Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-442(2კ-23) 19 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - ე. ზ-ე, ი. გ-ი, ჯ. ს-ე, ე. ბ-ე, ი. მ-ის უფლებამონაცვლე - ც. მ-ი, ც. ო-ი, ნ. ს-ი, ნ. შ-ა, მ. მ-ი, მ. ფ-ი, ნ. ფ-ე, თ. დ-ა, შპს „ნ...“, ა. ი-ა; მესამე პირები - შპს „თ...“ (დირექტორი ა. ს-ე), შპს „დ...“, შპს „ნი...“, შპს „ბ...“, ი.მ. „გ. ი-ი“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ფ-იმა, ნ. ს-იმა, ც. ო-იმა, ე. ბ-ემ, ნ. ფ-ემ, მ. მ-იმა, ნ. შ-ამ, ი. მ-იმა, ჯ. ს-ემ, ი. გ-იმა, თ. დ-ამ, შპს „ნ...მ“, ა. ი-ამ და ე. ზ-ემ 2017 წლის 20 ნოემბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვეს: მოსარჩელეების მიმართ ერთჯერადი დახმარების - თითოეულის სასარგებლოდ - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის დავალება, მოსარჩელეებისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ - შპს „თ...“, შპს „დ...“, შპს „ნი...“, შპს „ბ...“, ი.მ. „გ. ი-ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ფ-ის, ნ. ს-ის, ც. ო-ის, ე. ბ-ეის, ნ. ფ-ეის, მ. მ-იის, ნ. შ-ას, ი. მ-ის, ჯ. ს-ეის, ი. გ-ის, თ. დ-ას, შპს „ნ...ს“ და ე. ზ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა მოსარჩელეების - მ. ფ-ის, ნ. ს-ის, ც. ო-ის, ე. ბ-ეის, ნ. ფ-ეის, მ. მ-იის, ნ. შ-ას, ი. მ-ის, ჯ. ს-ეის, ი. გ-ის, თ. დ-ას, შპს „ნ...ს“ და ე. ზ-ეის მიმართ ერთჯერადი დახმარების - თითოეულის სასარგებლოდ - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა მოსარჩელეებისათვის - მ. ფ-ისთვის, ნ. ს-ისთვის, ც. ო-ისთვის, ე. ბ-ეისთვის, ნ. ფ-ეისთვის, მ. მ-იისთვის, ნ. შ-ასთვის, ი. მ-ისთვის, ჯ. ს-ეისთვის, ი. გ-ისთვის, თ. დ-ასთვის, შპს „ნ...ს“-თვის და ე. ზ-ეისთვის ერთჯერადი დახმარების გაცემა, სარჩელი ა. ი-ას ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნაწილობრივ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 06 მაისის განჩინებით ი. მ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ც. მ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის №1-853 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, 2017 წლის 30 იანვარს „ბა...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული პირებისათვის (345 დაზარალებული პირი), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, ფინანსური დახმარების სახით გამოიყო 1 035 000 (ერთი მილიონ ოცდახთუთმეტი ათასი) ლარი, თითოეულზე - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დანართის შესაბამისად. ამასთან დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის №7-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ - „ბა...სა“ და ბაზრობა - „ნი...ს“ ცეცხლის წაკიდებით განადგურების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის №002300117002 საქმეზე ქ. თბილისის დიდუბე ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის დადგენილებებით დაზარალებულად ცნობილი იქნენ მოსარჩელეები - მ. ფ-ი, ნ. ს-ი, ც. ო-ი, ე. ბ-ე, ნ. ფ-ე, მ. მ-იი, ნ. შ-ა, ი. მ-ი, ჯ. ს-ე, ი. გ-ი, თ. დ-ა, შპს „ნ...“, ა. ი-ა და ე. ზ-ე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებაზე იმის შესახებ, რომ კონსტიტუციით აღიარებული თანასწორობის პრინციპი მოითხოვს არა ადამიანთა შორის ფაქტობრივი უთანასწორობის მოსპობას, არამედ კრძალავს მათი უსაფუძვლო დიფერენცირების შესაძლებლობას. პალატის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა არის ერთგვაროვანი და ყველა მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათლადაა ასახული, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის დასადგენად უპირველეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის, თუ რამდენად არიან კანონის საფუძველზე დიფერენცირებულ მდგომარეობაში მყოფი პირები არსებითად თანასწორნი ან თანაბარ სამართლებრივ სიტუაციაში მყოფი პირები რამდენად არიან არსებითად არათანასწორები კონკრეტულ ურთიერთობაში. ამგვარად უნდა არსებობდეს დიფერენცირების ფაქტი არსებითად თანასწორ პირებს შორის, ან არსებითად არათანასწორ პირებს სახელმწიფო უნდა ეპყრობოდეს ერთნაირად.

პალატამ მიიჩნია, რომ პირთა თანასწორობის პრინციპი მოითხოვს, არცერთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს არ ეთქვას უარი ისეთივე დაცვაზე, რითიც სარგებლობენ სხვები მსგავს პირობებსა და გარემოებებში. თანასწორობის მოთხოვნა უპირობოდ ირღვევა, თუ პირთა შორის არსებული თუნდაც მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას, ისევე როგორც, აშკარად განსხვავებული შემთხვევების ერთგვაროვანი განხილვა შეუთავსებელია თანასწორობის პრინციპთან.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხეების მითითება იმის თაობაზე, რომ მოქმედი სამართლებრივი რეგულაციები არ აკისრებს თვითმმართველ ერთეულს ვალდებულებას, უზრუნველყოს მოსახლეობისათვის ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული სახის ქმედება წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის კეთილ ნებას. თუმცა, ამავდროულად, პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან პირთა ერთი ჯგუფის მიმართ გამოჩენილი „კეთილი ნება“, არ ათავისუფლებს მას იმ ვალდებულებისაგან, გამოვლენილი ნება გაავრცელოს პირებზე ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, რამეთუ, დაუშვებელია, სახელმწიფოს ხელთ არსებული რესურსი მიეკუთვნოს კონკრეტულ ჯგუფს დისკრიმინაციულად, ამისათვის სათანადო გამართლების გარეშე.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ იმავე სიტუაციაში მყოფ პირებს, როგორშიც იმყოფებოდა ის 345 (სამას ორმოცდახუთი) პირი, რომელიც დაექვემდებარა დახმარებას, მოსარჩელეებს მათ მსგავსად ხანძრის შედეგად გაუნადგურდათ ქონება, საქართველოს პროკურატურის მიერ ცნობილი არიან დაზარალებულად და აქვთ ანალოგიური ინტერესი აინაზღაურონ მიყენებული ზიანი. დასახელებულ ჯგუფებს ერთგვარად აქვს სურვილი და მოლოდინი იმის შესახებ, რომ ხანძრის შედეგად განადგურებული საკუთრების ობიექტები იქნეს კომპენსირებული გამოვლენილი კეთილი ნების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა მითითება იმის თაობაზე, რომ დახმარების გაცემა მოხდა მხოლოდ იმ პირთა მიმართ, ვისაც სრულად გაუნადგურდათ ნივთები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებაში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებში არ არის გამოკვეთილი დაზარალებულ პირთა შორის რაიმე კონკრეტული კატეგორია, მათ შორის დაზარალებულები, რომლებსაც საქონელი სრულად გაუნადგურდათ. თვითმმართველმა ერთეულმა მიიღო გადაწყვეტილება, ერთჯერადი დახმარება გაეცა ზოგადად, ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირებზე, რომელსაც ასევე მიეკუთვნებიან მოსარჩელეები.

საქმეში დაცული მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ პირებს იმ პირებთან მიმართებით, ვინც დაექვემდებარა დახმარებას. ადმინისტრაციული ორგანო ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს, რა გარემოებით არის განპირობებული ან გამართლებული მოსარჩელეთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა. საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელეთა მდგომარეობის განსხვავებას იმ პირებთან მიმართებით, ვისზეც გაიცა ერთჯერადი დახმარება.

მართალია, ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია მუნიციპალიტეტის კეთილი ნების საფუძველზე, მხარეთა შორის არ არსებობს ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობები, თუმცა, პირთა შორის თანასწორობის პრინციპი, პრინციპი არსებითად თანასწორთა შორის უთანასწორო მოპყრობის დაუშვებლობის თაობაზე, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს მოსარჩელეებზე, როგორც ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირებზე, გაავრცელოს იგივე რეჟიმი, რაც გამოყენებული და გავრცელებული იქნა დახმარებას დაქვემდებარებულ პირთა მიმართ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 30 იანვარს სავაჭრო ცენტრ „ბა...ში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების დახმარების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაიწყო საკითხის შესწავლა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკითხის შესწავლისას დაზუსტებულ იქნა დაზარალებულ პირთა სია - წარმოდგენილი დაზუსტებული მონაცემებით ზემოხსენებული ხანძრის შედეგად დაზარალებულად განისაზღვრა 345 სუბიექტი. 2017 წლის 10 აპრილს გაიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც დადებითი შეფასება მიეცა ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის ერთჯერადი დახმარების - 3 000 ლარის ანაზღაურების საკითხს. ამავე სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის N30-87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2011 წლის 12 აპრილს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და ითხოვა დაზარალებულთათვის ერთჯერადი დამხარების - 3 000 ლარის ანაზღაურება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2017 წლის 12 აპრილს მიღებულ იქნა N1-853 ბრძანება 2017 წლის 30 იანვარს ,,ბა...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული პირებისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებით სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ. აღნიშნული ბრძანებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 12 აპრილის თხოვნა/შუამდგომლობა და ზემოხსენებულ დაზარალებულთათვის, ფინანსური დახმარების სახით, გამოიყო 1 035 000.00 ლარი. კასატორის მითითებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის N1-853 ბრძანებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს დაევალა ზემოხსენებული თანხის გადარიცხვა სს „თ...ის“ სპეციალურ ანგარიშზე, შემდგომში დაზარალებულ პირთათვის გადასაცემად. 2017 წლის 13 აპრილის N01117 საგადახდო მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის N1-853 ბრძანებით გათვალისწინებული თანხა ჩაირიცხა ზემოხსენებულ საბანკო ანგარიშზე.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, დავის საგანს არ წარმოადგენდა მოსარჩელეების სავაჭრო ცენტრ „ბა...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალების ფაქტი, არამედ მნიშვნელოვანი იყო, რამდენად ეკისრებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მათთვის ხანძრით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კასატორი მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-15, მე-16, მე-19 და 64-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არც საკუთარ და არც დელეგირებულ უფლებამოსილებათა შორის არ იყო დასახელებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულება - ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კერძო სუბიექტის საკუთრებაში არსებულ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად წარმოშობილი ზიანის დაზარალებულთათვის ფულადი დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კეთილი ნების საფუძველზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკითხის შესწავლისას დაზუსტებულ იქნა დაზარალებულ პირთა სია, განისაზღვრა 345 დაზარალებული, რომელთათვის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილ იქნა 1 035 000.00 ლარი. საჯარო ინტერესიდან, ხანძრის მოცულობიდან და ზიანის ოდენობიდან გამომდინარე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, კეთილი ნების საფუძველზე გარკვეული დახმარება გაეწია იმ დაზარალებულებისთვის, რომელთაც შესახებაც არსებობდა/მოძიებულ იქნა ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების დროს. აღნიშნული კი არ გულისხმობდა იმას, რომ მერია ვალდებული იყო სხვა შემთხვევაშიც იგივე განეხორციელებინა. კასატორ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთვასებული სავაჭრო ცენტრის „ბა...ს“ მესაკუთრეს, ხანძრის გაჩენის დროისათვის, წარმოადგენდა ს/ს სავაჭრო სახლი ,,ბა... სს“, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას. ხანძარი გაჩნდა დაუდგენელ ვითარებაში და გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც გულისხმობდა სხვისი ნივთის განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია მძიმე შედეგი. იმისთვის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს დავალებოდა მოსარჩელეთათვის ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სახეზე უნდა ყოფილიყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლების შემადგენლობა, რაც არ დასტურდებოდა. მოსარჩელეებს შეეძლოთ თავიანთი მიზნების მისაღწევად დავა გაეგრძელებინა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში.

კასატორი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ 2017 წლის 30 იანვარს, გამთენიისას სავაჭრო ცენტრ „ბა...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალდნენ იქ მომუშავე/მოვაჭრე ადამიანები. სავაჭრო ცენტრი „ბა...“ წარმოადგენდა კერძო სამართლის სუბიექტს და შესაბამისად ამ სავაჭრო ცენტრში დასაქმებულ მოვაჭრეებზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შესაბამის კერძო სუბიექტს, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არც საკუთარ და არც დელეგირებულ უფლებას არ წარმოადგენდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე, კერძო სუბიექტის საკუთრებაში არსებულ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მერიამ და ხელისუფლებამ გამოხატა კეთილი ნება, რომ დაზარალებულთათვის აღმოეჩინათ ერთჯერადი დახმარება. ადმინისტრაციული ორგანოების ეს დამოკიდებულება საქალაქო სასამართლოს და შემდეგ უკვე სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არასწორად იქნა შეფასებული და ასახული სასამართლოს გადაწყვეტილებაში. კერძოდ, სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების ძირითად საფუძვლად მიუთითებდა „კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპზე“, თუმცა არ აკონკრეტებდა რომელი კანონის წინაშე დაირღვა თანასწორობის პრინციპი.

კასატორის მითითებით, 2017 წლის 30 იანვარს სავაჭრო ცენტრ „ბა...ში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების დახმარების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაიწყო საკითხის შესწავლა. ვინაიდან დაზარალებულთა სიები იყო ქაოტური და დაუზუსტებელი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სიების დაზუსტების მიზნით წერილობით მიმართა სავაჭრო ცენტრ „ბა...ში“ რეგისტრირებულ კომპანიებს, რითაც ეთხოვათ იმ დაზარალებულ პირთა დაზუსტებული სიების მოწოდება, რომლებიც იმყოფებოდნენ კომპანიებთან სამართლებრივ ურთიერთობაში. 2017 წლის 24 მარტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს გაეგზავნა სავაჭრო ცენტრ „ბა...ში“ რეგისტრირებული კომპანიების მიერ დაზუსტებული სიები და ეთხოვა, შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებლობის ფარგლებში მოძიებული ყოფილიყო ფინანსური სახსრები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთათვის ერთჯერადი დახმარების გასაწევად. 2017 წლის 10 აპრილს გაიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა და დაზარალებულებისთვის ერთჯერადი დახმარების სახით - 3 000 ლარის ანაზღაურების საკითხს მიეცა დადებითი შეფასება, ამავე სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის N30-87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის N1-853 ბრძანებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს დაევალა ზემოხსენებული თანხის გადარიცხვა სს ,,თ...ის“ სპეციალურ ანგარიშზე, შემდგომში დაზარალებულ პირთათვის გადასაცემად. კონკრეტული ერთჯერადი დახმარება განხორციელდა იმ დაზარალებულებზე, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ ნივთები და 3000 ლარიანი დახმარება გაიცა ხანძრიდან მალევე, რაც მიზნად ისახავდა იმ დროისათვის უმძიმესი მდგომარეობიდან ამოსუნთქვის შესაძლებლობას.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არ შეაფასა და არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის წერილები კონკრეტული მოსარჩელეების მიმართ, რომლითაც მათ განემარტათ, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან ანაზღაურება გაიცა ,,ბა...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ იმ პირებზე, რომელთაც სრულად დაუზიანდათ საქონელი და რომ აღნიშნული სიები მოწოდებულ იქნა საინვესტიციო ჯგუფებისა და შესაბამისი იურიდიული პირების (შპს) მიერ. აღნიშნულ წერილებში მითითებულია, რომ დასაზუსტებლად მათ უნდა მიემართათ საინვესტიციო ჯგუფისა და იურიდიული პირებისათვის, რომლებთანაც სამართლებრივ ურთიერთობაში (ხელშეკრულება) იმყოფებოდნენ, თუმცა მოსარჩელეებს არ მიუმართავთ შესაბამისი იურიდიული პირებისათვის, იმ მოტივით რომ მომხდარიყო მათი მხრიდან სიების დაზუსტება და წარდგენა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

მუნიციპალიტეტის საკრებულომ იხელმძღვანელა სავაჭრო ცენტრ „ბა...ში“ რეგისტრირებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი სიებით და ამ სიებიდან მოვაჭრეების თვითნებურად ამოღებას ან ჩასმას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისი ორგანიზაციების მიერ საკრებულოს მოთხოვნის საფუძველზე დაზუსტებულ იქნა დაზარალებულ პირთა სია, განისაზღვრა 345 დაზარალებული, რომელთათვის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილ იქნა 1 035 000.00 ლარი. საჯარო ინტერესიდან, ხანძრის მოცულობიდან და ზიანის ოდენობიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, კეთილი ნების საფუძველზე გარკვეული დახმარება გაეწია იმ დაზარალებულებისთვის, რომელთა შესახებაც შპს-ს მიერ მიწოდებული იქნა შესაბამისი ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების დროს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრებს განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 იანავრს ქ. თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ბა...ში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალდნენ ცენტრში მომუშავე პირები, განადგურდა შენობა და იქ განთავსებული ქონება. ცეცხლის წაკიდებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად იქნენ ცნობილნი, მათ შორის, მოსარჩელეები - ე. ზ-ე, ი. გ-ი, ჯ. ს-ე, ე. ბ-ე, ი. მ-ი, ც. ო-ი, ნ. ს-ი, ნ. შ-ა, მ. მ-ი, მ. ფ-ი, ნ. ფ-ე, თ. დ-ა, შპს „ნ...“, ა. ი-ა. დადასტურებულია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიზანშეწონილად მიიჩნია შესაძლებლობების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსური სახსრების მოძიება, 2017 წლის 30 იანვარს „ბა...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთათვის ერთჯერადი დახმარების გასაწევად. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა რიგი მოქმედებები და საბოლოოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის №1-853 ბრძანებით დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თხოვნა და ხანძრის შედეგად დაზარალებული 345 პირისათვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, ფინანსური დახმარების სახით, გამოიყო 1 035 000 ლარი, თითოეულის მიმართ 3 000 ლარის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებს მიენიჭათ ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა სტატუსი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უარი ეთქვათ ერთჯერადი დახმარების გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მათ მიერ 345 პირისათვის ფულადი დახმარების გამოყოფა იყო მათი კეთილი ნების საფუძველზე გადაცემული დახმარება და აღნიშული თანხის გამოყოფა არ წამოადგენდა მათ ვალდებულებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-7 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და დისკრიმინაციის გარეშე ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლი შეეხება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ კონსტიტუციით აღიარებული თანასწორობის პრინციპი მოითხოვს არა ადამიანთა შორის ფაქტობრივი უთანასწორობის მოსპობას, არამედ კრძალავს მათი უსაფუძვლო დიფერენცირების შესაძლებლობას. დაცულ უფლებაში ჩარევის დასადგენად უპირველეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის, თუ რამდენად არიან კანონის საფუძველზე დიფერენცირებულ მდგომარეობაში მყოფი პირები არსებითად თანასწორნი ან თანაბარ სამართლებრივ სიტუაციაში მყოფი პირები - არსებითად არათანასწორები კონკრეტულ ურთიერთობაში. საკონსტიტუციო სასამართლო თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპით დაცულ სიკეთედ მიიჩნევს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობას პასუხისმგებლობის განსაზღვრისას, არამედ პირის უფლებას, ჰქონდეს თანაბარ პირობებში და გარემოებებში მყოფი ადამიანის ეკვივალენტური პრივილეგიები.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ პირთა თანასწორობის პრინციპი მოითხოვს, არც ერთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს არ ეთქვას უარი ისეთივე დაცვაზე, რითიც სარგებლობენ სხვები მსგავს პირობებსა და გარემოებებში. თანასწორობის მოთხოვნა უპირობოდ ირღვევა, თუ პირთა შორის არსებული თუნდაც მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას, ისევე როგორც აშკარად განსხვავებული შემთხვევების ერთგვაროვანი განხილვა შეუთავსებელია თანასწორობის პრინციპთან.

საქმეზე დადგენილი გარემოებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ პირებს იმ პირებთან მიმართებით, ვინც დაექვემდებარა დახმარებას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილების იმ გარემოებაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ გამოხატა ფულადი დახმარებით ხანძრის შედეგად დაზარალებული პირების დაკმაყოფილების ნება, დაუსაბუთებელია მხოლოდ კონკრეტული დაზარალებულებისათვის დახმარებაზე უარის თქმა, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეები წარმოადგენენ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ პირებს იმ პირებთან მიმართებით, ვინც დაექვემდებარა დახმარებას. სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ მართალია, მოქმედი სამართლებრივი რეგულაციები არ აკისრებს თვითმმართველ ერთეულს მოსახლეობისათვის ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას და აღნიშნული სახის ქმედება წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის „კეთილ ნებას“, თუმცა, პირთა ერთი ჯგუფის მიმართ გამოყენებული „კეთილი ნება“, არ ათავისუფლებს თვითმმართველ ერთეულს გამოვლენილი ნების სხვა პირებზეც, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გავრცელების ვალდებულებისაგან, რამეთუ, დაუშვებელია, სახელმწიფოს ხელთ არსებული რესურსი მიეკუთვნოს კონკრეტულ ჯგუფს დისკრიმინაციულად, ამისათვის სათანადო გამართლების გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე