საქმე #ბს-395(კ-23) 15 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 11 მაისს რ. უ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით რ. უ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელის განმარტებით, მას სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში ნამუშევარი აქვს 15 წელი, 7 თვე და 4 დღე. შეღავათიანი გაანგარიშებით კი - 5 წელი, 4 თვე და 9 დღე. მთლიანობაში 20 წელი, 11 თვე და 13 დღე.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის #214 დადგენილების 24-ე პუნქტის თანახმად, პენიტენციურ სისტემაში ნამსახურები ერთი წელი ითვლება წელიწადნახევრად. აღნიშნული წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით 2019 წლის 3 ივლისს გაიგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქალაქ რუსთავის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრში, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის 2019 წლის 10 ივლისის #04-14/5592 წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე. აღნიშნული წერილი მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 29 აპრილის #04/4403 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 10 ივლისის #04-14/5592 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 29 აპრილის #04/4403 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ. უ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის 2019 წლის 10 ივლისის #04-14/5592 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 29 აპრილის #04/4403 გადაწყვეტილებები და ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა დაევალა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ რ. უ-ას სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში ნამუშევარი აქვს 15 წელი, 7 თვე და 4 დღე. შეღავათიანი განგარიშებით კი - 5 წელი 4 თვე და 9 დღე, რაც მთლიანობაში შეადგენს 20 წელზე მეტს.
ასევე, დადგენილი იყო, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს წარედგინა რ. უ-ას სპეციალური პენიტენციური სამსახურის წელთა ნამსახურების ნუსხა/გაანგარიშება, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 10 ივლისის წერილობითი მიმართვით რ. უ-ას უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ პირს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ნამსახურების არანაკლებ 20 კალენდარული წელი, რომელშიც არ შედის განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.
სააპელაციო პალატის შეფასებით, აპელანტის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მითითება, რომ შეღავათიანი გაანგარიშება ემატებოდა წელთა ნამსახურობას მხოლოდ 20 კალენდარული წლის ნამსახურობის შემდგომ, რის გამოც მოსარჩელე არ წარმოადგენდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტს, არ იყო შესაბამისობაში სადავო საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი წარმოადგენს ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შემავსებელ ნორმას და ადგენს იმ პირობებს, რა პირობების დაცვითაც უნდა მოხდეს მე-5 პუნქტში აღნიშნული „ნამსახურობის“ 20-წლიანი პერიოდის დაანგარიშება. ამასთან, ზემოაღნიშნული ორივე ნორმა ემსახურება საერთო მიზანს, კომპენსაციის დანიშვნას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არამართებულად მიიჩნია აპელანტის განმარტება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლთან მიმართებით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის #214 დადგენილების 24-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველოს და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების თანამშრომელთა დამაგრების, მოზიდვისა და სტიმულირების მიზნით, მუშაობაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჩაეთვალოთ წელიწადნახევრის ანგარიშით.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ კანონმდებელმა სწორედ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე დააწესა შეღავათი სამომავლოდ კომპენსაციის მისაღებად და იმპერატიულად დაადგინა, რომ აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჩაეთვალოთ წელიწადნახევრის ანგარიშით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რ. უ-ას სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში წელთა ნამსახურობა (15 წელი, 7 თვე და 4 დღე) შეღავათიან გაანგარიშებასთან ერთად (5 წელი, 4 თვე და 9 დღე) აღემატებოდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის საჭირო ნამსახურობის (არანაკლებ) 20 წელს, რის გამოც იგი აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს შეღავათიანი პირობებით კომპენსაციის დასანიშნად, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა, არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე რ. უ-ას მხრიდან საქმეში წარდგენილი არ იყო განცხადება კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ რ. უ-ას იურიდიული ინტერესი ცხადი იყო ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისათვის, რასაც მოწმობდა საქმეში წარმოდგენილი კორესპონდენცია, რომლის თანახმად, დოკუმენტები გამოთხოვილი და გადაგზავნილი იქნა სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების მიზნით.
სააპელაციო პალატამ, ასევე, გაიზიარა სასამართლოს შეფასება იმ საკითხზე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს მოსარჩელისთვის სამართლებრივი დახმარება არ გაუწევია განცხადების წარდგენის სავალდებულობასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ აღმოაჩინა ხარვეზი ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, მას ეკისრებოდა ვალდებულება, მიეთითებინა მხარისთვის ამგვარის არსებობისა და მისი გამოსწორების შესაძლებლობაზე.
სააპელაციო პალატამ, ასევე, განმეორებით მიუთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის 2020 წლის 24 ივნისს #152742/01 წერილზე, რომლითაც რ. უ-ას განემარტა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 10 ივლისის #04-14/5592 წერილით მას ეთქვა უარი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, რაც ვერ იქნებოდა განმარტებული სხვაგვარად, გარდა ერთისა, რომ მოქალაქეს განემარტა/მიეწოდა პასუხი მისი განცხადების თაობაზე. ამდენად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელის განცხადება შესაბამისი წელთა ნამსახურობის ნუსხის/გაანგარიშების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში გადაგზავნის მოთხოვნით განხილული უნდა ყოფილიყო პენსიის მოთხოვნის განაცხადად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლი (რომლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება) და 85-ე მუხლი, რომლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაინტერესებულ მხარეს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, ასევე, ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან ადმინისტრაციული საჩივარი, მიუთითოს დაშვებული შეცდომის შესახებ. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შესაბამისი წელთა ნამსახურობის ნუსხის/გაანგარიშების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში გადაგზავნის მოთხოვნით. თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წერილს თან არ ახლავს დაინტერესებული პირის - რ. უ-ას განცხადება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ.
კასატორები მიუთითებენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავენ, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირი არის მხოლოდ რ. უ-ა. მსგავს შემთხვევებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც კომპეტენტურ ორგანოს, უგზავნის მხოლოდ ნამსახურობის ნუსხას (ინფორმაციას), რომელსაც ეყრდნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას. რაც შეეხება ადმინისტრაციულ წარმოებას, იგი უნდა დაიწყოს დაინტერესებული პირის განცხადებით.
კასატორები მიუთითებენ, რომ წარდგენილ დოკუმენტებს არ ერთვოდა სახელმწიფო გასაცემლის მაძიებლის განცხადება კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე. წარდგენილ მასალებში, ასევე, არ იყო მითითებული რ. უ-ას საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი.
კასატორთა განმარტებით, სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან 2019 წლის 3 ივლისის #196524/01 წერილით წარდგენილი ინფორმაცია, საიდანაც დადგინდა, რომ რ. უ-ას არ უგროვდებოდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნამსახურობის 20 კალენდარული წელი, ხოლო კალენდარულ წელთა ნამსახურობაში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობებიდან გამომდინარე, ვერ ჩაითვლებოდა განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის შეღავათიანი პერიოდი. რ. უ-ას წელთა ნამსახურობა შეადგენდა 15 წელს, 7 თვესა და 4 დღეს, რაც არ იყო საკმარისი სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად.
კასატორები მიუთითებენ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებზე და აღნიშნავენ, რომ რამდენადაც საქმეზე არ იყო წარმოდგენილი სახელმწიფო გასაცემლის მაძიებლის განცხადება, მათ შორის, საკონტაქტო რეკვიზიტები, განსახილველ საქმეში არსებული გარემოებებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლების უქონლობის შესახებ სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა საინფორმაციო ხასიათის წერილი 7 დღის განმავლობაში გაუგზავნა შესაბამისი დოკუმენტაციის გადმომგზავნ ადრესატს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.
კასატორები, ასევე, მიუთითებენ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე, 27-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის, გარდა შესაბამისი უწყების წარდგინებისა და სხვა დოკუმენტებისა, აუცილებელია სახელმწიფო გასაცემლის მაძიებლის განცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააგენტო არ განიხილავს კომპენსაციის დანიშვნის საკითხს.
კასატორთა განმარტებით, რ. უ-ას 2022 წლის 1 აპრილამდე არ მიუმართავს კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოსათვის და არ მოუთხოვია სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, რაც აუცილებელი იყო სახელმწიფო გასაცემლით უზრუნველყოფის საკითხის განსახილველად. შესაბამისად, კასატორები მიიჩნევენ, რომ არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 10 ივლისის #04-14/5592 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის 2019 წლის 10 ივლისის #04-14/5592 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 29 აპრილის #04/4403 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს (კანონის 1.1 მუხ.). ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით კომპენსაციის მიღების უფლების მქონე სუბიექტად დასახელებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან - სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილი პირებიც.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან და იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის (სამხედრო ან სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი) და სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება, აგრეთვე, განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. უ-ას სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში ნამუშევარი აქვს 15 წელი, 7 თვე და 4 დღე. შეღავათიანი განგარიშებით კი - 5 წელი 4 თვე და 9 დღე, რაც მთლიანობაში შეადგენს 20 წელზე მეტს.
ასევე, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს წარედგინა რ. უ-ას სპეციალური პენიტენციური სამსახურის წელთა ნამსახურების ნუსხა/გაანგარიშება, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 10 ივლისის წერილობითი მიმართვით რ. უ-ას უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ პირს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ნამსახურების არანაკლებ 20 კალენდარული წელი, რომელშიც არ შედის განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებებს შეღავათიან გაანგარიშებასთან დაკავშირებით და მის საწინააღმდეგოდ ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი წარმოადგენს ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შემავსებელ ნორმას და ადგენს იმ პირობებს, რა პირობების დაცვითაც უნდა მოხდეს მე-5 პუნქტში აღნიშნული „ნამსახურობის“ 20-წლიანი პერიოდის დაანგარიშება. ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმები ემსახურება საერთო მიზანს - კომპენსაციის დანიშვნას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის #214 დადგენილების 24-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველოს და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების თანამშრომელთა დამაგრების, მოზიდვისა და სტიმულირების მიზნით, მუშაობაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჩაეთვალოთ წელიწადნახევრის ანგარიშით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ კანონმდებელმა სწორედ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე დააწესა შეღავათი სამომავლოდ კომპენსაციის მისაღებად და იმპერატიულად დაადგინა, რომ აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჩაეთვალოთ წელიწადნახევრის ანგარიშით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ რ. უ-ას სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში წელთა ნამსახურობა (15 წელი, 7 თვე და 4 დღე) შეღავათიან გაანგარიშებასთან ერთად (5 წელი, 4 თვე და 9 დღე) აღემატებოდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის საჭირო ნამსახურობის (არანაკლებ) 20 წელს, რის გამოც იგი აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს შეღავათიანი პირობებით კომპენსაციის დასანიშნად, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა, არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება კასატორთა არგუმენტს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე რ. უ-ას მხრიდან საქმეში წარდგენილი არ იყო განცხადება კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. ამავე კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს; გ) მოთხოვნას; დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაინტერესებულ მხარეს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან ადმინისტრაციული საჩივარი, მიუთითოს დაშვებული შეცდომების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გავლის გამო, შესაბამისი წელთა ნამსახურობის ნუსხის/გაანგარიშების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში გადაგზავნის მოთხოვნით. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 3 ივლისის #196524/01 წერილის თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქალაქ რუსთავის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს გადაეგზავნა რ. უ-ას შესაბამის წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის #04-14/5592 მიმართვის თანახმად, #196524/01 წერილით მიიღეს დოკუმენტაცია მოქალაქე რ. უ-ას სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების მიზნით. აღნიშნული დოკუმენტით განმარტებულ იქნა, რომ პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სპეციალური წოდების მქონე პირს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი, რომელშიც არ შედის განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით და სწავლის პერიოდი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსმა 2020 წლის 24 ივნისის #152742/01 წერილით რ. უ-ას 2020 წლის 24 ივნისის #01/168232 განცხადების პასუხად აცნობა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 10 ივლისის #04-14/5592 წერილით მას უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ რ. უ-ას იურიდიული ინტერესი ცხადი იყო ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, რასაც მოწმობს საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული კორესპონდენცია, რომ დოკუმენტები გამოთხოვილი და გადაგზავნილი იქნა სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების მიზნით. საკასაციო სასამართლო, ასევე, ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის 2020 წლის 24 ივნისს #152742/01 წერილზე, რომლითაც რ. უ-ას განემარტა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 10 ივლისის #04-14/5592 წერილით მას ეთქვა უარი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეს განემარტა/მიეწოდა პასუხი მისი განცხადების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მოყვანილი საკანონმდებლო ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის განცხადება შესაბამის წელთა ნამსახურობის ნუსხის/გაანგარიშების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში გადაგზავნის მოთხოვნით განხილულ უნდა იქნეს პენსიის მოთხოვნის განაცხადად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა