Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-297(კ-23) 20 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე.ქ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 23 მარტს ე.ქ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით იგი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს, არის 86 წლის, აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა ქირით, თუმცა გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობებისა და მინიმალური ქირის გადახდის შეუძლებლობის გამო, რამდენიმე წელია მონაცვლეობით ცხოვრობს ხან შვილის, ხან კი ძმისშვილის სახლში.

ე.ქ-ამ აღნიშნა, რომ მან, როგორც მარტოხელა პენსიონერმა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ განაცხადით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს. განაცხადი შეფასდა 5.5 ქულით, რაც საკმარისი იყო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მიუხედავად ამისა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ძმისშვილის საკუთრებაში ცხოვრების გამო გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებდა.

მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 მაისის №03-2286/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე.ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 მაისის №03-2286/ო ბრძანება და სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე.ქ-ასთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ფარგლებში, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სადავო 2022 წლის 10 მაისის №03-2286/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, ე.ქ-ას, ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვას ითხოვდა დამოუკიდებლად, ასევე სადავო არ იყო რომ მას საკუთრებაში არ გააჩნდა საცხოვრებელი სახლი და წლების მანძილზე ცხოვრობდა ნათესავის საკუთრებაში, ასევე, სიძის საცხოვრებელ სახლში. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი ასაკი, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა და გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, მიიჩნევს, რომ მართალია სასამართლომ გამიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებში ყურადღება გამახვილებულია ქულათა საკმარის ოდენობაზე, მოსარჩელის ასაკსა და საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის არ არსებობაზე, რასაც სააგენტო არ ეთანხმება, ვინაიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ მთლიანად არის მორგებული საჭიროებაზე. კერძოდ, სააგენტო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად განიხილავს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობას, ქირით ცხოვრების ფაქტს, ოჯახურ მდგომარეობას, თავშესაფრის გარეშე დარჩენის საშიშროებას და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას.

სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დევნილთა ბინით უზრუნველყოფის ვალდებულება არ ატარებს ფორმალურ ხასიათს, თუმცა, სახელმწიფოს არ გააჩნია უსაზღვრო რესურსი, რომ ყველა დევნილი ოჯახი მოკლე დროში უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართით. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რიგითობას, ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით და შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე.

კასატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მართალია ე.ქ-ა სახელმწიფოს მხრიდან არ არის საცხოვრებლით უზრუნველყოფილი, თუმცა მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ადასტურებდა, რომ ე.ქ-ა შეუზღუდავად ცხოვრობდა ნათესავის საკუთრებაში არსებულ სახლში და არ იხდიდა ქირას. ამდენად, არ იკვეთებოდა მისი დაუყოვნებლივ საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სააგენტომ აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა დევნილ ოჯახს არ ართმევს შესაძლებლობას, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, განმეორებით მიმართოს სააგენტოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ ე.ქ-ასთვის, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი სახელმწიფოს მიმართ განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამდენად, დევნილთა ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია კი დაკავშირებულია როგორც დევნილის სტატუსის ქონასთან, ისე დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. დევნილთა ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება ხდება უფლებამოსილი პირის მიერ. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად კი, სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება - დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამასთან, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, ე.ქ-ას სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №... მოწმობა. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 2 სექტემბერს, ე.ქ-ამ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ამასთან, განცხადება წარდგენილ იქნა მხოლოდ ე.ქ-ას მიერ, იგი სარეიტინგო ნომერზე აღრიცხული იყო დამოუკიდებლად. კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული შეფასების ფორმის თანახმად, 2021 წლის მდგომარეობით, ე.ქ-ას განაცხადი შეფასდა 5.50 ქულით. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 21 ოქტომბრის გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, ე.ქ-ა 2016 წლიდან პერიოდულად ცხოვრობდა სიძის გ.გ-ას საკუთრებაში, შვილთან ერთად მისამართზე - სენაკის რაიონი, სოფელი .... იმჟამად კი, ცხოვრობდა ძმისშვილის კ.გ-ას საკუთრებაში მისამართზე - ..., სოფელი .... ხოლო, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში, 2022 წლის 26 იანვრის მდგომარეობით, ე.ქ-ას მისამართად მითითებული იყო - სენაკის რაიონი, სოფელი ..., ....

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 17 თებერვლის №10 სხდომის ოქმის თანახმად, ე.ქ-ას უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, ვინაიდან ამ ეტაპზე, მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, ძმისშვილის საკუთრებაში ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 მაისის №03-2286/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, ე.ქ-ას, ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ნათესავთა საკუთრებაში ბინების არსებობა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ფართის მესაკუთრე ნათესავი ვალდებულია აღნიშნულ პირს დაუთმოს საკუთარი საცხოვრებელი ან მისცეს მასში ცხოვრების უფლება. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით“ (სუსგ №ბს-607(კ-21), 25.11.2021წ.).

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა დევნილ ოჯახს არ ართმევს შესაძლებლობას, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, განმეორებით მიმართოს სააგენტოს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის თეორიული თუ პრაქტიკული შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, განსახლებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით მიმდინარე და არა რომელიმე სხვა ეტაპზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია განსაკუთრებული ვალდებულებები დევნილთა მიმართ, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი პირების ღირსეული განსახლება კი გულისხმობს, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში (მაგ: ქულათა სათანადო რაოდენობა და სხვ.) მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფას მიმდინარე ეტაპზე და არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამის პირს თუ ოჯახს არ გააჩნია არავითარი თავშესაფარი. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელის ღირსეული განსახლების ვალდებულების უზრუნველყოფისთვის დამატებით და მხედველობაში მისაღებ გარემოებას წარმოადგენს მისი ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, იკვეთება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 მაისის №03-2286/ო ბრძანების ბათილად ცნობის და მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ფარგლებში, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე