საქმე №ბს-481(კს-23) 20 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - სსიპ შემოსავლების სამსახური
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ი. ს-ე
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური
მესამე პირები - შპს „ე...“; ლ. ბ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ქმედების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ს-ემ წარმომადგენლის მეშვეობით 2019 წლის 23 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიმართ, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, საჩივრის უარყოფის შესახებ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 სექტემბრის №333334 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და წარდგენილი სარეგისტრაციო განცხადებების შესაბამისად უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოპასუხისთვის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით, ი. ს-ეის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ე...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. ბ-ე და სსიპ შემოსავლების სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ი. ს-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციები №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №... სარეგისტრაციო განცხადებების შესაბამისად; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1800 ლარის გადახდა.
ი. ს-ემ 2022 წლის 07 ივლისს, წარმომადგენლის მეშვეობით გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა №... საკადასტრო კოდზე მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებული მონაცემების შეჩერება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 05 ივლისის განჩინებით ი. ს-ეის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; №3/8037-19 ადმინისტრაციულ საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შეჩერდა №... საკადასტრო კოდზე მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 05 ივლისის განჩინებაზე 2022 წლის 14 ივლისს სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარადგინა საჩივარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. განჩინება გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 05 ივლისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის განჩინება საჩივრის დაუსაბუთებლად მიჩნევისა და ზემდგომი სასამართლოსთვის გადაგზავნის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ბ-ემ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს დარღვეული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით იმპერატიულად დადგენილი 14 დღიანი ვადა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2022 წლის 20 სექტემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი იქნა 2022 წლის 05 ოქტომბერს. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინება საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
კერძო საჩივრის ავტორმა გაიზიარა სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების კანონით დადგენილი 14 დღიანი გასაჩივრების ვადა იწურებოდა 2022 წლის 4 ოქტომბერს, თუმცა დამატებით აღნიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა 2022 წლის 4 ოქტომბერს, კანონით დადგენილ ვადაში, რაც დასტურდებოდა ფოსტისათვის ჩაბარებული გზავნილით. ხსენებული ამანათი თბილისის საქალაქო სასამართლოში რეგისტრირებულია 2022 წლის 05 ოქტომბერს, თუმცა კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ამანათის ფოსტისთვის ჩაბარების დრო, რომელიც შეადგენს 2022 წლის 04 ოქტომბერს და არა ადრესატამდე ამანათის მისვლის დრო, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი ჰქონდა კანონით გათვალისწინებულ ვადაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლებს სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2022 წლის 20 სექტემბერს, რაც დასტურდება, საქმეში წარდგენილი უკუგზავნილზე აღნიშნული ხელმოწერილით. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დინება დაიწყო 2022 წლის 21 სექტემბერს (ოთხშაბათი) და ამოიწურა 04 ნოემბერს (სამშაბათი) 24:00 საათზე.
კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა ფოსტას (შპს „ს...ს“) სააპელაციო საჩივარი ჩააბარა 2022 წლის 04 ოქტომბერს, რაც მითითებულია შესაბამის დოკუმენტზე (რეგისტრაციის თარიღი - 04.10.2022წ.) (ტ. 4, ს.ფ. 139).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებით დადგენილი გარემოება სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შესახებ, არ დასტურდება, შესაბამისად სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინება და საქმე სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინება და საქმე სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა