, ...ის ... მ/რ-ში, №27-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისა და ღობის განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით თ. მ-ეს დაევალა უნებართვოდ აშენებული (განთავსებული) კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და ღობის დემონტაჟი (ტ.1, ს.ფ. 19-21); ვ) 2017 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას თ. მ-ეის №19/01171951740-01 ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის №... დადგენილების ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი (ტ.1, ს.ფ. 127-132); ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 21 თებერვლის №131 ბრძანებით თ. მ-ეის 2017 წლის 14 ივლისის №19/01171951740-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის №... დადგენილება (ტ.1, ს.ფ. 23-30).

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის №... დადგენილების გამოცემას საფუძვლად დაედო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი), რომლის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ... მ/რ-ში, №27-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე თ. მ-ეის მიერ უნებართვოდ აშენებულ იქნა კაპიტალური შენობა-ნაგებობა და ღობე, რაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების (ძალადაკარგულია - 02.03.2020, №139) 36-ე მუხლის თანახმად, საჭიროებდა შესაბამის ნებართვას. საყურადღებოა, რომ ზედამხედველობის ორგანოს მიერ მითითების მიცემისა და ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების მიუხედავად, თ. მ-ეის მიერ განხორციელებული სამშენებლო გადაცდომა აღმოფხვრილი არ ყოფილა, მას არც განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერად მშენებლობის დამადასტურებელი სანებართვო დოკუმენტაცია წარუდგენია ადმინისტრაციული ორგანოსათვის, შესაბამისად, მართებულად მოხდა სადავო აქტის გამოცემა მოსარჩელის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის თაობაზე. შესაბამისად, ასევე მართებულია მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 21 თებერვლის №131 ბრძანება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მითითებაში არასწორად იქნებოდა ასახული ხსენებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი, ამას არსებითი გავლენა მითითებაში ასახული დარღვევების გამოსწორებისთვის ვერ ექნებოდა, ვინაიდან მითითებაში ზუსტად იყო დაფიქსირებული უნებართვო შენობა-ნაგებობის მისამართი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაღებულ ფოტოსურათებზეც ასახული იყო სწორედ ის შენობა-ნაგებობა, რომლის მშენებლობასაც ედავებოდნენ თ. მ-ეეს. გარდა ამისა, ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, თ. მ-ეეს არ ჰქონია გაგებისა და იმის იდენტიფიცირების პრობლემა, თუ რა შენობა-ნაგებობის მშენებლობასა და ღობის განთავსებასთან დაკავშირებით ედავებოდნენ. მითითებაში აღნიშნული უძრავი ქონების იდენტიფიცირება დადასტურდა ასევე სააპელაციო სასამართლოში ორივე მხარის ახსნა-განმარტებითაც (იხ. სააპელაციო სასამართლოს 25.05.2021წ. სხდომის ოქმი, 10:36-10:42; 10:50-11:02).

რაც შეეხება თ. მ-ეისათვის დაკისრებულ ჯარიმას, საკასაციო პალატა მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე, ხოლო თ. მ-ეის ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილება გასაჩივრებულია და ჯერ არ არის აღსრულებული. საქმის მასალებით, აგრეთვე, დადგენილია, რომ თ. მ-ეე დაბადებულია 06.10.1947წ. (იხ. ტ.1, ს.ფ. 47) და არის პენსიონერი, რაც ზემოაღნიშნული კანონის პირველი და 2.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თ. მ-ეისათვის დაკისრებული ჯარიმის გაუქმების საფუძველია (ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. მ-ეის საკასაციო საჩივარზე 04.07.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით შ. დ-ეის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. მ-ეეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. მ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება;

3. თ. მ-ეეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.07.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით შ. დ-ეის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე