საქმე №ბს-362(კს-23) 7 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ა. მ-ა
მოსარჩელე (აპელანტი) - ნ. მ-ი
მოპასუხეები - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია (აპელანტი), სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №ბ16.162036421; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 9 ნოემბრის მითითება და 2020 წლის 11 დეკემბრის №18 შემოწმების აქტი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცემული სააღსრულებო ფურცელი; გ) ნ. მ-ს დაუბრუნდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხა.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით შეჩერდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანების (ნ. მ-ის მიერ სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული უნებართვო მშენებლობისათვის დაჯარიმების შესახებ) მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 29 დეკემბრის №ბ16.162036451 ბრძანება ნ. მ-ის დაჯარიმების შესახებ, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 9 ნოემბრის №18 მითითება და 2020 წლის 11 დეკემბრის №18 შემოწმების აქტი; მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
4 ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე აპელანტის (თავდაპირველი მოსარჩელე) შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაერთო სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ა. მ-ა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიის ამონაწერის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ. მ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე (ს/კ ...) 2020 წლის 20 ოქტომბერს დარეგისტრირდა ა. მ-ას საკუთრების უფლება. ამასთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მირიის 2021 წლის 23 ივლისის დადგენილებით ა. მ-ა მითითებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ წარმოებული მშენებლობისთვის დაჯარიმდა 8000 ლარით, მასვე დაეკისრა უნებართვოდ წარმოებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. შესაბამისად, ა. მ-ა წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომელთან მიმართებითაც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. მ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, განხორციელდა ორი ადმინისტრაციული საქმის წარმოება ნ. მ-ისა და ა. მ-ას მიმართ. ნ. მ-ის მიმართ განხორციელებულ წარმოებაში ა. მ-ას არანაირი ფორმით არ მიუღია მონაწილეობა. ნ. მ-ის მიერ გასაჩივრებულია სწორედ მის მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება და მითითებულია ის არსებითი დარღვევები, რასაც ადგილი ჰქონდა აღნიშნული საქმის წარმოების დროს. რაც შეეხება ა. მ-ას მიმართ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ეს აქტები გასაჩივრებულია ახალციხის რაიონულ სასამართლოში და სააპელაციო სასამართლო ვერ განიხილავს აღნიშნულ საქმეს, სანამ პირველი ინსტანციის წესით არ მოხდება საქმის განხილვა.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ ა. მ-ა არ ყოფილა წინამდებარე სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას) არანაირი პირდაპირი და უშუალო გავლენა არ მოუხდენია მის სამართლებრივ უფლებებზე. ამასთან, სასამართლოს მიერ არც იმ ფაქტის დადგენა, რამდენად კანონიერად განახორციელა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული სამართალწარმოება ნ. მ-ის მიმართ, არ იქნება უშუალო კავშირში იმასთან, სწორად აწარმოა თუ არა მერიამ ა. მ-ას მიმართ ადმინისტრაციული წარმოება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ა. მ-ას კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მასალებზე: ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2020 წლის 9 ნოემბერს ნ. მ-ის მიმართ გაიცა №18 მითითება, რომლის თანახმად წარმოებულია უნებართვო მშენებლობა ობიექტზე მდებარე ბორჯომის რაიონის ...ი, „...ის“ მიმდებარე ტერიტორია, უძრავი ქონების ს/კ ... (ტ.1, ს.ფ. 62); ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 09.11.2020წ. №ბ16.16203143 ბრძანებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ნ. მ-ის მიმართ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ..ში, „...ის“ მიმდებარედ, ნ. მ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) წარმოებული უნებართვო მშენებლობისთვის (ტ.1, ს.ფ. 63); გ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2020 წლის 11 დეკემბერს შედგენილ იქნა №18 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ...ში („...ი“) მდებარე ობიექტზე, საკადასტრო კოდით ..., შემოწმების მომენტში სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობდა უნებართვო მშენებლობა (ტ.1, ს.ფ. 64); დ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 29 დეკემბრის №ბ16.162036421 ბრძანებით ნ. მ-ი დაჯარიმდა 8000 ლარით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ...ში მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევით უნებართვოდ წარმოებული მშენებლობისთვის (ტ.1, ს.ფ. 67-68); ე) 2020 წლის 20 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, უძრავი ქონება მდებარე: ბორჯომი, ...ი, ს/კ ..., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა. მ-ას სახელზე, უფლების დამდგენი დოკუმენტი - 2020 წლის 13 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 4-5); ვ) ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის განჩინებით შეჩერდა №4474608-3/54-21წ. ადმინისტრაციულო საქმის წარმოება, ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებულ №4446580-3/45-21წ. ადმინისტრაციულ საქმეზე დავის განხილვის დასრულებამდე. განჩინებაში აღნიშნულია შემდეგი: ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია ა. მ-ას სარჩელი მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის და მესამე პირის ნ. მ-ის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით. 2022 წლის 28 მარტს გამართულ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ითხოვა საქმის წარმოების შეჩერება და განმარტა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში იყო ადმინისტრაციული №4446580-3/45-21წ. საქმე, სადაც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა ნ. მ-ი, ხოლო მოპასუხეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, დავის საგანი კი იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის აქტების კანონიერება, რომლითაც ნ. მ-ს დაეკისრა ჯარიმა უნებართვო მშენებლობისათვის უძრავი ქონებაზე ს/კ .... განსახილველ საქმეშიც მხარეებს წარმოადგენენ ნ. მ-ი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო დავის საგანს წარმოადგენს იგივე უძრავ ქონებაზე გამოცემული აქტების კანონიერება. ვინაიდან დღეის მდგომარეობით №4446580-3/45-21წ. საქმე გასაჩივრებულია ამ ეტაპზე კი საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, უნდა შეჩერდეს №4474608-3/54-21წ. საქმის განხილვა, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება არსებით გავლენას მოახდენს №4474608-3/54-21წ. საქმეზე. სასამართლოს განმარტებით - განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №ბ16.162036421, 2020 წლის 09 ნოემბრის №18 მითითება და 2020 წლის 11 დეკემბრის №18 შემოწმების აქტი, ხოლო აღნიშნული აქტები კი თავის მხრივ საფუძვლად დაედო ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2020 წლის 14 დეკემბრის ბრძანებას №ბ16.16203494, რომელიც ასევე წარმოადგენს დავის საგანს განსახილველ საქმეში. თავის მხრის ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/45-21წ. ადმინისტრაციული საქმის დავის საგანს ასევე წარმოადგენდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №ბ16.162036421, 2020 წლის 09 ნოემბრის №18 მითითება და 2020 წლის 11 დეკემბრის №18 შემოწმების აქტი. აღნიშნულ საქმეზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც ამ ეტაპისათვის არაა შესული კანონიერ ძალაში. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს წარმოებაში არსებული №4446580-3/45-21წ. ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგან აღნიშნულ ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სასამართლოს განხილვაში არსებულ №4474608-3/54-21წ. საქმეზე, შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ როგორ გადაწყდება დავა ადმინისტრაციულ საქმეზე, აშკარა გახდება №4474608-3/54-21წ. საქმის განხილვის გაგრძელების შესაძლებლობა და საფუძველი (ტ.3. ს.ფ. 137-139);
ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ ნ. მ-ის და ა. მ-ას მიმართ მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეები უკავშირდება №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე წარმოებულ სამშენებლო სამუშაოებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება – მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე,Oოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სასამართლოს გააჩნია, როგორც უფლებამოსილება, ასევე აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს.
მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის ინსტიტუტი ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მესამე პირებს დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებელი, სავალდებულო ფორმისაგან. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა კი ვალდებულება კონკრეტული გარემოების არსებობისას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი კი - აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაცილ პროცეში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი) სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სასამართლოში მესამე პირების მარტივი მოწვევის წინაპირობაა ის, რომ სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება შესაძლებელია შეეხოს მოწვეული მესამე პირის სამართლებრივ ინტერესებს. არ არის სავალდებულო, რომ მესამე პირის უფლებებს ნამდვილად შეეხოს გადაწყვეტილება. საკმარისია, მესამე პირის მოწვევის დროს იყოს იმის ვარაუდი, რომ გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს მის სამართლებრივ ინტერესებზე. მესამე პირის მოწვევა არ შეიძლება წინასწარ იყოს ორიენტირებული გადაწყვეტილების შედეგზე. სამართლებრივი ინტერესი სახეზეა, თუ მოსაწვევი მესამე პირი მოსარჩელესთან ან მოპასუხესთან, ანდა ორივე მხარესთან, ან მხოლოდ დავის საგანთან ისეთ მიმართებაში იმყოფება, რომ მოსარჩელის ან მოპასუხის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას შეუძლია გააუმჯობესოს ან გააუარესოს მისი სამართლებრივი მდგომარეობა. არ არის გადამწყვეტი, ეყრდნობა თუ არა მოწვეული მესამე პირის შელახული სამართლებრივი ინტერესი საჯარო ან კერძო სამართალს. ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ რეალურ, ფაქტობრივად არსებულ და კანონით დაცულ ინტერესს. აღსანიშნავია, რომ მაშინაც კი, როდესაც სახეზეა მესამე პირის „ჩვეულებრივი“ მოწვევის წინაპირობები, გადაწყვეტილებას საქმეში მათი ჩაბმის თაობაზე სასამართლო იღებს თავისი შეხედულებით. სასამართლო უფლებამოსილია და არა ვალდებული, საქმეში ჩააბას „ჩვეულებრივი“ მოწვევის მესამე პირები.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გასარკვევია, რამდენად მართებულად მოხდა ა. მ-ას სავალდებულო მოწვევის მესამე პირის სტატუსით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში ჩაბმა და, შესაბამისად, რა გავლენა შეიძლება იქონიოს მოცემულ საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ მის სამართლებრივ ინტერესებზე.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2 მუხლზე, რომლის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში (ბ); სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი (გ); შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი (დ).
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2 მუხლზე მითითებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა („ბ“ ქვეპუნქტი), ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი, პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის/შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს („გ“, „დ“ ქვეპუნქტები).
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26.5 მუხლი ადგენს, რომ მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება ახალ მესაკუთრეს.
ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც ცალსახად დგინდება, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენი სუბიექტი არის მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრე, მის მიმართ დაჯარიმების შესახებ დადგენილება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26.5 მუხლი).
განსახილველ საქმეში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 29 დეკემბრის №ბ16.162036421 ბრძანებით ნ. მ-ი დაჯარიმდა 8000 ლარით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ...ში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე წარმოებული მშენებლობისთვის. ამასთან, აღნიშნულის უძრავი ქონება 2020 წლის 20 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა. მ-ას სახელზე, ხოლო უფლების დამდგენი დოკუმენტი არის 2020 წლის 13 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება. საყურადღებოა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის განჩინებით საქმეზე №4474608-3/54-21 (მოსარჩელე - ა. მ-ა; მოპასუხე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია; მესამე პირი - ნ. მ-ი) შეჩერდა ადმინისტრაციულის საქმის წარმოება წინამდებარე საქმეზე (№4446580-3/45-21) დავის განხილვის დასრულებამდე. სასამართლოს განმარტებით - მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №ბ16.162036421, 2020 წლის 09 ნოემბრის №18 მითითება და 2020 წლის 11 დეკემბრის №18 შემოწმების აქტი, ხოლო აღნიშნული აქტები კი თავის მხრივ საფუძვლად დაედო ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2020 წლის 14 დეკემბრის ბრძანებას №ბ16.16203494, რომელიც ასევე წარმოადგენს დავის საგანს განსახილველ საქმეში. თავის მხრის ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/45-21წ. ადმინისტრაციული საქმის დავის საგანს ასევე წარმოადგენდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №ბ16.162036421, 2020 წლის 09 ნოემბრის №18 მითითება და 2020 წლის 11 დეკემბრის №18 შემოწმების აქტი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. მ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. მ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ქ. ცინცაძე