საქმე #ბს-147(კ-23) 15 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 7 აგვისტოს სს „ე...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 27 ნოემბრის #04/63769 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 4 დეკემბრის #04/65100 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 13 დეკემბრის #04/67060 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 ივლისის #04/38215 გადაწყვეტილების (გარდა შესრულებულად აღიარებული მომსახურების დაფინანსების ნაწილისა) ბათილად ცნობა, ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული პაციენტების - ა. მ-ეის, ნ. მ-ეის, ა. კ-ეის, მ. ს-ის, ე. მ-ეისა და ა. უ-ოს სამედიცინო მომსახურების სრულად დაფინანსება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 აგვისტოს განჩინებით სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული.
2020 წლის 26 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა - მ. შ-ემ პაციენტი ა. კ-ეის მიმართ გამოცემული აქტის ნაწილში უარი თქვა სარჩელზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აგვისტოს განჩინებით მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
2021 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სს „ე...ის“ წარმომადგენელმა ნ. მ-ეის, ე. მ-ეისა და ა. უ-ოს სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის თაობაზე იშუამდგომლა. მოსარჩელე მხარის შუამდგომლობას დაეთანმხა მოპასუხე მხარე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 დეკემბრის საოქმო განჩინებით სს „ე...ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის თაობაზე, დაკმაყოფილდა; განუხილველად დარჩა სს „ე...ის“ სარჩელი, მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ნ. მ-ეის, ე. მ-ეისა და ა. უ-ოს სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების (3222.31 ლარი - ნ. მ-ეე, 945.25 ლარი - ე. მ-ეე, 320 ლარი - ა. უ-ო, ჯამში - 4487.56 ლარი) მოთხოვნის ნაწილში.
საბოლოოდ, მოსარჩელემ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 ნოემბრის #04/63769 გადაწყვეტილების ა. მ-ეის ნაწილში ბათილად ცნობა, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 4 დეკემბრის #04/65100 გადაწყვეტილების მ. ს-ის ნაწილში ბათილად ცნობა და სს „ს...“ - „მ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 ივლისის #04/38215 გადაწყვეტილების ა. მ-ეის და მ. ს-ის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით სს „ე...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 ნოემბრის #04/63769 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ა. მ-ეის ნაწილში და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს ა. მ-ეის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურება დაევალა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 4 დეკემბრის #04/65100 გადაწყვეტილება მ. ს-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 ივლისის #04/38215 გადაწყვეტილება მ. ს-ის და ა. მ-ეის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელისთვის #489838827 სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს.
სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ მოდულში შემთხვევა გადაცემულ იქნა დიაგნოზით ღვიძლის ექინოკოკოზი დაუზუსტებელი B67.8. ჩარევა - JJSA30 ღვიძლის კისტის ფენეტრაცია. ადმინისტრაციული ორგანო სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 ნოემბრის #04/63769 გადაწყვეტილებას #489838827 სამედიცინო შემთხვევის ნაწილში ასაბუთებდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული იყო დიაგნოზი: ღვიძლის ექინოკოკოზი დაუზუსტებელი B67.8. ჩარევა - JJSA30 ღვიძლის კისტის ფენეტრაცია, ხოლო, სამედიცინო დოკუმენტაციით განხორციელებული იყო ექინოკოკური კისტების ამოკვეთა.
საქმეში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გახვრეტილ იქნა ღვიძლზე არსებული კისტა და ამოღებულ იქნა მასში არსებული პატარა, შვილობილი კისტები სრულად, რაც არ ცვლის ჩარევის სახეს, ვინაიდან კისტის ფენეტრაციის მიზანს სწორედ მისი დაცლა, ამოწმენდა წარმოადგენს. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ასოციაცია - ბავშვთა ქირურგები ჯანმრთელი მომავლისთვის ...ის - ლ. ფ-ეის მიერ გაცემული წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ ღვიძლის ექინოკოკის ოპერაციის დროს, როგორც წესი, ხდება ცენტრალური კისტის ფენეტრაცია და შემდგომ მისი შიგთავსის და მცირე შვილეული კისტების ამოქაჩვა სპეციალური საქაჩით. ოპერაციის პროტოკოლში #6772 სწორედ აღნიშნული თანმიმდევრობითაა აღწერილი ოპერაციის მსვლელობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კოდი JJSA30 - ღვიძლის კისტის ფენეტრაცია მართებულად იყო მინიჭებული. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის შეფასება, რომ #489838827 სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი, მისი დაზუსტება და ჩარევა შესაბამისობაში იყო და ემთხვევოდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, რაც ქმნიდა სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების წინაპირობას. ის გარემოება, რომ ამოწმენდის მიზნით გახვრეტილ კისტაში აღმოჩენილ იქნა პატარა კისტები და მოხდა მათგან კისტის გათავისუფლება, არ ცვლიდა ჩარევის სახეს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 4 დეკემბრის #04/65100 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ #3420048337 სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილი იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ მოდულში შემთხვევა გადაცემულ იქნა რამდენიმე პროგრამული კოდით, საიდანაც ძირითადი გადაცემული იყო ხელოვნური კოდით ONC1265662, დიაგნოზი D43.3 - თავის ტვინის სუპრატენტორული ნაწილი, ჩარევა AASB00 ქალასშიდა დაზიანების ამოკვეთა. ამასთან, სს „მ...ს“ ოპერაციის პროტოკოლში #117 ოპერაციულ დიაგნოზად მითითებული იყო თავის ტვინის გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე, სუპრატენტორული ნაწილი - D43.0.
სადავო გადაწყვეტილებით ანაზღაურებაზე უარის თქმას სააგენტომ საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ შემთხვევა არ იყო გადაცემული განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში 2021 წლის 24 დეკემბერს გამართულ სხდომაზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებაზე, რომელმაც #3420048337 სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების შესაძლებლობა გამოირიცხა არა იმ საფუძვლით, რომელიც მითითებული იყო სააგენტოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, არამედ მხარემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში არ იყო თავის ტვინის კომპრესია, არ არსებობდა და არ არსებობს შემთხვევის ანაზღაურების საფუძველი და აღნიშნული შემთხვევის ხელახლა განხილვის შემთხვევაში, გადაწყვეტილება დაიწერებოდა სხვაგვარად (12:25:09).
ხსენებული გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 4 დეკემბრის #04/65100 გადაწყვეტილება #3420048337 სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სადავო შემთხვევის არსებით გარემოებათა დადგენის გარეშე იყო მიღებული, რის გამოც, იგი ექვემდებარებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააგენტოს გადაწყვეტილებები ბათილად იქნა ცნობილი პაციენტების - ა. მ-ეისა და მ. ს-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.
კასატორი მიუთითებს, რომ პაციენტი ა. მ-ეე არის დადგენილების დანართი #1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე. იგი მკურნალობდა შპს „მ...ში“ გეგმიური ქირურგიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში 2018 წლის 1 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით. მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია დიაგნოზი: ღვიძლის ექინოკოკოზი დაუზუსტებელი B67.8, ჩარევა: JJSA30 ღვიძლის კისტის ფენესტრაცია. სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, განხორციელდა ექინოკოკური კისტების ამოკვეთა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი აღნიშნავს, რომ #336562759 სამედიცინო შემთხვევას ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის (თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს) შესაბამისად.
კასატორის მითითებით, პაციენტ მ. ს-ის სამედიცინო შემთხვევა მიმწოდებლის მიერ გადმოცემულია რამდენიმე პროგრამული კოდით, რომელთაგან ერთ-ერთია ONC126566, დიაგნოზი: D43.3 -/- თავის ტვინი, სუპრატენტორული ნაწილი, ჩარევა: AASB00 -/- ქალასშიდა დაზიანების ამოკვეთა. აღნიშნული პროგრამული კოდი ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან, მაშინ, როდესაც ზემოაღნიშნული დიაგნოზით განპირობებული გადაუდებელი მდგომარეობა შესაბამისი ჩარევით განსაზღვრულია დანართი #1.2-ით (G93.5 -/- თავის ტვინის კომპრესია -/- ჩარევა: AASB ქალასშიდა დაზიანების ამოკვეთა და განადგურება) და ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის შესახებ შეტყობინება გადმოსცეს განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად. ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ არ ანაზღაურდებოდა ზემოაღწერილი პროგრამის შემთხვევა და შემთხვევა უნდა ანაზრაურებულიყო ამავე დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების გათვალისწინებით (როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდების დაფიქსირებას, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%), რასაც მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, ინსპექტირების ეტაპზე #3420048337 სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.
ამდენად, კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ პუნქტზე და მიიჩნევს, რომ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 ნოემბრის #04/63769 გადაწყვეტილების ა. მ-ეის ნაწილში ბათილად ცნობა, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 4 დეკემბრის #04/65100 გადაწყვეტილების მ. ს-ის ნაწილში ბათილად ცნობა და სს „ს...“- „მ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 ივლისის #04/38215 გადაწყვეტილების ა. მ-ეის და მ. ს-ის ნაწილში ბათილად ცნობა.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა მხოლოდ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით შეფასდა მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის კანონიერება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას იმსჯელოს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის კანონიერებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული გახდა მოსარჩელისთვის #489838827 სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
დადგენილია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ მოდულში შემთხვევა გადაცემულ იქნა დიაგნოზით ღვიძლის ექინოკოკოზი დაუზუსტებელი B67.8. ჩარევა - JJSA30 ღვიძლის კისტის ფენეტრაცია. ადმინისტრაციული ორგანო სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 ნოემბრის #04/63769 გადაწყვეტილებას #489838827 სამედიცინო შემთხვევის ნაწილში ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული იყო დიაგნოზი: ღვიძლის ექინოკოკოზი დაუზუსტებელი B67.8. ჩარევა - JJSA30 ღვიძლის კისტის ფენეტრაცია, ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციით განხორციელებული იყო ექინოკოკური კისტების ამოკვეთა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ საქმეში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გახვრეტილ იქნა ღვიძლზე არსებული კისტა და ამოღებულ იქნა მასში არსებული პატარა, შვილობილი კისტები სრულად, რაც არ ცვლის ჩარევის სახეს, ვინაიდან კისტის ფენეტრაციის მიზანს სწორედ მისი დაცლა, ამოწმენდა წარმოადგენს. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ასოციაცია - ბავშვთა ქირურგები ჯანმრთელი მომავლისთვის ...ის - ლ. ფ-ეის მიერ გაცემული წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ ღვიძლის ექინოკოკის ოპერაციის დროს, როგორც წესი, ხდება ცენტრალური კისტის ფენეტრაცია და შემდგომ მისი შიგთავისისა და მცირე შვილეული კისტების ამოქაჩვა სპეციალური საქაჩით. ოპერაციის პროტოკოლში #6772 სწორედ აღნიშნული თანმიმდევრობითაა აღწერილი ოპერაციის მსვლელობა. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კოდი JJSA30 - ღვიძლის კისტის ფენეტრაცია, მართებულად იქნა მინიჭებული.
ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ #489838827 სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი, მისი დაზუსტება და ჩარევა შესაბამისობაშია და ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. ის გარემოება, რომ ამოწმენდის მიზნით გახვრეტილ კისტაში აღმოჩენილ იქნა პატარა კისტები და მოხდა მათგან კისტის გათავისუფლება, არ ცვლის ჩარევის სახეს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 4 დეკემბრის #04/65100 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, საგულისხმოა, რომ #3420048337 სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე (წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს).
საქმეში დაცული სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათით #6119 და ფორმა #IV-100/ა-ით დასტურდება, რომ #3420048337 სამედიცინო შემთხვევის დროს პაციენტი „მ...ში“ 2018 წლის 19 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით მკურნალობდა შემდეგი დიაგნოზით: თავის ტვინის გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე, სუპრატენტორული ნაწილი -D43.0; სუნთქვის მწვავე უკმარისობა - J96.0, ობსტუქციული ჰიდროცეფალია - G91.1.
დადგენილია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ მოდულში შემთხვევა გადაცემულ იქნა რამდენიმე პროგრამული კოდით, საიდანაც ძირითადი გადაცემულია ხელოვნური კოდით ONC1265662, დიაგნოზი D43.3 - თავის ტვინის სუპრატენტორული ნაწილი, ჩარევა AASB00 ქალასშიდა დაზიანების ამოკვეთა. ამასთან, სს „მ...ს“ ოპერაციის პროტოკოლში #117 ოპერაციულ დიაგნოზად მითითებულია თავის ტვინის გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე, სუპრატენტორული ნაწილი - D43.0.
სადავო გადაწყვეტილებით ანაზღაურებაზე უარის თქმას სააგენტომ საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ შემთხვევა არ იყო გადაცემული განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში 2021 წლის 24 დეკემბერს გამართულ სხდომაზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებაზე, რომელმაც #3420048337 სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების შესაძლებლობა გამოირიცხა არა იმ საფუძვლით, რომელიც მითითებული იყო სააგენტოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, არამედ მხარემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში არ იყო თავის ტვინის კომპრესია, არ არსებობდა და არ არსებობს შემთხვევის ანაზღაურების საფუძველი და აღნიშნული შემთხვევის ხელახლა განხილვის შემთხვევაში, გადაწყვეტილება დაიწერებოდა სხვაგვარად (12:25:09).
ზემოხსენებული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 4 დეკემბრის #04/65100 გადაწყვეტილება #3420048337 სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სადავო შემთხვევის არსებით გარემოებათა დადგენის გარეშე იყო მიღებული, რის გამოც, იგი ექვემდებარებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) საკასაციო საჩივარზე 09.03.2023წ. #07256 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.03.2023წ. #07256 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
...ე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა