საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-400(კ-23) 07 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. პ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. პ-იმა 2022 წლის 16 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ „ი. პ-ისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 05 აგვისტოს N1000815661 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ი. პ-ისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 5 აგვისტოს №1000815661 გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ი. პ-ისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.
პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. პალატამ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ამომწურავად განსაზღვრავს ისეთ შემთხვევებს, რომელიც მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესებს. ზემოაღნიშნულ დანაწესთა საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ უცხოელს მიეცემა ბინადრობის ნებართვა, უკეთუ მას აქვს საქართველოში უძრავი ქონება (გარდა სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთისა) და არ წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს სახელმწიფოსთვის. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერით დასტურდება, რომ ი. პ-ის საკუთრებას წარმოადგენს უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ...ის N13 ბ. 20, ს.კ...., რომლის საბაზრო ღირებულება, შპს „ი...ის“ (ს/კ ...) 2022 წლის 30 აპრილის დასკვნის შესაბამისად, შეადგენს - 314 042.5 აშშ დოლარს, ანუ 960 687,4 ლარს (იმ პერიოდის ოფიციალური გაცვლითი კურსი - 3.0591). ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ი. პ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულებათა ჯამი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნას. ამდენად, პალატამ უპირატესობა მიანიჭა კერძო ინტერესს - ი. პ-ის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის უფლებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია ნორმატიულად დადგენილი პროცედურების დაცვით. ბინადრობის ნებართვის გაცემის სამართლებრივი ბუნება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სააგენტო ვალდებული იყო სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაცია გამოეთხოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომლის წერილითაც დადგინდა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელი იყო. ამდენად, სააგენტომ იხელმძღვანელა მიღებული ინფორმაციით, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშედარებით და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ 2022 წლის 26 ივლისს, ი. პ-იმა (უზბეკეთის მოქალაქე) განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა. სააგენტომ 2022 წლის 27 ივლისს, №1000815661/1 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მოითხოვა ინფორმაცია ი. პ-ისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლების არსებობის შესახებ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 5 აგვისტოს SSG 9 22 00139113 წერილით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ი. პ-ისთვის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული, რის საფუძველზეც, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 5 აგვისტოს №1000815661 გადაწყვეტილებით ი. პ-ის უარი ეთქვა საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე,
უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას იმ უცხოელსა და მის ოჯახის წევრებზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ კანონის შესაბამისად ან რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი.
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის მე-17 მუხ. მე-10 პუნქტ.).
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (მე-13 მუხ. მე-5 პუნქტ.).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, თუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 2022 წლის 5 აგვისტოს SSG 9 22 00139113 წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა. სადავო აქტი გამოიცა სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იმ ინფორმაციას, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას და თვლის, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნის მოსარჩელის მიერ საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლიან ვარაუდს.
გასათვალისწინებელია, რომ 2019 წლის 3 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. (ყოფ. ...ის ქ.) №13-ში მდებარე 193.70 კვ.მ. №20 ბინის და 134.63 კვ.მ სხვენის მესაკუთრეებს წარმოადგენენ - ი. პ-ი და პ. ჯ. პ-ი. ხოლო შპს „ი...ის“ (ს/კ: ...) 2022 წლის 30 აპრილის შეფასების დასკვნის თანახმად, შეფასებას დაექვემდებარა მხოლოდ ი. პ-ის სახელზე რეგისტრირებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ½ ნაწილი, რომლის საბაზრო ღირებულებამ დასკვნის შესაბამისად შეადგინა - 314 042.5 აშშ დოლარი, ანუ 960 687,4 ლარი (იმ პერიოდის ოფიციალური გაცვლითი კურსი - 3.0591).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაზე მითითება ვერ გააქარწყლებს ზემოაღნიშნულ გარემოებებს, რომლებიც, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქმნიან მოსარჩელისთვის საინვესტიციო ბინადრობის გაცემის წინაპირობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნის მოსარჩელის მიერ საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლიან ვარაუდს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 18 ივლისის №1000812216 გადაწყვეტილებით მოსარჩელის მეუღლის - ჯ. ფ-ის მიმართ გაიცა საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა 2022 წლის 18 ივლისიდან 2027 წლის 18 ივლისამდე პერიოდით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, შპს „შ...ს“ დირექტორის - შ. თ-ის 2022 წლის 5 ივლისის სარეკომენდაციო წერილის თანახმად - ი. პ-ი ცხოვრობს მის მეზობლად ...ის ქუჩაზე, იგი სპეციალობით მხატვარია და წლების მანძილზე ცხოვრობდა უზბეკეთის დედაქალაქში და მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში. თბილისში სტუმრობისას მოიხიბლა ქართული მხარტვრობით, დიზაინით და ხელოვნების ნიმუშებით და გადაწყვიტა საქართველოში დასახლება, შეიძინა ძვირადღირებული საცხოვრებელი ბინა, სწავლობს ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიას, მოგზაურობს საქართველოს რეგიონებში და ეცნობა ქართული კულტურის ძეგლებს, რეწვის ნიმუშებს და სტუმრობს ხელოვნების დაწესებულებებს. მას უყვარს ქართველი ხალხი, სამზარეულო, ალამაზებს სადარბაზოს, სადაც ცხოვრობს, ეხმარება მეზობლებს საჭიროებისამებრ, არის წესიერი და გულისხმიერი ადამიანი. მან გადაწყვიტა ბიზნეს საქმიანობის დაწყება, კერძოდ მოაწყო სახელოსნო, შეიძინა დიდი რაოდენობით ქსოვილი, ამზადებს ხისა და ფაიფურის შტამპებს და ქართული ორნამენტებით გამოუშვებს ფართლეულს. უახლოეს მომავალში ჩამოაყალიბებს კომპანიას და გეგმავს მის ორგანიზაციასთან თანამშრომლობას პროდუქციის ბაზარზე გასატანად.
ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს ...ის დირექტორის - ს. თ-ეის 2022 წლის 4 ივლისის სარეკომენდაციო წერილს, რომლის თანახმად, იგი ი. პ-ის იცნობს 2019 წლიდან, არის მიდი დედის მეზობელი ...ის ქუჩაზე. ის პროფესიით მხატვარ-დიზაინერია. უზბეკეთში იუნესკოს მრავალი პროექტი აქვს მოგებული. ის გულისხმიერი მეზობელი და კარგი ადამიანია, წარმატებით ეუფლება ქართულ ენას და ეცნობა ქართულ მხატვრობას, მუსიკას, თეატრსა და ხელოვნების ნიმუშებს. იური ბევრს მოგზაურობს რეგიონებში და ეცნობა ქართულ ორნამენტებს. მალე ის იწყებს თავის სახელოსნოში ბუნებრივი ქსოვილების მოხატვას ქართული ორნამენტებით. ი.-მ თვისი ხელით გაალამაზა სადარბაზო, შეღება, დაამონტაჟა ახალი კარი და კიდევ ბევრი გეგმა აქვს მეზობლებთან შეთანხმებული. ის მუდამ საქმეშია და ზრუნავს, რომ მის გარშემო სივრცე ესთეტიურად გამოიყურებოდეს. ყველაფერს თავისი ხარჯით აკეთებს და ამავე დროს, მაღალ დონეზე. ი. პ-ის უნარები დიზაინსა და მხატვრობაში ფიქრობს წაადგება მის კომპანიას, რის გამოც გეგმაში აქვს დიზაინის საკითხებში მისი გამოცდილება გაიზიაროს.
აგრეთვე, გასათვალისწინებელია სამოგზაურო კომპანია ...-ს დირექტორის - ს. მ-ეის 2022 წლის 30 ივნისის სარეკომენდაციო წერილი, რომლის თანახმად, ი. პ-ი მხატვარია და უზბეკეთში იუნესკოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობდა. ის აგრეთვე ორგანიზებას უკეთებდა ავსტრალიელი ტურისტების მიღებას შუა აზიაში და აცნობდა მათ ადგილობრივი ხელოვნების ნიმუშებს. მან იმოგზაურა საქართელოში და დანაზოგით შეიძინა უძრავი ქონება. ამჟამად ი. ამზადებს ხისა და კერამიკულ შტამპებს ბუნებრივი ქსოვილების შესაღებად და მათ ეროვნული ორნამენტებით მოსახატად. ტურისტული კომპანია დაინტერესებულია მისი გამოცდილებით ტურისტულ და ხელოვნების საკითხებში და სურს მისი ჩაბმა ავსტრალიური ხაზის ამოქმედებასა და ტურისტების ადგილობრივი ხელოვნების ნიმუშებით დაინტერესებაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გასაქარწყლებლად ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია რაიმე სარწმუნო მტკიცებულება, ხოლო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილში მოცემული ინფორმაცია არ ქმნის მოსარჩალის მიერ საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლიან ვარაუდს, არ გამორიცხავს მისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 18 აპრილს №07688 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ: 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ: 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 18 აპრილს №07688 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.~
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე