საქმე #ბს-228(კ-23) 15 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 6 ნოემბერს ნ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 30 აგვისტოს მან განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თბილისში, ... ...ში მდებარე უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ...ის გამგეობის მიერ მას 2000 წელს გამოეყო, ვინაიდან იგი ცხოვრობდა რკინის ვაგონში და არ გააჩნდა საცხოვრებელი და საარსებო პირობები. დასახელებული მიწის ნაკვეთი მასზე ოფიციალურად დაფიქსირდა 2002 წლიდან, რაც დასტურდება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 23 სექტემბრის #6613 წერილით, იმავე გამგეობის 2017 წლის 8 სექტემბრის #15181 წერილითა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 22 სექტემბრის #21-02-1/143946 წერილით, ასევე, მოწმეთა ჩვენებებით.
მოსარჩელის მითითებით, საკითხი დაწვრილებით იქნა შესწავლილი როგორც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ასევე, ...ის რაიონის გამგეობის მიერ, რომელმაც დაადასტურა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცესში, აღმოჩნდა, რომ იგი 2014 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაურეგისტრირებია, რითიც, მოსარჩელის მოსაზრებით, უგულებელყოფილ იქნა კონსტიტუციით გარანტირებული მისი საკუთრების უფლება.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 23 ივლისის #... და 2018 წლის 12 ოქტომბრის #... წერილებით ორჯერ მიმართა და კომპეტენციის ფარგლებში ნაკვეთის კორექტირება მოითხოვა, რის შემდეგაც, საჯარო რეესტრი მზად იყო, მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინა ნ. ქ-ის სახელზე. მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად ამისა, 10 თვის შემდეგ - 2019 წლის 8 მაისს, მას მოულოდნელად აცნობეს, რომ ქონების მართვის სააგენტომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია უძრავ ნივთზე (ს.კ. ...) დაფიქსირებული ზედდების ნაწილში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უფლების რეგისტრაციის გაუქმება.
ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, ფაქტობრივად, უკანონოდ მიითვისა ჯერ კიდევ 2000 წელს მისთვის კანონიერი საფუძვლით გამოყოფილი მიწის ნაკვეთი და უარი განაცხადა მისი კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნებაზე. მოსარჩელე, ასევე, მიუთითებს, რომ მოცემულ ტერიტორიაზე არაერთმა მოქალაქემ დაირეგისტრირა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე.
მოსარჩელის განმარტებით, მან არაერთხელ მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს განემარტა უარის თქმის საფუძველი, ასევე, მიეთითებინათ, ჰქონდა თუ არა მას გასაჩივრების უფლება. ამასთან, მოსარჩელე მოითხოვდა საკითხის კიდევ ერთხელ, დამატებით შესწავლას და მიწის ნაკვეთის კორექტირების საკითხის გადაწყვეტას ან მისთვის ოფიციალური დოკუმენტის - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას უარის თქმის საფუძვლის მითითებით, რათა მას მისცემოდა დარღვეული უფლების სასამართლოს მეშვეობით აღდგენის შესაძლებლობა, თუმცა უშედეგოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2020 წლის 7 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 8 მაისის #7101191281479 წერილისა და მასზე წარდგენილ საჩივარზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უმოქმედობით განპირობებული უარის ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხეებისათვის სადავო აქტით უარყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 8 მაისის #6001191281479 წერილი და სააგენტოს ნ. ქ-ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის #... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების შესაბამისად თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 8 მაისის #6001191281479 წერილზე ნ. ქ-ის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვასა და დაკმაყოფილებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 8 მაისის #61-01191281479 წერილის კანონიერების შემოწმების მიზნით, სააპელაციო პალატამ ქრონოლოგიურად მიუთითა ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელთა შესახებ მოპასუხეთათვის ცნობილი იყო ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ შეძლო მის მიერ წარდგენილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთისა და სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 8 მაისის #61-01191281479 წერილი (აქტი) მიღებულ იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სათანადო შესწავლისა და შეფასების გარეშე.
სააპელაციო პალატამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა აპელანტის მითითებაზე იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილ მთავარ მტკიცებულებებში - საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში მხოლოდ სახელისა და გვარის (ნ. ქ-ე) მითითებით არ დასტურდებოდა, რომ უშუალოდ მოსარჩელის მიმართ იყო გაცემული აღნიშნული დოკუმენტები, იმ პირობებში, როდესაც მტკიცებულებებში მითითებული არ იყო ნ. ქ-ის მამის სახელი ან/და პირადი ნომერი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 23 სექტემბრისა და 2017 წლის 8 სექტემბრის წერილებიდან/ცნობებიდან დასტურდებოდა, რომ გადასახადის გადამხდელთა სიაში მითითებული იყო ნ. ქ-ე, თუმცა მათში არ იყო აღნიშნული მამის სახელი, გვარი. მიუხედავად ამისა, საქმეში წარმოდგენილი იყო ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 17 ივლისის წერილი, რომლითაც დგინდებოდა გადასახადის გადამხდელთა სიაში მითითებული მიწისა და სარეგისტრაციო განაცხადით ნ. ქ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლების მიერ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებას ესწრებოდნენ სადავო უძრავი ქონების მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები (მეზობლები).
შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააგენტოს შეეძლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კორექტირება იმგვარად, რომ ნ. ქ-ეს ხელი არ შეშლოდა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად დარეგისტრირებისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ წარმოადგენს ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებას. მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მისთვის გამოყოფის ფაქტი დასტურდება მცხეთის რაიონის გამგეობის 2013 წლის 23 სექტემბრის #6613 და 2017 წლის 8 სექტემბრის #15181 წერილებით, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის #21-02-1/143946 წერილით. აღნიშნულ წერილებზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომაც განმარტა, რომ მოსარჩელე მხარემ შეძლო მის მიერ წარდგენილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთისა და სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის ზემოხსენებულ შეფასებას და აღნიშნავს, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა 2017 წლის 8 სექტემბრის #15181 წერილში განმარტავს, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემულ ... ...ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში არ არის დაფიქსირებული მოქალაქის მამის სახელი, დაბადების წელი და პირადი ნომერი, რის გამოც გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას, უტყუარად დაედასტურებინა აღნიშნული მიწის ფართობის პიროვნებისადმი კუთვნილების ფაქტი. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ არც სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის #21-02-1/143946 წერილით ფიქსირდება ნ. ქ-ის მამის სახელი.
კასატორი, ასევე, ყურადღებას ამახვილებს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 22 სექტემბრის #31/144239 წერილზე, რომლის თანახმად, დუშეთის რეგიონულ არქივში დაცულია მცხეთის რაიონის ...ის საკრებულოს 2004 წლის 10 თებერვლით დათარიღებული, რეფორმამდე არსებული და რეფორმის დროს გაცემული ნაკვეთების მეპატრონეთა სია. სიაში აღრიცხულია #... ქ-ე ნ. (მამის სახელი მითითებული არ არის).
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად უთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 17 ივლისის წერილზე, რომლითაც, სასამართლოს განმარტებით, დგინდება გადასახადის გადამხდელთა სიაში მითითებული მიწისა და სარეგისტრაციო განაცხადით ნ. ქ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის იდენტურობა. თუმცა, კასატორი მიიჩნევს, რომ ამის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც არ დგინდება სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელისათვის კუთვნილების ფაქტი. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიეღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა მტკიცებულების გამოკვლევის შედეგად და არა მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის ერთ წერილზე დაყრდნობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 8 მაისის #7101191281479 წერილისა და მასზე წარდგენილ საჩივარზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უმოქმედობით განპირობებული უარის კანონიერება, ასევე, მოპასუხეებისათვის სადავო აქტით უარყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების (ნ. ქ-ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის #... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების შესაბამისად თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების) დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონება; ბ) სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ავტონომიური რესპუბლიკის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; დ) მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის #13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა.
ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ფუნქციას მიეკუთვნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი: ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; გ) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი; დ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის #13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილია, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების ან უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების პროცედურები გაატაროს ზემოხსენებული დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, თუ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მისი ინიციატივით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 23 სექტემბრის #6613 წერილით მოქალაქე გ. ქ-ეს განცხადების (#ქ-5804, 19.09.2013წ.) პასუხად, რომლითაც ითხოვდა ინფორმაციას მოქალაქე ნ. ქ-ის სახელზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ, ეცნობა, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემულ ... ...ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით (2002 წლის მონაცემებით, გვ. 4), მოქალაქე ნ. ქ-ეს ერიცხება 0.15 ჰა მიწის ფართობი.
ამავე მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 8 სექტემბრის #15181 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 7 სექტემბრის #... წერილის პასუხად, რომლითაც ითხოვდა ინფორმაციას მოქალაქე ნ. ქ-ის სახელზე რიცხული მიწის ფართობის და დანიშნულების შესახებ, ეცნობა, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემულ ... ...ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით (2002 წლის მონაცემებით, გვ.4), ნ. ქ-ეს (მამის სახელი მითითებული არ არის) ერიცხება 0.15 ჰა მიწის ფართობი, ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, მოქალაქეების სახელზე რიცხული მიწის ფართობების დანიშნულების თაობაზე, ინფორმაცია არ გააჩნია. ამასთან, ვინაიდან ზემოაღნიშნული მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში არ არის დაფიქსირებული მოქალაქის მამის სახელი, დაბადების წელი და პირადი ნომერი, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოკლებულია შესაძლებლობას, უტყუარად დაადასტუროს აღნიშნული მიწის ფართობის პიროვნებისადმი კუთვნილების ფაქტი.
ასევე, დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის #21-02-1/143946 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა: მიწის ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო - სამეურნეო; ...ი, ...ი. სახელი, გვარი - ნ. ქ-ე; წელი - 2002, ფართობი - 0.15 ჰა, შენიშნა: მამის სახელი არ ფიქსირდება.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 17 ივლისის #34-01181982662 წერილზე, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ 2018 წლის 30 ივნისს განხორციელდა უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერება, რომლის საფუძველზეც, შედგა #... ოქმი. წარმოების ფარგლებში ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი არ არის შემოსაზღვრული, არ არის განაშენიანებული, მდებარეობს დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ნაკვეთზე დგას მცირე ზომის ნაგებობა. დათვალიერებას დაესწრნენ მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, რომლებმაც დაადასტურეს სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ნ. ქ-ის მფლობელობაში ყოფნის ფაქტი. ადგილზე დათვალიერებისას, ასევე, გადამოწმდა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნახაზის საკადასტრო მონაცემები. ვინაიდან ნაკვეთი არ არის შემოსაზღვრული, მოხდა მხოლოდ ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენა.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა დაადგინა, რომ ნ. ქ-ის (პ/ნ ...) მიერ #... სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტური იყო. აღნიშნულ წერილს თან ერთვის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების #... ოქმიც.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 23 ივლისს #... წერილით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს ნ. ქ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში შესაძლო კორექტირების საკითხის გადასაწყვეტად, რომელთანაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი იყო ზედდებაში. ამასთან, 2018 წლის 31 ივლისს მარეგისტრირებელმა ორგანომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კვლავ მიმართა #333477 წერილით და განუმარტა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. #...) კორექტირების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ნ. ქ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
მიუხედავად აღნიშნულისა, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 8 მაისის #61- 01191281479 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ნ. ქ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სააგენტომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია უძრავ ნივთზე (ს.კ. ...) დაფიქსირებული ზედდების ნაწილში მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 8 მაისის #61-01191281479 წერილი (აქტი) მიღებულ იქნა ზემოთმითითებული მტკიცებულებების სათანადო შესწავლისა და შეფასების გარეშე.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზე იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილ მთავარ მტკიცებულებებში - საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში მხოლოდ სახელისა და გვარის (ნ. ქ-ე) მითითებით არ დასტურდება, რომ უშუალოდ მოსარჩელის მიმართ იყო გაცემული აღნიშნული დოკუმენტები, იმ პირობებში, როდესაც მტკიცებულებებში მითითებული არ არის ნ. ქ-ის მამის სახელი ან/და პირადი ნომერი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 23 სექტემბრისა და 2017 წლის 8 სექტემბრის წერილებიდან/ცნობებიდან დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელთა სიაში მითითებულია ნ. ქ-ე, თუმცა მათში არ არის აღნიშნული მამის სახელი, გვარი. მიუხედავად ამისა, საქმეში წარმოდგენილია ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 17 ივლისის წერილი, რომლითაც დგინდება გადასახადის გადამხდელთა სიაში მითითებული მიწისა და სარეგისტრაციო განაცხადით ნ. ქ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლების მიერ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებას ესწრებოდნენ სადავო უძრავი ქონების მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები (მეზობლები), რომლებმაც დაადასტურეს სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ნ. ქ-ის მფლობელობაში ყოფნის ფაქტი.
შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სააგენტოს შეეძლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კორექტირება იმგვარად, რომ ნ. ქ-ეს ხელი არ შეშლოდა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა