Facebook Twitter

№ბს-371(კ-22) 7 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ.ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ.ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი 2020 წლის 17 იანვრის №დად-12/04 დადგენილება ვ.ს-ის დაჯარიმების შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი 03.10.2019წ. მითითება, 21.11.2019წ. შემოწმების აქტი და 16.09.2020წ. სხდომის ოქმი ვ.ს-ის ნაწილში; გ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 12 ნოემბრის №1-1/491 ბრძანება ვ.ს-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ვ.ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ვ.ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ.ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, უკანონო მშენებლობა აწარმოა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, მოწინააღმდეგე მხარემ კი, დააჯარიმა ვ.ს-ი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ყველა ეტაპზე დოკუმენტაციას ადგენდნენ ფიზიკურ პირზე, როდესაც ნაგებობას აშენებდა შპს „ჰ...“ (ს/ნ ...). ორივე სახელმწიფო უწყებაში მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია საკუთრებაში შესყიდვასთან დაკავშრებით, სადაც ნათლად ჩანს, რომ ...ს მშენებლობა დაუკვეთა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა და არა ფიზიკურმა პირმა - ვ.ს-მა.

კასატორის მოსაზრებით, ... გაშენებულია არა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე, არამედ - კერძო საკუთრებაზეც. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და არა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. შესაბამისად, ჯარიმაც 25 000 ლარის ნაცვლად, იქნებოდა 8000 ლარი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ.ს-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (2); თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში (4); მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება (5); თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (9); შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა (13).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) 2019 წლის 3 ოქტომბერს ვ.ს-ს მიეცა მითითება, რომ დაბა ...ში, სასტუმრო ,, ...ის’’ მიმდებარედ (ს/კ ... და ს/კ ...) მის მიერ მიმდინარეობდა ... -... გზის ქვედა და ზედა სადგურების და მართი დამაკავშირებელი გზის უნებრათვო მშენებლობა და აღნიშნული დარღვევის გამოსასწორებლად მიეცა 45 დღე (ს.ფ. 12); ბ) სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სახელმწიფო ზედამხედველობის სამმართველოს მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი (არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის შესახებ), რომლის თანახმად, დაბა ...ში სასტუმრო ...ის მიმდებარედ მიმდინარეობს ...-... გზის ქვედა და ზედა სადგურების და მათი დამაკავშირებელი გზის უნებართვო მშენებლობა, დარღვევის გამოსასწორებლად ვ.ს-ს მიეცა 45 დღის ვადა, თუმცა, დარღვევა არ იქნა გამოსწორებული. შესაბამისად, ვ.ს-ის მიერ მითითება არ შესრულდა (ს.ფ. 63-64); გ) სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსმა 2020 წლის 8 იანვარს №05/8 მიმართვით ვ.ს-ს აცნობა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვა დანიშნული იყო 2021 წლის 16 იანვარს, 15:00 საათზე (ს.ფ. 61); დ) 2020 წლის 16 იანვარს ჩატარდა ვ.ს-ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება (სხდომის ოქმი №8) და დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა უნებართვო მშენებლობას, რის გამოც იგი უნდა დაჯარიმებულიყო. ვ.ს-ი საქმის განხილვაზე არ გამოცხადებულა (ს.ფ. 112-113); ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2020 წლის 17 იანვრის №დად-12/04 დადგენილებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე ვ.ს-ი დაჯარიმდა 25 000 ლარით (ს.ფ. 59-60); ვ) 2020 წლის 7 თებერვალს ვ.ს-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი 17.01.2020წ. დადგენილება, 03.10.2019წ. მითითება, 21.11.2019წ. შემოწმების აქტი და 16.09.2020წ. სხდომის ოქმი ვ.ს-ის ნაწილში (ს.ფ. 55-56); ზ) სსიპ ტექნიკურის და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2020 წლის 11 თებერვლის №1-1/68 ბრძანებით ვ.ს-ის 07.02.2020წ. ადმინისტრაციული საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში (ს.ფ. 100); თ) სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს განცხადებით მიმართა ვ.ს-მა და მიუთითა, რომ ს/კ ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არის შპს „ჰ...“ საკუთრება და სწორედ იგი აწარმოებს მასზე ... ... გზის ქვედა და ზედა სადგურების და მართი დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. ითხოვა მის მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტა (ს.ფ. 101); ი) სსიპ ტექნიკურის და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2020 წლის 22 ივლისის №1-1/258 ბრძანებით ვ.ს-ის ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩაერთო შპს „ჰ... - ...“ (ს.ფ. 87); კ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 12.11.2020წ. №1-1/491 ბრძანებით ვ.ს-ის 2020 წლის 7 თებერვლის №1762/21 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 88-91); ლ) 2020 წლის 16 ივნისის მდგომარეობით მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება მდბეარე ...ის რაიონი, დაბა ..., „ ...“ (ს/კ ...), საკუთრების უფლების რეგისტრირებულია შპს „ ჰ...- ...“ სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი: 03.06.2020წ. უფლების დამდგენი დოკუმენტი 02.06.2020წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 104-105); მ) 2019 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ...ის რაიონი, დაბა ..., ს/კ ..., წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას (ს.ფ. 80).

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2020 წლის 17 იანვრის №დად-12/04 დადგენილების გამოცემას საფუძვლად დაედო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას - სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2 მუხლის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში (ბ); სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი (გ); შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი (დ).

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2 მუხლზე მითითებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა („ბ“ ქვეპუნქტი), ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი, პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის/შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს („გ“, „დ“ ქვეპუნქტები). შესაბამისად, განსახილველი დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია იმის დადგენა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ჩადენილია თუ არა ვ.ს-ის მიერ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ვერც ადმინისტრაციული წარმოების და ვერ სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე ვერ იქნა წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელია შპს „ჰ...- ...“.

მართალია, 2020 წლის 16 ივნისის მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ...ის რაიონი, დაბა ..., „...“, ს/კ ..., საკუთრების უფლების რეგისტრირებულია შპს „ჰ...-...“-ის სახელზე, თუმცა საყურადღებოა, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2020 წლის 2 ივნისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო უფლების რეგისტრაციის თარიღია 03.06.2020წ., შპს „ჰ...- ...“-ის მიერ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების დროისათვის კი, ვ.ს-ის მიმართ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მიმდინარე მშენებლობის გამო, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება, უფრო მეტიც, ვ.ს-ი სსიპ ტექნიკურის და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დაჯარიმდა 2020 წლის 17 იანვრის ბრძანებით. ამდენად, მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ შპს „ჰ...- ...“ წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის მწარმოებელ პირს საქმის მასალებით არ დასტურდება.

რაც შეეხება დაჯარიმების საფუძველს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ...-... გზის ქვედა და ზედა სადგურების და მათი დამაკავშირებელი გზის უნებართვო მშენებლობა მიმდინარეობდა ...ში, დაბა ...ში, სასტუმრო „...ის“ მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომელთაგან ერთი უძრავი ქონება (ს/კ ...) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 09.07.2020წ. N09/882 მიმართვით დასტურდება, რომ ...-... გზის ზედა და ქვედა სადგურის და 11 საყრდენი ბოძის X/Y კოორდინატებით მოხდა მათი შესწავლა გეოინფორმაციულ სისტემაში. შემოწმებისას დადგინდა, რომ ...-... გზის მშენებლობა წარმოებულია, როგროც კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვინაიდან, ...-... გზა, რომლის ზედა და ქვედა სადგურები მდებარეობს აღნიშნული მიწის ნაკვეთებზე, კვეთს დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს, კერძო მესაკუთრეების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულს და ასევე დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებს. ამასთან, ...-... გზა გადის ასევე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზეც. ქვედა სადგურზე აღებული 3 X/Y კოორდინატი ექცევა ს/კ ..., მესაკუთრე - ვ.ს-ი. ზედა სადგურისა და 1 ანძის განთავსების X/Y კოორდინატები ექცევა ს/კ ..., მესაკუთრე სახელმწიფო, ხოლო 10 ანძის განთავსების X/Y კოორდინატები ექცევა, როგროც კერძო მიწის ნაკვეთზე ს/კ ..., ასევე სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე ს/კ ... და სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (ს.ფ. 106-108).

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონშესაბამისია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2020 წლის 17 იანვრის №დად-12/04 დადგენილების საფუძვლად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის გამოყენება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვ.ს-ის საკასაციო საჩივარზე 01.04.2022წ. №... საგადახდო დავალებით გ.გ-ას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვ.ს-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ნოემბრის განჩინება;

3. ვ.ს-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.04.2022წ. №... საგადახდო დავალებით გ.გ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე