საქმე №ბს-300(კ-23) 15 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 11 აგვისტოს ლ. რ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მოსარჩელეს ჰყავს შვილი - თ. რ-ა. ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. ოჯახი წლებია ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქ. №41-ში მდებარე 13 სართულიანი კორპუსის სხვენში. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით ბინაში შექმნილია გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობები და ბინა შეფასდა საცხოვრებლად უვარგისად. მოსარჩელემ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და გათვალისწინების გარეშე, რის გამოც მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1534/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის კანონით დადგენილი წესითა და ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის საოქმო განჩინებით განსახილველ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის თანახმად, მესამე პირად ჩაება თ. რ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. რ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1534/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ლ. რ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. რ-ა და მისი შვილი თ. რ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რეგისტრირებულები არიან ერთ მისამართზე და აქვთ ერთი სარეგისტრაციო ნომერი ....
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 6.50 ქულით. 2.00 ქულა - საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხვორებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია). 1.50 ქულა - საცხოვრებელი ფინანსური პირობები ნაქირავები. 3.00 ქულა - სოციალური კრიტერიუმი 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ უსაფუძვლოა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, ხელოვნურად ოჯახის გაზრდის გამო, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელე ლ. რ-ას ოჯახის შემადგენლობის ხელოვნურად გაზრდის ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, მოსარჩელემ განაცხადი გააკეთა შვილთან - თ. რ-ასთან ერთად, რომელთან ერთადაც მისამართზე დახვდა კიდეც მონიტორინგის თანამშრომლებს. ლ. რ-ას და მისი შვილის მითითებულ მისამართზე ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ. კ-ამ და თ. შ-ამ (20.04.22 წლის სხდომის ოქმი), ასევე საქმეში დაცულია იმავე კორპუსში მცხოვრები 26 პირის ხელმოწერის შემცველი განცხადება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ლ’’ და ,,მ’’ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი); მ) შინასამეურნეო საქმიანობა (საერთო საოჯახო მეურნეობა) – ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებას და ამ საშუალებების (შემოსავლები და ხარჯები) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოების შესახებ, რომ იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ბინის განაწილების საკითხის გადაწყვეტისას განსაზღვრა პრიორიტეტული კრიტერიუმები, მოსარჩელესთან მიმართებით კი არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის საცხოვრებელი პირობები, რაც დადასტურებულია 2018 წლის 10 სექტემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №006304418 დასკვნით. ზემოაღნიშნული დასკვნა წარდგენილი იყო ადმინისტრაციული წარმოებისას და აღნიშნულით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზირი №41-ში მდებარე 14 სართულიანი შენობის სხვენის სართულზე განთავსებული მოქალაქე ლ. რ-ას ბინაში შექმნილია გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები და ბინა შეფასდა საცხოვრებლად უვარგისად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ადმინისტრაციულმა ორგანოს მიერ გამოკვლეული და შეაფასებული მთელი რიგი გარემობები. კასატორი აღნიშნავს, რომ ორივე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების ფაქტი არ დასტურდებოდა დაეყრდნო რა მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას და მოსარჩელის ნათესავების მიერ გაკეთებულ განმარტებებს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტომ მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენა საკითხის სრულყოფილად შესასწავლად. სასამართლომ არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალა. 2021 წლის 12 აპრილს განხორციელებული მონიტორინგის ოქმის თანახმად, თ. რ-ას დეიდაშვილმა დაადასტურა რომ თ. რ-ა ხშირად რჩება მასთან, თუმცა ცხოვრობს მეგობართან, რომლის ვინაობა და მისამართი მისთვის უცნობია. 2021 წლის 12 აპრილის მონიტორინგის ოქმიდან კი დგინდება, რომ მისამართზე ცხოვრობს მოსარჩელის მეგობარი, მ. ქ-ა. მ. ქ-ამ განმარტა, რომ თ. ხშირად მიდის მასთან, თუმცა ცხოვრობს მეგობართან. მ. ქ-ას განმარტებით აღნიშნულ მისამართზე თეიმურაზი მიდის თავის მოსაწესრიგებლად. 2021 წლის 12 აპრილს სადავო მისამართზე ჩატარებული მონიტორინგიდან კი ირკვევა, რომ მისამართზე არავინ იმყოფებოდა, სატელეფონი კავშირის შემდგომ მივიდნენ მოსარჩელე და მისი შვილი, მათ განმარტეს, რომ იმყოფებოდნენ 326-ე ბინაში მეგობართან - მ. ქ-ას ოჯახში. მონიტორინგის განხორციელების შემდგომ მოსარჩელემ და მისმა შვილმა განმარტეს, რომ მიდიოდნენ დეიდაშვილთან - თ. შ-ას ოჯახში. კასატორი აღნიშნავს, რომ მონიტორინგის ოქმებში ასახული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლომ არ გაითვალისწინა და უპირატესობა მოსარჩელის ნათესავების განმარტებას მიანიჭა. თუმცა აღნიშნული განმარტებები არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს აქვს მონიტორინგის სამსახური, რომელსაც უშუალოდ ევალება დევნილი ოჯახების მიერ მოწოდებული ფაქტების გადამოწმება. სწორედ ამ მიზნით შემუშავებულია მონიტორინგის ფორმა, რომელშიც აისახება გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია. მოცემულ შემთხვევაში სააგენტომ სასამართლოს წარუდგინა სრული ადმინისტრაციული წარმოების მასალა, მათ შორის მონიტორინგის ოქმები, რომლებითაც ნათლად დასტურდებოდა ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების ფაქტი. კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს ფაქტის ნამდვილობის დასადასტურებლად შეუძლია მხოლოდ მონიტორინგის განხორციელება და მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, სხვა საშუალება არ არსებობს. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად და გამოყენებულია ის საშუალება, რაც გააჩნია სააგენტოს, კერძოდ მონიტორინგი, რომელსაც იყენებს აგრეთვე მსგავსი საკითხების გამოკვლევისას.
კასატორი აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მოქმედი ნორმა (2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანება), გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რაც დადგენილია იმპერატიულად, კერძოდ, პირველ რიგში და საკითხის განხილვის ეტაპზე ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას და არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი. ცხადია, ეს ნორმა არაფრით არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, ან შეუძლიათ ისარგებლონ ნათესავის საცხოვრებლით, თუმცა, შესაბამისი რიგითობის დაცვით. კასატორი აღნიშნავს, რომ თუ სასამართლო მიმდინარე ეტაპზე იმ პირების მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რომელთა მოთხოვნის დაკმაყოფილების ჯერიც იმპერატიული დანაწესის გათვალისწინებით ბოლო ეტაპია, სასამართლო არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს დევნილ ოჯახებს და ხელოვნურად გამოიწვევს მათთვის მინიჭებული უფლებების უხეშ დარღვევას. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ თავი აარიდა მონიტორინგის ოქმებზე მსჯელობას.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება. სასამართლომ არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს წარდგენილი მტკიცებულებები. გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, რომელიც არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1534/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოხსენებული ნორმა ადმინისტრაციულმა ორგანოს პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს.
დადგენილია, რომ მოსარჩელე და მისი შვილი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე მოსარჩელეები არ არიან დაკმაყოფილებულნი საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 23 ივლისს ლ. რ-ას მიერ შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი. ლეილა როგავმ განაცხადში მასთან ერთად მიუთითა შვილი. განაცხადის დამუშავების შედეგად, წინასწარი შეფასებით, ოჯახი შეფასდა 6,5 ქულით (2.00 ქულა - საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხვორებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია). 1.50 ქულა - საცხოვრებელი ფინანსური პირობები ნაქირავები. 3.00 ქულა - სოციალური კრიტერიუმი 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა).
2020 წლის 13 ნოემბერს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა თბილისში, საბურთალო, ...ის ქ. N41, მე-15 სართული, სხვენი, ლიფტის შახტის გვერდით. მისამართზე ცხოვრობენ ლ. რ-ა და თ. რ-ა. ორი წელია რაც აღნიშნულ ფართში არიან ქირით, იხდიან 100 ლარს. მანამდე 11 წელი ცხოვრობდნენ ...ს ქ. N12-ში, ქირით, ნათესავის ბინაში, უფრო ადრე კი რუსეთში.
2021 წლის 12 აპრილის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმით ლ. რ-ასა და თ. რ-ას ოჯახის დამატებითი მოკვლევის მიზნით მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე: თბილისი, ...ის ქ. N41-ში, მე-14 სართულზე სხვენი, მონიტორინგის დროს მივიდნენ ლ. რ-ა და თ. რ-ა, რომელთაც განუმარტეს, რომ მე-2 სართულზე იმყოფებოდნენ სტუმრად, მ. ქ-ას ოჯახში. მონიტორინგის წევრებს განუმარტეს, რომ მონიტორინგის დასრულების შემდეგ. მიდიოდნენ მე-3 სართულზე დეიდაშვილთან თ. შ-ასთან.
დადგენილია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 02 აპრილის №19 ოქმით, კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ლ. რ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ვინაიდან ამ ეტაპზე მათი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა - ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1534/ო ბრძანებით, ლ. რ-ას (განცხადებაში მითითებულ პირებს), იმ ეტაპზე უარი ეთქვა ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო, ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო.
საგულისხმოა, რომ მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება ლ. რ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროების არარსებობაზე, რადგან ოჯახი ხელოვნურად იყო გაერთიანებული. საგულისხმოა, რომ საქმის მასალებით დგინდება, რომ ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4,5 ქულა და მეტი ქულა.
საკასაციო სასამრთლო მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ლ’’ და ,,მ’’ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი); მ) შინასამეურნეო საქმიანობა (საერთო საოჯახო მეურნეობა) – ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მოვლა- პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებას და ამ საშუალებების (შემოსავლები და ხარჯები) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, დევნილ ოჯახად მიჩნევისათვის არსებითია კუმულატიურად არსებობდეს ორი წინაპირობა 1. განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომელთაც გააჩნიათ დევნილის სტატუსი და 2. შინასამეურნეო საქმიანობის გაწევა.
საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატიციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არა მხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
დადგენილია, რომ ლ. რ-ა და მისი შვილი თ. რ-ა რეგისტრირებულები არიან ერთ მისამართზე და აქვთ ერთი სარეგისტრაციო ნომერი ....
საკასაციო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მონიტორინგის ოქმებით დადგენილი გარემოებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული 13.11.2020წ. მონიტორინგის ოქმში ოჯახის შემადგენლობაში მითითებულნი არიან თ. და ლ. რ-აები. ამასთან, 12.04.2021წ შედგენილია სამი მონტორინგის ოქმი. ერთ შემთხვევაში, გასაუბრება შედგა ლ. რ-ასთან და მის შვილთან. მეორე შემთხვევში თ. შ-ასთან, რომლის განმარტებით თე. რ-ა პერიოდულად რჩება ხან მასთან ხან მეგობართან. მესამე ოქმში აღნიშნულია, რომ მ. ქ-ას მითითებით, თე. რ-ა ამჟამად იმყოფება მეგობართან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციით ნებისმიერი პირისთვის გარანტირებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების და მიმოსვლის უფლება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მონიტორინგის ოქმებით უტყუარად არ დგინდება თ. რ-ას დამოუკიდებელ ოჯახად მიჩნევის წინაპირობები. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ლ. რ-ას და მისი შვილის ერთად ცხოვრების ფაქტი დაადასტურეს სასამართლოზე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ. კ-ამ და თ. ს-ამ (20.04.22წ სხდომის ოქმი), ასევე საქმეში დაცულია მოსარჩელის კორპუსში მცხოვრები 26 პირის ხელმოწერის შემცველი განცხადება (ს.ფ 19-20).
საქართველოს კონსტიტუციის 5.4 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს შესაბამისი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას, უბინაობის პრობლემების თავიდან აცილებასა და შერბილებას მისი თანდათანობით აღმოფხვრის მიზნით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ ლ. რ-ასთან მიმართებით არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის საცხოვრებელი პირობები კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 სექტემბრის №006304418 დასკვნით დასტურდება, რომ ქ. თბილისი, ...ის გამზირი №41-ში მდებარე 14 სართულიანი შენობის სხვენის სართულზე განთავსებული მოქალაქე ლ. რ-ას ბინაში შექმნილია გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები და ბინა შეფასდა საცხოვრებლად უვარგისად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ლ. რ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა