საქმე №ბს-1241(კ-22) 15 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი - ანა ნიგურიანი
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. გ. რ-ზ
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. გ. რ-ზმა წარმომადგენლის მეშვეობით 2021 წლის 29 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, რომლითაც ე. გ. რ-ზის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 08 დეკემბრის №1000769162 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ე. გ. რ-ზის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისამებრ განხილვის მოპასუხისთვის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელში აღნიშნავდა, რომ კუბის რესპუბლიკის მოქალაქე ე. გ. რ-ზი დასაქმებულია შპს „ს...ში“ IT სპეციალისტის თანამდებობაზე, შესაბამისად, მასთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, 2022 წლის 01 ნოემბრამდე. მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ ე. გ. რ-ზს 2-ჯერ უკვე მოპოვებული ჰქონდა შრომითი ბინადრობის ნებართვა. 2018 წლის 08 ნოემბერს ე. გ. რ-ზმა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 36 კალენდარული დღით ადრე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2021 წლის 10 ნოემბერს მოსარჩელეს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით მოსარჩელემ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლის რჩევით, 2021 წლის 26 ნოემბერს გადაკვეთა საქართველო - რუსეთის საზღვარი და შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, რის შედეგადაც კუბის რესპუბლიკის მოქალაქეს ჩაერთო საქართველოში კანონიერად ყოფნის 90 დღიანი ვადა. 2021 წლის 29 ნოემბერს ე. გ. რ-ზმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარადგინა საქართველოში საზღვრის კვეთის მტკიცებულება. მოსარჩელის წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ მიუხედავად დამატებით წარდგენილი დოკუმენტისა, რომლის თანახმად, ე. რ. გ-ზის საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი იყო 88 კალენდარული დღე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განმცხადებელს იმავე საფუძვლით დაუდგინა ხარვეზი, ხოლო 2021 წლის 08 დეკემბერს მიიღო სადავო გადაწყვეტილება, რომლითაც ე. გ. რ-ზის განცხადება შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე დარჩა განუხილველი.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა წარადგინა შესაგებელი, სადაც აღნიშნავდა, რომ არ არსებობდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 08 დეკემბრის №1000769162 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან გადაწყვეტილება მომზადებული და გამოცემული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ე. გ. რ-ზის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 08 დეკემბრის №1000769162 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ე. გ. რ-ზის განცხადების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის მე-4 ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად უცხოელი ვალდებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული ქვეპუნქტი ასევე შეიცავს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც ბინადრობის მაძიებელზე არ ვრცელდება 40 დღიანი ვადის შეზღუდვა; კერძოდ, აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება, მათ შორის, დროებითი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე. სასამართლომ აგრეთვე მიუთითა ამავე წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად კანონის მე-15 მუხლის „ა“ – „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები პირველად გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნორმის ლოგიკური და სისტემური განმარტების მეთოდით შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომითი ბინადრობის ნებართვა წარმოადგენდა დროებით ბინადრობის ნებართვას. შესაბამისად, მასზე „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დასკვნის სახით აღნიშნა, რომ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოსარჩელეს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადების განხილვაზე უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომელიც გათვალისწინებული არ იყო დროებითი - შრომითი ბინადრობის ნებართვისთვის, შესაბამისად, არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელეს რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის საფუძველზე 2021 წლის 27 ნოემბერს წარმოეშვა საქართველოში კანონიერად ყოფნის 90 დღიანი ვადა, შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მას უკვე გააჩნდა 40 კალენდარულ დღეზე მეტი საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა. ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევდა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას, შესაბამისად არ დაეთანხმა სასამართლოს მსჯელობას კონკრეტულ შემთხვევაზე „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გაუვრცელებლობის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. სააპელაციო პალატამაც მიიჩნია, რომ შრომითი ბინადრობის ნებართვა წარმოადგენდა დროებითი ბინადრობის ნებართვას, რომელზეც არ ვრცელდებოდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
კასატორის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლის მითითებით, საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია თუ რა წარმოადგენს საქართველოში შემოსვლისა და კანონიერად ყოფნის საფუძვლებს, კერძოდ ესენია: ა) საქართველოს ვიზა; ბ) საქართველოში ბინადრობს ნებართვა; გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. ამასთანავე კუბის რესპუბლიკა არ შედის საქართველოს მთავრობის №255 დადგენილებით განსაზღვრულ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა.
კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე და აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტად წარმოდგენილია მხოლოდ საქართველოს ბინადრობის მოწმობა, რომლის მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 14 დეკემბერი, შესაბამისად ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის წარდგენის დროისთვის მას დარჩენილი ჰქონდა საქართველოში კანონიერად ყოფნის 37 დღე. ამდენად, უცხოელი ვერ აკმაყოფილებდა დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის იმ მოთხოვნას, რომელიც განმცხადებელს ავალდებულებდა საქმის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით მიემართა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 დღით ადრე.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 323-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა თანახმად, საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, ხოლო სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და ამასთანავე, არასწორად განმარტა კანონი. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საქმის ქვედა ინსტანციებში განხილვის ეტაპზე მატერიალური სამართლის ნორმები არსებითად არასწორად განიმარტა საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რამაც გამორიცხა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. კერძოდ, სასამართლოებმა არასწორად განმარტეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დროებითი ბინადრობის ნებართვა და მიუთითეს, რომ მასში მოიაზრებოდა შრომითი ბინადრობის ნებართვაც, ვინაიდან კანონმდებლობა დროებითი სახის ბინადრობის ნებართვად განსაზღვრავდა, მათ შორის, შრომით ბინადრობასაც, თუმცა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ კანონმდებლობა აგრეთვე ცალკე ბინადრობის კატეგორიად გამოყოფს დროებით ბინადრობის ნებართვას. კერძოდ, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი. ამდენად, კანონი ბინადრობის ნებართვებს შორის ცალკე კატეგორიად გამოჰყოფს დროებით ბინადრობის ნებართვას.
კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ განჩინებაში არსად არის მითითებული, თუ კანონით გათვალისწინებული რომელი ნორმა დაარღვია სააგენტომ მოცემული გადაწყვეტილების მომზადების დროს. სასამართლო ვალდებულია კონტროლი განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე, კერძოდ, სწორად განმარტავს თუ არა ადმინისტრაციული ორგანო კანონს, სწორად იყენებს თუ არა მას და სწორად იკვლევს თუ არა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლო ვალდებულია გამოიკვლიოს გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლოს ქმედება წარმოადგენს უხეშ ჩარევას ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას მიკუთვნებულ სფეროში, ვინაიდან სწორედ სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება გამოიკვლიოს, შეისწავლოს და შეაფასოს ის ფაქტობრივი გარემოებები, შეესაბამება თუ არა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით, რაც გულისხმობს უფლებამოსილების განხორციელებას მხოლოდ კანონის საფუძველზე და დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ კანონის გვერდის ავლით ბინადრობის ნებართვის უცხოელებზე გაცემას, აღნიშნული გამოიწვევს მსუსხავ ეფექტს მსგავსი კატეგორიის საქმეებში. შედეგად მივიღებთ იმ გარემოებას, რომ დადგენილების ჩანაწერი, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სააგენტოსთვის, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე მიმართვის ვალდებულების თაობაზე, იქნება მხოლოდ ფორმალური ჩანაწერი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, შესაბამისად უნდა გაუქმდეს და სრულად უნდა ეთქვას მოსარჩელეს უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 03 მაისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 06 ივნისის განჩინებით დადგინდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის განხილვა მხარეთა დასწრებით, 2023 წლის 15 ივნისს 11:00 საათზე.
ე. გ. რ-ზის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს ბინადრობის მაძიებლის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის 40 კალენდარული დღით ადრე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მიმართვის გავრცელება შრომითი ბინადრობის ნებართვაზე და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ე. გ. რ-ზის მიერ საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის პირობებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ განცხადების განუხილველად დატოვების უფლებამოსილება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. აღნიშნული კანონის მიხედვით, უცხოელთა საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებია: საქართველოს ვიზა; საქართველოში ბინადრობის ნებართვა; საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები (მუხლი 5).
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. სწორედ ბინადრობის ნებართვა წარმოადგენს სააგენტოს მხრიდან უცხოელზე შესაბამის ბინადრობის მოწმობის გაცემის საფუძველს, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საშუალებას აძლევს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს სამედიცინო, სადაზღვევო თუ საბანკო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს, იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ. ბინადრობის მოწმობის გაცემით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები: შრომითი ბინადრობის ნებართვა, სასწავლო ბინადრობის ნებართვა, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, სპეციალური ბინადრობის ნებართვა, მუდმივი ცხოვრების ნებართვა, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, დროებითი ბინადრობის ნებართვა, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა და უვადო ბინადრობის ნებართვა. მითითებული კანონის მე-16 მუხლიდან გამომდინარე, განსაზღვრულია ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადები, ასევე ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების პროცედურები.
იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო საკითხი შეეხება შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოსარჩელის განცხადების განუხილველად დატოვებას, საკასაციო პალატა მხოლოდ ამ სახის ბინადრობის ნებართვის გაცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებზე მსჯელობით შემოიფარგლება.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელზე, რომელიც სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და რომლის დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე.
კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“ (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს (მუხლი 1).
მითითებული წესის მე-5 მუხლი ადგენს შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); დ1) ცნობა, საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალის/შრომის ანაზღაურებისა და დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვის შესახებ; ე) ფერადი ფოტოსურათი; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. გარდა აღნიშნული დოკუმენტებისა, წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის).
მითითებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემისას წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაცვის სავალდებულოობის შესახებ და მიიჩნევს, რომ მითითებულ ნორმაში არსებულ საგამონაკლისო შემთხვევებში არ მოიაზრება შრომითი ბინადრობის ნებართვა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებელი ამ ნორმაში მითითებულ დროებითი ბინადრობის ნებართვაში გულისხმობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ დროებით ბინადრობის ნებართვას, როგორც ბინადრობის ერთ-ერთ სახეს (გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი) და არა ზოგადად, კონკრეტული ვადით (დროებით) გაცემულ ყველა სახის ბინადრობის ნებართვას. ამ მსჯელობის მართებულობას ასევე ადასტურებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თავდაპირველი რედაქცია, რომელიც ამ ვადის დაცვას საგამონაკლისო წესით არ ავრცელებდა მხოლოდ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლსა ან დაზარალებულ პირზე, სპეციალური ბინადრობის ნებართვის მაძიებელთა შემთხვევაში.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2015 წლის 20 მარტს №3344 კანონით შევიდა ცვლილება, რომლის შედეგადაც კანონის მე-15 მუხლში (,,ი“ ქვ.პუნ.) ახალი ბინადრობის ნებართვის სახედ გათვალისწინებული იქნა დროებითი ბინადრობის ნებართვა. აღნიშნული ცვლილება დაედო საფუძვლად საქართველოს მთავრობის №520 დადგენილებაში 2015 წლის 10 ნოემბრის №574 დადგენილებით განხორციელებულ ცვლილებას, რომლის თანახმად, წესის მე-3 მუხლის მე-4 ქვეპუნქტში 40 დღიანი ვადის დაცვის ვალდებულება არ იქნა გათვალისწინებული ასევე დროებითი ბინადრობის ნებართვის მაძიებელ პირზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს, კერძოდ, ყოველი ნორმა განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა (სუსგ საქმეზე №ბს-479-459(კ-10), 21.10.2010წ.).
ამდენად, საკასაციო პალატა არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემისას წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაუვრცელებლობის შესახებ, რადგანაც აღნიშნული განმარტება არ გამომდინარეობს კანონმდებლის ნამდვილი მიზნიდან. ამასთან ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის გათვალისწინების შემთხვევაში, არ იარსებებს შემთხვევა (ბინადრობის ნებართვა), რასთან დაკავშირებითაც შესაძლებელია გავრცელებულიყო ამ ნორმით დადგენილი შეზღუდვა.
რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების საკითხს, ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით განცხადების განხილვა ექვემდებარება შემდეგ სტადიებს: 1. განცხადების დასაშვებობა; 2. განცხადების საფუძვლიანობა.
განცხადების დასაშვებობის სტადიაზე ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს ორ კრიტერიუმს: 1. განცხადების წარდგენის ვადის დაცულობას და 2. განცხადების წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას (წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა).
განცხადების საფუძვლიანობისას ხდება ბინადრობის ნებართვის საფუძვლების არსებობის შემოწმება (მუხლი 131), რა სტადიაზეც სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გადაამოწმოს დოკუმენტში მითითებული ინფორმაცია, მიიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება და სხვა.
საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე უდავოდ დადგენილია, რომ ე. გ. რ-ზმა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 37 კალენდარული დღით ადრე მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რაც წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 01.09.2014 წლის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევას, რასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ე. გ. რ-ზს წარდგენილ განცხადებაზე მართებულად დაუდგინა ხარვეზი და 2021 წლის 10 ნოემბრის №1000769162/7 წერილით დაავალა საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა 2021 წლის 8 დეკემბრამდე.
საქმის მასალებით ისიც დადგენილია, რომ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ე. გ. რ-ზმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 29 ნოემბერს წარუდგინა საქართველო-რუსეთის საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შედეგად, მას წარმოეშვა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის 90 დღიანი კალენდარული ვადა (აღნიშნული დასტურდება აგრეთვე საქმეში დაცული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რა გარემოებასაც არც კასატორი ხდის სადავოდ). ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ კვლავ წარსადგენი იყო სააგენტოსთვის მიმართვის დღისთვის საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და 2021 წლის 30 ნოემბრის №1000769162/7 წერილით ე. გ. რ-ზს დაავალა ამ დოკუმენტის წარმოდგენა 2021 წლის 8 დეკემბრამდე, ხოლო 2021 წლის 08 დეკემბრის №1000769162 გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილ ვადაში დამატებითი დოკუმენტის წარუდგენლობის მოტივით, განცხადება დატოვა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგენდა ახალ გარემოებას, რომელზეც კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია, შესაბამისად პალატა თვლის, რომ არ არსებობდა ამ დოკუმენტებზე მსჯელობის გარეშე მოსარჩელის განცხადების განუხილველად დატოვების საკანონმდებლო წინაპირობები. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის დანაწესს, რომლის თანახმად, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. შესაბამისად მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხეზე ე. გ. რ-ზის განცხადების განხილვის დავალების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა