№ბს-701(კ-22) 7 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „დ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №6464 ბრძანება; ბ) დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე დ. მ-ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის №8 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექთნის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; გ) დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელე დ. მ-ის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან, სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №6464 ბრძანება და მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე დ. მ-ესთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა დ. მ-ისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივრები. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არ უნდა დაუშვას პრეცედენტი, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება სამსახურში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად მოსამსახურეთა დათხოვნა/გათავისუფლებას, დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. აღნიშნული საკითხები დაკავშირებულია პენიტენციური სისტემის საშტატო რაოდენობის ოპტიმიზაციასთან, თანამდებობაზე დასანიშნი მოსამსახურეების კანდიდატურების შერჩევასთან, რაც განაპირობებს პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
2018 წლის 11 ივლისს განხორციელდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლიკვიდაცია და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2018 წლის 5 ივნისის №3128-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა უფლებამონაცვლეობა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში) გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას და სპეციალური პენიტენციური სამსახური, მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში - ჩაითვალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. ცვლილების განხორციელების შემდგომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 14 თებერვლის №295 განკარგულებით განისაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულებების საშტატო ნუსხა. აღნიშნული განკარგულებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს მიეცა თანხმობა, რომ განესაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდები 2019 წლის 15 თებერვლიდან დანართი №1-ის შესაბამისად. ამავე განკარგულებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების შეთანხმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ოქტომბრის №1917 განკარგულება.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 14 თებერვლის №295 განკარგულების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციურის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა 2019 წლის 16 თებერვალს გამოსცა №457 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“, რომელშიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2020 წლის 29 აპრილის №6425 ბრძანებით განხორციელდა ცვლილება და ახლებურად ჩამოყალიბდა პენიტენციური დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში საშტატო ერთეულები და თანამდებობრივი სარგოები. დამტკიცებული ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბების შედეგად, განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, მოსალოდნელი იყო შტატების შემცირება, რის გამოც მოსარჩელე - დ. მ-ე წერილობით გაფრთხილებულ იქნა, რეორგანიზაციისა და შტატების გამომდინარე შესაძლო განთავისუფლება/დათხოვნის შესახებ, რაც დასტურდება გაფრთხილების ფორმაზე მისი ხელმოწერით.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად ახალი საშტატო რიცხოვნობის დამტკიცებამ გამოიწვია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების საექიმო სამედიცინო პუნქტში ექიმისა და ექთნის საშტატო ერთეულების შემცირება. რეორგანიზაციამდე იყო ექიმის 26 საშტატო ერთეული, ხოლო ექთნის - 43. რეორგანიზაციის შემდგომ - ექიმის - 19, ექთნის - 40.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტზე, პატიმრობის კოდექსის მე-7 პრიმა მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე კანონის 108-ე მუხლის „ბ“ პუნქტზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ დ. მ-ე 2013 წლის პირველი ნოემბრის №... ბრძანებით დაინიშნა სპეცილური პენიტენციური სამსახურის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ინფექციური განყოფილების ექთნის თანამდებობაზე და 2014 წელს გადაყვანილ იქნა №8 პენიტენციური დაწესებულების საექიმო - სამედიცინო პუნქტის ექთნის პოზიციაზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 29 აპრილის №6425 ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხის თანახმად, შემცირდა №8 პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში ექიმისა და ექთნის საშტატო ერთეულები. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, აღნიშნული საშტატო ერთეულების შემცირების გამო დ. მ-ე გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან. განსახილველ შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად მოხდა სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტში შტატების შემცირება, კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმისა და ექთნის საშტატო ერთეულების შემცირება.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზს წარმოადგენდა მიმდინარე რეორგანიზაცია, რომელსაც თან ახლდა შტატების შემცირება. სასამართლო მსჯელობისას ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ დ. მ-ის მიერ ტესტირებაში დაფიქსირებული ჯამური შედეგი აღემატება სხვა თანამშრომელთა უმრავლესობის შედეგებს. სასამართლო აქცენტს აკეთებს თანამშრომელთა მიერ ტესტირებაში მიღებულ შედეგებზე, თუმცა გადაწყვეტილებაში არ არის საუბარი თანამშრომლებთან ჩატარებულ გასაუბრებაზე, სადაც მოსარჩელის მიერ გაცემული პასუხები, პირადი უნარ-ჩვევებისა და პიროვნული მახასიათებლების თაობაზე, მიუხედავად მისი ხანგრძლივი სამუშაო სტაჟისა, გასაუბრების კომისიის წევრებისთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის წევრთა მიერ დ. მ-ე შეფასდა 1 (ერთი) ქულით, კომისიის წევრებმა ინდივიდუალურად გასაუბრების მიმდინარეობისას კანდიდატის მიერ გაცემული არადამაკმაყოფილებელი პასუხების საფუძველზე შეაფასეს დ. მ-ე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №6464 ბრძანება და მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე დ. მ-ესთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს (შემდგომ - აპელანტს) - დ. მ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია. ამდენად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის წარმოდგენის პირობებში კი, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა დ. მ-ის სარჩელი.
განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია „დ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №6464 ბრძანების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ორგანიზებას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებას, სამსახურში მიღების წესს, მოსამსახურის სტატუსს, უწყვეტი პროფესიული მომზადების სისტემას და მისი სამართლებრივი, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის გარანტიებს (მუხ. 1).
ამავე კანონის 2.3 მუხლის შესაბამისად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ზემოაღნიშნული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 ნოემბრის №... ბრძანებით დ. მ-ე დაინიშნა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ინფექციურ განყოფილების ექთნის თანამდებობაზე (ს.ფ. 58). საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 9 ივლისის ბრძანებით დ. მ-ე გადაყვანილი იქნა სამედიცინო დეპარტამენტის №8 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექთნის თანამდებობაზე (ს.ფ. 14); ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის №8 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში განსაზღვრული იყო ექთნის 43 საშტატო ერთეული (ს.ფ. 97-98); გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 7 ნოემბრის №19307 ბრძანებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტში, შესაძლო სტრუქტურული ცვლილებებისა და/ან შტატების მოსალოდნელი შემცირების გათვალისწინებით, 2019 წლის 7 ნოემბრიდან გამოცხადდა რეორგანიზაცია. ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტში სამსახურის გასაგრძელებლად გადასანიშნი მოსამსახურეების იდენტიფიცირების კრიტერიუმებად განისაზღვრა დაკავებულ/დასაკავებელ პოზიციასთან მათი კომპეტენციის შესაბამისობის შემოწმების შემდეგი საშუალებები: ა) ზოგადი უნარების ტესტი; ბ) პროფესიული ტესტირება; გ) გასაუბრება. ამავე ბრძანების მე-7 პუნქტის თანახმად, ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გასაუბრებისას კანდიდატები შეფასდებიან ქულობრივი სისტემის მეშვეობით, სადაც მინიმალური ქულაა 1 (ერთი-არადამაკმაყოფილებელი), ხოლო მაქსიმალური - 5 (ხუთი-ძალიან კარგი). ის კანდიდატი, რომელიც გასაუბრების ეტაპზე კომისიის მიერ შეფასდება 1 (ერთი-არადამაკმაყოფილებელი) ქულით, შესაძლოა დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნას დაკავებული თანამდებობიდან (ს.ფ. 103-104); დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 29 აპრილის №6425 ბრძანების თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება და დანართი №1 ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით, 2020 წლის პირველი მაისიდან. დანართი №1-ის მიხედვით, №8 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტში განისაზღვრა ექთნის 40 საშტატო ერთეული (ს.ფ. 99-100); ე) პროფესიულ ტესტირებაში, მოსარჩელე დ. მ-ემ მიიღო 32 ქულა, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა სხვა თანამშრომელთა უმრავლესობის შედეგებს, ხოლო უნარ-ჩვევებში მიღებული 49 ქულა აღემატებოდა სხვა ყველა თანამშრომლის მიერ მიღებულ შედეგს. ამასთან, გასაუბრების შედეგად, კომისიის წევრებმა მოსარჩელე დ. მ-ე შეაფასეს ყველაზე დაბალი ქულებით, თუმცა გასაუბრების შინაარსი და ყველაზე დაბალი ქულებით მოსარჩელის შეფასების არცერთი საფუძველი ოქმში მითითებული არ არის (ს.ფ. 152, 176-180); ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №6464 ბრძანებით, მოსარჩელე დ. მ-ე გათავისუფლდა სამსახურიდან (ს.ფ. 111).
ამდენად, დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის №8 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში 3 ერთეულით შემცირდა ექთნის თანამდებობის შტატი. ამასთან, საშტატო ერთეულებზე საუკეთესო საჯარო მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით პროფესიული და უნარ-ჩვევების ტესტირება და გასაუბრება ჩაუტარდათ ექთნებს, მათ შორის მოსარჩელე დ. მ-ეს. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ პროფესიულ ტესტირებაში, მოსარჩელე დ. მ-ის მიერ მიღებული ქულა (32 ქულა) მნიშვნელოვნად აღემატებოდა სხვა თანამშრომელთა უმრავლესობის შედეგებს, უნარ-ჩვევებში მიღებული ქულა (49 ქულა), ასევე აღემატებოდა ყველა სხვა თანამშრომლის მიერ მიღებულ შედეგს. ამასთან, საყურადღებოა, რომ გასაუბრების შედეგად, კომისიის წევრებმა მოსარჩელე დ. მ-ე შეაფასეს ყველაზე დაბალი ქულებით, თუმცა გასაუბრების შინაარსი და ყველაზე დაბალი ქულებით მოსარჩელის შეფასების არცერთი საფუძველი ოქმში მითითებული არ არის (იხ. ს.ფ. 152, 176-180).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დისკრეციული უფლებამოსილება განიმარტება, როგორც უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში (1); ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება (2). სზაკ-ის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა (1); დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა (2).
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას (1); თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას (4).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ისიც, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.
განსახილველ შემთხვევაში, არც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში და არც გასაუბრების ოქმში არ არის ასახული ის გარემოებები, რომლითაც მოპასუხემ იხელმძღვანელა მოსარჩელე დ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს, კერძოდ, არ არის მითითებული და დასაბუთებული, თუ რა შინაარსის იყო გასაუბრება, რა კრიტერიუმების (კვალიფიკაცია და ა.შ.) გათვალისწინებით მიანიჭა სხვა პირს უპირატესობა და რატომ უთხრა მოსარჩელეს უარი მოცემულ საშტატო ერთეულზე დანიშვნაზე იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს საუკეთესო შედეგები ჰქონდა პროფესიული და უნარ-ჩვევების ტესტირებაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე